საბაზრო ეკონომიკის აუცილებლობა, წინაპირობები და მიზნები საბაზრო ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის შესახებ წარმოდგენათა ევოლუცია

გიორგი ისაკაძე საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი

ემოკრატიული საზოგადოების ერთერთ ეკონომიკურ წინაპირობას წარმოადგენს ეკონომიკურ გადაწყვეტილებათა მიღების დეცენტრალიზაცია. თავისუფალი კონკურენცია-არჩევის თავისუფლების, მეწარმეობის თავისუფლების, ბაზარზე გასვლის თავისუფლების სინონიმი, ადამიანისა და მოქალაქის კონსტიტუციურად განმტკიცებულ ეკონომიკურ თავისუფლებათა განუყოფელი ნაწილია.

კონკრეტულ ეკონომიკურ პირობებში მეწარმეები დამოუკიდებლად ეძებენ მომხმარებელს იმისათვის, რომ უზრუნველყონ თავიანთი საქმიანობის მიზნები: მოგების მაქსიმიზაცია, გაყიდვათა მოცულობის გაფართოება, ბაზარზე წილის გაზრდა. კონკურენცია უბიძგებს მეწარმეებს ბაზარზე ეფექტური მოქმედებისაკენ, აიძულებს რა მათ შეთავაზონ მომხმარებლებს საქონლის მომსახურებათა უფრო ფართო ასორტიმენტი, უფრო დაბალი ფასებითა და მაღალი ხარისხით. ამასთანავე, “ბაზრის სიგნალები” დამახინჯებათა გარეშე მიდის მომწოდებლამდე (მწარმოებლამდე), საშუალებას აძლევს რა მათ, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება რესურსების გადანაწილების შესახებ, ეკონომიკურად უფრო მიმზიდველ სფეროებში. ასეთი გადანაწილება ხდება საკმაოდ მოკლე დროში და არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან, რადგან განვითარებული კონკურენციის პირობებში ახალ ბაზრებზე გასვლის ბარიერები უმნიშვნელოა.

1

სწორედ ეს უწყობს ხელს ეკონომიკის პროგრესს: წარმოების ეფექტურობა მატულობს, იქმნება პირობები რესურსთა კონცენტრაციისათვის ეკონომიკის უფრო შედეგიან სექტორებში. კონკურენტული გარემოცვა უბიძგებს მეწარმეებს, აქტიურად დანერგონ ინოვაცია, სრულყონ ტექნოლოგია და რაციონალურად გამოიყენონ განსაზღვრული რესურსები. საბოლოო ჯამში, იზრდება მომხმარებელთა კეთილდღეობა, კლებულობს ფასები პროდუქციისა და მომსახურებათა ტრადიციულ სახეობებზე, ბაზარზე მუდმივად ჩნდება ახალი საქონელი და ახალი მწარმოებლები. აძლევს რა მომხმარებელს არჩევანის საშუალებას, საბაზრო კონკურენცია უზრუნველყოფს ეკონომიკის გაჯანსაღებას, არ აძლევს მოქმედების საშუალებას არაეფექტურ საწარმოებს.

ამავე დროს, ნებისმიერი ეკონომიკური აგენტისათვის დამახასიათებელია მონოპოლიური მდგომარეობისკენ, ბაზრიდან კონკურენტის გაძევებისადმი, თავისი საქმიანობის სფეროს გაფართოებისადმი სწრაფვა. იძენენ რა საბაზრო ძალაუფლებას, მეწარმეები მიისწრაფვიან, დაამყარონ სრული კონტროლი ფასებზე და განსაზღვრავენ ბაზარზე საწარმოს საქმიანობას. საბაზრო ძალაუფლებისა და ბაზარზე სიტუაციის კონტროლის შენარჩუნებისათვის, შეიძლება, ხორციელდებოდეს მოქმედებები, რომლებიც ზღუდავენ კონკურენციას, იქმნებოდეს ხელოვნური ბარიერები ბაზარზე გასვლისათვის, მოქმედებდეს ანტიკონკურენტული შეთანხმებანი, მაგალითად: გაყიდვათა მოცულობის შეზღუდვის, ფასთა ფიქსაციის, ბაზრის გაყოფის შესახებ. თავის მხრივ, კონკურენციის შეზღუდვა მნიშვნელოვნად ამახინჯებს საბაზრო ძალათა მოქმედებას, იწვევს საზოგადოებრივ რესურსთა არარაციონალურ გადანაწილებას. ყოველივე კი ნეგატიურად ვლინდება ბაზრის ყველა მონაწილის სამეურნეო საქმიანობასა და საზოგადოების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. ეკონომიკური ძალაუფლების გადაჭარბებული კონცენტრაცია, შეიძლება დაემუქროს გადაწყვეტილებათა დამოუკიდებელ მიღებას (არა მარტო ეკონომიკური ცხოვრების სფეროში). ამით ის ეწინააღმდეგება საზოგადოების დემოკრატიული მოწყობის საფუძვლებს.

2

კონკურენციის განვითარებისა და მისი შენარჩუნებისათვის ინსტიტუციონალური, სამართლებრივი და ეკონომიკური პირობების შექმნის პრობლემები, ყველაზე მეტადაა გამწვავებული გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. შემთხვევითი არ არის, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემებით, 80-იან წლებში დაახლოებით ორმოცმა სახელმწიფომ მიიღო საკანონმდებლო აქტები, რომლებიც მიმართულია კონკურენციის დაცვისა და მონოპოლიური საქმიანობის შეზღუდვისაკენ. რუსეთში ამ დარგში სიტუაციის გამოსწორებისაკენ მიზანმიმართული მუშაობა დაიწყო ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს. ამჟამად, ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ფუნქციებს ასრულებს რფ ანტიმონოპოლიური პოლიტიკისა და მეწარმეობის ხელშეწყობის სამინისტრო. 1991 წელს მიღებულ იქნა რფ კანონი “სასაქონლო ბაზრებზე მონოპოლიური საქმიანობის შეზღუდვისა და კონკურენციის შესახებ”, რომელიც (ცვლილებებითა და დამატებებით) მოქმედებს დღემდე. საქართველოში ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გამტარებელი ორგანო არის საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელიც საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებობს. აღნიშნული ორგანო ერთადერთია ქვეყანაში, რომელიც სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს “მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონზე. იგი ქვეყნის პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა 1886 წლის 25 ივნისს და მოქმედებს დღემდე. ამ კანონის მიღებამდე საქართველოში მოქმედებდა სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის დეკრეტი “საქართველოს რესპუბლიკაში მონოპოლიური საქმიანობის შეზღუდვისა და კონკურენციის განვითარების შესახებ”.

სახელმწიფოსა და ანტიმონოპოლიურ ორგანოთა ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ წარმართონ კონკურენცია ცივილიზებულ ჩარჩოებში, აღკვეთონ საზოგადოებისათვის საშიში მონოპოლიზმის გამოვლინებები, გამორიცხონ კონკრეტული ბრძოლის არაკეთილსინდისიერი მეთოდები, განსაზღვრონ ის სფეროები, სადაც საჭიროა სახელმწიფო რეგულირება. საქართველოს სამართლებრივ სისტემაში ეკონომიკური აგენტის გაბატონებული მდგომარეობა, საბაზრო ძალაუფლების არსებობა, კანონით არ არის აკრძალული. დარღვევას წარმოადგენს მონოპოლიური საქმიანობა, ე.ი. ეკონომიკური აგენტის მიერ თავისი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, კონკურენციის დაუშვებლობის, შეზღუდვის, ან აღმოფხვრის მიზნით.

ანტიმონოპოლიური ორგანოების წინაშე სერიოზულ საკითხებს აყენებს ეკონომიკური კონცენტრაციის აქტივიზირებული პროცესები, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში შერწყმათა და შთანთქმათა თავისებური ბუმი. საჭიროა, იმ ღონისძიებათა გათვალისწინება, რომლებიც ზღუდავენ ეკონომიკური კონცენტრაციის ნეგატიურ ზემოქმედებას რეგიონალური განვითარების, ფინანსების სფეროში.

3

სპეციფიკური პრობლემები წარმოიქმნება ბუნებრივ მონოპოლიათა სუბიექტების საქმიანობის რეგულირების სფეროში, რომლებიც დამოკიდებულია საქართველოს ეკონომიკის ცალკეული დარგისა და მოქალაქეთა მდგომარეობაზე. ერთიანი მიდგომა ბუნებრივ მონოპოლიათა დარგების განვითარებისა და რეგულირებისადმი, საშუალებას იძლევა, მოხდეს მწარმოებლისა და მომხმარებლის ინტერესთა ბალანსირება. ამასთანავე, მთავარი ამოცანაა – დომინირებულ საწარმოთა დიქტატის თავიდან აცილება და უმნიშვნელოვანესი სახალხო-სამეურნეო დარგების სტაგნაციისა და ნგრევის დაუშვებლობა.

კონკურენტული პოლიტიკის როლი არ დაიყვანება საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამომყენებელი ეკონომიკური აგენტის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გამოყენებამდე. კონკურენცია შეიძლება შესუსტდეს სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებების შედეგად, ხოლო ბაზრის ცალკეულ სუბიექტთა საბაზრო ძალაუფლება – გაძლიერებული სახელმწიფოს საბაზრო ურთიერთობაში ჩარევის სხვადასხვა მეთოდებით. ამიტომ, კონკურენტული პოლიტიკა წინასწარ განსაზღვრავს ანტიმონოპოლიურ ორგანოთა ფართო მონაწილეობას სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის, ან ყოველ შემთხვევაში, მის იმ მიმართულებათა შემუშავებაში, რომლებმაც შეიძლება უშუალოდ მოახდინონ გავლენა ბაზრის კონკრეტულ სტრუქტურაზე, საქმიან პრაქტიკაზე, საწარმოების სამეურნეო საქმიანობაზე.

კონკურენტული პოლიტიკა გულისხმობს კონკურენციის დაცვის ღონისძიებათა გამოყენებას. ექსკლუზიური უფლებები, ჩაკეტილი მონოპოლიები, საბაჟო-სატარიფო ბარიერები, საქონლის გადანაცვლების შეზღუდვები და სხვა მოითხოვს ეკონომიკურ სფეროში სახელმწიფო ორგანოთა გადაწყვეტილებების მეტ დაუფარავობასა და წინასწარმეტყველებას, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის უკუკავშირის ეფექტური მექანიზმების ამოქმედებას.

ანტიმონოპოლიური რეგულირება არ უნდა დაიყვანებოდეს მხოლოდ ზედამხედველობამდე ბაზარზე ქცევის წესების დაცვაზე. ის მოწოდებულია, ატაროს შემოქმედებითი ხასიათი. რა თქმა უნდა, საჭიროა, კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის დაცვის კონტროლირება მისი დარღვევისათვის, მაგრამ, გაცილებით მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების განვითარება, მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლება, სახელმწიფოსა და საზოგადოების ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ეკონომიკურ გარდაქმნათა (მათ შორის, გამართლებული ეკონომიკური კონცენტრაციის) სტიმულირება, ბიზნესის წარმართვის წესიერი და პატიოსანი მეთოდების წახალისება.

4

სახელმწიფოს მარეგულირებელი ფუნქცია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში განპირობებულია მრავალი მიზეზით. უპირველეს ყოვლისა, ეს ისეთი ეკონომიკური ამოცანების გადაჭრის აუცილებლობაა, რომლებიც მოითხოვენ კოლექტიურ ძალისხმევას და არ შეიძლება რეალიზებულ იქნან საბაზრო მექანიზმების საშუალებით. სახალხო განათლებისა და ფუნდამენტალურ სამეცნიერო კვლევების ორგანიზაცია და ფინანსირება, სათანადო დონეზე ზოგადეკონომიკური ინფრასტრუქტურის (ფულადი სისტემის, საერთო ეროვნული სტატისტიკური სამსახურისა და ა.შ.) შექმნა და შენარჩუნება, სახელმწიფო სტრუქტურები ჩაირთვება ეროვნული მეურნეობის გლობალურ პროპორციათა რეგულირებაში, და ასევე მთლიანი მაკროეკონომიკური ბალანსის შენარჩუნებაში. ამის გარდა, ეკონომიკურ ურთიერთობებში სახელმწიფო გამოდის, როგორც მსხვილი მესაკუთრე და როგორც საქონლის, სამსახურებისა და მომსახურების ერთ-ერთი მომხმარებელი.

ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის ეკონომიკურ ისტორიაში შეიძლება გამოვყოთ სახელმწიფო საქმიანობის ინტენსიფიკაციის რამდენიმე ეტაპი.

აშშ-ს ისტორიაში, მაგალითად, ცნობილია სულ ცოტა სამი ასეთი ეტაპი. XIX საუკუნის პირველ ნახევარში, აშშ-ში კაპიტალიზმის განვითარება მიდიოდა სახელმწიფოს უშუალო პატრონაჟით, რამაც შემდგომში უზრუნველყო ქვეყნის ეკონომიკური გაფურჩქვნა, ასეთი ვითარება ნაკარნახევი იყო საწარმოო ინფრასტრუქტურის შექმნის აუცილებლობით. ამერიკელი ისტორიკოსების მოწმობით, სამთავრობო სახსრების ხარჯზე გასული საუკუნის შუა პერიოდისათვის, უზრუნველყოფილ იქნა რკინიგზათა 30%, ხოლო ზოგიერთ შტატში-75% მშენებლობა.

ვითვალისწინებთ რა სახელმწიფო ორგანოების დიდ როლს აშშ-ის ეკონომიკის განვითარებაში, ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ადრეული პერიოდის ამერიკული კორპორაციები არ იყვნენ კერძო სუბიექტები. მათი საშუალებით სახელმწიფო მიმართავდა და აკონტროლებდა რიგი საზოგადოებრივი მოთხოვნილებების ოპტიმალური დაკმაყოფილების პროცესს. ფაქტიურად, კორპორაციები აიყვანებოდა საზოგადოებრივი ინსტიტუტების რანგში, საკანონმდებლო აქტებისა და შერეული საკუთრების პრაქტიკის მიღების გზით. ამ პერიოდში არავითარ ანტიმონოპოლიურ კანონებზე საუბარიც კი არ იყო. ცნობილი მეცნიერი შლეზინგერი ხაზს უსვამს: “კაპიტალისტთა კლასი ვთვლით რა, რომ ადმინისტრაციული ინიციატივები ხელს უწყობენ ეკონომიკურ განვითარებას, სახსრების მობილიზაციასა და მრეწველთა ინტერესების დაცვას, პრინციპულად იწონებდა მეწარმეთა ინტერესებიდან გამომდინარე მთავრობის ჩარევას ეკონომიკაში”.

XIX საუკუნის შუა პერიოდიდან თანმდევმა სამრეწველო ბუმმა, შეცვალა მსხვილი ბურჟუაზიის დამოკიდებულება სახელმწიფოს როლისადმი. კაპიტალთა აკუმულაციისა და ინფრასტრუქტურის უმთავრეს ელემენტთა მშენებლობის დასრულების წყალობით, კერძო სექტორის დამოკიდებულება საზოგადოებრივ საშუალებებზე მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ პერიოდისათვის დამახასიათებელია სახელმწიფოსგან უკვე დამოუკიდებელი, მსხვილი კერძო კომპანიების წარმოქმნის დაწყება. ხოლო რიგი საკანონმდებლო აქტების შედეგად იმ კომპანიებმაც, რომლებიც წარმოიქმნა, თავი დააღწიეს სახელმწიფო მეურვეობას. სახელმწიფოს ჩარევა მეწარმეობაში დავიდა მინიმუმამდე. ეს პროცესი საბოლოოდ დასრულდა სამოქალაქო ომის შემდეგ, რომელმაც ძლიერი ბიძგი მისცა ქვეყნის სამრეწველო განვითარებას. როგორც შლეზინგერი თვლის, სწორედ ამ პერიოდში “გაიდგა ფესვი მითმა ამერიკის ეკონომიკის განვითარებაში კერძო მეწარმეობის როლის შესახებ”.

თუმცა, ეკონომიკურმა კრიზისმა და სოციალური დაძაბულობის ზრდამ, კვლავ აიძულა კერძო მეწარმეები, წასულიყვნენ გარკვეულ დათმობაზე. 1890წ. მიღებულ იქნა შერმანის ცნობილი ანტიტრესტული კანონი. ცალკეულ შტატებში დაიწყო მოქმედება კანონებმა, რომლებიც ახდენდნენ შრომის ორგანიზაციისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში ბიზნესის საქმიანობის ნაწილობრივ რეგლამენტირებას. მიუხედავად იმისა, რომ კერძო მეწარმეობა XX ს-ის დასაწყისში აქტიურად ვითარდებოდა, აშშ-მა მნიშვნელოვნად გაასწრო სხვა ქვეყნებს ეკონომიკის ადმინისტრაციაში. თ. რუზველტის მთავრობამ პირველმა 1907 წელს საბანკო პანიკის დღეებში მიიღო რიგი ანტიკრიზისული ღონისძიებანი. ხოლო მსოფლიო ომის წინა დღეებში ამერიკელმა ეკონომისტმა, გ. კოულიმ გამოაქვეყნა მეცნიერული ნაშრომი “ამერიკული პერსპექტივა”, რომელშიც პირველად დაასაბუთა ეკონომიკაზე სახელმწიფო გავლენის უპირატესობანი. მან გამოყო თეზისი, რომ პირადი ინტერესისა და ადამიანის “თანდაყოლილი” ზნეობრიობის შერწყმა, საშუალებას იძლევა, მოვახდინოთ დაჩქარებული ეკონომიკური განვითარების ამოცანების რეალიზება.

20-იანი წლების ბოლოს, მეწარმეობის შეუზღუდავი თავისუფლების იდეები უარყოფილ იქნა “დიდი დეპრესიის” რეალიებით, როდესაც სახელმწიფოს ისევ მოუხდა მიემართა კრიზისული შედეგების შერბილებისათვის, შესაბამისი ბერკეტებისათვის უმუშევრობისა და დეფლაციის დონის ზრდის შეჩერების მიზნით, მთავრობის ბიზნესთან თანამშრომლობის მეთოდთა გამოყენების, სოფლის მეურნეობის მარეგულირებელი კანონის საფუძველზე ფერმერებისათვის დახმარების აღმოჩენის, კრიზისული კარტელების ნების დართვის, სახელმწიფო ნარდების, აქტივიზაციის საშუალებით.

70-იან წლებში რეგულირების თეორიათა პოპულარობა შესუსტდა ზემოქმედების სახელმწიფო ღონისძიებათა გამოვლინებულ ნაკლოვანებებთან და ბიუროკრატიულ დანახარჯებთან დაკავშირებით. ცხადი გახდა, რომ სახელმწიფოს არ ძალუძს, კომპლექსურად გადაჭრას ყველა საზოგადოებრივი პრობლემა. ზოგადი აღიარებით, ეკონომიკის სახელმწიფო სექტორის ყველაზე დამღუპველ თვისებას წარმოადგენს მის მიერ წარმოშობილი ბიუროკრატია, რომელიც, საბოლოო ჯამში, ხდება ზედა სტრუქტურა და მოცილებულია საზოგადოებრივ ინტერესებს.

ამის გარდა, სამრეწველო განვითარებული ქვეყნების გამოცდილებამ გვაჩვენა სახელმწიფო ანტიმონოპოლიური პოლიტიკის არასაკმაო ეფექტურობა. უფრო მეტიც, როგორც პ. ჰეინე უსვამს ხაზს, სახელმწიფოს წარმოდგენა “ხარბი მონოპოლიებისაგან დამცველად” – ნიშნავს სასურველის სინამდვილედ გასაღებას. ხოლო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფალნი მრავალი საწარმოსათვის ინარჩუნებენ სპეციალურ პრივილეგირებულ მდგომარეობას.

ჩიკაგოს სკოლის ლიდერთა შორის აუცილებელია დავასახელოთ ამერიკელი ეკონომისტი მ. ფრიდმანი. მთლიანობაში მისი შეხედულებები დაიყვანება იქამდე, რომ ბაზარი – ეს ინდივიდთა ნებაყოფლობითი თანამშრომლობაა. ამავე დროს, საბაზრო ძალებს შეუძლიათ მილიონი ადამიანის მოქმედებათა კოორდინირება იმგვარად, რომ გარიგებაში მონაწილეთაგან თითოეული იგებს. ფრიდმანი საჭიროდ თვლის, უარი ითქვას მოთხოვნის სტიმულირებასა და დასაქმებულობის დონის კონტროლზე. მისი აზრით, ეს პოლიტიკა იძლევა კერძო კაპიტალის შესაძლებლობების გაფართოების საშუალებას, რაც მიიყვანს ეკონომიკას ყველაზე მაღალ ეფექტურობამდე.

სახელმწიფოს ჩარევა საბაზრო პროცესებში დაყვანილ უნდა იქნას მინიმუმამდე. კერძო სექტორის ბუნება, როგორც მონეტარიზმის მიმდევრები ამტკიცებენ, უკრიზისოა და თუ წარმოიქმნება კიდეც რაიმე დისპროპორციები, ეს მიმოქცევაში ფულადი მასის შემთხვევითი მერყეობის შედეგად ხდება. როგორც მილტონ ფრიდმანი წერს, “სამეურნეო აქტივობის ხანმოკლე ცვლილებათა ნებისმიერი შეფასება, შეიძლება შეიცავდეს სერიოზულ შეცდომებს, თუ იგი ახდენს ფულის მოძრაობის იგნორირებას”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა უპირატესია საბიუჯეტოზე. საბაზრო პროცესების ბუნებრივი რეგულატორის როლს, მონეტარიზმის მომხრეები ხედავენ სალაროს ნაშთებზე მოთხოვნილების სტაბილურობაში, რომელთა ქვეშ იგულისხმება ფულადი საშუალებების ჯამი, რომლებსაც იყენებენ ეკონომიკური აგენტები საგადასახადო მიმოქცევაში. თუ რაიმე მიზეზთა გამო იზრდება ფულადი მასა, ეს იწვევს სალაროს ნაშთებსა და ფულადი ხარჯების ჯამს შორის წონასწორობის დარღვევას და, ამასთან ერთად, დისპროპორციასაც ეკონომიკაში. მიმოქცევაში ფულადი მასის ზრდასთან ერთად, ეკონომიკური აგენტები იწყებენ თავიანთი ფულადი დანაზოგების ინტენსიურ ხარჯვას, რასაც, თავის მხრივ, მოსდევს საქონელზე მოთხოვნილებების ზრდა და, შესაბამისად, ფასთა მატება. ფულადი მასის გაუფასურების შედეგად, საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდება ახალი წონასწორობა, მაგრამ უკვე უფრო მაღალი ფასების დონეზე.

ფრიდმანის ეკონომიკის სტიმულირების მოდელი, 80-იანი წლების დასაწყისში გაკრიტიკებულ იქნა მისი მომხრეების მხრიდანაც რ. ლუკასის მიერ. მონეტარიზმის “მეორე ტალღის” წარმომადგენლებმა ამ პრინციპს სამეურნეო აგენტების სისტემატური “გაბრიყვება” უწოდეს, რომელიც ეწინააღმდეგება თავისუფალი ბაზრის ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს. მაგრამ, ამ კრიტიკიდან გამომდინარეობს კიდევ უფრო პესიმისტური დასკვნა, სახელმწიფოს ეკონომიკური საქმიანობის ეფექტურობის შესახებ.

მწვავე კრიტიკის მიუხედავად, ჩიკაგოს სკოლის იდეები სარგებლობდა დიდი პოპულარობით 70-იანი წლების მე-2 ნახევარში ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო შემდეგ ევროპის ქვეყნებსა და კანადაში. თუმცა, ამჟამად მსოფლიოს ძლევამოსილი სახელმწიფოების ეკონომისტთა გარკვეულ წრეებში განზრახული აქვთ, დაუბრუნდნენ სახელმწიფო რეგულირების გაძლიერებას. მარტო სწრაფვას მოგებათა მიღებისაკენ არ შეუძლია გადაჭრას საზოგადოების ყველა პრობლემა.

ბაზრის ნაკლოვანებები მუდმივად ვლინდება რეალურ ცხოვრებაში, ამიტომ, სახელმწიფოს უხდება შეარბილოს ისინი მარეგულირებელი ღონისძიებებით. უადგილო არ იქნება, აღვნიშნოთ, რომ ბაზარი ჩამოყალიბებული სახით, ე.ი. როგორც აბსოლუტურად თანასწორუფლებიანი მყიდველებისა და გამყიდველების ურთიერთქმედება, არ შეიძლება არსებობდეს ნებისმიერ შემთხვევაში. ის ყოველთვის რეგულირდება თუ სახელმწიფო ღონისძიებებით არა, პარტნიორთა მონოპოლიური შეთანხმებით მაინც. საკითხი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, ბაზრის მართვის რომელი მეთოდებია უფრო ეფექტური და მისი რეგულირების რა ხარისხია უფრო ოპტიმალური.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial