საგარეო ვაჭრობა 2005 წლის პირველ ნახევარში

ლალი ჩაგელიშვილი

2005 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1334,7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 25,4 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 374,2 მლნ. დოლარია (შესაბამისად, 26,1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 960,4 მლნ. დოლარი (25,1 პროცენტით მეტი). 2005 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 586,2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის 6 თვის სავაჭრო დეფიციტის 35,7 პროცენტი მოდის დსთ-ის ქვეყნებზე (2004 წლის იანვარ-ივნისში – 23,2 პროცენტი). ამ ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2005 წლის იანვარ-ივნისში 554,8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2004 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 31,2 პროცენტით მეტი), ხოლო დანარჩენ ქვეყნებთან – 779,8 მლნ. აშშ დოლარი (შესაბამისად, 21,5 პროცენტით მეტი). დსთ-ის ქვეყნების წილად მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41,5 პროცენტი, მათ შორის, ექსპორტის 46,2 პროცენტი და იმპორტის 39,8 პროცენტი (2004 წლის იანვარ-ივნისში – შესაბამისად, 39,7, 52,8 და 34,7 პროცენტი).

2005 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 323,6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1,0 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 57,0 მლნ. დოლარია (შესაბამისად, 1,2-ჯერ მეტი), ეს გამოწვეულია შავი ლითონების ჯართის, თხილისა და სხვა კაკლის, აზოტოვანი სასუქების, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების სასაქონლო ჯგუფების ექსპორტის გაზრდით, ევროკავშირის ქვეყნებთან იმპორტი – 266,6 მლნ. დოლარია (4,7 პროცენტით ნაკლები). ამ ქვეყნების წილად მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 24,2 პროცენტი, მათ შორის, ექსპორტის 15,2 პროცენტი და იმპორტის 27,8 პროცენტი.

ძირითად საექსპორტო პროდუქციად კვლავ რჩება შავი ლითონების ჯართი, რაც მთლიანი ექსპორტის 14%-ს შეადგენს. შემდეგ პოზიციებზეა ფეროშენადნობები, საფრენი აპარატები, ნატურალური ღვინოები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები.

ძირითად საიმპორტო პროდუქციას წარმოადგენს ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რაც იმპორტის 12.8 %-ს შეადგენს, შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები, სამკურნალო საშუალებები, ნავთობის აირები და შაქარი.

2005 წლის ივლისიდან ქართული წარმოების 7200-მდე დასახელების პროდუქტი ევროკავშირის ოცდახუთივე ქვეყნის ბაზარზე ნულოვანი საბაჟო განაკვეთით შედის. ქართულ ექსპორტს ასეთ შეღავათიან პირობებს ევროკავშირის GSP+ სისტემის ამოქმედება უქმნის.

GSP-ის, ანუ ევროკავშირის სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის ძირითადი არსია ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების მხრიდან ეკონომიკურად შედარებით სუსტი ქვეყნებისთვის დახმარება ექსპორტის ხელშეწყობასა და განვითარებაში.

საქართველო 1995 წლიდან აშშ-სთან, კანადასთან, შვეიცარიასთან, იაპონიასთან, თურქეთთან და ევროკავშირთან GSP-ს სისტემის ბენეფიციარიეს სტატუსით სარგებლობს. დამატებითი შეღავათების შესახებ განაცხადი საქართველომ 1998 წელს გააკეთა. ეს საკითხი ევროკომისიამ 2003 წელს განიხილა, თუმცა ევროკავშირის GSP-ს დამატებითი პრეფერენციები დღემდე ვერ განხორციელდა.

ევროკავშირმა აღნიშნული გადაწყვეტილება წელს, 27 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიდი ძალისხმევის შემდეგ მიიღო. ეს შეღავათები სულ 14 ქვეყანაზე გავრცელდა, მათ შორის საქართველო დსთ-ს სივრციდან ერთადერთია. ამ ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ სომხეთი, Aაზერბაიჯანი, მოლდოვა და რუსეთი.

მინიჭებული საბაჟო შეღავათით საქართველო 2008 წლის ბოლომდე ისარგებლებს. ამის შემდეგ მოხდება გადამოწმება, თუ როგორ განვითარდა ქვეყანა და ევროკავშირი საქართველოსათვის ექსპორტის განვითარებაში დახმარების შესახებ სათანადო გადაწყვეტილებასაც მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.