შრომის ბაზრის რეგულირების ცალკეული კონცეპტუალური მიმართულებები საქართველოში

ლამარა ბერიძე, ეკ. მეცნ. კანდიდატი, მანანა ჭიპაშვილი, ეკ. მეცნ. კანდიდატი

21-ე საუკუნის დამდეგს, შეიძლება ითქვას, საქართველოს შრომის ბაზრის ყოველ სეგმენტში კვლავ უაღრესად საგანგაშო ვითარებაა: შრომის ბაზარი ხასიათდება სამუშაო ძალის შედარებით ჭარბი მიწოდებითა და სამუშაო ძალაზე მოთხოვნის შეზღუდულობით, ქვეყანაში უმუშევრობის კატასტროფული მასშტაბებისა და საერთოდ, ეკონომიკური განვითარების დაბალი დონის გამო დასაქმებულთა საკმაოდ დიდი ნაწილის შრომითი შემოსავლები საარსებო მინიმუმზე დაბალია, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მათი გაფართოებული კვლავწარმოების პროცესს;

დასაქმებულთა საერთო რიცხოვნობაში შეინიშნება დაქირავებით დასაქმებულთა წილის მკვეთრი შემცირება (ძირითადად საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების ხარჯზე) და თვითდასაქმებულთა ხვედრითი წონის სისტემატური ზრდა, რაც, რა თქმა უნდა, არასასურველი ტენდენციაა. ამავე დროს, შეიძლება ითქვას, რომ შედარებით ნელა, მაგრამ, მაინც, ვითარდება არასახელმწიფო სექტორი, შეიმჩნევა მეწარმეთა ფენის ჩამოყალიბების ტენდენციები. იზრდება სოფლის მეურნეობაში, ვაჭრობასა და მომსახურების სხვა სფეროებში დასაქმებულთა რაოდენობა და ხვედრითი წონა, მაშინ, როდესაც მრეწველობისა და მშენებლობის დარგებში მომუშავეთა აბსოლუტური და შეფარდებითი რიცხოვნობა საგრძნობლად კლებულობს.
თბილისში მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობა და დასაქმების დონე მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების შესაბამის მაჩვენებლებს. რეგიონებში მოსახლეობის აქტიურობის დონე “მაღალია”, რასაც, სოფლის მეურნეობაში მაღალი თვითდასაქმება განაპირობებს.
თბილისში დასაქმებული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დაქირავებით მომუშავეა. რეგიონებში, პირიქით, თვითდასაქმებულია უმრავლესობა, რომელთა მეტი წილი სასოფლო-სამეურნეო სფეროშია დასაქმებული, რაც გარდა მძიმე ეკონომიკური პირობებისა, გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ მათი უდიდესი ნაწილი საკუთარ მამულშია თვითდასაქმებული და იღებს ნატურალურ შემოსავალს.
ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დასაქმებულია არასრული სამუშაო დროით; მოსახლეობის მაღალი ეკონომიკური აქტივობის პირობებში რეალურად დაბალია დასაქმების დონე. იგი გაზრდილია ხელოვნურად, ვინაიდან თვითდასაქმებულთა თითქმის 45% ოჯახურ მეურნეობაში უსასყიდლოდ მომუშავე პირებია. დღეისათვის მომქმედი მეთოდიკით კი, ამგვარი კონტინგენტი თვითდასაქმებულად აღირიცხება.
უაღრესად საყურადღებოა მეორადი დასაქმების დიდი მასშტაბებიც, რისი გამომწვევი ძირითადი მიზეზებია შემოსავლის დაბალი დონე ძირითად სამუშაო ადგილებზე და არასრული სამუშაო დროით მუშაობა.
მოსახლეობის უმრავლესობა დასაქმებული არაა თავისი პროფესიით; უაღრესად მწვავეა ახალგაზრდობის დასაქმების პრობლემა, სპეციალისტთა მომზადება მიმდინარეობს საბაზრო მოთხოვნის გაუთვალისწინებლად და კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი უმუშევართა რიგებს ავსებს.
შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი სიჭარბის მიუხედავად, თვალში საცემია უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა მკვეთრი ზრდის ტენდენცია, რაც განათლების სისტემაში დაშვებული მეტისმეტად უხეში შეცდომების ბრალია. ნათქვამის საილუსტრაციოდ დავასახელებთ რამდენიმე ციფრს: სტატისტიკის სახ. დეპარტამენტის მონაცემებით, 1991/1992 სასწავლო წელს მოსახლეობის 10 ათას კაცზე გაანგარიშებით გამოშვებულ იქნა საშუალო პროფესიული სასწავლებლების მიერ – 24, ხოლო უმაღლესი სასწავლებლების მიერ – 29 სპეციალისტი. ეს მაჩვენებელი 2002/2003 სასწავლო წელს, შესაბამისად, 18 და 54-ს შეადგენს. ეს გარემოება, ჩვენი აზრით, უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გააღრმავებს შრომის ბაზარზე არსებულ დისბალანსს და განსაკუთრებით გაართულებს უმაღლესი კვალიფიკაციის კონტინგენტის დასაქმებას.
არაფორმალური დასაქმება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავს და ხშირ შემთხვევაში უმუშევარი მოქალაქეების დასაქმების ერთადერთ ალტერნატივად რჩება.
ამჟამად საქართველოში უმუშევრობის რეალური მასშტაბების შეფასება გართულებულია. რეგისტრირებულ უმუშევრობასთან ერთად არსებობს ფარული უმუშევრობაც. ამავე დროს მაღალია არაოფიციალური დასაქმება და თვითდასაქმება ჩრდილოვან ეკონომიკასა და პირად მეურნეობაში. ასეთი სახის დასაქმების აღრიცხვის შეუძლებლობა ქმნის გადაჭარბებულ წარმოდგენას დასაქმების დონის კატასტროფულ შემცირებაზე. ოფიციალური შრომითი შემოსავლის არმქონე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ან ფარულ შემოსავალს იღებს, ან მათ უკან ინახება დროებით გაუქმებული სამუშაო ადგილი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ უმუშევრობა საზოგადოებრივი მასშტაბით რეალურად არ იქცა უმწვავეს სოციალურ პრობლემად (თუმცაღა, ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში ვითარება არსებითად განსხვავებულია).
დაბალკვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა გაცილებით აღემატება მაღალკვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნას. ამითაა განპირობებული სამუშაო ძალის ჭარბი მიწოდების პირობებში ვაკანსიათა ათვისების დაბალი მაჩვენებლები, ანუ შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე მოთხოვნა სტაბილურად ნაწილობრივ დაუკმაყოფილებელია.
პროფესიული მომზადება-გადამზადების ეფექტიანი სისტემის არარსებობის გამო ქვეყნის შრომის ბაზარზე ადგილი აქვს სათანადო კვალიფიკაციის შრომითი რესურსების მწვავე დეფიციტია.
ცნობილია, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და შრომითი რესურსები, ამ უკანასკნელის დემოგრაფიული მონაცემები, ზოგადად სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. აქედან გამომდინარე, გადაუდებელ ამოცანად მიგვაჩნია რაიონულ ჭრილში სამუშაო ძალის პროფესიული შესაძლებლობების სრულფასოვანი შესწავლა სათანადო გამოკვლევების გზით. იმავდროულად, შესწავლილი უნდა იქნეს მცირე ბიზნესის განვითარების, პრივატიზაციისა და აქციონირების შესაძლებლობები, ზოგადად ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები რაიონში, რის საფუძველზედაც უნდა მოხდეს შემდგომში მუშაკთა დეფიციტურ სპეციალობებზე მომზადება-გადამზადება საჭიროების მიხედვით და ა.შ. ამგვარ და სხვა ღონისძიებათა მიზანმიმართული განხორციელება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღების წინაპირობად გვესახება.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოთხოვნები პროფესიებზე ბოლო პერიოდში საკმაოდ სწრაფად იცვლება. სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარება პარალელურად აუცილებლად წარმოშობს მოთხოვნებს სხვადასხვა თანამედროვე სპეციალობებზე, რისი სისტემატური და კომპლექსური შესწავლა აუცილებლად მიგვაჩნია შრომის ბაზრის ოპტიმალური და ოპერატიული მართვის განსახორციელებლად.
საქართველოს შრომის ბაზარზე სამუშაო ადგილების ქრონიკული დეფიციტის პირობებში სულ უფრო რთულდება უმუშევარ მოქალაქეთა რაციონალური დასაქმების პროცესი. მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არაა. ამიტომ, ეკონომიკური კრიზისის თანამედროვე ეტაპზე მეტად აქტუალურია, პირველ რიგში, მოსახლეობის (განსაკუთრებით უმუშევართა) სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობის ამაღლება, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მოსახლეობის მინიმალური სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, პრინციპულად შეიცვალოს უმუშევართა შემწეობის ოდენობა, დანიშვნის წესი და საერთოდ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა (საპენსიო უზრუნველყოფის ჩათვლით). მათი ოდენობა უნდა გაიზარდოს მინიმალურ ხელფასთან ერთად და საბოლოო ჯამში არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები. პერსპექტივაში, მთლიანი შიდა პროდუქტისა და ეკონომიკური ზრდის ტემპების გათვალისწინებით, ორიენტაცია აღებული უნდა იქნეს განვითარებული ქვეყნების მიღწევებზე, სადაც საშუალო ხელფასი საარსებო მინიმუმს 2,5-ჯერ აღემატება, ხოლო პენსია – 1,5-ჯერ.
რაც შეეხება შრომის ბაზრის რეგულირების გრძელვადიან მიმართულებებს, მათში უცილობლად პრიორიტეტულს უნდა წარმოადგენდეს დასაქმების აქტიური პოლიტიკის განხორციელება, რაც გულისხმობს დასაქმების მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას ეკონომიკურად მიზანშეწონილი ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ასევე არსებულის შენარჩუნების მიზნით; არანაკლები ყურადღება უნდა დაეთმოს კადრების მომზადება-გადამზადების, პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლებას, რის შედეგადაც შრომის ბაზარს მიეწოდება მაღალკონკურენტუნარიანი სამუშაო ძალა. ამავე დროს, ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს დაბალკონკურენტუნარიანი შრომითი რესურსებიც, რომელთა ეფექტიანი დასაქმება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივაა. ამ მიზნით მან, უპირველეს ყოვლისა, შეღავათიანი კრედიტების მიღების შესაძლებლობა უნდა მისცეს იმ საწარმოებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაასაქმებენ აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებს, ანუ ინტენსიურად განახორციელოს მეწარმეთა სტიმულირება.
ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები ძირითადად ორი მიმართულებით შეიძლება განხორციელდეს:
ა) დროებითი სამუშაო ადგილების შექმნა საზოგადოებრივი სამუშაოების ორგანიზების გზით, რაც საქართველოს შრომის ბაზარზე სიტუაციის შერბილების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს;
ბ) მუდმივი სამუშაო ადგილების შექმნა მცირე, საშუალო და საოჯახო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის გზით.
ვთვლით, რომ შრომის ბაზრის რეგულირების პრობლემა საქართველოში განხილული უნდა იქნეს სახელმწიფოს ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის კონტექსტში. მხოლოდ ყველა კომპონენტის გათვალისწინებით შესაძლებელი გახდება ეფექტიანი შედეგის მიღწევა მოსახლეობის დასაქმების მასშტაბების ამაღლებისა და სტაბილიზაციის სფეროში. ამ კუთხით დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებად გვესახება:
1. არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნების, განვითარებისა და ახლის შექმნისათვის ხელშემწყობი მაკროეკონომიკური გარემოს ფორმირება;
2. დასაქმების სტრუქტურის პროგრესული ცვლილება;
3. პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება შრომის ღია ბაზარზე მუშაკთა მასობრივი გამოსვლის თავიდან ასაცილებლად;
4. საკადრო პოტენციალის განვითარება;
5. შრომის კანონმდებლობის სისტემის სრულყოფა;
6. უმუშევართა დასაქმების სამსახურების (როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურების) განვითარება და მათი მუშაობის ეფექტიანობის ამაღლება;
7. დასაქმების პრობლემების გადაჭრაში ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების როლის ამაღლება.
დასაქმების მასშტაბების ზრდის ხელშემწყობი მაკროეკონომიკური გარემოს ფორმირება პირველ რიგში გულისხმობს ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის ჩამოყალიბებას. პოსტრევოლუციურ პერიოდში ამ მიმართულებით გარკვეული წინ გადადგმული ნაბიჯები შეინიშნება, თუმცა, ჩვენი აზრით, ეს ჯერჯერობით საკმაოდ უმნიშვნელოა. მიგვაჩნია, რომ გადაუდებელია საინვესტიციო საქმიანობის მასტიმულირებელი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბება, ასევე, კერძო თუ სახელმწიფო საინვესტიციო ფონდების ფორმირების პროცესის დაჩქარება, რომლებიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის გადამწყვეტ ფაქტორებს წარმოადგენენ. მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ჩვენი აზრით, ყველაზე მიზანშეწონილი იქნება სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის მიერ შეღავათიანი (პერსპექტივაში ალბათ უპრიანი იქნება უპროცენტოც) კრედიტების გაცემა დამწყებ ბიზნესმენებზე.
დასაქმების სტრუქტურის სრულყოფა პირველ რიგში გულისხმობს იმ დარგების ეკონომიკურ სტიმულირებას, რომლებიც შექმნიან ისეთ პერსპექტიულ სამუშაო ადგილებს, რომლებიც დაკავშირებულნი იქნებიან მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესსა და შრომის საერთაშორისო დანაწილების სისტემასთან.
ეფექტიანი დასაქმების უზრუნველყოფა შეუძლებელია ყველა დონეზე საინვესტიციო საქმიანობის (მათ შორის ადამიანურ კაპიტალშიც) სტიმულირებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნის გარეშე. ამასთან ერთად საჭიროა დასაქმების სტრუქტურის გაუმჯობესებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება, რადგან განვლილ ათწლეულში საქართველომ განსაკუთრებით დიდი დანაკარგები სწორედ ამ მხრივ განიცადა. კონკრეტული სამუშაო ადგილების შექმნისას პირველ რიგში უნდა განისაზღვროს მათი მიზანშეწონილობის ხარისხი, კერძოდ საწარმოს განვითარების პერსპექტივები, ბაზრის მოთხოვნები და სხვ; ასევე მეტად მნიშვნელოვანია თვითდასაქმების ხელშეწყობის პროცესში აქტიური დახმარება საკუთარი ბიზნესის ორგანიზებისათვის, რისი მთავარი მიზანი თვითდასაქმებულთა კატეგორიიდან მცირე მეწარმეთა ფენის ჩამოყალიბებაა. ამ მიმართულებით მეტად აქტუალურია სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს მუშაობის ეფექტიანობის ამაღლება ძირითადად საკუთარი წარმოების ორგანიზებისათვის დახმარების გაცემის, ბიზნეს-ინკუბატორების, კონსალტინგ-ცენტრებისა თუ სხვა ბერკეტების სრულყოფის გზით.
დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში ჯერჯერობით ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება დაბალკონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის შრომითი მოწყობის სისტემის სრულყოფა. რეალობიდან გამომდინარე, როდესაც თანამედროვე შრომის ბაზარი საქართველოში უაღრესად რთული და არაორგანიზებულია, საბაზრო მექანიზმები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაზეა და თანაც ეს პროცესი მოსახლეობის უმრავლესობისათვის მეტისმეტად მტკივნეულად მიმდინარეობს, ვთვლით, რომ ბაზრის სტიქიური მექანიზმი საქართველოს ეკონომიკის განვითარების ამჟამინდელ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან აქტიური ჩარევის გარეშე ვერ დაარეგულირებს დასაქმების პრობლემას. ამიტომ, ხელისუფლების უმთავრეს სამომავლო ორიენტირად სახელმწიფოს მიერ მკაცრად რეგულირებადი საბაზრო მოდელის ჩამოყალიბება უნდა იქცეს. ნიშანდობლივია, რომ ამგვარი რეგულირება საკმარისად წარმატებით ხორციელდება მსოფლიოს მთელ რიგ ეკონომიკურად დაწინაურებულ ქვეყნებში (მაგ., იაპონია, შვედეთი, სკანდინავიის სხვა ქვეყნები, ბალტიისპირეთის ქვეყნები და სხვ.). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი თვალსაზრისით, უახლოეს მომავალში აუცილებელია დასაქმების სახელმწიფო სტრუქტურის საქმიანობის რადიკალური გარდაქმნა და რეალური რეფორმის გატარება დასაქმების სფეროში. კერძოდ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია:
– სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს მეშვეობით ქვეყნის მასშტაბით განხორციელდეს სამუშაოს მაძიებელთა (პირველ რიგში დაბალკონკურენტუნარიანი კონტინგენტის) ხელახალი რეგისტრაცია ყველა სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრის მიხედვით;
– სააგენტოში ჩამოყალიბდეს ქვეყანაში არსებული ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის მქონე საწარმო-დაწესებულებისა და ორგანიზაციის შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო ბაზა;
– დამსაქმებლებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად განხორციელდეს საწარმოს (დაწესებულების, ორგანიზაციის) დონეზე კადრებზე მოთხოვნის განსაზღვრა, მოსალოდნელი გამონთავისუფლებების მასშტაბებისა და სტრუქტურის დადგენა. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მეწარმის დაინტერესება უშუალოდ საწარმოში მომუშავეთა გადამზადებით. ამ მიზნით მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია სახელმწიფოს მიერ ამ საწარმოთათვის სუბსიდიების დაწესებას მხოლოდ გადამზადების მიზანშეწონილობის დადგენისა და კადრების შემდგომი შრომითი მოწყობის საქმეში საწარმოს შესაძლებლობების განსაზღვრის საფუძველზე;
– დაინერგოს სტიმულირების ღონისძიებების გატარების პრაქტიკა იმ დამქირავებლებისათვის, რომლებიც ვაკანტურ სამუშაო ადგილებს მიაწვდიან სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს.
– სააგენტოში ჩამოყალიბდეს რეგიონების მიხედვით ვაკანსიათა აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო სისტემა;
– შეიქმნას ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა, რომელიც დამატებით შეღავათებს უზრუნველყოფს იმ საწარმოებისათვის, რომლებიც დაიქირავებენ მოსახლეობის არაკონკურენტუნარიან ნაწილს (ხანგრძლივად უმუშევრები, ახალგაზრდობა, მცირეწლოვან ბავშვთა დედები, წინასაპენსიო ასაკის პირები, შეზღუდული შესაძლებლობის პირები);
– დაბალკონკურენტუნარიანი შრომითი რესურსების დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებისათვის ხელის შეწყობის მიზნით, მომქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე მისი სრულყოფის საფუძველზე, უახლოეს ხანში რეალურად ამოქმედდეს, პირველ რიგში, საწარმოთა სუბსიდირებისა და უკვე ამის შემდგომ სამუშაო ადგილების კვოტირების მექანიზმები.
– ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის პიროვნული შესაძლებლობებისა და უნარის შრომის ბაზარზე ეფექტიანად განთავსების მიზნით, სააგენტოს მეშვეობით საჯარო და ყველა მსურველისათვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს ინფორმაცია ვაკანსიებზე არსებული და პერსპექტიული მოთხოვნის შესახებ. გარდა ამისა, დაბალკონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის შრომითი მოწყობის გაადვილების მიზნით გაფართოვდეს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მასშტაბები, თანაც ისე, რომ იგი აუცილებლად მიბმული იყოს კონკრეტულ ვაკანსიებზე. აღნიშნულის განხორციელება პირველ რიგში დამოკიდებული უნდა იყოს შრომის ბაზრის სრულფასოვან ანალიზზე.
– სამუშაო ძალაზე მიმდინარე მოთხოვნის შესასწავლად, ჩვენი აზრით, ყველაზე ოპტიმალური საშუალება იქნება სააგენტოს რაიონული განყოფილებების თანამშრომელთა უშუალო მონაწილეობით რაიონის ტერიტორიაზე მოქმედ მეწარმეებთან ინტერვიუირების პრაქტიკის დანერგვა. მისი მეშვეობით არა მარტო შეფასდება სამუშაო ძალის მოთხოვნა-მიწოდების რაოდენობრივი თანაფარდობა, არამედ გამოიკვეთება პრიორიტეტული პროფესიები და სპეციალობები, აგრეთვე თანამედროვე პროფესიული სტანდარტები, რომელთა დაუფლების გარეშე საქართველოში ამჟამად არსებული, კატასტროფულად დეკვალიფიცირებული სამუშაო ძალა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებს სამუშაოს მიღებას;
– განვითარდეს საზოგადოებრივ სამუშაოთა პრაქტიკა და გაფართოვდეს მისი მასშტაბები;
– სრულყოფილ იქნეს უმუშევართა შემწეობის გაცემის სისტემა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ყველა ფაქტორი – სამუშაოს დატოვების მიზეზი, შრომითი სტაჟი, უმუშევრობის ხანგრძლივობა და ა.შ.
უახლოეს წლებში შრომის ბაზარზე სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა როლისა და პასუხისმგებლობის ამაღლება დასაქმების პრობლემათა გადაწყვეტაში. ეს მიმართულება განსაკუთრებით აქტუალურია დღევანდელ პირობებში, როდესაც ადგილებზე ინიციატივა მკვეთრად შემცირდა და შრომისა და დასაქმების სფეროში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის ამოცანა მთლიანად ცენტრალურ ხელისუფლებას გადაეკისრა. ცენტრალიზებული მართვის არსებულმა სისტემამ კი, თავის მხრივ, ვერ შეძლო ადეკვატური და ოპერატიული რეაგირება ამა თუ იმ რაიონსა თუ ქალაქში სამუშაო ძალის მოთხოვნა-მიწოდებაში მომხდარ ცვლილებებზე.
საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობისა და რეგიონული განვითარების სპეციფიკიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ მცირე საწარმოები შეძლებენ ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლებას. აქედან გამომდინარე, სწორედ მცირე ბიზნესზე უნდა მოხდეს ორიენტაცია და იგი სახელმწიფოსათვის პრიორიტეტული უნდა გახდეს არა მარტო საერთო დადებითი სოციალური ეფექტის მისაღებად, არამედ წარმოების რაციონალური ტერიტორიული პროპორციების მისაღწევადაც.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ეტაპზე ქვეყნის სოციალური პოლიტიკის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ეკონომიკური და სოციალური პროგრესის ერთდროული უზრუნველყოფა, რაც უზრუნველყოფს სრული დასაქმების მიღწევასა და მოსახლეობის სოციალური დაცვის მოქნილი სახელმწიფო სისტემის ფორმირებას. უდავოა, რომ მზარდი უმუშევრობა როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური ასპექტით მეტისმეტად წამგებიანია ქვეყნისათვის, რადგანაც მისი ზრდა და თვითდინებაზე მიშვება პერსპექტივაში კიდევ უფრო გააღრმავებს დღეისათვის არსებულ პრობლემათა მთელ კომპლექსს. უმუშევრობის გამომწვევი ფაქტორების აღმოფხვრა, ან თუნდაც მათი მოქმედების შერბილება ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევისა და რეფორმების წარმატებით განხორციელების აუცილებელი პირობაა.
ოპტიმალურად მაღალი, სტრუქტურულად რაციონალური, ეკონომიკურად ეფექტიანი და სოციალურად დასაბუთებული დასაქმების მიღწევა გარდაუვალი და, საბოლოო ანგარიშით, მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია საქართველოს ეკონომიკის აღდგენისა და შემდგომი აღმავლობის პროცესისა.