ვაღებთ თუ ვკეტავთ საქართველოს

რედაქციისაგან

ძვირფასო მკითხველო, ჟურნალი “საქართველოს ეკონომიკა” და არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ეკონომიკის და ბიზნესის ინსტიტუტი” საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად აგრძელებს პროექტს – მთავრობის ეკონომიკური რეფორმების ქეისის განხილვა მრგვალ მაგიდასთან.

ამჯერად ამ სადისკუსიო კლუბის სახელით შემოგთავაზებთ ახალი საბაჟო კოდექსის ზოგიერთი მნიშვნელოვანი პოსტულატის შესახებ დისკუსიას. იმედია, თქვენც აქტიურად ჩაერთვებით კამათში, რათა მიღებული იქნეს ოპტიმალური კოდექსი, რომელიც ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს მსოფლიო ბაზარში ინტეგრირებას და ინვესტიციების მოზიდვას და, მეორეს მხრივ, დაიცავს ჩვენს ეკონომიკურ სივრცეს და გაადვილებს ბიზნესის წარმოებას.
დისკუსიაში მონაწილეობენ:
ჯემალ ინაიშვილი – პარლამენტის ვიცე-სპიკერი,
შოთა მაქაცარია – სავაჭრო სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი,
აკაკი ჩარგეიშვილი – ექსპერტი
გელა ხანიშვილი – ექსპერტი
იურისტი გიორგი ეპიტაშვილი,
არასამთავრობო ორგანიზაცია “თების” წარმომადგენლები: ექსპერტი, პროფესორი ემზარ ჯგერენაია და ჟურნალისტი ნინო არველაძე,
ნინო არველაძე: წარმოდგენილია ორი
პროექტი: ერთი საბაჟო კოდექსისა და
მეორე საბაჟო გადასახდების გაუქმების. იდეაში ისენი მეტ-ნაკლებად ეწინაღმდეგებიან ერთმანეთს, რადგან საბაჟო გადსახადის გაუქმებით ვაადვილებთ იმპორტს და გვინდა, საქართველო საერთოდ ტრანზიტის გზაჯვარედინი გავხადოთ. მეორე მხრივ, კოდექსში ჩადებულია რეექსპორტის და ტრანზიტის რეჟიმების რეგულირების გართულება და გამკაცრება.
ჯემალ ინაიშვილი: – საქართველოს მთავრობა იმპორტზე საბაჟო გადასახადის გაუქმებას აპირებს. ეს იდეა ეკუთვნის მარკ ლაარს, რომელიც ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრია. მაგრამ ესპანეთისა და საქართველოს ტრადიციები და კულტურა ერთმანეთისგან განსხვავდება. ერთი შეხედვით შეიძლება იდეა ცუდად არ მოგვეჩვენოს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვნახოთ, რასთან გვექნება საქმე და რა პრობლემებს წარმოქმნის საბაჟო გადასახადის გაუქმება. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა ჯგუფის შექმნა, რომელიც მოახდენს სიტუაციის მათემატიკურ ანალიზს. უნდა გავარკვიოთ, რა შედეგს მივიღებთ, როდესაც იმპორტზე საბაჟო გადასახადი ნულის ტოლი იქნება, რა ბედი ეწევა ადგილობრივ წარმოებას, რა მოხდება შემოსავლების მხრივ და რას მოუტანს ამ გადასახადის გაუქმება ბიუჯეტს. დღესდღეობით ქართულ მრეწველობაში სასიკეთო ძვრებია დაწყებული და ეს რეფორმა ბევრ პრობლემას შეუქმნის ადგილობრივ წარმოებას. ჩემი პირადი აზრით, პირველ რიგში შეღავათი უნდა გავუწიოთ ნებისმიერ იმპორტს, რომელიც დაკავშირებული იქნება ტექნოლოგიებთან. მაგრამ ადგილობრივ წარმოებას აუცილებლად უნდა მივცეთ სტიმული. წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქეთი, რომელიც ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყნების შვიდეულში შედის, დაიპყრობს საქართველოს ბაზარს. ამ ქვეყნის ეკონომიკა მსოფლიოში მეოცე ადგილზეა სიდიდით, ევროკავშირის მეექვსე სავაჭრო პარტნიორია და მისი სავაჭრო ბრუნვა არის 189 მილიარდი დოლარი. აქედან ექსპორტი არის 52 მილიარდი დოლარი, ხოლო იმპორტი – 42 მილიარდი, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქეთი უფრო მეტს ყიდის, ვიდრე ყიდულობს. ამიტომ ჩვენ სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ გადაწყვეტილების მიღებამდე. გასაგებია, რომ ლიბერალიზაციის მომხრენი ვართ, მაგრამ ნაჩქარევად არ შეიძლება გადაწყვეტილებების მიღება.
გელა ხანიშვილი: – ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ იმპორტზე საბაჟო გადასახადის გაუქმებით დაიკარგება 80 მილიონი ლარი და ისინი ამ მსხვერპლზე მიდიან.
ემზარ ჯგერენაია: – აი, დაახლოებით ასეთი გათვლებია – 2005 წელს ჩვენ საბაჟო გადასახადიდან 125 მილიონი ლარი მივიღეთ. ანუ, თანხა, რომელიც იკარგება, არის 125 მილიონი დოლარი. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2005 წელთან შედარებით, მშპ-ს ზრდა 5,5-6%-ია დაგეგმილი და იმპორტი დაახლოებით 25%-ით გაიზრდება, რითაც სამმილიარდიანი ბიუჯეტი ივსება, აქედან გამომდინარე, 2006 წლის დანაკარგი დაახლოებით 150 მილიონი ლარი იქნება. რეალური პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ კუთხით არის სამი სხვადასხვა მიდგომა ამჟამად. პირველი – დსთ-ის წევრი ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაკავშირებს და რომლებიც არ იხდიან საბაჟო გადასახადს. მეორე ფრთას წარმოადგენენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყნები, რომლებიც WTO-სთან შეთანხმების მიხედვით საბაჟო გადასახდების და ტარიფების კანონის ტარიფით იხდიან საბაჟო გადასახადს. არსებობს მესამე ფრთაც, რომელიც არც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია და არც დსთ-ის ქვეყნებში შედის. ისინი იხდიან 12%-იან საბაჟო გადასახადს. როგორია მათი თანაფარდობა იმპორტის კალათაში – საქართველოში წარმოებული იმპორტის 50% მოდის დსთ-ის წევრ ქვეყნებზე, საუბარია სრულ იმპორტის კალათაზე ენერგომატარებლების ჩათვლით. ესენი არიან: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, Aაზერბაიჯანი, სომხეთი და ა.შ. 45% მოდის WTO-ს წევრ ქვეყნებზე, რომლებიც არ სარგებლობენ შეღავათებით და სწორედ ამ 45%-ში 70% მთლიანად თურქეთზე მოდის. თუ ჩვენ არ ჩავთვლით ენერგომატარებლებს, თურქეთი რუსეთის ტოლი საიმპორტო პარტნიორი იქნება საქართველოსთვის. ეს არის ზოგადი ციფრები. რაც შეეხება კონკრეტულს, WTO-ს მემორანდუმის თანახმად, კომპიუტერულ ტექნიკაზე, ელექტრომოწყობილობასა და კავშირგაბმულობაზე და კიდევ სხვა ტექნიკაზე საბაჟო გადასახადი არის ნული. თუ ჩვენ გვინდა, ხელი შევუწყოთ ინვესტიციას ტექნიკურ აღჭურვილობაზე, დანადგარებზე და ნედლეულზეც შეგვიძლია გავაუქმოთ საბაჟო გადასახადი. ძირითადი 12%-იანი განაკვეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან შეთანხმებით შენარჩუნდა რძის პროდუქტებზე, ძეხვეულსა და ხორცეულზე, ზეთებსა და ცხიმებზე და არა ალკოჰოლურ სასმელებზე, საშენ მასალაზე და ზოგ მანქანა-დანადგარზე. ეს არის სასაქონლო ნომენკლატურის ჰარმონიზებული სისტემის 1 – I ჯგუფი – ცხოველები და ფრინველები, ბარკლები და მათი ნაჭრები, მათ შორის ზვიგენების და რვაფეხების იმპორტი. მაგრამ აქვეა რძის პროდუქტებიც, შაქარი, ცხიმები, ყველი, პამიდორი, ხახვი, სტაფილო, ლობიო, კარტოფილი, ციტრუსები, ხილის კონსერვები, მწვანილი, ხორბალი, ფქვილი, წვენები, თხილი, კენჭი, ღორღი, ხრეში ანუ საქონელთა ჯგუფი 010290610 სახეობიდან 280490000 სახეობამდე, სადაც საქართველოს აქვს საკუთარი ინტერესები. ამის დაკარგვა კი იმას ნიშნავს, რომ იმ 150 მილიონი ლარის გარდა, დაიკარგება კვების მრეწველობის წარმოებაც, რომელიც ფუნქციობს და ვითარდება. ე.ი ქართულ ბაზარს შიდა შემოსავლებიც მოაკლდება. მე მაქვს კითხვა – რის ხარჯზე მოხდება ამ დანაკარგის კომპენსაცია. ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ეს მოხდება ბიზნეს აქტივობის ხარჯზე. გაუგებარია, საქართველოში უფრო მეტი არაჟანი, შოკოლადი და ძეხვი შემოვა? მეორე საკითხია, რით ვაპირებთ ბაზრის დაცვას.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ამ ღონისძიების მიზანი არავის ზუსტად არ უთქვამს. შეუძლებელია, მიზანი იყოს ინვესტიციის ზრდა, რადგან ინვესტორისთვის ასეთი ბაზარი არ იქნება საინტერესო და მიმზიდველი. ინვესტორს იმპორტზე გადასახადის მოსპობა ხელს ვერ შეუწყობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ჩვენ გავათავისუფლებთ მანქანა-დანადგარებს და ნედლეულს.
ჯემალ ინაიშვილი: – ამ იდეის ავტორი, მარკ ლაარი აცხადებს, რომ იმპორტზე საბაჟო გადასახადის მოსპობით მათ ქვეყანაში კორუფცია მოისპო. თუმცა მიმაჩნია, რომ კორუფციასთან ბრძოლა სხვა მეთოდებითაც შეიძლება.
გელა ხანიშვილი: – ეს გადაწყვეტილება ძალიან ცუდად იმოქმედებს საქართველოს ეკონომიკაზე. ზოგადი ფორმულა და პოსტულატი ნულოვანი საბაჟო რეჟიმებისა კარგია, ამ საკითხზე თეორიაში არავინ დავობს, მაგრამ პრაქტიკაში ყველა ქვეყანა იცავს თავის სეგმენტს. ჩვენ შვეიცარიამ ორმხრივი მოლაპარაკებისას შოკოლადზე არ დაგვითმო და გვედავებოდა, 25%-იანი საბაჟო რეჟიმი შეენარჩუნებინა თუ მეტი, მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიას საქართველოდან შოკოლადის შეტანაზე საფრთხე არ ემუქრებოდა. მე იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ესა თუ ის პიროვნება თუ უწყება გამოდის ინიციატივით, უნდა წარადგინოს არგუმენტები და დოკუმენტები, რომელიც ნათლად ახსნის, რა ინიციატივაა ეს, რა არის მისი მიზანი და რა შედეგს მოიტანს. საბაჟო გადასახადის გაუქმება ერთი ხელის მოსმით არ შეიძლება, ამისათვის ძალიან სერიოზული გათვლებია გასაკეთებელი. უნდა გაირკვეს, რა არის ნედლეული და ვისთვის არის ის მზა პროდუქცია, არის თუ არა შესაძლებელი ამ ნედლეულის საქართველოში წარმოება. ჩვენმა სახელმწიფომ ოთხწლიანი მუშაობით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლისას რაღაც მომენტების დაცვას მიაღწია და დღეს ამ დაცვის მოხსნა ასე პრიმიტიულად არ შეიძლება. უბედურება ის არის, რომ საქართველოს ეკონომიკამ ვერ გამოიყენა ხუთწლიანი გარდამავალი პერიოდი. მინდა ვთქვა, რომ ჭთO-ში შესვლა არის ძალიან ადვილი იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი ქვეყანა განაცხადებს, რომ ყველა ქვეყანას გაუხსნის ნულოვან რეჟიმს. ისე გამოდის, რომ ჩვენ არაფრის წარმოება აღარ გვინდა. როგორც კი დავადასტურებთ და ვიტყვით, რომ აღარ გვინდა წარმოება, ყველასთვის მისაღები გავხდებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საბაჟო გადასახადის გაუქმებთ ადგილობრივი წარმოება სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება.
შოთა მაქაცარია: – პრესაში არის ამის შესახებ დოკუმენტი გამოქვეყნებული. იქ წერია, რომ ყველა განაკვეთი, რომელიც 12%-ს აღემატება, გათანაბრდება 12%-თან. ყველა ის განაკვეთი, რომელიც 5%-ს აღემატება, გახდება 5%, ხოლო ის განაკვეთები, რომლებიც 5%-ზე დაბალია, განულდება. ეს მოხდება 2007 წლიდან, 2008 წლიდან კი განულდება ყველა გადასახადი. ამბობენ, რომ ამ გადასახადების გაუქმების შედეგად დაიკარგება 80 მილიონი დოლარი, მაგრამ არა უშავსო. ჩემი აზრით, საბაჟო განაკვეთების გაუქმებით საქართველო იქცევა თავისუფალ საწყობად.
ჯემალ ინაიშვილი: – თავისუფალ საწყობად გადაქცევას ძალიან დიდი დრო სჭირდება. ქვეყანა სწრაფად ვერ დაიმკვიდრებს თავისუფალი საწყობის სახელს. დუბაის მაგალითი რომ ავიღოთ, მათ ეს საქმიანობა 30 წლის წინ დაიწყეს. საქართველო დუბაი ვერ გახდება, რადგან იქ ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია და მასში არავინ ერევა. საწყობი რომ გახდე, თავისუფალი უნდა იყო. როდესაც აფხაზეთი ჩაკეტილია და ქვეყანაში კიდევ სხვა პრობლემებიცაა, თავისუფალ საწყობად გადაქცევა შეუძლებელია.
ემზარ ჯგერენაია: – მთავარი საკითხია, რა მიზანს უნდა მიაღწიოს ქვეყანამ ამ კოდექსის საშუალებით. თუ საქართველოს სურს, ვერჰაუზების ცენტრი გახდეს ჰონგ კონგის მსგავსად, მაშინ სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა დაარეგულიროს რეექსპორტის და ტრანზიტის გამარტივების საკითხი. თუ რეექსპორტის რეჟიმი კორუფციის აღმოფხვრის მიზნით დასამარდება, როგორც ეს ამ კოდექსში წერია, წარმატებებზე საუბარი უადგილო იქნება. თუ ქვეყნის მიზანია, გადაიქცეს სადისტრიბუციო ცენტრად, მაშინ უნდა დარეგულირდეს კოდექსი, რომ საბაჟო საწყობის რეჟიმში და ექსპორტისა და რეექსპორტის რეჟიმში არ უნდა გადაიხადონ მოსაკრებელი. ამ შემთხვევაში მიზანი გასაგები იქნება. მაგრამ ამ კოდექსით რეექსპორტი საერთოდ მეორეხარისხოვან რეჟიმადაა გადაქცეული.
ჯემალ ინაიშვილი: – დიახ, პირველ რიგში საბაჟო უნდა მოწესრიგდეს, სხვა შემთხვევაში ნებისმიერი რეფორმა აზრს დაკარგავს.
ემზარ ჯგერენაია: – კიდევ ერთს დავამატებდი, ჩვენ ვერასოდეს მივიღებთ შედეგს, თუ საკითხებს ასე ამოგლეჯილად განვიხილავთ.
გელა ხანიშვილი: – მე დავსვამდი რიტორიკულ კითხვას – არის ქვეყანაში ეკონომიკის სამინისტრო? იგივე ეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც. Mმოვიყვან კონკრეტულ მაგალითს, მეთევზეობასთან დაკავშირებით დამჭირდა ექსპერტი და სახელმწიფო პოლიტიკა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ მოიძებნა ადამიანი, რომელიც კონსულტაციას გამიწევდა.
რეალური სიტუაცია შემდეგია – ნულოვანი რეჟიმი მოქმედებს დსთ-ის ქვეყნებზე. ნულოვან რეჟიმთან მიახლოებული რეჯიმები მოქმედებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ქვეყნებთან მიმართებაში. ძირითადად რჩება ისეთი ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ აქტიური ურთიერთობა არ გვაქვს. პრზიდენტმა გააჟღერა, რომ ჩვენ ვბეგრავთ ამერიკას და არ ვბეგრავთ რუსეთს. ეს არის სერიოზული სამუშაო და ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რას მისცემს საქართველოს მოსახლეობას და ეკონომიკას ნულოვანი რეჟიმის შემოღება. ასევე უნდა გაირკვეს, რა დარტყმას მიაყენებს ეს რეჟიმი იმ დარგებს, რომლებიც ჯერ კიდევ დაცულნი არიან არსებული რეჟიმით. არც იმას გამოვრიცხავ, რომ არსებული რეჟიმი საფუძვლიანად არფერს იცავს. მაგალითად, ვიცი რომ სახელმწიფო შოკოლადის მრეწველობა დაცულია, რადგან შვეიცარიასთან გვაქვს პარიტეტი. ამ დროს ასე არ არის, რადგან ქვეყანაში შოკოლადის მრეწველობა არ გვაქვს. მაგრამ თუ იგი ნელ-ნელა განვითარდება, მაშინ საქართველოსთვის 12%-იანი საბაჟო გადასახადი მომგებიანი და აუცილებელია.
შოთა მაქაცარია: – კიდევ სხვა ასპექტებიც არსებობს, თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ გადასახადის მოხსნით ჩვენი ეკონომიკა ძლიერ დაზარალდება?
გელა ხანიშვილი: – ავიღოთ ასეთი მაგალითი. საქართველოში შემოდის “სადია” და იწარმოება “კოდა”. თუ “სადიას” მოეხსნება 12%-იანი გადასახადი, მაშინ “კოდა” დაზარალდება იმიტომ, რომ გიგანტი “სადია” შეჭამს მას. მაგრამ თუ იგივე პროდუქცია შემოვა რუსეთიდან, 12%-იანი გადასახადი გავლენას ვერ მოახდენს. ამიტომ ვამბობ, რომ სანამ ყველა გაანგარიშება არ მოხდება, მანამდე გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება. ეს არის საკმაოდ ფართომასშტაბიანი ეკონომიკური პრობლემა. სახელმწიფო ამბობს, რომ ის იკლებს 150 მილიონ ლარს, მაგრამ ქვეყანას აძლევს საშუალებას, განავითაროს ეკონომიკა, ქვეყანაში ჩაიდოს ინვესტიციები, სინამდვილეში კი ეს სხვა არაფერია, თუ არა უცხოელი იმპორტიორის შემოსვლა. მაგრამ თუ გადასახადი ნედლეულსა და დანადგარებზე მოიხსნება, მაშინ ქვეყანაში რეალური ინვესტიციები შემოვა. შემდეგ ამასაც დამატებითი რელური ეკონომიკური ბერკეტები უნდა. ნათელი უნდა იყოს, რატომ უნდა მოვიდეს უცხოელი ინვესტორი და რატომ იქნება მისი მოგება საქართველოში უფრო ელასტიკური, ვიდრე სხვა ქვეყანაში. ამ შემთხვევაში ყველაფერი საბაჟო გადასახდაზე აღარ იქნება დამოკიდებული.
შოთა მაქაცარია: – თქვენ ამბობთ, რომ საბაჟო გადასახადი უნდა მოიხსნას ნედლეულზე. ჯერ უნდა გაირკვეს, რას ჩავთვლით ნედლეულად. რა არის ხორცი? მზა ნაწარმია თუ ნედლეული? დღეს მრეწველობა მუშაობს იმპორტირებულ ხორცზე. საუბარია ძეხვეულის წარმოებაზე, რომელშიც ზოგჯერ ხორცი საერთოდ არ არის. ისმის კითხვა – გვინდა ჩვენ ასეთი მრეწველობა? ამიტომ ჩვენ არ ვამბობთ, რომ გავანულოთ ყველა გადასახადი, მაგრამ ნუ ვიფიქრებთ, რომ ჩვენ ვართ ყველაფრის მწარმოებლები, ჩვენში ვერასოდეს მოვიყვანთ კაკაოს და ყავას. მაშინ რატომ არ შეიძლება გადასახადების განულება? საერთოდ რა ხვედრითი წილი აქვს საბაჟო განაკვეთიდან შემოსავალს ევროპის ბიუჯეტში?
გელა ხანიშვილი: – აქ არ არის საუბარი ბიუჯეტის შემოსავალზე, აქ საუბარია მთლიანად ეკონომიკასა და მის შემდგომ განვითარებაზე.
შოთა მაქაცარია: კიდევ ერთი მაგალითისთვის ავიღოთ თოფაძის ლუდი. დაახლოებით 1995 წელს ჩვენ მას სათბურის პირობები შევუქმენით და ფაქტობრივად მოვსპეთ ყველა იმპორტირებული ლუდი – მაღალი გადასახადის გამო ბევრმა იმპორტიორმა დატოვა ქართული ბაზარი. შედეგად, მრეწველობა განვითარდა და ნაწარმის ხარისხი დაქვეითდა.
გელა ხანიშვილი: – ეს კანონს არ გაუკეთებია. იმპორტმა ლუდი გააჩერა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საპატრიარქოსთან არსებული ბიზნეს სქემების ნგრევის გამო იმ პერიოდში, როდესაც იმპორტი შემოდიოდა უფრო თავისუფლად. რეალურად 1995 წელს ლუდი შემოჰქონდა ან საგარეო საქმეთა სამინისტროს ან თავისუფალი რეჟიმით მოდიოდა. ლუდი არასოდეს ყოფილა შეღავათიან პირობებში და არც ახლა არის. როდესაც საქართველოს ბაზარზე არის ქართული ლუდი და შემოდის “ბალტიკა”, ამ 12%-იანი გადასახადით გარკვეული ბარიერი იქმნება და თანაც რაღაც სფეროს განვითარებისათვის. თუ გვინდა ბარიერის მოხსნა, ეს უნდა იყოს პოლიტიკის შედეგი. დღეს რა გვინდა ჩვენ, რომელი სფერო გვინდა იყოს დაცული? ამერიკამ წიგნები თარგმნა ქართულად და რუსულად, რომ გაგვეგო, თუ რა ქვეყანაა ამერიკა. პირდაპირ ამოვიკითხავთ, რომ ამერიკა იცავსი, თავის, მეწარმის ინტერესებს საბაჟო განაკვეთების რეჟიმებით. მაგრამ უბედურება ის არის, რომ არ ვიცით, რა დავიცვათ. რატომ გვინდა, რომ დანადგარის გადასახადი იყოს ნული. თუ გვეცოდინება სახალმწიფოს სტრატეგია, მაშინ შეგვეძლება ვთქვათ, რა რეჟიმები იქნება ამ სტრატეგიის უზრუნველსაყოფად შემოსაღები.
როგორ არ შეიძლება, რომ ძეხვი აწარმოო საქართველოში? პირველი ქართულ ბაზარზე გამოვიდა გურჯაანის ძეხვი, ხორციც არ აკლდა და გემრიელიც იყო. საქართველოში კარგად იყიდებოდა ერევნიდან ჩამოტანილი ძეხვიც, რომლისთვისაც ხორცს ახალქალაქსა და ბოგდანოვკაში ყიდულობდნენ. გამოდის, ჩვენთან ნაყიდი ხორცი გვიბრუნდებოდა უკან. ასე რომ, საქართველოში წარმოების განვითარება შესაძლებელია.
ემზარ ჯგერენაია: – ანალიზი გვიჩვენებს, რომ საბაჟო გადასახადების გაუქმება წვენების იმპორტზე არ მოქმედებს, რადგან მათი უმეტესობა რუსეთიდან შემოდის და გადასახადი არ ეხებათ. თანაც დღეს წვენების ნაწილში საქართველოს არა აქვს მძლავრი პოტენციური ბაზა. მეორე ნაწილია მინერალური წყლები, რომელთა ტრანსპორტირებაც ძვირია და ამიტომ ესეც არ იმოქმედებს ქართულ ბაზარზე. კიდევ არის გამაგრილებელი სასმელები, სადაც ბაზარი უჭირავს კოკა-კოლას და მეტ-ნაკლებად პეფსის. მათი ტრანსპორტირებაც ძვირია და ამიტომ უცხოური სასმელი ძალიან ცოტა შემოდის. რაც შეეხება ლიმონათს, მალფუჭებადი სასმელია და ისიც არ შემოდის ქართულ ბაზარზე. რჩება კარაქი. საქართველოს არა აქვს კარაქის წარმოების შესაძლებლობა. შვება ეძლევა ბანანს, ქათმის ბარკალს, საშენ მასალას. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ჩვენ არასოდეს გამოგვიყენებია სეზონური ფასები. “გრებიც” არაფერს ამბობს, რადგან მას საქონელი შემოაქვს და ადგილობრივ პროდუქტს არ იყენებს. გამოდის, რომ ქართულ წარმოებას მისი ინტერესების დაცვა არ აინტერესებს. აქედან გამომდინარე, ეს პროექტი ბიზნეს ფედერაციაში დაბრკოლების გარეშე გავიდა.
რაც შეხება თვით ახალი საბაჟო კოდექსის პროექტს, ჩემი აზრით, კოდექსი, პირველ რიგში უნდა იყოს ერთიანი, ყოველგვარი დამატებების გარეშე. მასში პირდაპირ უნდა ეწეროს იმპორტიორთა მომსახურების რეჟიმები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნულზე დავა ბროკერის ინსტიტუტი. ბროკერი, რომელსაც საბაჟოზე არ უშვებენ, ვერ იქნება რეალური ბროკერი. ამასთან, ვერავინ ხსნის, თუ რატომ არ უშვებენ მას საბაჟოს ტერიტორიაზე. კოდექსში უნდა ჩაიწეროს, რომ ტრანზიტზე, საბაჟო საწყობის და რეექსპორტის რეჟიმებზე უნდა გაუქმდეს მოსაკრებლები და ეს თავის თავზე უნდა აიღოს ქვეყანამ, რადგან 0.2% არაფერს ნიშნავს. სამწუხაროა, რომ ეს კოდექსი ამ კუთხით არ არის განხილული.
შოთა მაქაცარია: – საბაჟო ტარიფების გაუქმების შემთხვევაში ეს კოდექსი საერთოდ დაკარგავს აზრს. რა აზრი ექნება რეჟიმს, როდესაც გაუქმდება საბაჟო გადასახადი და დღგ რეალიზაციის პროცესში იქნება გადატანილი.
გიორგი ეპიტაშვილი: – ჩვენ მომზადებული გვაქვს გარკვეული შენიშვნები საბაჟო კოდექსთან დაკავშირებით. მათი შემუშავებისას რამდენიმე პრინციპი გავითვალისწინეთ, რომელთა შესაბამისობაშიც გვინდოდა კოდექსის მოქცევა. მათ შორის, დეკლარანტის უფლებები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული, პროცედურების განხორციელება – ხელმისაწვდომი, საბაჟო პროცედურების ოპერატიულობა და სიმარტივე, ასევე საბაჟო ორგანოების უფლებამოსილებების მკვეთრი რეგლამენტაცია, ანუ მათი უფლებამოსილებანი მკვეთრად უნდა იყოს ჩამოყალიბებული.
აკაკი ჩარგეიშვილი: – მე მაქვს შემდეგი წინადადება – საბაჟო ორგანოებს არ უნდა ჰქონდეთ რაიმე უფლება, ანუ თუ სადმე წერია უფლება, უნდა ეწეროს ვალდებულება. იმისათვის, რომ რეგლამენტაცია არ გამოიყენონ თავიანთი ნებასურვილის მიხედვით.
გიორგი ეპიტაშვილი: – დასკვნა შემდეგია – თუ შენიშვნები არ იქნება გათვალისწინებული, მიგვაჩნია, რომ ეს კანონპროექტი შეიცავს მნიშვნელოვან ხარვეზებს, რომლებიც დამუშავებასა და განსაზღვრას საჭიროებს. შენიშვნები მომზადებული გვაქვს წმინდა რედაქციული თვალსაზრისით, თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რომელთა პრინციპულ დონემდე აყვანაც შეიძლება. ეს არის დეკლარანტისა და საგადასახადოს ურთიერთობა, რომელიც მე-60-ე მუხლში გვხვდება. საბაჟო კოდექსში ჩადებულია კონკრეტული ციფრები და თუ ლარით მეტი ან ლარით ნაკლებია ცდომილება, იქ უკვე საუბარი იქნება საბაჟო პროცედურების დარღვევებზე და შესაბამის სანქციებზე.
შოთა მაქაცარია: – ვფიქრობ, უნდა იყოს გარკვეული ლუფტი. მართალია, საბაჟო ორგანოს აქვს რაოდენობის გადამოწმების უფლება და თუ ტვირთის რაოდენობა აღემატება დეკლარირებულს, კოდექსის თანახმად, პირდაპირ ჯარიმა ეკისრება შემომტანს. არ შეიძლება უმნიშვნელი მეტობამ მთელი რიგი ჯარიმები გამოიწვიოს.
ემზარ ჯგერენაია: – ვფიქრობ, ეს ლოგიკას მოკლებულია. ინვოისი დაახლოებით თვენახევრით არდე იწერება, ეგზავნება ბენეფიციარს და ამის შემდეგ ირიცხება ფული, მაგრამ იმის გამო, რომ არ ეტევა ან, პირიქით, ადგილი რჩება კონტეინერში, შეიძლება, ტვირთი ორი კილოთი მეტი ან ნაკლები იყოს. ამის დანაშაულად ჩათვლა არასერიოზულად მიმაჩნია. თუ ეს მეტობა იქნება მთლიანი საქონლის ღირებულების 3%-ზე მეტი, სერიოზული დარღვევაა, მაგრამ 3%-მდე ცდომილება სავსაებით დასაშვებია. აქ ჩადებულია ისეთი მუხლები, რომელთაც სჭირდება დაზუსტება და რეგლამენტირება. არა მარტო აქ, არამედ საგადასახადო კოდექსშიც. ეს არის მუხლი 3, სადაც წერია, რომ საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, გამოსცეს ბრძანებები. ეს ერთი შეხედვით არის უწყინარი მუხლი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსს, მას არც ბრუნვის ჟურნალის შემოღება ეწინააღმდეგებოდა და არც ქვენორმატიული 40 აქტი, რადგან ის ეყრდნობოდა კოდექსს და მისი შესრულების მექანიზმად ითველებოდა. მაგრამ უკვე ის მომენტი, თუ როგორ რთულდება ბიზნესის წარმოება, რაც მეწარმეს გააწამებს, ქვენორმატიულ აქტში გადავიდა. როგორც აქ წერია, საბაჟო პოლიტიკის შემქმნელი პარლამენტია და საბაჟო დეპარტამენტი ვერ მიიღებს რამე დამატებით აქტს, თუ ის არ იღებს ბრძანებულებას, რომელიც ეხება მისი აპარატის მუშაობასა და მენეჯმენტს. მაშინ ის არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ეხებოდეს ტვირთის პატრონს, რადგან ეს პოლიტიკაზე გადასვლა იქნება. ამიტომ ეს არის ყვალაზე საშიში მუხლი აქაც და საგადასახადო კოდექსშიც.
აკაკი ჩარგეიშვილი: – რაც შეეხება ინსტრუქციებს, რომლებიც საბაჟოს რეგულაციებს ეხება, ჩემი აზრით, ეს უნდა გააკეთოს არა ფინანსთა სამინისტრომ და საბაჟომ, არამედ ეკონომიკის სამინისტრომ, რადგან მაინც აღმასრულებელ ხელისუფლებაში დარჩება. მეორე ასპექტიც არსებობს, ორ სამინისტროს შორის გარკვეული კონკურენციაა. ფინანსთა სამინისტრო კი საბაჟო და საგადასახადო დეპარტამენტების რეალური კურატორია.
ემზარ ჯგერენაია: – საერთოდ, ეს დებულებები არის ძველი კოდექსის ასლი, რომელშიც ბევრი გამოუსადეგარი პუნქტია. უფრო მეტიც, ჩვენი კანონშემოქმედების ნორმატივების მიხედვით აღარ შეიძლება მსგავსი ლაფსუსების ჩაწერა. სასაცილო სიტუაციაა. ვნახოთ მუხლი 5, პუნქტი 2, სადაც საუბარია საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და საბაჟო საზღვრებზე – საქართველოს საბაჟო ტერიტორია მოიცავს აგრეთვე განსაკუთრებულ საზღვაო ეკონომიკურ ზონაში შექმნილი ხელოვნური კუნძულების, დანადგარებისა და ნაგებობის ტერიტორიებს, რომლებზედაც ვრცელდება საქართველოს განსაკუთრებული იურისდიქცია. ვინ მეტყვის, რომელი ხელოვნური კუნძულია საქართველოში შექმნილი? დუბაიში არის ხელოვნური კუნძული, რომელიც ჯერ ბოლომდე დამთავრებული არ არის. თუ ჩემს ქვეყანაში არ არის ხელოვნური კუნძული, რომლის შექმნასაც, სულ ცოტა, 10 წელი და მილიარდები სჭირდება და რომელიც 20 წლით ადრე უნდა იყოს დაგეგმილი, რატომ მიწერია კანონში ეს აბსურდი? კიდევ, წერია, რომ ტერიტორიული წყლები საბაჟო ტერიტორიაა, ის ხელოვნური კუნძული ყველა ვარიანტში ტერიტორიულ წყლებში იქნება. ეს ფრაზა ჩემთვის შემაშფოთებელია, რადგან ეს სხვა ქვეყნის აქტიდან გადაწერეს და ბოლომდე არ არის ადაპტირებული ქართულ სინამდვილესთან. ყველა შემდეგი მუხლი მასზეა მიბმული, მაგალითად, საბაჟო სტატუსის შესახებ მუხლი 6-ის განმარტება ძალიან გაურკვევლად არის ჩაწერილი. ჩვენ გვაქვს მაგალითი, თუ ფირმა უცხოურია, ხოლო საქონელი კი რუსული, საქონელი იბეგრება როგორც უცხოური. რა მნიშვნელობა აქვს საქონლის შემომტანს, მთავარი ხომ საქონელია. თუ ახლა არ გავარკვევთ, რას ნიშნავს საბაჟო სტატუსი, საქონელი და მისი გადამაადგილებელი, გადამზიდველი ან მიმღები, იგივე უაზრობას მივიღებთ, რაც გვაქვს დღეს. ვთქვათ, ხორბალი არის რუსული, ფირმა კი სეიშენის კუნძულზე, ფირმა იბეგრება, როგორც უცხოური. შემდეგი, მუხლი 7: ამ კოდექსში გამოყენებულ კოდექსთა განმარტება – ამ კოდექსის ტერმინები, რომლებსაც აქვთ საქართველოს კანონმდებლობის სხვა სფეროს ტერმინებისგან განსხვავებული მნიშვნელობა, გამოიყენება მხოლოდ საბაჟო ურთიერთობების რეგულირებისას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ეს არის ტრაფარეტული ჩანაწერი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ საბაჟოსთვის ტერმინებს ვიგონებთ, ეს ხომ აბსურდია. ვნახოთ დეკლარანტის განსაზღვრება – პირი, რომელიც ახორციელებს საბაჟო დეკლარირებას თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება დეკლარირება. გაუგებარია, დეკლარანტი სხვა რამეს ნიშნავს საგადასახადოში? Pპუნქტი ბ) ექსპორტის გადასახდელები – საბაჟო მოსაკრებლები, საბაჟო გადასახადი, სხვა გადასახადები და მოსაკრებლები, რომელთა გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებით. ე.ი ექსპორტის გადასახდელები ყოფილა მოსაკრებლები. ჯერ ერთი, თუ ქვეყნის ხელშეწყობა გვინდა, ექსპორტზე მოსაკრებლები უნდა გავაუქმოთ. შემდეგია საქონლის განმარტება – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული ნებისმიერი მოძრავი ქონება, მათ შორის, ფული, ელექტრო და თბოენერგია, გაზი და წყალი. ვთვლი, რომ ეს მწირი განმარტებაა, რადგან ჩვენს კანონმდებლობაში არაერთგზის გვაქვს საქონლის განმარტება, მიმაჩნია, რომ აქ უნდა გადმოვიტანოთ სტანდარტიზაციისა და სერთიფიკაციის კანონში არსებული განმარტება. პუნქტი 9 – სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები მთლიანად გასაშლელი და დასახვეწია. პუნქტი 16 საბაჟო ორგანოს შესახებ – საბაჟო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურების განმახორციელებელი. ეს შესანიშნავი ჩანაწერია, ანუ საბაჟო ორგანო არის პროცედურების განმახორციელებელი. აქედან გამომდინარე, მან უნდა ახორციელოს ის პროცედურა, რასაც მიუთითებენ. ე.ი საბაჟო ორგანოს არ უნდა ჰქონდეს ბრძანებების გამოცემის უფლება, რომელიც არ ეხება მის პირად მენეჯმენტს. რაც ხდება ტვირთის ირგვლივ, არ უნდა ეხებოდეს საბაჟო ადმინისტრაციას, როგორც დაინტერესებულ ორგანოს. სხვა შემთხვევაში რუსეთს დავემსგავსებით, სადაც საბაჟო ადმინისრტრაციას გადასახადის შეცვლის უფლება აქვს. ამიტომ ვეთანხმები აზრს, რომ ყველაფერი საკანონმდებლო აქტებით კოდექსში იყოს შეტანილი, რომელიც უნდა იყოს ძლიერი და სრულყოფილი და აღარ დასჭირდება ორმოცამდე ქვენორმატიული აქტი. ამ კოდექსმა მაქსიმალურად უნდა გამორიცხოს მარეგულირებელი ქვენორმატიული აქტების გამოცემა, გარდა იმისა, თუ როგორი ფორმის უნდა იყოს დეკლარაცია და ა.შ. ეს ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გააკეთოს, საბაჟო კი მხოლოდ პროცედურებს უნდა ახორციელებდეს. საბაჟო ორგანოს პროცედურების აღწერაც კი არ უნდა ეხებოდეს. მთელი უბედურება ისაა, რომ კოდექსი გაუგებარი ენით არის დაწერილი. არ არის სწორი, როდესაც საბაჟო, რომელიც პროცედურებს ახორციელებს, გეუბნება, თუ როგორ უნდა განაბაჟო საქონელი, რამდენად და ა.შ. რომელი უფრო მნიშვნელოვანია, მებაჟის მიერ გაწამებული იმპორტიორი, რომელმაც არ იცის, რა უფლებები აქვს. კოდექსში უნდა ეწეროს – თუ გონივრულ ზღვარს ზევით მებაჟე გააჩერებს ტვირთს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სახელმწიფო ვალდებულია, იმპორტიორს აუნაზღაუროს ღირებულების 1%.
შოთა მაქაცარია: – საბაჟო ორგანოსთან დაკავშირებით საერთოდ ამოვიღეთ მუხლი 12, საბაჟო გადაწყვეტილების აღსრულება – საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. არ წერია, რა გადაწყვეტილებაზეა საუბარი და ვის მიერ უნდა აღსრულდეს. ალბათ იგულისხმება იმპორტიორის, ექსპორტიორის ან ტრანზიტორის მიერ. ყურადღება მივაქციოთ ფრაზას ნებისმიერი გადაწყვეტილება, ასეთი რამ სკკპ-ის გადაწყვეტილებაშიც კი არ ეწერა. შემდეგია საბაჟო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ჩამოწერილია პუნქტები, თუ რომელ შემთხვევაში შეიძლება, საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ბათილად გამოცხადდეს და მათ შორის არის ბ) პუნქტი – თუ ეს გადაწყვეტილება ან მისი ნაწილი მიღებულ იქნა არასწორი ან არასრული ინფორმაციის საფუძველზე და ამის თაობაზე განმცხადებელმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა და ეს გადაწყვეტილება ან მისი ნაწილი არ იქნებოდა მიღებული სწორი ან სრული ინფორმაციის საფუძველზე. ე.ი ყველაფერი კვლავ იმპორტიორს ან ექსპორტიორს ბრალდება, რომელიც არ მიაწოდებს სწორ ან სრულ ინფორმაციას. ამასთან დაკავშირებით დავწერეთ შენიშვნა, რომ საბაჟო გადაწყვეტილება წარმოადგენს საბაჟო ორგანოს მიერ მიღებულ ადმინისტრაციულ აქტს, რომლის აღსრულება, ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება და მასში ცვლილებების შეტანა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებებით განისაზღვრება. შესაბამისად, რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ერთი და იგივე დებულების გამეორება მიზანშეწონილი არ არის. ამის საფუძველზე ამოღებულ იქნეს მე-12-ე, მე-13-ე, მე-14-ე მუხლები.
ემზარ ჯგერენაია: – ამ კოდექსში კიდევ წერია ძალიან საინტერესო რამ საბაჟო ტერმინების განმარტებაში – საბაჟო ტარიფების კვოტა – საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას იმ საქონლის რაოდენობა, რომელსაც ეძლევა უპირატესობა საბაჟო ტარიფის განაკვეთების მიმართ. მაჩვენეთ ამ ჩანაწერის კანონმდებლობრივი საფუძველი, საბაჟო გადასახადების ტარიფის კანონში სადმე თუ წერია ნორმა, რომ საბაჟო გადასახადი მიბმულია კვოტაზე? საქართველოს არ აქვს კვოტა. ამის ჩაწერას აზრი არ აქვს. ასეთი ჩანაწერებით აბსურდამდე მივალთ.
შოთა მაქაცარია: – შენიშვნაში კვოტას თაობაზე ჩავწეროთ, რომ საქართველოში ასეთი პრაქტიკა არ გვაქვს. მუხლი 32 – საქონლის სატარიფო კლასიფიკაცია შინაარსობრივი თვალსაზრისით დასახვეწია და მიგვაჩნია, რომ სატარიფო კლასიფიკაციისას დეკლარანტი უნდა განსაზღვრავდეს საქონლის კოდს სესსნ-ის მიხედვით. ეს სწორია, შემდეგ საბაჟო ვალდებულია, მიიღოს დეკლარაცია და თუ არ ეთანხმება კოდს, მაშინ 24 საათის ვადაში აცნობოს ამის შესახებ დეკლარანტს. ამ შემთხვევაში საქონლის კოდი განისაზღვრება ნეიტრალური საექსპერტო ორგანიზაციის მიერ, რომლის დასკვნის შესრულებაც სავალდებულოა მხარეებისათვის. ამით გვინდა, აქ მაინც ჩავრთოთ მედიატორი, ვფიქრობთ, რომ მებაჟე იმპერატიულად არ უნდა განსაზღვრავდეს კოდს. ეკონომიკის სამინისტრო განსაზღვრავს დამოუკიდებელ საექსპერტო ორგანიზაციებს. ეს სიახლეა, ადრე კოდექსში მსგავსი რამ არ ყოფილა.
ემზარ ჯგერენაია: – მინდა, დავუბრუნდეთ მე-9-ე მუხლს, რომელიც საბაჟო ბროკერს ეხება, კვლავ ძველი ჩანაწერია დატოვებული. ამის მიხედვით საბაჟო სურვილისამებრ მიიჩნევს ბროკერად ამა თუ იმ ფირმას. მეშვიდე პუნქტში წერია, რომ თურმე საბაჟო ბროკერი თავის საქმიანობას ახორციელებს კვალიფიციური თანამშრომლების მიხედვით და ამ კვალიფიკაციას, არც მეტი, არც ნაკლები, დაადასტურებს საბაჟო პროცედურების სპეციალისტის საკვალიფიკაციო ატესტატით საბაჟო დეპარტამენტი. რატომ ადასტურებს საბაჟო დეპარტამენტი, სახელმწიფო ორგანო კერძო ფირმის თანამშრომლების ატესტაციას? მუხლი 10 – ლიცენზია საქართველოში აუღებელი ციხესიმაგრე ხდება, საბაჟო ბროკერს არ სჭირდება ლიცენზია. თუ დერეგულირების გზით მივდივართ, ლიცენზია უნდა გავაუქმოთ. მუხლი 11, საბაჟო გადაწყვეტილებები, პუნქტი 1 – საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებისას საბაჟო ორგანო გადაწყვეტილებას იღებს საკუთარი ინიციატივით ან პირის განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე. საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებისას, საბაჟო გადაწყვეტილების მისაღებად, განმცხადებელი (მომთხოვნი) პირი ვალდებულია, საბაჟო ორგანოში წარადგინოს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები. აქ არ წერია ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომ საბაჟო ორგანო ა) თავისი ინიციატივით იღებს გადაწყვეტილებას, ასაბუთებს და ორი კალენდარული დღის ვადაში ასრულებს მას, მაგრამ არაუმეტეს საქონლის ვადიანობის ვადის მეათედისა, რადგან საქონელი შეიძლება მალფუჭებადი იყოს. მეორე, თუ მებაჟე მეპატრონის განცხადების შემთხვევაში არ გასცემს პასუხს 48 საათში და არ განაბაჟებს ტვირთს, სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს სატერმინალო გადასახადი. უფრო მეტიც, თუ მებაჟე დადგენილ ვადაში არ მიანიჭებს კოდს ან სხვა მიზეზების გამო არ განაბაჟებს საქონელს, მესამე ორგანიზაციის, თუნდაც ფინანსური პოლიციის ჩარევით, შემდგომი კვლევებისთვის გააჩერებს საქონელს და გონივრულ ვადაში არ დადასტურდება დანაშაული, იხდის საქონლის ღირებულების 10%-ს. კიდევ წერია სასაცილო რამ, რომ წერილის მიწერისას აუცილებლად უნდა იყოს მითითებული რეკვიზიტები. გაუგებარია, რა საჭიროა ამის ჩაწერა. ერთი სიტყვით, საბაჟოს ყველა პირობა ექმნება ტვირთის მეპატრონის საწვალებლად. მუხლი 15, პუნქტი 2 – თუ საბაჟო ორგანოს უწევს სპეციალური ხარჯების გაღება, რაც დაკავშირებულია საქონლის ექსპერტიზასთან ან ექსპერტის დასკვნებთან, განმცხადებელს ეკისრება შესაბამისი თანხის გადახდა. არ არის სწორი, თუ ექსპერტიზის შედეგად განმცხადებელი აღმოჩნდება მტყუანი, გადაიხდის განმცხადებელი, ხოლო თუ სახელმწიფო აღმოჩნდება მტყუანი, გადაიხდის სახელმწიფო. თუ დამიჯერებთ, ამ კოდექსში ყველაზე მნიშვნელოვანი მე-16-ე მუხლია, სადაც წერია, რომ საბაჟო კოდექსმა ვადებში უნდა შეზღუდოს პროცედურის განხორციელება. იქვე უნდა ჩაიწეროს, რომ საბაჟომ არ უნდა დადოს ხელშეკრულება რომელიმე საბაჟო ტერმინალთან, რომლის პირობაშიც არ ეწერება, რომ ტერმინალში ტვირთის შესვლა პირველი 48 საათის განმავლობაში თავისუფალი იქნება ყოველგვარი გადასახადისაგან. ასეა მთელ მსოფლიოში.
შოთა მაქაცარია: – მუხლი 36, პუნქტი 3 – საბაჟო ღირებულების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების გადავადება. დეკლარანტს ეძლევა საქონლის საბაჟო ორგანოდან გატანის საშუალება, თუ იგი წარმოადგენს ამ კოდექსით გათვალისწინებულ საკმარის გარანტიებს, რომლებიც მოიცავს საქონლის მაქსიმალური ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელების თანხას. ამ მონაცემების გადამოწმება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება არ უნდა აფერხებდეს საბაჟო პროცედურის დაუყოვნებლივ გატარებას, ხოლო საქონლის მიმღები მხრიდან უნდა იყოს წარმოდგენილი შესაბამისი თანხის საბანკო გარანტია ან შესატყვისი დეპოზიტი საბაჟო ორგანოს ანგარიშზე. მონაცემების გადამოწმების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს, რომლის გასვლის შემდეგ საკითხი წყდება იმპორტიორის სასარგებლოდ, ბრუნდება დეპოზიტი. პუნქტი 4 – საბაჟო ორგანოს არ აქვს უფლება, საბაჟო ღირებულებაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში შეაფერხოს საბაჟო პროცედურის ჩატარება. მუხლი 37 – საქონლის საბაჟო ღირებულებების განსაზღვრის მეთოდები და სამართლებრივი საფუძვლები. პუნქტი 1, ვ) ქვეპუნქტი, სარეზერვო მეთოდი ამოსაღებია, როგორც გაურკვეველი და გაუთვითცნობიერებეული მეთოდი. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაუშვებელია საბაჟო ორგანოების მხრიდან დეკლარანტების მიმართ წინასწარ დადგენილი ფასების გამოყენება. თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს ე.წ ოფშორული სქემებით შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ან როდესაც ის ისახავს მიზნად ბეგარების ოდენობის შემცირებას. ამ შემთხვევაში გადასახადების ოდენობის განსაზღვრის მიზნით, საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, კანონით დადგენილ ვადაში გადაამოწმოს ტვირთის გამგზავნი ქვეყნის საბაჟოზე დაფიქსირებული ღირებულება და გამოიყენოს იგი საბაჟო ვალდებულებების დარიცხვის დროს. იგივე მუხლის მესამე პუნქტი არაფრის მთქმელია. ან უნდა ჩამოყალიბდეს მოკლედ ამ შეთანხმების აქტი, ან ამოღებული უნდა იქნეს. პუნქტი 4 – საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბრძანებით. რა საჭიროა წესი, თუ მეთოდებია ჩამოთვლილი?
ემზარ ჯგერენაია: – აუცილებლად საჭიროა წესი და კარგი იქნება, თუ ამას გააკეთებენ. ავიღოთ პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი – იდენტური საქონლის გარიგების ფასი. იმპორტიორისთვის ეს გაუგებარია და მასში დაწვრილებით უნდა ეწეროს, თუ რას ნიშნავს იდენტური საქონელი, უნდა ეწეროს პარტიისა და თარიღის ცნებები და მათი გამოანგარიშების მექანიზმები. მებაჟე ვალდებულია, სხვა დანარჩენი მეთოდების გამოყენებისას კონკრეტული გაანგარიშება წარუდგინოს იმპორტიორს. უნდა იყოს იდენტური საქონლის დადგენის კონკრეტული სქემა.
შოთა მაქაცარია: – არის კიდევ ერთი მუხლი, რომლის მიხედვითაც საბაჟო ორგანომ შეიძლება ნებისმიერ დროს მოითხოვოს საქონლის გადატანა მათ მიერ მითითებულ დანიშნულების ადგილზე, საქონლის გადმოტვირთვა, ჩატვირთვა, გადატვირთვა, შეფუთვა, გახსნა. ეს გადაჭარბებულია, ან უნდა დაკონკრეტდეს, რა მიზნით ან საერთოდ ამოღებულ უნდა იქნეს. მე-60-ე მუხლი – საბაჟო კონტროლის განხორციელება, ყოვლად უსამართლოა ბიზნესის მიმართ. უნდა აღინიშნოს, რომ თუ საქონლის კონტროლის განხორციელება და გადამოწმება საბაჟო ორგანოს ინიციატივით ხორციელდება, იგი ვალდებულია, საკუთარი ხარჯით შეასრულოს დაგეგმილი ღონისძიება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა საქონლის რაოდენობის მეტობა დასაშვები ოდენობის ფარგლებში, რომელიც შეიძლება იყოს საქონლის საერთო რაოდენობის 2%-მდე და საბაჟო გადასახდელების არაუმეტეს 300 ლარისა, მაშინ ცდომილება დეკლარანტის სასარგებლოდ წყდება და იგი არ ანაზღაურებს მომსახურების ხარჯებს. იმ შემთხვევაში, თუ რაოდენობა მოცემულ მაჩვენებელს აღემატება, დეკლარანტი ვალდებულია, უზრუნველყოს ხარჯების ანაზღაურება. Dდასამატებელია მე-8-ე პუნქტი – საბაჟო ორგანო დეკლარანტის მოთხოვნის საფუძველზე ვალდებულია, შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს გადასახდელების დეკლარირებულ მონაცემებში, თუ დადგინდა საქონლის რაოდენობის მეტობა ან ნაკლებობა დასაშვები ოდენობის ფარგლებში. საბაჟო ორგანო ვალდებულია, დეკლარანტის მოთხოვნის საფუძველზე დაესწროს საქონლის გადმოტვირთვას და მისი შედეგების მიხედვით შეიტანოს კორექტირება საბაჟო გადასახდელების მონაცემებში. სხვათა შორის, ადრე ეს იყო საბაჟო ორგანოს ვალდებულება. მუხლი 64 – საბაჟო დეკლარაციების ფორმა და დამატებითი დოკუმენტები. საბაჟო ორგანოს არ აქვს უფლება, დამატებით მოითხოვოს სხვა დოკუმენტები. მუხლი 65 – საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია. მიგვაჩნია, რომ საბაჟო პროცედურის დაწყების საფუძველი საბაჟო დეკლარაციაა, საბაჟო ორგანო ვალდებულია, მიიღოს იმპორტიორის მიერ წარდგენილი საბაჟო დეკლარაცია და რეგისტრაციაში გაატაროს იგი. აქ არ წერია ეს ვალდებულება და აუცილებელია მისი ჩამატება. ეს არის ყველაფრის საფუძველი, როდესაც მებაჟე იმპორტიორისგან არ იღებს დეკლარაციას. მებაჟეს უნდა აეკრძალოს დეკლარაციის მიღების გაჭიანურება, საქონლის კოდის, საბაჟო ღირებულების, რაოდენობის, საქონლის წარმოშობის მონაცემების შეცვლის მიზეზით, ეჭვის შემთხვევაში მებაჟე მოცემული კოდექსით განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში მოითხოვს დეკლარანტისაგან საკითხის გარკვევამდე საბანკო გარანტიებს ან დეპოზიტს. დაუშვებელია, დეკლარანტს დაევალოს დეკლარაციისათვის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება, ამ დეკლარაციის მონაცემების საბაჟო საინფორმაციო სერვერში შეყვანა (რაც ახლა ხდება), ან სხვა მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია საბაჟო პროცედურების განხორციელებასთან და საბაჟო ორგანოს ფუნქციას წარმოადგენს.
ემზარ ჯგერენაია: – უნდა დაემატოს, რომ დაუშვებელია, საბაჟო ორგანომ მოითხოვოს დამატებითი ცნობები დეკლარანტისაგან. დეკლარაცია და მისი კანცელარიაში ჩაბარება პროცედურის დაწყების თარიღად ითვლება.
შოთა მაქაცარია: – მუხლი 70 – რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის შემოწმება – რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის შემოწმების მიზნით საბაჟო ორგანო უფლებამოსილია ა) შეამოწმოს საბაჟო დეკლარაციის შესაბამისობა თანდართულ დოკუმენტებთან და წარდგენილ საქონელთან. ბ) დეკლარანტისაგან მოითხოვოს დამატებითი მასალები, რომლებიც დაკავშირებულია წარდგენილ დოკუმენტებთან. გ) განახორციელოს საქონლის დათვალიერება და აიღოს მისგან სინჯები ან/და ნიმუშები. Aამ მუხლზე მიბმულია მუხლი 71 – საქონლის დათვალიერება და მისგან სინჯისა ან/და ნიმუშების აღება.
ემზარ ჯგერენაია: – უნდა ჩაიწეროს, რომ საქონლის სინჯის აღება უნდა მოხდეს სახელმწიფოს ხარჯზე და უნდა მიეთითოს ვადა, ეს უნდა მოხდეს გარკვეულ ვადაში, ხოლო თუ არ ხერხდება, საბაჟოს აქვს განბაჟების შემდგომი კონტროლის უფლება, ანუ შესაძლებელია ტვირთის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება და კვლევის გაგრძელება.
შოთა მაქაცარია: – გარდა ამისა, ჩვენ ვამატებთ, რომ საქონლის დათვალიერებისა და მისგან ნიმუშების აღებისათვის საბაჟო ორგანომ უნდა განსაზღვროს ადგილი და დრო, რომელიც ხელს აძლევს დეკლარანტს. შემდეგ არის მუხლი კონტრაბანდასთან ბრძოლის შესახებ, სადაც წერია, რომ პირმა, რომელმაც შეიძინა ან შეინახა საქონელი, რომელიც კონტრაბანდული აღმოჩნდა, ისევე აგებს პასუხს, როგორც კონტრაბანდისტი. ვფიქრობ, ეს არ უნდა ეხებოდეს საქონლის შეძენას. გამოდის, რომ ყველა პირს ან ფირმას ვავალებთ საგამოძიებრო მოკვლევის წარმოებას. მუხლი 83 – ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახდელების ჩათვლა ან დაბრუნება. ჩვენ ვამატებთ, რომ თუ გადასახდელი თანხები აღემატება დარიცხულ თანხებს, გადამხდელს უფლება აქვს, მოითხოვოს მისი დაბრუნება, ხოლო საბაჟო ორგანო ვალდებულია, 10 კალენდარული დღის ვადაში დააბრუნოს ზედმეტად გადახდილი თანხა როგორც ჯამური მაჩვენებლებით, ასევე ცალკეული პროდუქციის მიხედვით. გადამხდელის თანხმობის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს შეუძლია, ზედმეტად გადახდილი თანხა ჩაუთვალოს მომდევნი საბაჟო ვალდებულებების ანგარიშში. მუხლი 224 – უნდა ჩაიწეროს, რომ დაბრუნების ქვეანგარიშზე უნდა ჩაირიცხოს საბაჟო შემოსავლების 20%, დღეს კი ირიცხება 10%.
ემზარ ჯგერენაია: – აქ არის გამაოგნებელი მუხლი 176 – რეექსპორტი არის საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაცია, რომლის გამოყენებისას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ადრე შემოტანილი საქონელი გაიტანება ამ ტერიტორიიდან საბაჟო გადასახდელების გადაუხდელად. რეექსპორტი გაერთიანებულია ექსპორტის მუხლში. Aანუ, რეჟიმი ექსპორტია, თავისუფალი ვაჭრობა კი მისი ქვერეჟიმი ყოფილა.
შოთა მაქაცარია: – კარი IX, ეს არის საბაჟო დავების გადაწყვეტა. ამ თავის საფუძვლიანად გაცნობის შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ ის მთლიანად შეიცავს ფორმალური ხასიათის დებულებებს, ვინაიდან საბაჟო დავის წარმოქმნის შემთხვევაში უმეტესწილად საბაჟო ორგანოს წერილობითი გადაწყვეტილებები არ მოქმედებს და დეკლარანტის იძულება ხდება არაფორმალური გზით. მისაღები იქნებოდა, რომ დავის აღძვრა და გადაწყვეტა დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ მონაცემთა ლოგიკურ საფუძველზე ხდებოდეს, რაც ვითომდა თვით დეკლარანტმა განახორციელა. ანუ, რაც დოკუმენტში წერია, იმის ალოგიკურობა გახდეს დავის აღძვრის საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში IX კარი ყოველთვის სახელმწიფოს სასარგებლოდ იმუშავებს, ბიზნესის დაშანტაჟებას შეუწყობს ხელს და ასევე სახელმწიფოს მოტყუებას ბიუჯეტში ზედმეტი, უკანონო თანხების შესვლით. შემდეგ მოდის მუხლები ჯარიმების შესახებ და ჩვენ გვიწერია, რომ ამოსაღებია და გაუგებარია, თუ რას მოიცავენ ისინი. მათი მიხედვით, თუ მანქანას გაიყვან საზღვარგარეთ და 56-ე დღეს უკან შემოიყვან, 800 ლარით დაჯარიმდები. თურქეთი თავის ქვეყანაში ორი თვით გიშვებს, შენი ქვეყანა კი საკუთარ მანქანას თვენახევრით გატანს.
ემზარ ჯგერენაია: – ყურადღება მივაქციოთ IX კარში დავების საბჭოს. საგადასახადო კოდექსის მუშაობამ გვაჩვენა, რომ ეს მუხლი არ მუშაობს. აუცილებლად უნდა მიუთითონ უარის თქმის ვადა. ეს არის კოპირებული მუხლები, რომლებიც საერთოდ არ მუშაობენ. მთლიანად ამოსაღებია კარი X – საბაჟო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა. ეს მუხლები უნდა გადანაწილდეს ადმინისტრაციულ ნაწილსა და სისხლის სამართალში, აქ კი მათი ჩაწერა საჭირო არ არის. კოდექსის წაკითხვის შემდეგ ვერ ვნახე ის განწყობა, რომელიც საბაჟო გადასახადის გაუქმებისას იყო. ერთი სიტყვით, ამ კოდექსის მიზანი ვერ გავიგე. მისი მიზანი უნდა იყოს 1) საერთაშორისო ურთიერთობების, მათ შორის, ვაჭრობის გაადვილება და ინტეგრაციის ხელშეწყობა; 2) საინვესტიციო გარემოს შექმნა და ბიზნესის გაადვილება ინვესტიციის კუთხით. კოდექსში უნდა ეწეროს მუხლი, რომ გარკვეულ შემთხვევებში, ბიზნეს ინტერესებიდან და მეწარმეების ინტერესებიდან გამომდინარე საბაჟო ორგანოები ვალდებულნი არიან, სერვისი შესთავაზონ იმ ადგილზე, სადაც ბიზნესისათვის იქნება მოსახერხებელი. ეს ეხება სპეციალურ მანქანებს, მალფუჭებად საქონელს, არასტანდარტულ გაბარიტიან დანადგარებს და ა.შ. ავიღოთ ასეთი მაგალითი, აზერბაიჯანი მთელ ევროპას აწვდის ცხვრის ნაწლავებს, რომლისგანაც უმაღლესი ხარისხის სოსისი კეთდება. ყველაფერი, დაკვლიდან დაწყებული, გაგზავნით დამთავრებული, წამებშია გათვლილი და სამ საათში ხდება. წარმოვიდგინოთ, რომ საბაჟო ამ ტვირთს აჩერებს და ამბობს, რომ ორი დღე ვერ განაბაჟებს მას. კიდევ ვიმეორებ, კოდექსის მიზანი გაუგებარია. აგრეთვე გაუგებარია, თუ როგორ უწყობს ის ბიზნესს ხელს. ძალიან ბუნდოვანია ტრანზიტის ბედი. მას საერთოდ არ სჭირდება დეკლარირება, ავტომატურად უნდა გავიდეს თანმხლები დოკუმენტით. ამ შენიშვნებზე ძირფესვიანი მუშაობაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ კოდექსის მიღებას აზრი არა აქვს.