რეგიონის მშენებლობის სახელმწიფო რეგულირება გარდამავალ პერიოდში

პაატა ჩაგანავა

რეგიონის მშენებლობაში მთავრობის ჩარევის მიზანია ისეთი პირობების შექმნა და მხარდაჭერა, რომ მოხდეს შეზღუდული რეგიონული ეკონომიკური რესურსებით რეგიონში მოქმედი ეკონომიკური სუბიექტების მაქსიმალური დაკმაყოფილება სამშენებლო პროდუქტით.
მიზნიდან გამომდინარე, რეგიონის მთავრობას მშენებლობის რეგულირებისას მოუწევს რამოდენიმე ამოცანის გადაჭრა:
1. მომხმარებლის დაცვა უხარისხო სამშენებლო პროდუქციისაგან;
2. სამშენებლო საწარმოთა ჩამოყალიბებისა და ნორმალური ფუნქციობისათვის პირობების შექმნა;
3. რეგიონის სამშენებლო ბაზრისათვის საერთო ადმინისტრაციულ-ნორმატიული ჩარჩოების ჩამოყალიბება.
რეგიონის სამშენებლო ბაზარზე სახელმწიფოს ზემოქმედების ფორმები სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს:
1. ინსტიტუციური პოლიტიკა;
2. მოთხოვნის სტიმულირების პოლიტიკა;
3. მიწოდების სტიმულირების პოლიტიკა.
განვიხილოთ ყოველი მათგანი ცალკ-ცალკე.
ინსტიტუციური პოლიტიკა გულისხმობს არჩეული ეკონომიკური სისტემისათვის აუცილებელი ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, რომელთა საფუძველზეც უნდა მოხდეს სამშენებლო ბაზრის ფუნქციობა. ქართულ ეკონომიკურ ლიტერატურაში ხშირად აღინიშნება მთავრობის ამ როლის შესახებ: “გარდამავალ პერიოდში სახელმწიფო ასრულებს არატრადიციულ ფუნქციას – ეკონომიკის სისტემაშემქმნელი ფაქტორის უნიკალურ როლს და შესაბამის პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე”1 [60, 11].
ინსტიტუციური პოლიტიკა არის ღონისძიებათა ერთობლიობა, მიმართული ბაზრის მუშაობის კონკრეტული რეგიონული პირობების შესაქმნელად, კერძოდ:
1. სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ სამშენებლო საწარმოთა პრივატიზაცია;
2. ქვეყანაში მოქმედი სამეწარმეო კანონმდებლობის შესაბამისად სამშენებლო საწარმოთა რეგისტრაციის, მშენებლობის ნებართვის, საშენ მასალათა ხარისხის სერთიფიკატების გაცემის რეგიონული ორგანოების შექმნა;
3. სამეწარმეო და საჯარო რეესტრების დაფუძნება და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, მომხმარებლის უხარისხო პროდუქტისაგან დაცვისა და არსებული სამშენებლო ნორმებისა და წესების გამოყენების კონტროლის მიზნით არქმშენინსპექციისა და ანტიმონოპოლიური სამსახურების რეგიონული განყოფილებების ჩამოყალიბება;
4. თავისუფალი მიწის ბაზრის ჩამოყალიბების მიზნით მიწის პრივატიზაციის განხორციელება, მიწის კადასტრის შექმნა და საკუთრებითი უფლებების დარეგულირება, რეგიონის ტერიტორიების ზონებად დაყოფა და აუცილებელი კომუნალური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა, განაშენიანების გეგმების შემუშავება ფართო საზოგადოებრივი მონაწილეობის საფუძველზე;
5. სამშენებლო კონტრაქტების შესრულების გარანტირების, სამშენებლო დავების მოგვარების, საკუთრების დაცვის მიზნით პოლიციური აპარატის, სასამართლო და სასჯელაღსრულებითი სისტემის ფუნქციობის უზრუნველყოფა.
მოთხოვნის სტიმულირების პოლიტიკა შეიძლება ორ ნაწილად დაიყოს: სახელმწიფო შესყიდვები და საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბება.
რეგიონული ბიუჯეტის მეშვეობით დაფინანსებული კაპიტალდაბანდებანი ერთდროულად რამდენიმე მიზანს ემსახურება:
1. ავსებს ერთობლივ რეგიონულ მოთხოვნას, რომელიც ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო შესაძლოა, დაბალ დონეზე იყოს;
2. ანაცვლებს კერძო საინვესტიციო დანახარჯებს სახელმწიფო კაპიტალური ხარჯებით. კერძო ინვესტიციების სიდიდე დაცემის დროს არც ისე დიდია, მოლოდინების პესიმისტური ხასიათიდან გამომდინარე;
3. ავითარებს საწარმოო და სოციალურ ინფრასტრუქტურას;
4. ზრდის დასაქმებას;
5. ხელს უწყობს კაპიტალური მშენებლობის განვითარებას, რადგან კაპიტალურ დაბანდებათა ძირითადი ნაწილი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებზე მოდის;
6. წარმოებასა და დასაქმებაზე ზემოქმედება ხდება ე.წ. “გამოდევნის ეფექტის” გარეშე, ანუ სახელმწიფოს მონაწილეობა რეგიონულ დონეზე არ წარმოშობს საპროცენტო განაკვეთის გადიდებასა და კერძო ინვესტიციების გამოდევნის პროცესებს.
მიუხედავად დადებითი მხარეებისა, სამშენებლო ბაზრის სტიმულირების მოცემულ მეთოდს ბევრი უარყოფითი მხარე აქვს:
1. სახელმწიფო შეკვეთების ზემოქმედება დასაქმებაზე ღია ეკონომიკაში შესაძლოა არც ისე ძლიერი იყოს, რადგან “მულტიპლიკატორის ეფექტი” ეხება როგორც მოცემული ქვეყნის, ისე საზღვარგარეთის რეგიონებსაც;
2. სახელმწიფო სამშენებლო შეკვეთები ხშირად არის საბიუჯეტო სახსრების მოპარვის და გადახარჯვის საშუალება, კორუფციის წყარო და სამშენებლო ბაზრის მონოპოლიზების მიზეზი – “პრივილეგირებულ” სამშენებლო კომპანიებს საშუალება აქვთ, სხვაზე ადრე გაიგონ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ და ისარგებლონ სახელმწიფო ორგანოთა წარმომადგენლების მხარდაჭერით;
3. სახელმწიფო სამშენებლო შეკვეთები ხშირად დამოკიდებულია “პოლიტიკურ ციკლებზე”, რომლებიც სამშენებლო ბაზრის მკვეთრ მერყეობას იწვევენ;
4. თუ მარტო ერთი რეგიონის ბიუჯეტით ხდება ეკონომიკის სტიმულირება (აქტიური ფისკალური პოლიტიკის გატარება), მაშინ მოცემულ რეგიონში საქონელ-მომსახურებაზე გაზრდილი მოთხოვნა უბიძგებს სხვა რეგიონში არსებულ საწარმოო რესურსებს, გადმოადგილდნენ მოცემულ რეგიონში, ანუ ბიუჯეტის მეშვეობით რეგიონის წარმოებრივი პოტენციალი, შესაბამისად, წარმოებისა და შემოსავლების დონეც იზრდება ქვეყნის სხვა რეგიონების ხარჯზე, რაც დისპროპორციას კიდევ უფრო აძლიერებს. ქვეყნის რეგიონების განვითარების უთანასწორობაში იმალება საფრთხე, რომ ეს უთანაბრობა კუმულაციურად გაიზრდება: ტერიტორიები, სადაც თავმოყრილია დიდი ოდენობით შემოსავლები, ადამიანისეული რესურსები და სახელმწიფო დაწესებულებები, ხელმისაწვდომია ბაზრები და განვითარებულია ინფრასტრუქტურა, იზიდავს უფრო მეტი რაოდენობის ფულად და ადამიანისეულ კაპიტალს, რითაც ეს რეგიონები კიდევ უფრო მეტად ვითარდება. მეორე მხრივ, ჩამორჩენილი, განუვითარებელი რეგიონები თანდათან კარგავენ ამ რესურსებს და უფრო მეტად დეპრესიულები ხდებიან. შესაბამისად, სამშენებლო წარმოება სულ უფრო განვითარდება ეკონომიკურად აღმავალ ტერიტორიებზე და ტექნიკურ-ეკონომიკურად ჩამორჩება ღარიბ რეგიონებში.
5. თუმცა რეგიონული ბიუჯეტი არ წარმოშობს “გამოდევნის ეფექტს” ერთ რეგიონში, ამ პროცესის განზოგადება ქვეყნის რეგიონული პოლიტიკის თვალსაზრისით სხვა შედეგს იძლევა. საქართველოს ყველა ტერიტორიულმა ბიუჯეტმა რომ გაატაროს ერთნაირი აქტიური ფისკალური პოლიტიკა, მაშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება ფასების, ფულზე მოთხოვნის და საპროცენტო განაკვეთის გადიდება, რასაც ინვესტიციათა გამოდევნა მოჰყვება.
რეგიონის დონეზე მშენებლობის ხელშეწყობის ეფექტური მექანიზმია ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა.
სახელმწიფო საინვესტიციო პოლიტიკაში იგულისხმება მიზანმიმართული ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც ტარდება სახელმწიფო მეურნეობის ყველა სუბიექტისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად ინვესტიციური საქმიანობის გამოცოცხლების, ეკონომიკის აღმავლობის, წარმოების ეფექტიანობის ზრდის და სოციალური პრობლემების გადაჭრის მიზნით.
ყოველი კონკრეტული რეგიონისათვის მაღალი საინვესტიციო აქტივობა მშენებლობაზე შეკვეთების ოდენობის ზრდას ნიშნავს. მაგრამ საინვესტიციო პროცესის აქტივიზაციისათვის რეგიონის მთავრობამ უნდა უზრუნველყოს:
1. “არაპრივილეგირებული” რეჟიმი ყველა ინვესტორისათვის;
2. ბაზარზე მოქმედების თავისუფლება და მინიმალური ბიუროკრატია ყოველი მეწარმისათვის;
3. სათანადო კომუნალური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა;
4. მაქსიმალური საინფორმაციო გამჭვირვალობა რეგიონის სამშენებლო ბაზრის შესახებ.
ხელისუფლებას შეუძლია, ხელი შეუწყოს ოპტიმისტური საინვესტიციო მოლოდინების ჩამოყალიბებას აქტიური ინფრასტრუქტურული პოლიტიკისა და კაპიტალდაბანდებების მეშვეობით, რაც მეწარმეებს მთავრობის საქმიანობაზე დადებით წარმოდგენას უქმნის და პერსპექტივას განუმტკიცებს.
ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო სამშენებლო ბაზრის მდგრადობის ერთ-ერთი საიმედო გარანტია – იგი ჩამოყალიბებულ პირობებს შეადგენს, რომლებიც თავისუფალია ჩინოვნიკთა პოლიტიკური ნებისაგან და, ამდენად, მკვეთრ მერყეობას არ წარმოშობს.
როცა ვლაპარაკობთ მიწოდების სტიმულირების პოლიტიკაზე, ვგულისხმობთ ორ ძირითად შემადგენელს: კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა და ტექნიკური პროგრესის ხელშეწყობა. მომხმარებლისათვის ბრძოლის აუცილებლობა და ტექნიკური სიახლეები ზემოქმედებენ ხარჯების სტრუქტურასა და სამშენებლო პროდუქციის მიწოდებაზე, წარმოების მოცულობაზე, პროდუქციის ხარისხსა და ფასზე.
უცხოური კონკურენციისათვის ღია რეგიონული ბაზარი ტექნოლოგიური პროგრესის სტიმულირების ფუნქციასაც ასრულებს – ადგილობრივ ფირმებს საშუალება აქვთ, დაინახონ სამშენებლო წარმოებაში ტექნოლოგიური სიახლეები და მენეჯმენტის ახალი ფორმები. ბაზარზე გადარჩენის მიზნით ისინი იძულებულნი იქნებიან, დანერგონ როგორც არსებული სიახლეები, ისე იზრუნონ სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების დაფინანსებაზე.
გარდა უშუალოდ სამშენებლო ბაზრის კონკურენტულობის ზრდისა, მიწოდებაზე ზემოქმედება შეიძლება კონკურენციის გაძლიერებით რესურსების ბაზრებზე:
1. საშენ მასალათა ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის გაუქმება ბევრად გააიაფებს სამშენებლო წარმოების დანახარჯებს;
2. სასესხო კაპიტალის ბაზარზე კონკურენციის გამწვავება აიძულებს რეგიონში მოქმედ საკრედიტო დაწესებულებებს, შესთავაზონ მომხმარებლებს უფრო მსუბუქი საკრედიტო პირობები და სასესხო განაკვეთები, ასევე მიაწოდონ მათ მრავალფეროვანი საკრედიტო პროდუქტი (მოკლე და გრძელვადიანი სესხები, სხვადასხვა სახის დეპოზიტური პროგრამები, იპოთეკური დაკრედიტების პროგრამა და ა.შ.);
3. არქიტექტურული პროექტების ბაზარზე კონკურენციის გაძლიერება გამოიწვევს სამშენებლო პროდუქციის მომხმარებლისათვის ხარისხიანი და შედარებით იაფი პროდუქტების მიწოდებას.
ბაზრის მაღალკონკურენტულობის გარანტია ინფორმაციის გამჭვირვალობა: რეალურად სწორედ თავისუფლად მოძრავი ინფორმაცია არ აძლევს საშუალებას ცალკეულ ეკონომიკურ სუბიექტებს, ჩაიგდონ ხელში ბაზარი და ამუშაონ იგი თავის სასარგებლოდ.
საინფორმაციო გამჭვირვალობა ნაწილობრივ თვითონ მეწარმეების აქტივობის შედეგად მიიღწევა. კონკურენტული ბრძოლის დროს ისინი ცდილობენ, თვითონ გააცნონ თავი მომხმარებელს სარეკლამო კომპანიის მეშვეობით და გაიცნონ მომხმარებელი ბაზრის კვლევის შედეგად, ასევე ახლოს იყვნენ სამთავრობო წრეებთან სახელმწიფო შეკვეთების შესახებ ინფორმაციის დროულად მისაღებად. მაგრამ მეწარმეთა ამ აქტივობაში ბაზრის მონოპოლიზების საფრთხე იმალება. ფინანსურად ძლიერი კომპანია უფრო ძვირადღირებული სარეკლამო კომპანიის ხარჯზე მეტ მომხმარებელს მიიზიდავს, ბაზარზე შესვლის მაღალი ფინანსური ხარჯები კი კიდევ ერთ ბარიერს წარმოადგენს ახალი ფირმისათვის.
ზემოთ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე შეიძლება განვსაზღვროთ რეგიონული სამშენებლო ბაზრის სახელმწიფო რეგულირების ძირითადი პრინციპები:
1. რეგიონის მთავრობამ მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს სამშენებლო ბაზარზე ზემოქმედების ადმინისტრაციული მეთოდები;
2. სახელმწიფო შესყიდვები უნდა ეფუძნებოდეს გრძელვადიან წესებს და არა პოლიტიკურ ციკლებს და მიმართული უნდა იყოს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე;
3. ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბება თავისთავად გადაწყვეტს სამშენებლო ბაზრის მდგრადი განვითარების საკითხს;
4. აუცილებელია რეგიონის სამშენებლო ბაზრის ფუნქციობის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალური გამჭვირვალობის მიღწევა, რაც ღია, კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის გარანტიაა.