რით ვუშველოთ საქართველოში ეკონომიკურ კრიზისს

მათე მელია

საქართველო დღითიდღე ეკონომიკურ კრიზისში ეფლობა. ქვეყანამ ვერ შეძლო ეკონომიკური ბერკეტები ეკონომისტებისთვის მთლიანად ჩაებარებინა და თავისი ბედი, პოტენციალის მართვა ენდო მათთვის. უფრო მეტიც, ეკონომიკური ინტერესები მკვეთრად გაემიჯნა პოლიტიკურს. პოლიტიკაში სერიოზული ციებ-ცხელებაა ძალაუფლებისთვის. ყველა პარტია, ფრაქცია, ცალკეული ლიდერები ეძებენ თავიანთ ადგილს მომავალ თუ ახლანდელ პოლიტიკურ რუკაზე და ინტრიგებით არიან დაკავებულნი. ეკონომიკისთვის და ეკონომიკის საკითხებზე სადისკუსიოდ არავის სცალია. პროფესიონალები უმოწყალოდ იდევნებიან სახელმწიფო ეკონომიკის მმართველობის სფეროდან.

ამ ვითარებაში შეიქმნა “საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი”, რომელსაც სათავეში ჩაუდგა უნიჭიერესი ეკონომისტი და მეცნიერი, ვლადიმერ პაპავა. ბ-ნმა ვლადიმერმა ეკონომიკის მინისტრის სავარძლის შემდეგ სახელმწიფო კანცელარიაში გადაინაცვლა, სადაც ჩარჩოებში მოაქციეს ეს ბუმბერაზი მოაზროვნე, ხელებზე წკეპლის დარტყმაც მოუნდომეს უცხოეთში საკუთარი აზრის გამოთქმისთვის და… ის წავიდა.

ვლადიმერ პაპავა
ფერიცვალება თუ თავისუფლება თავისუფალ სულს
საქართველოს რეალურ ეკონომიკურ გარემოში საკმაოდ ბევრი მეცნიერ-ეკონომისტი მოღვაწეობს. მათ შორის არის გარკვეული სერიოზული ჯგუფი, რომელსაც დასავლეთის კოლეგების ტოლი აზროვნება და ცოდნა გააჩნიათ, მაგრამ ხელისუფლება და პოლიტიკური ისტებლიშმენტი ნაკლებად იყენებს. ახსნა აქ მარტივია – პოლიტიკა პოპულიზმი და ვიწრო პარტიული ინტერესია, რომლის დედააზრი ხელისუფლებაში მოსვლა ან მისი შენარჩუნებაა. ხოლო ეკონომიკა პრაგმატული, უფრო ზუსტი მეცნიერებაა. ეკონომისტები ამბობენ 2*;2=4, ხოლო პოლიტიკოსების პასუხია – “გააჩნია რა შემთხვევაში”. მით უმეტეს, საქართველოში არსებულ მეტამორფოზულ სიტუაციაში, როცა არ არის გარკვეული, ვინ ვინ არის პოლიტიკაში, სადაც ყველა პოლიტიკას (როგორც საქართველოში ფუფუნებით ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე იოლ გზას), არ სჭირდება განსაკუთრებული განსწავლულობა და პროფესიონალიზმი. ჩვენი პოლიტიკოსები ეძებენ, სექტორში ვექტორს, პოპულიზმი მძლავრობს და დემაგოგიის ბუმია. ხოლო ეკონომისტების ანალიზი და რეცეპტები ეხება მკაცრ არაპოპულარულ და რეალურ ნაბიჯებს.

აქედან გამომდინარე, ეკონომისტები ნაკლებად უყვართ ხელისუფლებაში და მათ ხშირად იქ სული ეხუთებათ. ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო ალბათ, როცა ვ. პაპავამ დატოვა მინისტრის პორტფელი, შემდგომ საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობა. მას არ აპატიეს რეალური, ქვეყნის სიყვარულით სავსე სტატია გაზეთ “ნეზავისიმაიაში”, არ აპატიეს, როცა სხვას პატიებენ ცილის წამებასაც კი. არადა ვლადიმერ პაპავას, ისევე როგორც ბევრ ეკონომისტს, სჯერა, რომ შეიძლება რეალური რეფორმების და სახელმწიფო აღმშენებლობითი საქმის კეთება საქართველოში. მაგრამ საჭირო პროფესიონალური გუნდი და ნიჭის პრიმატის აღიარება, ინგლისური ენის ცოდნა და პიონერული “მზად ვარ” ყოველი ბრძანების შესასრულებლად არ ნიშნავს ეკონომიკის ცოდნას და ამ დარგში აღმშენებლობით პროცესს, წარმოების უნარს, ხშირად – პირიქით.

ვლადიმერ პაპავა დღეს თავისუფალი აზროვნების ნიმუშს წარმოადგენს და მან 16.07.01 ახალ ამპლუაში სტრატეგიული კვლევითი ფონდის (რომლის ხელმძღვანელიც ამჟამად არის) წარმოადგინა ახალი ამოცანა კონფერენციაზე, რომლის თემა იყო ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზების საკიხები.

მიუხედავად ქვეყანაში ნიჰილისტური დამოკიდებულებისა ეკონომისტების მიმართ (სხვანაირად ამას ვერ დავარქმევთ), 16 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროში მაინც შეკრიბა ფონდმა ბ-ნ ვლადიმერ პაპავას ხელმძღვანელობით ეკონომიკური ელიტა პრობლემებზე სადისკუსიოდ. პროფესიონალები შეიკრიბნენ, რათა განესაზღვრათ მომავლის კონტურები და პრიორიტეტები. აზრი ერთიანი იყო: ქვეყანას აუცილებლად სჭირდება ეროვნული, სტრატეგიული, ეკონომიკური პოლიტიკა, შესრულების კონკრეტული მექანიზმებით და ეს უნდა შეიქმნას. დისკუსიაში მონაწილეობდნენ აკადემიის წევრ-კორესპონდენტები: ლეო ჩიქავა, პროფესორი ავთანდილ სილაგაძე, რევაზ კაკულია, ნუგზარ პაიჭაძე, იაკობ მესხია, თ. ჩიკვაიძე, ემზარ ჯგერენაია, ავთანდილ სულაბერიძე, თამაზ აქუბარდია, დავით ონოფრიშვილი, ქ-ნი ნანა ადეიშვილი, “სერმას” ხელმძღვანელი ბ-ნი ნიკო ორველაშვილი, ქეთი ხელაძე ანტიკორუფციული სამსახურიდან და სხვები.

ეს იყო ამ პერიოდში პირველი ცდა თავისუფალი ეკონომიკური აზრისთვის ფართო ასპარეზის მიცემისა. მართალია, შეუძლებელია არსებობდეს ადამიანი, რომელსაც პირდაპირ შეუძლია გამოუწეროს რეცეპტი საქართველოს სნეულ ეკონომიკას, მაგრამ ქვეყანას ჰყავს ეკონომისტ-მეცნიერთა პოტენციალი, რომელთაც პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, აქვს უნარი ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს.

ყველა მეცნიერ-ეკონომისტი ერთ დასკვნამდე მიდის – ცალკეული მიმართულების მიხედვით შექმნას ქვეყნის უსაფრთხოება, კრიზისიდან გამოსვლის ეკონომიკური პროგრამა და ის ერთიან სტრატეგიაში გააერთიანოს, სადაც ყველა მხარე თუ სექტორი მიზეზშედეგობრივ კავშირში იქნება განხილული. ყველა იქნება ერთი მთლიანი ნაწილი, დაექვემდებარება ერთიან სტრატეგიას, რომელიც აუცილებლად გაიყვანს ქვეყანას ფონს.

ფონდის საქმიანობა რეალური საქმეებით დაინტერესდა და მისი პროგრამა იძლევა იმედს, რომ, თუ პოლიტიკური ზეწოლები არ იქნება, ეკონომისტები გამოსავალს იპოვიან. რამდენად იქნება ჩვენი ხელისუფლება მზად ქართველი ექსპერტ-ეკონომისტების რეკომენდაციები გაიზიაროს, ეს სერიოზულად დასაფიქრებელია.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial