უცხოური ინვესტიციების გარანტიისა და შეზღუდვის სახელმწიფო სისტემა

ია ყოლბაია
აქართველოს ეკონომიკაში, უცხოური ინვესტიციების სტიმულირების თვალსაზრისით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს უცხოელ ინვესტორთათვის გარკვეული გარანტიების უზრუნველყოფა, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს უცხოელი ინვესტორების უფლებებისა და ინტერესების დაცვას.. აღნიშნული გარანტიები, როგორც წესი, ასახულია რეციპიენტი ქვეყნის ნორმატიულ აქტებში.
პრაქტიკაში განასხვავებენ სახელმწიფო გარანტიების შემდეგ ფორმებს:
უცხოელ ინვესტორთათვის არადისკრიმინაციული, როგორც წესი, ეროვნული რეჟიმის უზრუნველყოფა;
უცხოელ ინვესტორთა დაცვა შესაძლო ექსპროპრიაციისა და ნაციონალიზაციისაგან;
მოგებისა და სხვა შემოსავლების შეუფერხებელი გადაგზავნის შესაძლებლობა საზღვარგარეთ;
უცხოელი ინვესტორისათვის გარანტიების უზრუნველყოფა, მოქმედი კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს უცხოელ ინვესტორს;
საინვესტიციო პროექტში უცხოელი ინვესტორის მონაწილეობის შემთხვევაში, დავის განხილვის წესის განსაზღვრა.
ეროვნული რეჟიმის მოქმედება გულისხმობს უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორებისათვის მოქმედების თანაბარი პირობების უზრუნველყოფას. იგი წარმოადგენს ინვესტიციების რეგულირების საფუძველს მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში.
საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა1 (მაგალითად, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ან არჩევნების შემთხვევაში).
საგულისხმოა, რომ საქართველოში პირველი კანონი, უცხოური ინვესტიციების შესახებ, მიღებულ იქნა 1991 წლის 25 ივლისს.2 აღსანიშნავია, რომ ამ კანონმა ვერ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში, რაც ძირითადად ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და მძიმე კრიმინოგენულმა მდგომარეობამ განაპირობა. საქართველოს ეროვნული ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, მეტად მნიშვნელოვანი იყო 1995 წლის 30 ივნისის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი “უცხოური ინვესტიციების შესახებ”.3 აღნიშნულმა კანონმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სახელმწიფო ფინანსური რესურსების ზრდას.
ზემოაღნიშნული კანონის მიზანი იყო მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონთან და სხვა კანონებთან ერთად შეექმნა უცხოური კაპიტალის მოზიდვის, დაბანდებისა და კაპიტალბრუნვისათვის ხელსაყრელი პირობები.
საქართველოში უცხოურ ინვესტიციათა განხორციელება რეგულირდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებების განსაზღვრული წესით, ხოლო მათ შორის წინააღმდეგობის წარმოქმნის შემთხვევაში გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული დებულებები.
1995 წლის 30 ივნისის კანონმა თავისი დანიშნულება შეასრულა. მან ხელი შეუწყო უცხოეთიდან საქართველოში ინვესტიციების შემოდინებას. 1996 წლის 12 ნოემბერს მიღებულ იქნა კანონი საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ, რომელიც დღემდე ძალაშია და მან ყველა წინა, მასთან წინააღმდეგობაში მყოფი კანონი და კანონქვემდებარე აქტი ძალადაკრგულად ჩათვალა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ამ კანონის პროგრესულობა მანამდე მოქმედ კანონთან შედარებით, კერძოდ, უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორები ერთნაირ პირობებში ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას. დღესდღეობით, მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში მოქმედი საინვესტიციო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შეღავათებს უცხოელი ინვესტორების მიმართ. მათი დაინტერესების უფრო ეფექტიან გზას წარმოადგენს არა შეღავათების დაწესება, არამედ ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა.
უცხოელი ინვესტორების სახელმწიფო გარანტიის სისტემის ცენტრალურ კომპონენტად შეიძლება ჩაითვალოს მათი დაცვა ქონების შესაძლო ექსპროპრიაციისა და ნაციონალიზაციისაგან. აღნიშნული ნორმა, როგორც წესი, ასახულია ეროვნულ კონსტიტუციებში ან უცხოური ინვესტიციების შესახებ სპეციალურ საკანონმდებლო აქტებში.
საგულისხმოა, რომ აშშ-ს კონსტიტუციის მე-5 შესწორების თანახმად, რომელიც 1791 წლის დეკემბერშია რატიფიცირებული, დაშვებულია კერძო საკუთრების ჩამორთმევა სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების მესაკუთრის თანხმობის გარეშე. ე.ი. აღიარებულია ექსპროპრიაციის უფლება. ამასთან, ამ თვალსაზრისით, ფედერალური ხელისუფლებების უფლებები ერთობ შეზღუდულია. კერძო საკუთრების ჩამორთმევა სახელმწიფოებრივი სარგებლობისათვის დაუშვებელია სათანადო კომპენსაციის გარეშე.4 ამასთან, აღსანიშნავია, რომ აშშ-ს კანონმდებლობა ზედმიწევნით განსაზღვრავს ქონების ჩამორთმევის პროცედურას.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.5 აღნიშნული საკონსტიტუციო ნორმა ვრცელდება როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.
ცალკეულ ქვეყნებში უცხოელ ინვესტორთა უფლებების მკაცრი დაცვა, პოლიტიკურ ზომებთან შედარებით, შეიძლება მივიჩნიოთ უსაფრთხოების უფრო მეტ გარანტად. უცხოელ ინვესტორს შეუძლია, თავისი უფლებები დაიცვას მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. ზემოაღნიშნული გარანტიების გარდა, შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს:
კრედიტორების უფლებების დაცვა. კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ფირმის რეორგანიზაცია, თუ ფირმა არ იხდის პროცენტს კრედიტზე ან არ ასრულებს სხვა ნაკისრ ვალდებულებებს;
აქციონერთა უფლებების დაცვა კომპანიის საქმიანობის ძირითად საკითხებზე კენჭისყრის დროს, აგრეთვე, დირექტორთა საბჭოს წევრების არჩევისას;
ყველა ინვესტორის უფლების დაცვა კომპანიის საქმიანობის შედეგების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მოთხოვნისას. ამგვარი კანონზომიერება განპირობებულია იმით, რომ, მაგალითად, თუ კრედიტორი არ ფლობს ინფორმაციას ბუღალტრული აღრიცხვის თაობაზე, იგი ვერ გაიგებს დარღვეულია თუ არა მისი უფლებები.
სხვადსხვა ქვეყანაში ინვესტორთა სამართლებრივი დაცვის ფორმები განსხვავდებიან მოქმედი სამართლებრივი სისტემის შესაბამისად. ერთნაირი სამართლის მქონე ქვეყნებში (დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, ავსტრია, ახალი ზელანდია, აფრიკის ბევრი სახელმწიფო, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია) ინვესტორების უფლებები დაცულია შედარებით მკაცრად, ვიდრე საფრანგეთში, ესპანეთში და მათ ყოფილ კოლონიებში, რომლებიც სამოქალაქო სამართლის ფრანგულ სისტემაში ერთიანდებიან. შუალედური მდგომარეობა უკავია ორ განსხვავებულ ჯგუფს – სამოქალაქო სამართლის გერმანულ სისტემას (გერმანია, ქვეყნები რომლებიც შედიან რომანულ-გერმანულ ენობრივ ჯგუფში, აღმოსავლეთ აზიის ცალკეული ქვეყნები) და სკანდინავიური სამოქალაქო სამართლის სისტემას. ამასთან, არსებობს განსხვავება ამ სისტემებს შორისაც, კერძოდ, გერმანულ ჯგუფში კრედიტორთა უფლებები, აქციონერთა უფლებებთან შედარებით, უფრო მკაცრადაა დაცული.6
უცხოელ ინვესტორთათვის გარანტიების უზრუველყოფის კიდევ ერთ ფორმას წარმოადგენს მოგებისა და სხვა შემოსავლების საზღვარგარეთ შეუფერხებელი გადაგზავნა. თუმცა საგანგებო სიტუაციებში (მაგალითად, საგადამხდელო ბალანსის ქრონიკული დეფიციტი) განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შეუძლიათ დროებით შეზღუდონ უცხოელთა შემოსავლების გადაგზავნა დონორ ქვეყნებში. ამგვარი სიტუაცია, როგორც წესი, რეგულირდება უცხოური ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შესახებ ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე. “საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ” საქრთველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, უცხოელ ინვესტორს, გადასახადებისა და სავალდებულო მოსაკრებლების გადახდის შემდეგ, აქვს ინვესტიციებიდან მიღებული მოგებისა (შემოსავლის) და სხვა ფულადი სახსრების საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საბაზრო კურსით კონვერსიისა და საზღვარგარეთ შეუზღუდავი რეპატრიაციის უფლება.
აღსანიშნავია აგრეთვე, საზღვარგარეთელი ინვესტორების სახელმწიფო გარანტიების ისეთი ფორმა, როგორიცაა დავის განხილვის წესის განსაზღვრა. დავის წარმოქმნის შემთხვევაში, როგორც წესი, მხარეები მიმართავენ მოლაპარაკებებს. მათი უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში ისინი მიმართავენ რეციპიენტი ქვეყნის საარბიტრაჟო სასამართლოს. შესაძლებელია აგრეთვე, დამოუკიდებელ საერთაშორისო სასამართლო ორგანოებში მიმართვა. არსებობს საინვესტიციო დავების განხილვის კიდევ ერთი შესაძლებლობა – ინვესტიციური დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში მიმართვა, რომელიც ფუნქციონირებს 1965 წელს ვაშინგტონში ხელმოწერილი კონვენციის ფარგლებში. ცენტრი შედის მსოფლიო ბანკის ჯგუფში. მისი ნორმები ვრცელდება მოდავე მხარეებზე იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარე მაინც წარმოადგენს კონვენციას მიერთებულ ქვეყანას.
უცხოელ ინვესტორსა და საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს შორის წამოჭრილი დავა (თუ მისი გადაწყვეტის წესი განსაზღვრული არ არის მათი შეთანხმებით) გადაწყვეტილი იქნება საქართველოს სასამართლოში ან საინვესტიციო დავის საერთაშორისო ცენტრში (International Center for the Resolution of Investment Disputes). თუ დავა არ იქნება განხილული ამ უკანასკნელში, მაშინ უცხოელ ინვესტორს უფლება აქვს, დავის გადასაჭრელად მიმართოს ცენტრის დამატებით ინსტიტუტს ან ნებისმიერ საარბიტრაჟო ორგანოს, რომელიც დაარსებულია გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის მიერ (United Nations Commission for International Trade Law – Uncitral) საარბიტრაჟო და საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წესების შესაბამისად, ხოლო აღნიშნული საარბიტრაჟო ორგანოების გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
უცხოელ ინვესტორთა გარანტიების თვალსაზრისით, საგულისხმოა 1995 წლის 30 ივნისის “საქართველოს კანონი უცხოური ინვესტიციების შესახებ”. კერძოდ, უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოებს, რომლებმაც ლიცენზია მიიღეს, 5 წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ ამ კანონში აღნიშნული შეღავათები, ხოლო ახალი საკანონმდებლო აქტი, რომელიც შემდგომში აუარესებს ამ კანონით დადგენილი ინვესტიციის პირობებს, არ გავრცელდება უკვე განხორციელებულ ინვესტიციებზე ამ კანონის ძალაში შესვლიდან 10 წლის განმავლობაში. ადრე არსებულ კანონში ამ შემთხვევაში შეღავათების შენარჩუნება მხოლოდ 5 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. ახალი კანონის მე-7 მუხლის თანახმად, “ინვესტიცია მთლიანად და უპირობოდ არის დაცული საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით”, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ უცხოელი ინვესტორი დარწმუნებული იყოს მის მიერ განხორციელებული ინვესტიციის ხელშეუხებლობაში, მით უმეტეს, რომ ამ მხრივ გარკვეული უარყოფითი გამოცდილება უკვე დაგროვდა. დღის წესრიგში დადგა ინვესტიციებში მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა იურიდიული დაფიქსირების აუცილებლობა, რამაც სათავე დაუდო ორმხრივი, რეგიონული და მრავალმხრივი შეთანხმებების გაფორმებას.
1940 წლამდე ადგილი ჰქონდა მრავალმხრივი შეთანხმებების შექმნის მცდელობას “ჰავანის ქარტიის” ფარგლებში, მაგრამ, როგორც გამოირკვა, მაშინდელი მსოფლიო ჯერ არ იყო მზად კონსესუსისათვის აღიშნულ საკითხში და მან ფიასკო განიცადა.
პირველი მნიშველოვანი მრავალმხრივი შეთანხმება, რომელიც ინვესტიციების საკითხს არეგულირებს, ეს არის ვაშინგტონის კონვენცია, რომელიც ხელმოწერილ იქნა 1965 წელს და ძალაში შევიდა 1966 წლის 14 ოქტომბერს. დღესდღეობით, ინვესტიციასთა დაკავშირებით, ყველაზე მნიშვნელოვან მრავალმხრივ შეთანხმებას წარმოადგენს სეულის 1985 წლის კონვენცია (ძალაში შევიდა 1988 წლის 12 აპრილს). ამ კონვენციის მიხედვით, სახელმწიფო და კერძო დაზღვევის სისტემას ემატება უცხოური ინვესტიციების დაზღვევის საერთაშორისო მრავალმხრივი სისტემა. ამ კონვენციის საფუძველზე შეიქმნა ინვესტიციების გარანტიის მრავალმხრივი სააგენტო MIGA (Multibaterai Investment Guavantee Alency), რომლის დანიშნულებაა იმ ქვეყნების კომერციული რისკების დაზღვევა და დაზღვევის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმება, რომლებიც არიან კონვენციის მონაწილეები. სააგენტომ შესაძლებელია მიიღოს დამატებითი ასიგნებები თავისი საქმიანობის გასაფორმებლად, კონვენციის წევრ განვითარებად ქვეყნებში ინვესტიციების მოსაზიდად.
სეულის კონვენციაში 100-ზე მეტი ქვეყანაა გაერთიანებული. საქართველო ამ კონვენციას 1992 წლის 20 თებერვლიდან შეუერთდა.
ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობა შეიძინა ინვესტიციების საკითხების მარეგულირებელმა რეგიონულმა საერთაშორისო შეთანხმებებმა. ამ პროცესს საფუძველი დაედო მაშინ, როცა ქვეყნების გარკვეულმა ჯგუფმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფარგლებში წამოიწყო ინვესტიციების შესახებ კანონის ერთობლივი ლიბერალიზაცია. ეს პროცესი განსაკუთრებით გაძლიერდა 1958 წლიდან, ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის შექმნის შემდეგ და დღეისათვის არნახულ მასშტაბს მიაღწია.
მრავალმხრივ საინვესტიციო შეთანხმებებთან ერთად ქვეყნები აფორმებენ ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებებს, ე.წ. BIT-L (Bilateval Investment treaty), რომელიც გაფორმების ძირითადი მიზანია მასში მონაწილე ქვეყნების ინვესტიციების დაზღვევა. BIთ-ი მიჩნეულია ქვეყნის საინვესტიციო გარემოს განსაზღვრელ ფაქტორად და ამიტომ მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება. დღემდე გაფორმებული ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმებების უმეტესი ნაწილი შემდეგ მოდელებს ეფუძვნება: 1. ORCD-ს მოდელი, რომელიც განვითარებულ ქვეყნებს შორის ხელშეკრულებების გაფორმებისას გამოიყენება და 2. UN-ს მოდელი, რომელიც განვითარებადი ქვეყნების პრაქტიკაში არის დანერგილი.
გაეროს ტრანსანციონალური კორპორაციების ცენტრის მონაცემებით, 1988 წლისათვის 265 ასეთი ხელშეკრულება იყო დადებული, სულ რამდენიმე წელიწადში კი მათმა რიცხვმა 1160 გადააჭარბა. ამასთან, 1160 ორმხრივი შეთანხმებიდან, 800-ზე მეტმა დააკავშირა განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ინვესტიციების მოზიდვის ამ მექანიზმით განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნები არიან დაინტერესებულნი.7
უცხოური ინვესტირების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სუბიექტს წარმოადგენენ ფიზიკური პირები, რომლებიც ინვესტირების პროცესში სხვადასხვა ფორმით შეიძლება იყვნენ ჩართულნი. მაგალითად, მათ შეუძლიათ განათავსონ ფულადი სახსრები შემნახველ ანგარიშებზე, შეიძინონ ობლიგაციები და აქციები, სადაზღვევო პოლისები, სხვადასხვა სახის ქონება.8
საერთაშორისო კერძო სამართლის დოქტრინაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ე.წ ფიზიკური პირის “პირად კანონს” (Lex personalis), რომლის მიხედვითაც წყდება უცხოელი ფიზიკური პირების სამოქალაქო-სამართლებრივ სტატუსთან, მისი უფლებაუნარიანობასა და ქმედითუნარიანობასთან, პირად უფლებებთან, საკუთრების შეძენასთან, ინვესტირებასთან და ა.შ. დაკავშირებული საკითხები. ფიზიკური პირის “პირადი კანონის” განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ორი პრინციპი: ა) მოქალაქეობის კანონი (Lex nationalis) და ბ) საცხოვრებელი ადგილის კნონი (Lex domicilii). იმ შემთხვევაში, როცა პირადი კანონის როლში გამოდის მოქალაქეობის კანონი, ეს საკითხები განიხილება იმ ქვეყნის სასამართლოთი, რომლის მოქალაქეც არის ფიზიკური პირი, ხოლო საცხოვრებელი ადგილის კანონის გამოყენებისას მხედველობაში მიიღება იმ ქვეყნის სამართალი, სადაც პირი მუდმივად ან უპირატესად ცხოვრობს.9
აღნიშნულ პრინციპებს განსხვავებულად იყენებენ სხვადასხვა სამართლებრივი სისტემის მქონე ქვეყნებში. მაგალითად, საერთო სამართლის სისტემის ქვეყნებისგან განსხვავებით, კონტინენტური სამართლის სისტემის ქვეყანათა უმრავლესობა (საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, იტალია, რუსეთი და სხვ.) უპირატესობას მოქალაქეობის კანონს ანიჭებს.
უცხოელი ფიზიკური პირის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრას უდიდესი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. უცხოელი ინვესტორი, აპირებს რა განახორციელოს კაპიტალდაბანდებები ამა თუ იმ ქვეყანაში, ცდილობს, უწინარეს ყოვლისა, შეისწავლოს, თუ რა შეზღუდვები და გარანტიები გააჩნია მას რეციპიენტი ქვეყნის კანონმდებლობით.
ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის შეზღუდვები, რომლებიც შესაბამისი ნორმატიული აქტებითაა განსაზღვრული და არეგულირებენ უცხოელ ინვესტორთა მოქმედების სფეროს. ამ თვალსაზრისით, “უცხოელთა სამართლის ცნებაში”10 უნდა ვიგულისხმოთ ნორმათა ერთობლიობა, რომლებიც ზღუდავს უცხოელთა უფლებებს. შეზღუდვები ძირითადად ეხება გადაადგილებას, განსაზღვრული საქმიანობის უფლებას, უძრავი ქონების შეძენის უფლებას და ა.შ. უცხოურ ინვესტიციებთან მიმართებაში შემზღუდველი ზომების კლასიფიკაცია შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ:
ადგილობრივი საწარმოების საწესდებო კაპიტალში უცხოურ საკუთრებაზე პროცენტული შეზღუდვების დაწესება;
პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე სალიცენზიო წესის მოქმედება;
კაპიტალისა და მოგების საზღვარგარეთ გადაგზავნის შეზღუდვა;
წარმოების მოცულობის შეზღუდვა;
ტექნოლოგიების გადაცემისას განსაზღვრული მოთხოვნების დაწესება;
წარმოებული პროდუქციის გარკვეული ნაწილის ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვაზე მოთხოვნები;
მოთხოვნები ვაჭრობის ბალანსირებულობაზე;
საქონლის ექსპორტის გაფართოებაზე მოთხოვნები;
საქონლის იმპროტის ჩანაცვლებაზე მოთხონები.
საგულისხმოა, რომ ზოგიერთი სახის უძრავ ნივთზე უცხოელთა მიერ საკუთრების უფლების შეძენას ზღუდავს ქართული სამართალიც. მაგალითად, საქართველოს 1996 წლის 22 მარტის კანონის – “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” – მე-5 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა საკუთრებაში გადაეცემა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მიეცემა მხოლოდ იჯარით.11
უცხოური ინვესტიციების შეზღუდვის თვალსაზრისით, საგულისხმო იყო “უცხოური ინვესტიციების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული აკრძალვები და შეზღუდვები, რომელმაც შემდგომში
საფუძველი დაუდო “საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის ჩამოყალიბებას (კანონში ცვლილებები შევიდა “საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, 1998 წლის 26 ივნისის კანონის შესაბამისად). ამჟამად, საქართველოს კანონმდებლობით, ქვეყნის ტერიტორიაზე აკრძალულია შემდეგი სახის ინვესტირება: ბირთვული, ბაქტერიოლოგიური და ქიმიური იარაღის გამოცდის პოლიგონების ჩამარხვა-გაუვნებლობის მიზნით; ადამიანის კლონირებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებისათვის; ნარკოტიკული საშუალებების წარმოებისათვის; დამაძინებელი ყაყაჩოს, კოკას ბუჩქისა და კანაფის მცენარის კულტივირებისათვის; საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აკრძალულ საქმიანობისათვის.
ამრიგად, ზემოაღწერილი საერთაშორისო გამოცდილებისა და საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ანალიზის საფუძველზე, უცხოური ინვესტიციების სახელმწიფო გარანტიებისა და შეზღუდვების სისტემა შეიძლება განვიხილოთ, ერთის მხრივ, როგორც ინვესტირების სტიმულირების, ხოლო, მეორეს მხრივ, როგორც ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების მყარი გარანტიების ჩამომყალიბებელი მექანიზმი. ამავე დროს, ობიექტურად უნდა აღინიშნოს, რომ, მიუხედავად საერთაშორისო მოთხოვნების დონეზე დამუშავებული კანონმდებლობისა, საქართველოში უცხოური ინვესტიციების საჭირო ოდენობით მოზიდვა მაინც ვერ ხერხდება. ეს პრობლემა, უწინარეს ყოვლისა, დაკავშირებულია ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის ფორმირებასთან, რომელიც, ჩვენი აზრით, განსაკუთრებულ გაანალიზებას საჭიროებს.