მოგება და მისი მნიშვნელობა საწარმოთა საფინანსო საქმიანობაში

ირინა მამალაძე, თსუ “ფინანსები, საბანკო და სადაზღვევო საქმის პროგრამის ასისტენტ-პროფესორი
მოგების მიღების აუცილებელი პირობაა წარმოების განვითარების განსაზღვრული დონე, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის რეალიზაციიდან ამონაგების გადამეტებას საწარმოო დანახარჯებზე.
მოგების ეკონომიკური არსი გვევლინება ერთ-ერთ რთულ და სადისკუსიო პრობლემად თანამედროვე ეკონომიკურ თეორიაში. ეკონომიკური თვალსაზრისით, მოგება არის სხვაობა ფულად შემოსავლებსა და ფულად ხარჯებს შორის. სამეურნეო თვალსაზრისით მოგება არის სხვაობა ორგანიზაციის ქონებრივ მდგომარეობას შორის საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისში და ბოლოს.
საბაზრო მეურნეობაში სამეურნეო საქმიანობის შედეგების ძირითად კრიტერიუმად მიღებულია მოგების მაჩვენებელი, რომელიც განისაზღვრება როგორც ორგანიზაციის შემოსავლების გადამეტება მის ხარჯებზე. მოგება გვევლინება მიმდინარე და გრძელვადიანი განვითარების შინაგან წყაროდ, ის არის საწარმოს საბაზრო ღირებულებების მზარდი წყარო, მისი კრედიტუნარიანობის ინდიკატორი, საწარმოს კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელი, სტაბილური და მყარი მოგების დონის პირობებში, სახელმწიფოს წინაშე საწარმოს თავისი ვალდებულებების შესრულების გარანტი, საზოგადოების სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების წყარო.
ეკონომიკურ მოძღვრებათა სისტემაში მოგების თეორია ეკონომისტების მიერ დახასიათებულია, როგორც ერთ-ერთი რთული მოვლენა. ეს სირთულე განისაზღვრება არსებითი მხარეების მრავალსახეობით, რომელსაც ასახავს მოგების კატეგორია, აგრეთვე გამჟღავნებულია იმ მრავალსახეობაში, რომელშიც ისინი გამოდიან.
ეკონომიკური თეორიის განვითარების შესაბამისად, “მოგების” ცნება მუდმივად იცვლებოდა და რთულდებოდა. მოგება გვევლინება სასაქონლო წარმოების ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ კატეგორიად, რომელიც ასახავს რთული ეკონომიკური ურთიერთობების ერთობლიობას. პირველი ცდები ახსნილიყო “მოგების ეკონომიკური შინაარსის ცნება დაკავშირებულია ჯერ კიდევ XVI-XVIII საუკუნეებთან. მაგალითად, ინგლისელი ტომას მანი (“მსჯელობანი ინგლისის მიერ ოსტ-ინდოეთთან ვაჭრობის შესახებ”1621), “ინგლისის სიმდიდრე საგარეო ვაჭრობაში ანუ საგარეო ვაჭრობის ბალანსი როგორც ჩვენი სიმდიდრის რეგულატორი” (1630) და საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ჟან ბატისტ კოლბერი ამტკიცებდნენ, რომ მოგების ჩამოყალიბება დაკავშირებულია საგარეო-ვაჭრობასთან – რამდენადაც საქონელი უცხოეთში იყიდება შედარებით მაღალ ფასებში, ვიდრე ქვეყნის შიგნით. პოლიტეკონომიის კლასიკური სკოლის წარმომადგენლები ა.სმიტი და დ. რიკარდო მოგების წყაროს ხედავდნენ წარმოებაში. ისინი თვლიდნენ, რომ შექმნილი პროდუქციის ფულზე გაცვლის დროს გარდა ყველა ხარჯის ანაზღაურებისა, აღმოცენდება კიდევ “რაღაც”, რაც გვევლინება მეწარმის რისკის კომპენსაციად, ე.ი. მოგებად. მოგების ოდენობა ამ დროს განისაზღვრება მხოლოდ კაპიტალის ოდენობით და არ არის დაკავშირებული ხელფასთან.1
თავის მხრივ, “წარმოების თეორიის” კონცეფციის რამდენიმე სახესხვაობა არსებობს. მაგალითად, კაპიტალის მწარმოებლურობის თეორია (დ. კლარკი. “სიმდიდრის ფილოსოფია” (1886), “სიმდიდრის განაწილება (1889), “ხელფასის კანონის მეცნიერულად აგების შესაძლებლობა” (1899), “მონოპოლიის პრობლემა” (1901), “ეკონომიკური თეორიიის საფუძვლები” (1901) მოგებას განიხილავენ როგორც მეწარმის შრომით შემოსავალს. მოგების ამგვარი ცნება წამოაყენეს ჯერ კიდევ XIX საუკუნეში, რომელიც შემდგომში განვითარებულ იქნა გერმანელი მეცნიერის ვ. როშერის მიერ (“პოლიტეკონომიის ნარკვევი ისტორიული მეთოდის თვალთახედვით”), რომელიც მოგებას განსაზღვრავდა, როგორც მეწარმის ხელფასს, კ. მარქსის შრომითი ღირებულების თეორიის შესაბამისად მოგების წყაროდ გვევლინება ეკონომიკის მწარმოებლური სფეროს მუშაკთა შრომა, რომელიც ქმნის ზედმეტ პროდუქტს – ზედმეტ ღირებულებას, ხოლო მოგება შესაბამისად გვევლინება ზედმეტი ღირებულების გარდაქმნილ ფორმად.2 კ. მარქსი გვიჩვენებს, რომ ინდივიდუალური კაპიტალის სხვადასხვა ორგანული შემადგენლობის შედეგად, დარგთაშორისი კონკურენციისას ხორციელდება დარგებს შორის კაპიტალის გადადინების პროცესი, რომელიც მთავრდება მოგების საშუალო ნორმის, საშუალო მოგების და წარმოების ფასის ჩამოყალიბებით, რის შედეგადაც თითოეული მიიღებს მოგებას, რომელიც პროპორციულია საქონლის წარმოებაზე კაპიტალის დანახარჯებისა.
სავაჭრო მოგების ჩამოყალიბების ახსნისას, კ. მარქსმა გვიჩვენა, რომ სავაჭრო კაპიტალი, აგრეთვე გვევლინება სამრეწველო კაპიტალის განკერძოებულ ნაწილად და სავაჭრო მოგების წყაროდ გვევლინება მუშების მიერ შექმნილი იგივე ზედმეტი ღირებულება; მის ნაწილს მრეწველი უთმობს მოვაჭრეს. მოგებაზე ამგვარივე თვალსაზრისი ბატონობდა საბჭოთა ეკონომიკურ ლიტერატურაში.
ეკონომიკურ მეცნიერებაში მოგების შინაარსის არათანმიმდევრულმა გაგებამ მიგვიყვანა სხვადასხვა შეხედულებების ჩამოყალიბებასთან იმასთან მიმართებაში თუ რა უნდა ჩათვლილიყო მეწარმის მოგებად. კაპიტალის მწარმოებლურობის თეორიის შესაბამისად სამეწამეო მოგება – ეს არის იმის ანაზღაურება, რაც აწარმოებს კაპიტალს. სხვა თეორიების მიხედვით – ხელფასი წარმოების ორგანიზაციაზე და მის მართვაზე (ა. მარშალი. “მრეწველობის ეკონომიკა” (1899), “ეკონომიკური მეცნიერების პრინციპები” (1890). და სხვა); ინიციატივაზე საზღაური და ა.შ. ამ საკითხზე თანამედროვე თვალსაზრისი იმაში მდგომარეობს, რომ კაპიტალის მფლობელთა შემოსავლები გამოდის ორი ფორმით: კაპიტალზე პროცენტის და მეწარმის მოგებით. ეკონომიკურ ლიტერატურაში კაპიტალზე პროცენტში იგულისხმევა წმინდა შემოსავლის წილი, რომელსაც ღებულობენ ის პირები, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ წარმოებაში, მაგრამ წარმოადგენენ მის მეწარმეებს, ანდა წვრილ შეძლებულ მწარმოებლებს.
სამეწარმეო მოგება რჩება იმ პირებს, რომლებიც ფლობენ საწარმოებს, ე.ი. ორგანიზაციას უკეთებენ წარმოებას და მართავენ მას.
დასავლეთის მრავალი ეკონომისტი მოგებას განიხილავენ, როგორც “გლობალურ ფინანსურ შედეგს”, რამდენადაც, მათი აზრით, ერთობლივი მოგების, რენტაბელობის, წმინდა მოგების მაჩვენებლების ტრადიციული გაგება არ იძლევა საწარმოთა საქმიანობის ყოვლისმომცველი შეფასების შესაძლებლობას. მოცემული მაჩვენებლები ახასიათებენ მხოლოდ შედეგიანობის ცალკეულ მხარეებს, ანდა მათი გამოთვლის სტადიებს (ერთობლივი, წმინდა მოგება). ავტორები, რომლებმაც შეიმუშავეს გლობალური მოგების ზოგადი კონცეფცია, იყვნენ: ა.სმიტი, ჟან-ბატისტ სეი, ჯონ ხიკსი და სხვა. ა. სმიტი იყო პირველი, რომელმაც მოგება დაახასიათა, როგორც “თანხა, რომელიც შეიძლება დახარჯულ იქნას კაპიტალზე შეხების გარეშე”. გლობალური ფინანსური შედეგი განისაზღვრება როგორც ქონების ღირებულების ზრდა ან შემცირება მუდმივი კაპიტალის მიწოდების დროს პერიოდის დასაწყისში და ბოლოს, რომ კრედიტორული დავალიანება დაფარულ იქნება პერიოდის დასაწყისში და ბოლოს, ინგლისელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ჯონ ხიკსი, აზუსტებს ამ განსაზღვრებას და აღნიშნავს, რომ მოგება ეს ის თანხაა, რომელიც ადამიანს შეუძლია დახარჯოს დროის რამდენიმე მონაკეთში და ამ პერიოდის დასასრულისათვის მას შეიძლება ჰქონდეს იგივე დანაზოგი, როგორც დასაწყისში.3
ფრანგი ეკონომისტი ჟან-ბატისტ სეი თვლიდა, რომ მოგების ძირითადი თანხა შეიძლება განსაზღვრულ იქნას მხოლოდ საწყისი ბალანსიდან, სალიკვიდაციო ბალანსამდე. შემდგომი მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, აღრიცხვაში გლობალური მოგების ორი საბაზო პოზიციის განცალკევების აუციებლობის შესახებ: რეალიზაციიდან და ქონებაზე ფასების ცვლილებებიდან და მისი შეფასებიდან.
თანამედროვე პირობებში მოგების შინაარსის გამოკვლევა ბოლომდე დასრულებული არ არის და ხორციელდება ორ დონეზე: მიკროეკონომიკურ (საწარმოს დონეზე მოგების ფორმირების ანალიზი) და მაკროეკონომიკურ (მთლიანად მთელი ეკონომიკის დონეზე, ქვეყნის შემოსავლებში მოგების როლის ანალიზი). ამგვარად, მოგება, ერთი მხრივ, თავისი არსით არის ეკონომიკური კატეგორია, სამეცნიერო აბსტრაქცია, რომლებიც ასახავენ განსაზღვრულ სამეწარმეო ეკონომიკურ ურიერთობებს, მეორე მხრივ, ეს არის ერთობლივი ეროვნული პროდუქტის ღირებულების, ღირებულების და ზედმეტი ღირებულების (ზედმეტი პროდუქტის) ნაწილი. რეალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში მოგებამ შეიძლება მიიღოს, ფულადი სახსრების, მატერიალური ფასეულობების, ფონდების, რესურსების და სარგებლის ფორმა. თანამედროვე ეკონომიკურ ლიტერატურაში მიმდინარე პერიოდში გამოიყენება მოგების რამდენიმე ცნება: ეკონომიკური (წმინდა), ბუღალტრული, ერთობლივი, სამეწარმეო, ნორმალური, გადასახადით დასაბეგრი და ა.შ.
ეკონომიკური ანუ წმინდა მოგება ეს არის ის, რაც რჩება ხარჯების გამოქვითვის შემდეგ, რომელიც მოიცავს ფირმის საერთო შემოსავლებიდან ნორმალურ მოგებას და დროებით დანახარჯებს.
ნორმალური მოგება ეს არის “მინიმალური შემოსავალი და საზღაური, რომელიც აუცილებელია რომელიმე განსაზღვრული სფეროში წარმოების შესანარჩუნებლად”.4
თანამედროვე პირობებში ბუღალტრულ აღრიცხვაში გვაქვს მოგების შემდეგი განმარტება: პირველი, საბუღალტრო მოგება ან ზარალი, როგორც საბოლოო ფინანსური შედეგი, რომელიც გამოვლინდა საანგარიშგებო პერიოდში ორგანიზაციის ყველა სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვის საფუძველზე და ბუღალტრული ბალანსის მუხლების შეფასებით ბუღალტრული აღრიცხვის წესების შესაბამისად; მეორე, ერთობლივი მოგება განისაზღვრება, როგორც სხვაობა ამონაგებსა (საქონლის, სამუშაოების და მომსახურების რეალიზაციიდან) და ამ გაყიდვების თვითღირებულებას შორის, მაგრამ, პირობით-მუდმივი მმართველობითი ხარჯების და გასაღებაზე დანახარჯების გარეშე; მესამე, გაუნაწილებელი მოგება (დაუფარავი ზარალი) წარმოადგენს საბოლოო ფინანსურ შედეგს, რომელიც გამოვლენილია საანგარიშგებო პერიოდში, მოგებიდან კუთვნილი გადასახდელი გადასახადების და სხვა ანალოგიური გადასახადების, აგრეთვე სანქციების, ბიუჯეტის და ბიუჯეტგარეშე ფონდების სასარგებლოდ-გამოკლებით; მეოთხე, წმინდა მოგება ფორმირდება საგანგებო შემოსავლების და ხარჯების მხედველობაში მიღებით და მთლიანად შეესაბამება გაუნაწილებელ მოგებას.
საბაზრო ეკონომიკაში მოგებას უჭირავს ცენტრალური ადგილი, რომელიც კვლავწარმოების პროცესში გამოხატავს მრავალმხრივ ეკონომიკურ კავშირებს და გამოდის სამეწარმეო საქმიანობის მიზნის სახით. ცდა მოგების გაზრდისათვის მას გარდაქმნის მთავარ მამოძრავებელ ძალად და ეკონომიკურ და სოციალური განვითარების ძირითად წყაროდ არა მარტო ცალკეული საწარმოებისათვის, არამედ ქვეყნისათვის მთლიანად.
უპირველესად მაქსიმალური მოგების მისაღებად დაინტერესებულნი არიან თვით საწარმოები: ის გარანტირებულს ხდის დაბანდებულ კაპიტალზე შემოსავალს და ამავდროულად გვევლინება დანახარჯთა დაფინანსების წყაროდ, რომელიც დაკავშირებულია წარმოების და სოციალური სფეროს განვითარებასთან.
საწარმოთა სამეურნეო საქმიანობის მთავარი მიზანი-მოგების მაქსიმალურად მიღება გამომდინარეობს ა. სმიტის დებულებიდან, რომ ცალკეული სამეურნეო სუბიექტების მაქსიმალურ მოგებას მივყავართ ყველა საზოგადოებრივი კეთილდღეობის მაქსიმიზაციასთან. პირველად იგი მკაფიოდ იქნა ჩამოყალიბებული 1938 წელს, ფრანგი ეკონომისტის ა. კურნოს მიერ და შემდგომ განვითარებულ იქნა ნეოკლასიკური სკოლის წარმომადგენელთა შრომებში.5
თანამედროვე ეკონომიკურმა თეორიამ საწარმოთა სამეურნეო საქმიანობის მთავარ მიზნად წინა პლანზე წამოსწია წარმოების მესაკუთრეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის მაქსიმიზაცია, რომლებიც კონკრეტულ გამოსახულებას პოულობენ საწარმოთა საბაზრო ღირებულების მაქსიმიზაციაში. ეს დებულება გაზიარებულია ყველა თანამედროვე თეორეტიკოსის მიერ, რომლებიც მუშაობენ მოგების მართვის კუთხით, იმგვარად, რომ მათი აზრით ის ყველაზე უფრო საუკეთესოდ ახდენს საწარმოთა მფლობელების ფინანსური ინტერესების რეალიზაციას.
მოგების როლი საბაზრო ეკონომიკაში, მრავალი ეკონომისტის აზრით, ყოველთვის არ არის პოზიტიური, რამდენადაც მოგების ცალკეული სახეობანი ემსახურება მოქალაქეთა მხოლოდ ცალკეული კატეგორიის პირად გამდიდრებას და საზოგადოებისათვის არ მოაქვს არავითარი სარგებელი (მოგება, მიღებული სპეკულაციური კომერციული ოპერაციებიდან, ბაზარზე მათი მონოპოლიურ მდგომარეობასთან, დაკავშირებით გაუმართლებელი მაღალი ფასების მეშვეობით ორგანიზაციათა “ჩრდილოვანი” საქმიანობიდან და ა.შ.)
ამავე დროს, მოგება, მიღებული სპეკულაციური კომერციული ოპერაციებიდან გვევლინება ფასების შესახებ მეწარმეთა უკეთესი ინფორმირებულობით სხვადასხვა რეგიონის ბაზრებზე, ხელსაყრელ კომერციულ პირობებზე უსწრაფესი რეაქციით, შედარებით მაღალი სამეწარმეო რისკით. საბოლოო ჯამში, სპეკულაციური მოგება გვევლინება გაზრდილი სამეწარმეო რისკის ანაზღაურების ფორმად და ემსახურება ცალკეულ რეგიონულ ბაზარზე ფასების დონის გამოთანაბრების ქმედით მექანიზმს.
მოგების მიღებაში დაინტერესებულია სახელმწიფოც, რადგანაც ის ბიუჯეტში იღებს მნიშვნელოვან ნაწილს საერთო სახელმწიფოებრივი ხარჯების დასაფინანსებლად. მოგების ოდენობა იქმნება მრავალი ფაქტორის ზემოქმედებით და პრაქტიკულად ასახავს მეურნე სუბიექტის საქმიანობის ყველა მხარეს.
სამეურნეო საქმიანობის ეფექტურობა აისახება რენტაბელობის ეკონომიკურ კატეგორიაში. რენტაბელობა ზოგადი სახით გვევლინება, როგორც შემოსავლიანობა, მომგებიანობა. ე.ი. მოგების მიღება უფლებას გვაძლევს ვილაპარაკოთ საწარმოთა ეფექტიანობის და სამეურნეო საქმიანობის განხორციელების შესახებ. მაგრამ მოგების მასა ჯერ კიდევ არ გვაძლევს იმის უფლებას საკმაო მოცულობით შევაფასოთ რამდენად ეფექტურად ხორციელდება საწარმოს საქმიანობა. ამგვარი შეფასებისათვის გამოიყენება რენტაბელობის შეფარდებითი მაჩვენებელი.
პრაქტიკაში გამოიყენება რენტაბელობის გამოთვლის რამდენიმე მაჩვენებელი, მათ შორის ორგანიზაციის ზოგადი რენტაბელობა, ორგანიზაციის წმინდა რენტაბელობა, საკუთარი კაპიტალის წმინდა რენტაბელობა, რეალიზებული პროდუქციის რენტაბელობა.
მოცემული მაჩვენებლის გაანგარიშებისათვის გამოიყენება საბალანსო მოგების ის ნაწილი, რომელიც მიღებულია პროდუქციის, სამუშაოების და მოსახურების რეალიზაციიდან, რომელთანაც ის თანაზომადია. ამ მაჩვენებელში თავის გამოხატულებას პოულობს ორგანიზაციის ფასების პოლიტიკა, მისი წარმატება და უნარი გავაკონტროლოთ პროდუქციის თვითღირებულება.
მოგების ზრდით დაინტერესება ნიშნავს სამეურნეო საქმიანობის შედეგების, მეთოდების და მიმართულებების კომპლექსურ გამოყენებას, წარმოების დანახარჯების შემცირებას, ცოცხალი საზოგადოებრივი შრომის ეკონომიას, შიდა რეზერვების სრულად მობილიზაციას იმ პროდუქციის წარმოებისას, რომელიც უზრუნველყოფს მასზე საზოგადოების მოთხოვნილებებს და ხასიათდება დიდი მოთხოვნით.
ეფექტური სამეურნეო საქმიანობის შედეგად უფრო მეტი სახსრები შესაძლოა გამოვიყენიოთ გაფართოებული კვლავწარმოების, სოციალური განვითარების და სამეურნეო საქმიანობის მონაწილეთა მატერიალური წახალისებისა და მათი დაფინანსებისათვის.
მოგება, რომელიც რჩება საწარმოს განკარგულებაში მოგებიდან გადასახადების და მოსაკრებლების გადახდის შემდეგ, გამოიყენება კაპიტალდაბანდებათა დაფინანსებისათვის, საკუთარი საბრუნავი სახსრების შესავსებად, სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების დასანერგად, ბუნების დაცვითი ღონისძიებების გასატარებლად, მუშაკთა სოციალურ-კულტურულ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და ა.შ.
მოგების ფორმირების მექანიზმი გვევლინება სამეურნეო მექანიზმის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად, რომელიც მოქმედებს საზოგადოებაში მისი განვითარების განსაზღვრულ ისტორიულ ეტაპზე. სამეურნეო მექანიზმი განსაზღვრავს საზოგადოებაში სამეურნეო სუბიექტების ფუნქციონირების ფინანსური შედეგების ფორმირების პირობებს და ზოგად წესს.
აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ საწარმოს მოგება საბაზრო ეკონომიკის პირობებში გვევლინება სამეწარმეო საქმიანობის მთავარ მიზნად, ხოლო მისი მაქსიმიზაცია არის უნივერსალური პრინციპი, რომლის პრაქტიკული რეალიზაცია შესაძლებელია ცალკეული ქვეყნის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. საწარმოებმა კი უნდა უზრუნველყონ კონკურენტუნარიანი პროდუქციის გამოშვება უახლესი ტექნოლოგიების საფუძველზე, რომელიც უზრუნველყოფს ბაზარზე მაქსიმალური მოგების მიღებას. თავისთავად სახელმწიფოს შეუძლია წარმატებით შეასრულოს თავისი ფუნქციები და განახორციელოს ეკონომიკის განვითარების პროგრამები მოგების განაწილება-გადანაწილების საშუალებით და კონკრეტულად საგადასახადო დაბეგვრის მეშვეობით.