რედაქტორისაგან

ეკ. მეცნ. კანდიდატი ემზარ ჯგერენაია

2003 წელი თხის წელია და, როგორც წესი, კატაკლიზმების და ღრმა კრიზისული მოვლენების ჟამია. ალბათ, მარტო თხის ბრალი არ უნდა იყოს ის, რაც ახლა მსოფლიო ეკონომიკაში ხდება, რადგან მსოფლიო ეკონომიკის დღევანდელი მღელვარე დღეები სათავეს წინა წლებიდან იღებს.

წლის დასაწყისიდანვე, როგორც ექსპერტები ვარაუდობდნენ, აშშ-ში საფონდო ბაზარი შეტორტმანდა. დოლარი არნახულად გაუფასურდა, მარტო ევროსთან მიმართებაში 100 ნიშნულს პირველად ჩამოსცილდა და 0.92-მდე დაეშვა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზიის მთელი რიგი ქვეყნების ცენტრალური ბანკები არა თუ არ ყიდულობენ აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებს და ამ სფეროში ინვესტიციები შეწყვიტეს, არამედ მას სწრაფად ყიდიან. გასაგებია, რომ აშშ-ის ეკონომიკისთვის რამდენიმე ტრილიონი აზიური ფულის გადინება, შეიძლება, ცუდად დამთავრდეს. ამას ემატება ისიც, რომ თეთრ სახლში მთელი ეკონომიკური გუნდი შეიცვალა:

პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი, ლორენს ლიდსი, მოწოდებით ლიბერალი, მონეტარისტით, სტივენ ფრიდმანით, შეიცვალა, ფინანსთა მინისტრი, პოლ ო&ლსქუო;ნილი ჯონ სნოუმ შეცვალა. ო&ლსქუო;ნილის მყარი დოლარისათვის აშშ-ის მრეწველთა ლობი აკრიტიკებდა და ბუნებრივია, ახალ რკინიგზელ მინისტრს, ბუშის არჩევნების დაფინანსებისა და ძველი ცოდვებისთვის კი არა, ფულად-სავალუტო პოლიტიკის გამო გააკრიტიკებენ. ამბობენ, სულ მალე, გლენ ხაბარდს – ადმინისტრაციის ეკონომიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელს, ჰარვარდელი გრეგოგი მენკივით შეცვლიან. ვარაუდობენ, რომ მყარი მონეტარული პოლიტიკა წლის ბოლომდე უკანა პლანზე გადაიწევს.

ინვესტორებიც სწორედ ამიტომ გარბიან. ძვირდება ბენზინი (30-34 დოლარი ბარელზე), ოქროც (360 დოლარი უნციაზე), რომელმაც 1999 წლის ნიშნულს თითქმის მიაღწია. ექსპერტთა აზრით, ეს ტენდენცია გაგრძელდება, სანამ ოქრო 420 დოლარს, ანუ 1996 წლის დონეს არ მიაღწევს (იხ. სქემა).

კატასტროფულად ვარდება საფონდო ინდექსები, დოუ-ჯონსი და ნაზდაქი. 2002 წელს აქციათა კურსი ბირჟებზე 20%-ით შემცირდა, ეს ტენდენცია ამ წელსაც გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი ფირმები მოგების კარგ მაჩვენებელს ანახებენ, მათი აქციების ფასი ეცემა, რადგან ეს მოგება მიღებულია არა ბრუნვის (ვაჭრობის ზრდით), არამედ საფინანსო ოპერაციებით. აშშ-ში მცირდება სამუშაო ადგილების რაოდენობა და ბაზრის მსყიდველუნარიანობა. მოხმარება-წარმოებისადმი დამოკიდებულების დრამატიზირებამ შეიძლება სერიოზული კრიზისი გამოიწვიოს და ასე გაგრძელდება 2003 წლის ბოლომდე.

ყველაზე მთავარი ერაყის გარშემო შექმნილი სიტუაციაა, სადაც ყოველი დღე ომთან მიახლოვებას ნიშნავს. ეს კი მსოფლიო ბაზარს ძაბავს. ერაყი ნავთობის რეზერვებით მსოფლიოში II-III ადგილზეა, ეს არის ის სტრატეგიული მიზანი, რომელსაც, როგორც ჩანს, 2003 წლის ეკონომიკური სტაბილურობა შეეწირება. ექსპერტების აზრით, ომი ხანმოკლე იქნება და აქედან გამომდინარე, ეკონომიკაში ყველა გადახრა წლის ბოლოს თავის ჩვეულ ყალიბში ჩადგება.

საქართველოს ბიზნესმა ევროს გამყარებით დიდი დარტყმა განიცადა. ევროპის ბაზარზე და ამერიკულ ვალუტაზე ორიენტირებული ქართული ბიზნესი დიდი სირთულეების წინაშე დადგა იგივე საქონელში გაცილებით დიდი ფულის გადახდა მოუწია. ამასთან, კომპენსაციის მიღების მიზნით მას ფასების აწევა მოუწევს, რაც მოსახლებაში არსებული მსყიდველუნარიანობის შენარჩუნების პირობებში ბრუნვას შეუმცირებს ანდა გადასახადების დამალვა და არალეგალურ ბიზნესში გადასვლა მოუწევს. ლარის სიმყარის პირობებში ექსპორტი გაძვირდება და შეფერხდება, ხოლო მილსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით იმპორტი გაიზრდება, რაც საგრძნობლად გააუარესებს საგადამხდელო ბალანსის დეფიციტს. შემცირდება შიდა ეკონომიკური სავაჭრო ბრუნვა და სამომხმარებლო ინდექსი გაუარესდება. ამ პირობებში, ძალზე სათუოა 2003 წლის ბიუჯეტის საგადასახადო ნაწილში შესრულება, სადაც წინა წელთან შედარებით, ყოველ თვე 12-17 მილიონით მეტი უნდა შევიდეს. არც არასაგადასახადო შემოსავლების შესრულება გამოიყურება იმედიანად, რადგან მსოფლიო ბანკმა ჩვენი ქვეყნის მიმართ თავისი პოლიტიკა შეცვალა, ხოლო ამ სახის ადგილობრივი შემოსავლები (ქონების პრივატიზაცია, კრედიტების დაბრუნება და სახელმწიფოს დივიდენდები) დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. თხის წელი არც მსოფლიოს და არც საქართველოს ეკონომიკას სასიხარულოს არაფერს უქადის.

გამოსავალი ერთია, დავივიწყოთ 2003 წლის ეკონომიკა და ვიფიქროთ პოლიტიკაზე, სადაც ბევრი რამ საინტერესო ხდება – 2004 წლის პარლამენტში “მისაღები გამოცდები” დაიწყო და სიებიც მალე გამოიკვრება. ახლა, მთავარია ვინ ჩააბარებს, ოქტომბერში, მისაღებ გამოცდებს,

არადა დისციპლინები მეტად რთულია: მუშტი-კრივი, პოლიტიკური პროსტიტუცია და დემაგოგია, შესავალი კორუფციასა და ლობიზმ-კლანიზმში, დაწყებითი მუხთლობა. წამყვან ტელე-არხებზე რეპეტიტორთა განცხადებები უკვე გამოჩნდა, ესენი არიან მეორე, მესამე და ა.შ. მოწვევის პარლამენტის გამოცდილი მოღვაწეები, რომლებიც პირად მაგალითებზე აღზრდიან მომავალ ვარსკვლავ-ბიჭუნებს. იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია, როგორც გონება აქეთაც და იქითაც.

ნეტა, რა ეღირება მისაღები გამოცდების ჩაწყობა? რა ჯანდაბად გინდაო, იკითხავს მავანი. რად და, თუ ასე გაგრძელდა, საქართველოში პარლამენტის გარდა სხვა სამუშაო ადგილი არ დარჩება და უსაქმურობით და უფულობით ხომ არ მოვიკლავთ თავს? ფულს თუ არა, იარაღს ხომ ვიშოვით მუქთად და რა იცი, რა ხდება ამ არეულ ქვეყანაზე, სადაც ეკონომიკა დეკემბრის თოვლივით ყველას მიავიწყდა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial