სავაჭრო პალატების პრეზიდენტების შეხვედრა საქართველოში

ნინო არველაძე
3 მაისს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გაიმართა ევროპალატის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატების პრეზიდენტების შეხვედრა. ამ ღონისძიებაში საქართველოს, თურქეთის, ნორვეგიის, მოლდოვეთის, აზერბაიჯანის, ხორვატიის, სომხეთის, რუსეთის, მაკედონიის და ბელორუსიის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე იყო ევროპალატის პრეზიდენტი პიერ სიმონი, რომელიც პარიზის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ხელმძღვანელობს. ამ შეხვედრაზე ერთ-ერთ ყველაზე აქტუალური საკითხი იყო სავაჭრო-სამრეწველო პალატების მიერ წარმოშობის სერთიფიკატების გაცემა.
შეხვედრაზე ევროპალატის არაწევრი ქვეყნების სავაჭრო პალატების ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, ასევე, მიმოიხილეს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სავაჭრო პალატების მუშაობაში მიმდინარე უკანასკნელი ტენდენციები, ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარების უახლესი მიმართულებები და ევროპის სამეზობლო პოლიტიკა. შეხვედრაზე ვრცელი მოხსენებით გამოვიდა რობერტ ლიდელი, რომელიც საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას ეკონომიკის, პოლიტიკისა და პრესიის სფეროებს ხელმძღვანელობს. მან განაცხადა, რომ ევროპის კავშირის კეთილმეზობლურ პოლიტიკაში ჩართული ქვეყნები თანამშრომლობის ფარგლებში საერთო პრინციპებითა და ღირებულებებით მუშაობენ, ხოლო ევროპის კავშირის კეთილმეზობლური პოლიტიკა მისი საგარეო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, რაც რეგიონის სტაბილურობაზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მის ფარგლებში თანამშრომლობაზე დადებით გავლენას ახდენს. ევროკავშირის იდეების განხორციელება ქვეყნებში სერიოზული რეფორმების გატარების პირდაპირპროპორციულია. ევროკავშირის კეთილმეზობლური პოლიტიკა მიზნად ისახავს პარტნიორებთან ერთად რეფორმების ხორცშესხმის პროგრამის შექმნას, რათა ქვეყნებმა თვითონ შეძლონ იმის რეალიზება, რაც სურთ. საქართველო თვითონ ლობირებდა მის ევროპის კეთილმეზობლურ პოლიტიკაში ჩართვას, რაც თავდაპირველი ჩანაფიქრი არ ყოფილა. ამიტომ ევროკავშირი მივიდა დასკვნამდე, რომ აუცილებელია მსგავსი პოლიტიკური დიალოგები და მასში რეგიონის ქვეყნების ჩართვა. ამჟამად ევროკავშირს აქვს რეგიონის ქვეყნებთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებულია ევროპის კეთილმეზობლურ პოლიტიკაში ჩართული ყველა ქვეყანა, მათ შორის, რუსეთიც. რაც შეეხება რესურსებს, ევროკავშირის კეთილმეზობლურ პოლიტიკაში ჩართული ქვეყნებისთვის გამოყოფილი რესურსები 32%-ითაა გაზრდილი, ხოლო მომავალი 7 წლის მანძილზე მათთვის დიდი ფინანსური სახსრების გაცემა იგეგმება. თანამშრომლობის განვითარების გეგმის თანახმად, ქვეყნებში ბევრი რამ შესაცვლელია, ამიტომ შეიძლება, რომ ეს ფინანსები არც თუ ისე საკმარისია, მაგრამ საჭიროა მათი კონკრეტული მიმართულებით გადანაწილება. ამჯერად ევროკავშირის საბჭოს აქვს პროგრამა – კეთილმეზობლური პოლიტიკა+, რომელიც ინვესტიციების დაბანდების მექანიზმზე იქნება ორიენტებული, რაც ევროპალატისა და შეხვედრაზე წარმოდგენილი ყველა სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინტერესის საგანი გახდება. პროგრამის ფარგლებში გამოიყოფა სახსრები. მათი საშუალებით, ქვეყნებში ინვესტიციები იმ კონკრეტულ სფეროებსა და სექტორებში დაბანდდება, რომლებიც სახელმწიფოსათვის აუცილებელია. ინვესტიციების განხორციელების პირველი ეტაპისთვის 73 მლნ ევრო გამოიყოფა, ხოლო იმ ქვეყნებს, სადაც ინვესტიციების დაბანდების პროცესი წარმატებით და აქტიურად წარიმართება, ევროკავშირი მართვის სისტემის ოპტიმიზაციის მიზნით დამატებითი სახსრებით წაახალისებს. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის პოლიტიკა სტატიკური არ არის და მასში ჩართული ქვეყნების ეკონომიკის წინსვლასთან ერთად უნდა განვითარდეს. ევროპის კავშირის მოთხოვნის თანახმად, აუცილებელია იმ არაწევრი ქვეყნების კანონმდებლობის ევროპის პრინციპებთან მაქსიმალურად მიახლოება, რომლებიც ევროპის კეთილმეზობლურ პოლიტიკაში არიან ჩართულნი. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ პრინციპებთან მიახლოება არ გულისხმობს ევროპის კავშირის მხრიდან ქვეყნების შიდა ბაზარზე წესების თავს მოხვევას, მაგრამ თითოეული საქონელი, რომელიც ევროპაში გადის, ევროპის კავშირში არსებულ პრინციპებს, მოთხოვნებსა და სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.
“საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და სხვა ქვეყნებთან, რომლებიც ევროკავშირის კეთილმეზობლური პოლიტიკის წევრები არიან, შეთანხმება მხოლოდ შეთანხმების დონეზე არ რჩება. ერთი შეხედვით საქართველოსთან შეთანხმება და დასახული მიზნები შეიძლება ამბიციური ჩანდეს, მაგრამ ჩვენი მიზანია ქვეყნებს მიზნის მიღწევაში დავეხმაროთ,” – აცხადებს რობერტ ლიდელი.
ევროპის კავშირის წარმომადგენელმა ხაზგასმით ისაუბრა ევროპის კავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე და განაცხადა, რომ საქართველოსთან აქტიური მოლაპარაკებები, დებატები და დისკუსიები მიმდინარეობდა, რის საფუძველზეც გადაწყდა, თუ როგორ უნდა წარიმართოს საქართველოსთან ურთიერთობები, რათა ქვეყანამ ევროპის კავშირის კეთილმეზობლურ პოლიტიკაში სრულყოფილი ჩაბმა შეძლოს. ამისთვის შეიქმნა პრაქტიკული თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა (ვრცლად მასალა იხ #1), რომელშიც გამოკვეთილია სამი პრიორიტეტული სფერო – კანონმდებლობის აღსრულების უზრუნველყოფა, რაც ინვესტიციების დაბანდების მხრივ მეტად მნიშვნელოვანია, მეორეა ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ამიტომ საჭიროა პრივატიზაციის პროცესების მაქსიმალურად გამჭვირვალე დონეზე წარმართვა, ამას გარდა, უნდა გამარტივდეს საგადასახადო და საბაჟო პროცედურები, რაც ბიზნესისთვის ინტერესის სფეროს წარმოადგეს. მესამე პრიორიტეტი ეკონომიკის განვითარება და სიღარიბის დონის შემცირებაა, ანუ საუბარია ეკონომიკის განვითარების სტიმულირებასა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევაზე. პროგრამაში გათვალისწინებულია რეფორმების გატარება ჯანდაცვის, განათლების (უმაღლესი განათლების), სტატისტიკის, ტრანსპორტის სფეროებში. ეკონომიკის განვითარებაზე საუბრისას იგულისხმება თავისუფალი ვაჭრობის ზონების შექმნა, ასევე მეტროლოგიის სფეროს დახვეწა, ანუ პრაქტიკული ღონისძიებები. მომავალი ხუთი წლის განმავლობაში საქართველოსთვის დაახლოებით 125 მლნ ევრო გამოიყოფა, რომელსაც სახელმწიფო პროგრამების განსახორციელებლად ეტაპობრივად მიიღებს. ევროკავშირის კეთილმეზობლური პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს დახმარება კონფლიქტური ზონების რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის მიზნითაც გაეწევა, ხოლო პროგრამა თAჩჩ-ის ფარგლებში საქართველო სახსრებს კვლავ მიიღებს. სამოქმედო გეგმა მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც იმ საკითხებში თითქმის პოლიტიკურ შეთანხმებას წარმოადგენს, რომლის მიღწევასაც ევროპის კავშირი საქართველოში 5 წლის მონაკვეთში გეგმავს (თუმცა საქართველომ ამ მიზნების შესრულების ვალდებულება 3 წელიწადიან მონაკვეთში აიღო). შემუშავდება წლიური პროგრამებიც, 2007 წელს დაგეგმილია საქართველოსთვის 24 მლნ ევროს გამოყოფა. ევროკავშირი კავკასიის რეგიონში ტრასევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოებისკენ ისწრაფვის. ასევე, ევროპის კეთილმეზობლურ პოლიტიკაში ჩართულ თითოეულ ქვეყანაში რეფორმების გატარების გეგმის ასპექტში დაწესდება მთავრობის მოქმედების მონიტორინგი. ქვეყნები, რომლებიც ოპერატიულად გაატარებენ რეფორმებს, მიიღებენ დამატებით წახალისებას, ხოლო ადგილობრივ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შეფასების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ. ასევე გათვალისწინებული იქნება მოქალაქეებისა და ბიზნესის წარმომადგენლების აზრიც, რაც მიზნად ისახავს ეკონომიკის, სავაჭრო ურთიერთობებისა და ბიზნესის განვითარების ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას. ყველაზე მთავარი ქვეყნებში რეფორმების გატარებაა, რაც მათ ევროპის კავშირთან ეფექტური პოლიტიკური დიალოგის წარმართვის შესაძლებლობას მისცემს.
თუ სახელმწიფო ეკონომიკის ეფექტურად განვითარების მიზნით ვერ შეძლებს საკუთარი საგადასახადო რეჟიმის შეცვლას, ეს აუცილებლად აღინიშნება ევროპის კავშირის მიერ.
რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის ზონებს, გამოკვლევები შესაძლებლობას მისცემს ევროპის კავშირს განსაზღვროს, თუ რამდენად რეალური იქნება მსგავსი ზონების შექმნა საქართველოსა და სომხეთში. მსგავსი კვლევები აზერბაიჯანში მას შემდეგ ჩატარდება, როდესაც ქვეყანა საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდება. საქართველოსთან იგეგმება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივების შესახებ მოლაპარაკებებიც, რათა ქართველმა სტუდენტებმა და სპეციალისტებმა შეძლონ ევროპის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელება და კვლევების ჩატარება. საქართველოს მთავრობა ზოგჯერ უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ყველაფერი სასურველ კონდიციამდე ჯერ კიდევ არ არის მისული, მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საჭიროა დიდი დრო.
შეხვედრაზე ევროპალატის წარმომადგენლებმა ხაზგასმით ისაუბრეს ახალი პროგრამების შემუშავების ასპექტში ევროპალატის მნიშვნელოვან ფუნქციაზე. ევროპალატა აქტიურად არის ჩაბმული როგორც კონკრეტული თანამშროლმობის, ტექნიკური დახმარებისა და ადგილობრივი სავაჭრო-სამრეწველო პალატების განვითარების პროგრამების შემუშავებაში, ასევე პოლიტიკურ სფეროში, რაც კანონმდებლობის დახვეწასა და პალატების თანამშრომლობას მოიცავს. ევროპალატა ქვეყნებთან ერთად პროგრამების შემუშავებაზე მუშაობს, მაგრამ მათი რეალიზაცია პალატებზეა დამოკიდებული, ანუ ევროპალატა პროგრამების განხორციელების კოორდინატორი არ არის. ზოგიერთი პროგრამის რეალიზაციაზე საუბრისას რეგიონის ქვეყნებს შეუძლიათ ევროპის მიერ გამოყოფილი სახსრების იმედი ქონდეთ, მაგრამ აღნიშნულ შემთხვევაში ქვეყნებმა განსაზღვრული პირობები პირნათლად უნდა შეასრულონ. არსებობს რეგიონალური სხვაობებიც. თუ თურქეთთან თანამშრომლობა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის კონტექსტში განიხილება, ხოლო კავკასიის რეგიონის შემთხვევაში ეს კეთილმეზობლური პოლიტიკის ჩარჩოებს ითვალისწინებს, შესაბამისად განსხვავებულია ქვეყნებისადმი მიდგომებიც.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ბატონმა ჯემალ ინაიშვილმა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობა მიმოიხილა და განაცხადა, რომ პალატის მთავარი საქმიანობა ბიზნესის მხარდაჭერა და ამ მიზნით ღონისძიებებისა და გამოფენების მოწყობაა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. მან აღნიშნა, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აქტიურად უჭერს მხარს ქართული ღვინის პრომოუშენს მსოფლიოში. პალატას აქვს გარკვეული პრობლემებიც, “პალატა არამომგებიანი ორგანიზაციაა და მისი ერთადერთი შემოსავალი წარმოშობის სერთიფიკატების გაცემაა”, – განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.
შეხვედრაზე ყველა მონაწილემ აღნიშნა სავაჭრო-სამრეწველო პალატების მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო ვაჭრობის ასპექტში, რაც გლობალური ეკონომიკის პირობებში უფრო იზრდება. ამიტომ თითოეული სავაჭრო-სამრეწველო პალატა უნდა ეცადოს მომსახურების გაფართოებას და მის გამრავალფეროვნებას საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში. ამ საკითხთან დაკავშირებით, აუცილებელია სავაჭრო პალატების პოზიციის გამყარება, რომლის ერთ-ერთ საშუალებასაც წარმოშობის სერთიფიკატის გაცემის უფლება წარმოადგენს, რაც საგარეო ვაჭრობის პროცედურებს გაამარტივებს.
შეხვედრაში მონაწილე ქვეყნების მიერ წარმოშობის სერთიფიკატების გაცემის საქმიანობის შეფასებისას, შეიძლება ითქვას, რომ ეროვნულ-საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ბაზის ფონზე, რომლის შესაქმნელადაც მნიშვნელოვანი თანხები დაიხარჯა, შეიძლებოდა ნება დაერთოთ პალატებისთვის გაეცათ როგორც შეღავათიანი, ასევე არაშეღავათიანი სერთიფიკატები. თუმცა მოცემული სისტემის ეფექტურად მუშაობის მიუხედავად, გამოიკვეთა სავაჭრო პალატებისთვის ამ ფუნქციის ჩამორთმევისა და მისი სხვა ორგანოებისა და სტრუქტურებისთვის გადაცემის ტენდენცია.
2006 წლის 1 ივნისიდან, ევროპის კავშირის მოთხოვნის საფუძველზე, მოლდოვეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ჩამოერთვა წარმოშობის სერთიფიკატ ფორმა “ა”-ს გაცემის ფუნქცია და იგი საბაჟოს ხელმძღვანელობას გადაეცა. განიხილება მოლდავეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისათვის წარმოშობის შეღავათიანი სერთიფიკატის გაცემის ფუნქციის ჩამორთმევის საკითხიც, რასაც მოლდავეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის მწვავე რეაქცია მოჰყვა. მან განაცხადა, რომ მოლდავეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, ამიტომ მისი მოთხოვნები უსაფუძვლოდ მიიჩნია და ფაქტი უხეშ ჩარევად ჩათვალა.
შეხვედრის მონაწილეთა აზრით, უსაფუძვლოა სავაჭრო-სამრეწველო პალატებისგან ყველა ტიპის შეღავათიანი წარმოშობის სერთიფიკატების გაცემის ფუნქციის გაუქმება და მათი სხვა სტრუქტურებისათვის გადაცემა. ეს “საერთაშორისო შეთანხმებას” ეწინააღმდეგება (მასში მოლდავეთის რესპუბლიკაც მონაწილეობს). შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, არ შეიძლება ევროპის კავშირმა არაწევრ ქვეყნებში სავაჭრო რეგულაციებზე გავლენა მოახდინოს.