სიღარიბე ამერიკულად

იოსებ არჩვაძე ეკ. მეცნ. კანდიდატი

სიღარიბის დონის სტატისტიკური კვლევა აშშ-ში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 1929-1933 წლების, ე.წ. დიდი დეპრესიის, შემდეგ მოექცა. გაანგარიშებებს ფედერალურ დონეზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიეცა რეგულარული ხასიათი. სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება მთელი ქვეყნის მასშტაბით 1959 წლიდან ხორციელდება.
დღეის მდგომარეობით საარსებო მინიმუმის გაანგარიშება აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ცენზების ბიუროს მიერ გაანგარიშებული ოფიციალური საარსებო მინიმუმის გარდა, ხორციელდება კიდევ ექვსი სხვა სამეცნიერო თუ უწყებრივი სამსახურის მიერ, შესაბამისად, განსხვავებული პრინციპებისა და მეთოდიკის საფუძველზე. ზოგიერთი მათგანის რაოდენობრივი პარამეტრი იძლევა თითქმის 30%-იან ცდომილებას სიღარიბის ოფიციალურ, “კანონიზირებულ” მონაცემებთან შედარებით.

თუმცა, ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია მთლიანად ეყრდნობა ოფიციალურ, აშშ-ის ცენზების ბიუროს მონაცემებს.

სიღარიბის აბსოლუტური დონე აშშ-ში საშუალო (ოთხსულიანი) ოჯახისათვის ოთხი ათწლეულის განმავლობაში (1959-დან 1999 წლამდე) 5,7ჯერ გაიზარდა – $2973-დან $17029-მდე, ანუ საშუალოდ თვეში $248-დან $1419-მდე. მიუხედავად იმ უთვალსაჩინოესი წარმატებებისა, რასაც აშშ დანარჩენ მსოფლიოს უჩვენებს მეცნიერების, ტექნიკის, ტექნოლოგიების, ეკონომიკის განვითარებასა და სიმდიდრის ზრდაში, ამ ქვეყანაში ყოველი მერვე მცხოვრების შემოსავალი ოფიციალურ საარსებო მინიმუმზე დაბალია. 1999 წლის ბოლოსათვის ქვეყნის 32258 ათასი მცხოვრები (11.8%) სიღარიბის ზღვარზე დაბალ შემოსავალს ღებულობდა.

სიღარიბე ამერიკაში იანგარიშება ოჯახების მრავალი პარამეტრის ტიპის მიხედვით. მონაცემები ქვეყნდება რასობრივ, ეთნიკურ, ასაკობრივ, სქესობრივ, ცენზობრივ და სხვა მრავალ ჭრილში. მათი შედარება იძლევა საშუალებას, განისაზღვროს სიღარიბის დინამიკა, განხორციელდეს ზემოდასახელებული ჯგუფებისა და ოჯახების ტიპების მიხედვით სიღარიბის დაძლევის წინმსწრები ან ჩამომრჩენი ფაქტორების ანალიზი და ა.შ.

ქვეყნის ეკონომიკურმა სიძლიერემ და ეფექტურმა სოციალურმა პოლიტიკამ განაპირობა ამ ქვეყანაში სიღარიბის მასშტაბების აბსოლუტური და შეფარდებითი შემცირება.

ბოლო 40 წლის განმავლობაში ღარიბთა აბსოლუტური რიცხვი ამერიკაში შემცირდა 7,2 მილიონით, ეს იმ დროს, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა იმავე პერიოდში 96,7 მილიონით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბის აბსოლუტური დონე დინამიკაში 5,7-ჯერ გაიზარდა, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა რაოდენობა ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში თითქმის განახევრდა (22,4-დან 11,8 პროცენტულ პუნქტამდე). სიღარიბის საზღვრის მიღმა მყოფთა რაოდენობა აბსოლუტურად და შეფარდებით შემცირდა ყოველ რასობრივ და ეთნიკურ ჯგუფში (იხ. ცხრილი #1).

1

განსაკუთრებით შთამბეჭდავია სიღარიბის დაძლევა ზანგებში. აღნიშნული მაჩვენებელი ბოლო 40 წლის განმავლობაში 2,3-ჯერ შემცირდა, მაშინ, როდესაც თეთრკანიანებში – 1,8-ჯერ. ეს მით უფრო ნიშანდობლივია, რომ იმავე პერიოდში ზანგების რიცხოვნობა თითქმის გაორმაგდა (თეთრკანიანების რიცხოვნობა გაიზარდა მხოლოდ 43%-ით), ხოლო ხვედრითი წილი ქვეყნის მთელ მოსახლეობაში გაიზარდა 10.2%-დან 12,9%-მდე.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ესპანურენოვანი მოსახლეობა, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში აშშ-ის მოსახლეობის მექანიკური მატების მთავარი “დონორია”. მარტო მექსიკიდან იმიგრანტთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება მთელი დასავლეთი ევროპიდან მიგრანტთა რაოდენობას. დიდია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკიდან (ესპანურენოვანი ქვეყნებიდან) არალეგალურ მიგრანტთა რაოდენობაც. მათი კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი და, შესაბამისად, ანაზღაურება საშუალო ამერიკულზე საგრძნობლად დაბალია. ამერიკული ეკონომიკური მანქანა, უბრალოდ, ვერ ასწრებს ამ ტიპის ეთნოსის წარმომადგენლების “გადახარშვას” და ამიტომაცაა, რომ ასეთთა შორის შედარებით მაღალია ღარიბთა რიცხვი. შედარებისათვის: 1999 წელს ესპანურენოვანი მოსახლეობა 1972 წელთან შედარებით გაიზარდა 209%-ით, მაშინ, როდესაც დანარჩენი თეთრკანიანების რაოდენობამ ამერიკაში მოიმატა მხოლოდ 14%(!)-ით, ზანგებისამ კი – 52,8%-ით.

ქვემოთ მოყვანილი ცხრილი (იხ. ცხრილი #2) იძლევა წარმოდგენას ამერიკის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის განაწილებაზე რასობრივ-ეთნიკურ ჭრილში.

2

როგორც მოტანილი მონაცემები ადასტურებენ, მიუხედავად ბოლო ათწლეულებში მიღწეული პროგრესისა, კეთილდღეობის ერთგვაროვნებაზე რასობრივ ჭრილში ლაპარაკი, ჯერაც ნაადრევია. არაესპანურენოვან თეთრკანიანებში სიღარიბის ზღარს მიღმა დაახლოებით სამჯერ ნაკლები მოსახლეობაა, ვიდრე ზანგებში, ხოლო მათგან, ვისაც ამ ზღვარზე ორჯერ და მეტჯერ მაღალი შემოსავალი აქვთ, ეს მაჩვენებელი, შესაბამისად, თითქმის 1,5-ჯერ მაღალია.

საარსებო მინიმუმის სიდიდე დამოკიდებულია ოჯახის სიდიდეზე. ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, აქაც აღნიშნული ინდიკატორი განსაკუთრებით “მგრძნობიარეა” ოჯახის სულადობაზე. ერთობლივი მოხმარების ეფექტის გამო, მაგალითად, ცხრა და მეტსულოვანი ოჯახის ერთ წევრზე საარსებო მინიმუმის აბსოლუტური სიდიდე თითქმის 2,5-ჯერ დაბალია, ვიდრე მარტოხელასი. (იხ. ცხრილი #3).

3

სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ერთ ღარიბ ოჯახზე გაანგარიშებით საშუალო წლიური შემოსავალი შეადგენს $11239-ს, ანუ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმის 66,6%-ს. შესაბამისად, სიღარიბის სიღრმე ქვეყანაში შეადგენს დაახლოებით 34%-ს ($6676-ს). მის დასაძლევად წელზე გაანგარიშებით საჭიროა $61,5 მილიარდი, ანუ მაგალითად, უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულების ექვივალენტური სიდიდე. ამასთანავე, იმ ოჯახებისათვის, რომელთა შემოსავალი საარსებო მინიმუმს აღემატება (ამერიკის მოსახლეობის 88,2%), საშუალო შემოსავალი $56321-ია. ამგვარად, აშშ-ში არაღარიბი ოჯახების ის ჯამური შემოსავალი, რომელიც მეტია მათ საარსებო მინიმუმზე, ღარიბი ოჯახების ამ ზღვრამდე მისაღწევი დეფიციტის ჯამურ მაჩვენებელს 67,5-ჯერ აღემატება. (საშუალო ოჯახის შემოსავალი აშშ-ში შეადგენს $51000-ს).

შედარებისათვის: საქართველოში სიღარიბის სიღრმე 20,3%-ს შეადგენს, ამასთან, არაღარიბი ოჯახების სიღარიბის ზღვარზე მეტი “ჯამური” შემოსავალი (პროფიციტი) ღარიბი ოჯახების ამ ზღვრამდე დეფიციტის ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით 68,9%-ს შეადგენს.

(აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუმცა, საქართველოში აშშ-სთან შედარებით სიღარიბის სიღრმის მაჩვენებელი 1,7-ჯერ უკეთესია, მთლიანად საშუალო ოჯახზე გათვლილი სიღარიბის ზღვარის აბსოლუტური სიდიდე 14-ჯერ დაბალია…).

ქვეყანას, რომელსაც წელიწადში $237 მილიარდიანი პროფიციტი აქვს ბიუჯეტში, შესწევს უნარი, ეფექტური, ყოვლისმომცველი შეტევა განახორციელოს სიღარიბის შესამცირებლად, შრომისა და სამეწარმეო სულისკვეთების სტიმულირების შემცირების გარეშე.

სიღარიბის დონე აშშ-ში ყველაზე მაღალია დაბალ ასაკობრივ ჯგუფში (მოსახლეობა 18 წლის ასაკამდე) – 16,9%. რაც შეეხება მაღალ ასაკობრივ ჯგუფებს (65 და მეტი წელი) აქ სიღარიბე საშუალო ეროვნულზე დაბალია (9,7%) და იმაზე მეტყველებს, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ხელფასისა და სხვა მიმდინარე შრომითი შემოსავლების საშუალო ასაკობრივ ჯგუფზე ნაკლებობის მიუხედავად, ადრე დაგროვილი ქონებიდან და ფინანსური სისტემიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე მათი მიმდინარე კეთილდღეობა საშუალო ამერიკულზე მაღალია.

ცხრილი #4 ახასიათებს აშშ-ის მოსახლეობის განაწილებას შემოსავლების სიდიდის თანაფარდობით სიღარიბის ზღვართან.

4

მოტანილი მონაცემები ცალსახად ადასტურებენ, რომ ასაკობრივი ნიშნის მიხედვით შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობა გაცილებით იოლად ძლევს სიღარიბის ზღვარს და ამ ასაკობრივ კოჰორტაში ღარიბების რიცხვი, მათ შორის
ყოველი ხუთი ღარიბიდან აშშ-ში ორის (39,3%) მიმდინარე შემოსავალი სიღარიბის ზღვარის ნახევარზე ნაკლებია. თითქმის ამდენივეა მათი რიცხვი (12 მილიონზე ოდნავ მეტი), ვისაც დაძლეული აქვს სიღარიბის ზღვარი, მაგრამ ვერ აღემატება მას 1,4-ზე მეტად. ამასთანავე, 18 წლამდე ასაკის მოსახლეობაში 3,5-ჯერ მაღალია იმათი ხვედრითი წილი, ვისი შემოსავალიც სიღარიბის ზღვარის 50%-ზე დაბალია, ვიდრე 65 წელზე უხნეს მოსახლეობაში.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ოთხ დიდ რეგიონს შორის არ არის დიდი განსხვავება ღარიბთა პროცენტული სიდიდის მიხედვით (ჩრდილო აღმოსავლეთი – 10,9%, დასავლეთი – 12,6%, შუა დასავლეთი – 89,8%, სამხრეთი – 13,1%). ცალკეული შტატების მიხედვით ეს მაჩვენებელი საკმაოდ განსხვავებულია. ასე მაგალითად, სიღარიბის დონის მაჩვენებელი მერყეობს 7.6%-დან მერილენდის შტატში 20.8 პროცენტამდე ნიუ-მექსიკოს შტატში. ამ მხრივ, საშუალო დონეზე მაღალი მაჩვენებელი აქვს აშშ-ის 21 შტატს და კოლუმბიის ფედერალურ ოკრუგს; შესაბამისად, დაბალი მაჩვენებელი – 29 შტატს.

სიღარიბის მხრივ განსხვავება ამერიკასა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაბადებულებს შორის შეინიშნება. ამ უკანასკნელთა შორის სიღარიბის დონე 16,8 პროცენტია – 1,4-ჯერ მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე საშუალოდ ქვეყანაში და 1,5-ჯერ მეტი, ვიდრე აშშ-ში დაბადებულებს შორის (11,2%). “ტრადიციულად” განსაკუთრებით მაღალია ეს მაჩვენებელი ლათინურ ამერიკაში, მათ შორის, მექსიკაში დაბადებულთათვის (თითქმის სამჯერ მაღალი, ვიდრე ამერიკაში დაბადებულებში). უცხოეთში დაბადებულ 4,8 მლნ-დან, რომლებიც ღარიბები არიან, მხოლოდ 1 მლნ-ს აქვს მიღებული აშშ-ის მოქალაქეობა (20.8%), დანარჩენი აშშ-ის მოქალაქეები არ არიან. ამასთან, ნატურალიზებულ მოსახლეობაში სიღარიბის დონე გაცილებით დაბალია (9,1%), ვიდრე საშუალოდ მთელ მოსახლეობაში (11,8%). აღნიშნული გარემოება, ძირითადად, იმითაა განპირობებული, რომ აშშ-ის ხელისუფლება ახალისებს მაღალი კვალიფიკაციის, გონებრივი შრომის მქონე სპეციალისტების მიგრაციას.

ალბათ, არსად სხვა ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა ისე მყარად არ უკავშირდება დასაქმებას, როგორც ამერიკაში. ამ ქვეყანაში დასაქმებულთა შორის სიღარიბის მაჩვენებელი 3,3-ჯერ დაბალია, ვიდრე დაუსაქმებელთა შორის. (შესაბამისად, 6,1% და 19,9%). დაქირავებულ მუშაკთა შორის სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს მხოლოდ 6%, მათ შორის, ვინც წლის განმავლობაში სრულადაა დასაქმებული – მხოლოდ 2,6%. შედარებისათვის: ვისაც საერთოდ არ უმუშავია წლის განმავლობაში, ყოველი მეხუთეა, ხოლო შრომისუნარიან ასაკში მყოფთა შორის (18-64 წლიანები) – 27,8%. 16 წელზე უხნესი ღარიბებიდან 43% იყო დასაქმებული, მაგრამ მხოლოდ 12% იყო სრულად დასაქმებული. ისევე, როგორც სხვა პარამეტრების მიხედვით, აქაც თეთრკანიანების მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე სხვა რასობრივი თუ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებისა, რაზეც წარმოდგენას ცხრილი #5 იძლევა.

ჯანდაცვის დაზღვევა:
სიღარიბესთან მაღალ კორელაციულ კავშირშია ქვეყნის მოქალაქეთა დაზღვევა. მიუხედავად თვალსაჩინო წარმატებებისა, ამერიკაში მოსახლეობის 15,5% ჯერაც სამედიცინო დაზღვევის გარეშეა დარჩენილი. ასეთთა საერთო რიცხვიდან (42,6 მლნ. ადამიანი) თითქმის მესამედი (32.4% ღარიბია) არაესპანურენოვან თეთრკანიანებში, სამედიცინო დაზღვევის გარეშე დარჩენილია ყოველი მეცხრე ადამიანი, ზანგებში – ყოველი მეხუთე, ესპანურენოვანებში – ყოველი მესამე. ამერიკაში დაბადებულთაგან ასეთი სახის დაზღვევით არაა მოცული მოსახლეობის 13,5%, უცხოეთში დაბადებულთაგან – ყოველი მესამე. ამასთან, ამ ბოლო კატეგორიიდან თუ ამერიკის მოქალაქეობამიღებულთა შორის დაზღვევის გარეშე დარჩენილია მხოლოდ 18%, მოქალაქეობაარმქონეთა შორის ეს მაჩვენებელი 42,6%-ია.

სამედიცინო დაზღვევა პირდაპირ კორელაციურ კავშირშია შინამეურნეობების შემოსავალთან. დაზღვევის გარეშე დარჩენილთა პროცენტული დონე იმ შინამეურნეობებში, რომელთა წლიური შემოსავალი 25,0 ათას დოლარზე ნაკლებია, თითქმის სამჯერ დაბალია იმათთან შედარებით, სადაც ასეთი შემოსავალი $75000-ზე მეტია.

დაზღვევის მოცვის მიხედვით უკუპროპორციული კავშირია ასეთი დაზღვევის სისტემის მიღმა დარჩენილთა, მათი განათლების დონესა და სამუშაოს ხანგრძლივობას შორის.

ამ მხრივ, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ღარიბებში. ამ კონტინგენტში არაღარიბებთან შედარებით მაღალია: სამედიცინო დაზღვევის გარეშე დარჩენილთა რაოდენობა – 2,4-ჯერ, მათ შორის, თეთრკანიანებში – 2,3-ჯერ, ზანგებში – 1,3-ჯერ, არამოქალაქეებში – 1,5-ჯერ.

რასობრივ-ეთნიკურ ჭრილში ყველაზე უკეთ უზრუნველყოფილი კატეგორია არაესპანურენოვანი თეთრკანიანები არიან. მათში ჯანმრთელობის დაზღვევის გარეშე დარჩენილია მოსახლეობის მხოლოდ 11,0 პროცენტი, მათ შორის, არაღარიბების – 9,6%, ღარიბების კი თითქმის სამჯერ მეტი – 28%.

ბავშვების სამედიცინო დაზღვევა გაცილებით მაღალია, ვიდრე საშუალოდ მთელ მოსახლეობაში. ამ კონტინგენტში საშუალოსთან შედარებით დაზღვევის გარეშე დარჩენილთა რაოდენობა 1,6 პროცენტული პუნქტით დაბალია, მათ შორის, ღარიბების მიხედვით -11,1 პროცენტული პუნქტით, ანუ 1,5-ჯერ.

სიღარიბე და ჯანმრთელობის დაზღვევა პირდაპირ მაღალ კორელაციურ კავშირშია ერთანეთთან. რაც უფრო მაღალია ყოველ კონკრეტულ შტატში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის რაოდენობა, მით უფრო მაღალია ამ შტატში დაზღვევის გარეშე მყოფი მოსახლეობის რაოდენობა, და პირიქით. ასეთი დაზღვევის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის ხვედრითი წილი მერყეობს 8,0 პროცენტიდან მინესოტაში 25,8 პროცენტამდე ნიუ-მექსიკოში. ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე (15,5%) მაღალი მაჩვენებელი აქვს 18 შტატს და კოლუმბიის ფედერალურ ოკრუგს; 32 შტატში ეს მაჩვენებელი საშუალო ქვეყნისმიერზე დაბალია.

ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო დაზღვევით მოცული მოსახლეობის ხვედრითი წილი ბოლო წლების განმავლობაში (1987-1999 წლებში) შემცირდა 2,6 პროცენტული პუნქტით, ხოლო ამ დაზღვევის მიღმა დარჩენილთა რიცხოვნობა გაიზარდა 11,5 მლნ. ადამიანამდე, ანუ 37,2 პროცენტით. განსაკუთრებით “შთამბეჭდავი” იყო ასეთი რიცხოვნობის ზრდა ესპანურენოვნებში – 5,0 მილიონით, ანუ 83,4%-ით.

მძლავრი ეკონომიკური ბაზა საშუალებას აძლევს ამერიკელებს, წარმატებით ებრძოლონ სიღარიბეს. სხვადასხვა დახმარების და საქველმოქმედო საქმიანობის გარდა ამ ქვეყანაში ფართოდაა გავრცელებული ისეთი სახის დახმარება, როგორიცაა, უფასო კვება. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ამერიკელების თითქმის 40% – 11,8 მლნ. ამერიკელი – რეგულარულად ღებულობს უფასო კვების ტალონებს (სულ ასეთ ტალონებს ღებულობს 18,7 მლნ. ამერიკელი, რომელთაგან 3/4-ის შემოსავალი არ აღემატება საარსებო მინიმუმის 125%-იან ზღვარს).

აღნიშნულ ფონზე კიდევ ერთი შთამბეჭდავი სტატისტიკა. აშშ-ის მოსახლეობა ყოველწლიურად თითქმის 3,5 მლნ. ადამიანით იზრდება, რომელთაგან თითქმის 1 მლნ. არალეგალური ემიგრანტია, ხოლო მოსახლეობის საერთო მატების თითქმის ნახევარი მექანიკური მატების, მიგრაციის ხარჯზე ყალიბდება…

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial