ქართველი და სომეხი ჟურნალისტების დიალოგი

რედაქციისაგან
20-23 ივნისს გუდაურში, სასტუმრო მარკო პოლო-ში ფედერიკ ებერტის ფონდის ეგიდით ჩატარდა სემინარი თემაზე – “პოლიტიკური განვითარება სამხრეთ კავკასიაში, სომხურ-ქართული ურთიერთობები და მათი გამოძახილი პრესაში”.
ამ სემინარზე სომეხმა და ქართველმა ჟურნალისტებმა სამხრეთ კავკასიაში არსებული მდგომარეობა განიხილეს და რეგიონში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს. სომხეთის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველო აზერბაიჯანს სტრატეგიულად პარტნიორს უწოდებს, სომხეთს კი – მხოლოდ პარტნიორ ქვეყანას. დიალოგის დროს მნიშვნელოვანი ადგილი ეკონომიკურმა თემებმა დაიკავა. სომხეთის პრესკლუბის წარმომადგენლების აზრით, საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულად გეგმავს ისეთი რეგიონალური პროექტების განხორციელებას, რომლებიც სომხეთის ინტერესებში არ შედის. ეს განსაკუთრებით თბილისი-ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტს ეხება. სომეხი ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ეს პროექტი გზას უკეტავს სომხეთს (და აცხადებენ, რომ სარკინიგზო კავშირი სომხეთთანაც შეიძლებოდა) და მხოლოდ აზერბაიჯანის ინტერესებს ითვალისწინებს, რადგან საქართველოს ამ რკინიგზის პროექტის განხორციელების შემდეგ აზერბაიჯანისა და თურქეთის წინაშე დიდი ვალდებულებები ექნება. სომხეთის ტელეკომპანია “შანტის” პოლიტიკურმა მიმომხილველმა არტემ ერკანიანმა განაცხადა, რომ მას ამ პროექტის განხორციელების რეალობაში ეჭვი ეპარება და განაცხადა, რომ ეს პროექტი უფრო მეტად დააზარალებს საქართველოს მეზობელ სომხეთს, ვიდრე ახეირებს საქართველოს. პრეტენზიები თითქმის ყველა რეგიონული პროექტის შესახებ გამოითქვა, თუმცა მათ სიაში ვერ მოხვდა ფოთის პორტის ტერიტორიაზე თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის პროექტი, რადგან ის სომეხი ჟურნალისტებისათვის სიახლეს წარმოადგენდა. თუმცა მათი ვარაუდით შესაძლებელია, ეს პროექტი სომხეთზე იყოს გათვლილი.
აქტიურად მიმდინარე დიალოგის დროს, სომეხმა და ქართველმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ორი ქვეყნის მედიას შორის არასაკმარისი ურთიერთობაა და მეზობელ ქვეყნებს ერთმანეთის შესახებ ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გააჩნიათ.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial