ნაბუკო, როგორც ეტყობა, არავის ჭირდება

რედაქციისაგან

როგორც რუსული კონცერნის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე მედვედევმა ტელეკომპანია “ვესტს” განუცხადა, გაზპრომი გაზსადენ ნაბუკოს პროექტში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს, მაგრამ მან შეთავაზება არ მიიღო. გაზსადენ ნაბუკოს მშენებლობის მთავარი მიზანია შუა აზიიდან და კასპიის ზღვის რეგიონიდან ცენტრალურ ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება. პროექტს ავსტრიული OMV, უნგრული MOL, თურქული Botas, ბულგარული Bulgargaz და რუმინული Transgaz კომპანიები ახორციელებენ.

“ჩვენ ჩვენი პროექტი გვაქვს, ნაბუკოს აქციონერებს კი თავისი”, განაცხადა მედვედევმა და საზოგადოებას შეახსენა, რომ გაზპრომი ევროპის ბაზრისთვის გაზის მისაწოდებლად, გერმანულ E.On-თან და BASF-თან ერთად, ბალტიის ზღვის ფსკერზე “ჩრდილოეთის ნაკადს”, ხოლო შავი ზღვის ფსკერზე, იტალიურ ENI-სთან ერთად “სამხრეთ ნაკადს” აშენებს.
3.3 ათასი კმ სიგრძის მაგისტრალურ ნავთობსადენ ნაბუკოს მშენებლობა აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ავსტრიის გავლით იგეგმება. თავდაპირველად მილსადენის ექსპლუატაციაში გაშვებას 2011 წელს გეგმავდნენ, თუმცა ვადამ 2013 წლისთვის გადაიწია. პროექტის ღირებულება 12 მლრდ. დოლარად არის შეფასებული, მისი მშენებლობის პირველი ფაზა 2010 წელს დაიწყება და მილსადენი, თურქეთსა და ავსტრიას შორის, 2 000 კმ სიგრძეზე გაიჭიმება. პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში აირი ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით შევა.
ევროპული ქვეყნების უმეტესობა ცალსახად თვლიდა, რომ “სამხრეთის ნაკადი” და “ჩრდილოეთის ნაკადი” ევროპას რუსულ გაზზე უფრო მეტად დამოკიდებულს გახდიდა. ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი მირეკ ტოპოლანეკი ახლო წარსულში ირივე პროექტს ნაბუკოს საფრთხედ ასახელებდა. ევროსაბჭოს თავმჯდომარე ხოსე მანუელ ბაროსო აცხადებდა, რომ ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო მხარს უჭერს ნაბუკოს მილსადენის მშენებლობის პროექტს, თუმცა არც “ჩრდილოეთისა” და “სამხრეთის” ნაკადების წინააღმდეგია.
ნაბუკოს ავტორების აზრით, პროექტი წარმატებული იქნება “სამხრეთ ნაკადთან” ერთად (პროექტები ერთმანეთის კონკურენტებად მიიჩნევიან), რადგან ევროპის მხრიდან გაზზე მოთხოვნის ზრდაა მოსალოდნელი, კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში კი საკმარისი მარაგებია.
ამავე აზრს გამოთქვამენ გაზპრომის წარმომადგენლებიც.
შეთანხმდებიან თუ არა მედვედევი და ბერდიმუხამედოვი ახალი გაზსადენის მშენებლობაზე
24 მარტს მოსკოვს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგულ ბერდიმუხამედოვი ეწვია. მან მოლაპარაკებები რუს კოლეგასთან, დიმიტრი მედვედევთან გამართა. მოლაპარაკებების მთავარი მიზანი რუსეთის ფედერაციასა და თურქმენეთს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება იყო. თუმცა ამ საკითხზე მხარეებმა შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს; არც არის გასაკვრი, რადგან რუსეთის წარმომადგენლები შეხვედრის დაწყების წინ აცხადებდნენ, რომ ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის 50 პროცენტიანი შანსი იყო.
სამაგიეროდ მათთვის მოლაპარაკებების უფრო დიდი შანსი მეორე საკითხთან – ახალი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით არსებობს, რომელიც თურქმენეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ გაზის საბადოებს კასპიის გაზსადენს დაუკავშირებს. ამ თემაზე აქტიური მოლაპარაკებები დაწყებულია.
როგორც შეხვედრას რუსული საინფორმაციო საშუალებები ეხმიანებიან, სავიზო რეჟიმის საკითხის გადაწყვეტა სულაც არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი გადასაჭრელი საკითხი მოსკოვსა და აშხაბადს შორის მაშინ, როცა დასავლეთმა ალტერნატიული გაზსადენების მშენებლობასთან დაკავშირებით უფრო გაააქტიურა მუშაობა. ეს განსაკუთრებით “ნაბუკოს” პროექტს ეხება, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით აზიურ გაზსს ევროპას მიაწვდის. ამის ფონზე გააქტიურდა რუსეთიც, რომელიც ცდილობს თურქმენეთი უფრო ინტენსიურად ჩართოს კასპიის გაზსადენის პროექტის განხორციელების საქმეში, რომლის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი 2007 წელს ყაზახეთმა, თურქმენეთმა და რუსეთმა მოაწერეს, და რომლის მშენებლობაც მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს.
ტრანსთურქმენული გაზსადენის სიგრძე, რომელიც თურქმენული გაზის საბადოებს კასპიისას დაუკავშირებს 600 კმ იქნება. ეს დამატებითი რესურსია რუსეთის ამბიციური გეგმის განსახორციელბლად, რომელიც საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტის წარმართვას უკავშირდება. მისი მშენებლობა, წინასწარი გათვლებით, “გაზპრომს” 1,2-1,5 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდება.

თურქმენეთში გაზის მოცულობა ყველასათვის სურპრიზი აღმოჩნდა
საერთაშორისო ბრიტანულმა აუდიტორულმა ფირმა Gaffney, Cline & Associates (GCA)-მა, გამოაქვეყნა მონაცემები თურქმენული გაზის საბადოების მარაგების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი თურქმენული საბადოს მარაგები უდიდესი რუსული საბადოების გაზის მოცულობას უტოლდება. კვლევის შედეგების მიხედვით, თურქმენეთს შეუძლია გაზი “ნაბუკოს” პროექტისათვის გამოყოს. როგორც შემფასებელი კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ შემოწმება საერთაშიორისო სტანდარტების მიხედვით აწარმოეს და ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ თურქმენეთის გაზის მარაგი საკმარისია მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი საჯარო ინფორმაცია თურქმენეთის გაზის მარაგების შესახებ. მსგავსი აუდიტორული შემოწმება თურქმენეთში 2004 წელსაც ჩატარდა, თუმცა მისი შედეგები მაშინ საჯაროდ არ გამოცხადებულა. 2006 წელს თურქმენეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, სამარმურატ ნიაზოვმა, განაცხადა, რომ რეზერვები 7 ტრილიონ კუბმეტრ გაზს შეადგენდა. სულ ახლახანს ჩატარებულმა აუდიტორულმა შემოწმებამ კი ეს ციფრი დაადასტურა. მაშინ თურქმენეთის წარმომადგენლები იმასაც აღნიშნავდნენ, რომ თურქმენეთს გაზის მარაგები კიდევ 250 წელს ეყოფა იმისათვის, რომ ყოველწლიურად 150 მილიარდი კუბმეტრი გაზის ექსპორტი მოახდინოს. საერთაშორისო ბაზრის ბევრი მონაწილე და, განსაკუთრებით, კი “გაზპრომის” წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ეს იყო გაზვიადებული ციფრები და თურქმენეთის ხელისუფალთა გამოსვლებს ცინიკურად აფასებდნენ.
ამ ციფრების არარეალურობას ფაქტობრივად ბოლო წლების სტატისიკური მონაცემებიც ადასტურებდნენ. ბოლო წლების განმავლობაში თურქმენეთში გაზის მოპოვების ყოველწლიური მაჩვენებელი არ გაზრდილა და წელიწადში 66-68 მილიარდ კუბმეტრ ბუნებრივ აირს შეადგენს. ამავე დროს, ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად “ყიდდნენ” გაზის უფრო მეტ მოცულობას.
თურქმენეთს “გაზპრომთან” შეთანხმება აქვს, რომლის მიხედვითაც გაზპრომმა 2028 წლის ჩათვლით, თურქმენეთისგან ყოველწლიურად 70-90 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა იყიდოს, ჩინეთს კი გაზის შესყიდვა უნდა დაწეყო 2009 წელს და 2013-2038 წლებში თურქმენეთისაგან წელიწადში 40 მილიარდი კუბმეტრი ბუნებრივი აირი უნდა მიეღო.
გამოდის, რომ თურქმენეთი ერთსა და იმავე გაზს ჩინეთსაც მიყიდის და რუსეთსაც. ცხადია, ამ ციფრების გათვალისწინებით, “გაზპრომისა” და სხვა კომპანიების ცინიზმი ლოგიკას მოკლებული არ იქნებოდა, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის შეფასებით, თურქმენეთი გაზის ერთერთი ყველაზე მსხვილი მარაგების მფლობელია მსოფლიოში. გაზის საერთო მარაგი, რომლის შესახებაც ნიაზოვი წლების წინ საუბრობდა თურქმენეთში 37,5 ტრილიონი კუბმეტრია, რუსეთიში კი – 47 ტრილიონი.
GCA-ს კვლევის მიხედვითმსოფლიოში მოცულობით 4-5-ე არის მაშინ, როცა “გაზპრომის” საკუთრებაში არსებული ბოვანენკოვსკის საბადოს მარაგი – 4 ტრილიონი კუბმეტრი გაზია, შტოკმანოვსკის – 3,7 ტრილიონი, თურქმენული საბადო 7 ტრილიონიან მოცულობას ფლობს. 90-იანი წლების დასაწყისში საბადოზე მუშაობა არგენტინულმა Bრედას-მა დაიწყო. მაშინ მათი მარაგი 800 მილიარდი კუბმეტრით შეფასდა, მაგრამ პრეზიდენტ ნიაზოვთან კონფლიქტის გამო, არგენტინელებმა თურქმენეთი დატოვეს.
2006 წელს გაზპრომის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ამ საბადოზე გაზი რთულად მოსაპოვებელი იყო და ამასთანავე გოგრიდის მაღალი შემცველობით ხასიათდებოდა. აუდიტორული ფირმის დასკვნის შემდეგ “გაზპრომის” წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ შეიცვალეს თუ არა მათ აზრი საბადოზე და დაინტერესდნენ თუ არა მისით და ენდობიან თუ არა GCA-ის დასკვნას. ეს კომპანია აუდიტორულ სფეროში უკვე 40 წელია მიოღვაწეობს და საერთაშორისო მასშტაბებით კარგი რეპუტაციით საეგებლობს. 25 მარტს, “გაზპრომის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ “თურქმენგაზთან” გაფორმებული ხელშეკრულება ინვესტიციების თაობაზე საბადოს არ ეხება.
რაც შეეხება ახალი აღმოჩენის მნიშვნელობას, ექსპერტები თვლიან, რომ ყველაზე კარგი სიახლეა ევროკავშირისათვის, რომელიც უკვე დიდი ხანია ეძებს ალტერნატიულ ენერგოწყაროებს, რუსეთის გვერდის ავლით. ამ მარაგებით კი თურქმენეთი არა მარტო რუსეთისა და ჩინეთის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას შეძლებს, არამედ ევროპის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასაც.

რა შეიძლება გახდეს რუსეთსა და ევროკავშირ-უკრაინას შორის დაპირისპირების ახალი მიზეზი?

უკანსაკნელი ერთი თვის განმავლობაში, რუსეთი ინიციატივით გამოდის საერთაშორისო გაზის ტრანსპორტირების კომპანია შეიქმნას, რომელიც არენდით აიღებს გაზის ტრანსპორტირების უკრაინული კომპანია “უკრაინას”.
რუსეთ-უკრაინის ენერგეტიკული დაპირისპირების შემდეგ ყველასათვის ნათელი იყო, რომ ამ ამბავს გაგრძელება აუცილებლად მოყვებოდა. ევროკავშირი ყველანაირად ცდილობს უკრაინის ევროპულ ენერგოსისტემასთან უფრო ღრმა ინტეგრაცია მოახდინოს და უკრაინული საერთოევროპული სისტემის წევრი გახადოს.
თუმცა მოვლენათა ასეთი განვითარება რუსეთს არ აწყობს. როგორც რუსეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რამდენიმე წლის წინ რუსეთმა, უკრაინამ და გერმანიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, საერთაშორისო კონსორციუმის შექმნის შესახებ რუსული, ევროპული და უკრაინული კომპანიებისაგან, რომელიც არენდით აიღებდა უკრაინის მართვასაც. “ეს არ იყო ცუდი პროექტი და შეიძლება მას დავუბრუნდეთ” – მიიჩნევს პუტინი. თუმცა ბრიუსელსა და უკრაინაში პუტინის იდეა აღარ მოსწონთ.
უკრაინის პრემიერმინისტრი იულია ტიმოშენკო მეორე დღესვე გამოეხმაურა პუტინის ამ ინიციატივას და განაცხადა, რომ ახლა ამაზე აღარ შეიძლება იყოს ლაპარაკი და დაამატა, რომ კონსულტაციებს მართავს და ამ თემასთან დაკავშირებით, იაპონიის პრემიერმინისტრს შეხვდება, რომელთანაც უკრაინაის რეკონსტრუქციისათვის იაპონიის შესაძლო ინვესტიციის საკითხს განიხილავს. რუსი პოლიტიკოსები კი იმას იხსენებენ, თუ როგორ განაცხადა ტიმოშენკომ ზამთარში თანხმობა მსგავსი საერთაშორისო გაზის სატრანსპორტო კომპანიაში რუსეთის მონაწილეობაზე. თუმა ახლა მას ეს დაპირება აღარ ახსოვს. ასე რომ, საერთაშორისო გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მშენებლობის თემა შეიძლება ახალი დაპირისპირების საბაბი გახდეს ევროკავშირ-უკრაინასა და რუსეთს შორის.
რაც შეეხება გაზის ფასს – “გაზპრომის” წარმომადგენელმა 23 მარტს ბრიუსელის სამიტზე განაცხადა, რომ 2009 წლის II კვარტალში გაზის ფასი უკრაინისათვის, 1000 კუბმეტრ ბუნებრივ აირზე 280 აშშ დოლარი იქნება. ეს 60 დოლარით ნაკლები ფასია წინა კვარტალთან შედარებით. უკრაინამ, 2009 წლის განმავლობაში უნდა გადაიხადოს 33 მილიარდი კუბმეტრი იმპორტირებული გაზის საფასური. I კვარტალში უკრაინამ დაგეგმილთან შედარებით, 2,5 მილიარდი კუბომეტრი აირით ნაკლები მოიხმარა. Mმოქმედი კონტრაქტის თანახმად, რომელიც “გაზპრომსა” და “ნაფტოგაზს” შორის 19 იანვარს დაიდო, 2009 წელს უკრაინა რუსეთისაგან გაზს საბაზრო ფასთან შედარებით 20-%-იანი ფასდაკლებით იყიდის. 2010 წლიდან ეს საშეღავათო პირობები გაუქმდება.
როგორც “გაზპრომის” წარმომადგენლები აცხადებენ, ცისფერ საწვავზე მოთხოვნა შემცირებულია ევროპაშიც 15%-ით, რაც ძირითადად გაზზე ფასების მერყეობისა და მსოფლიო გლობალური ფინანსური კრიზისის ზეგავლენის შედეგია.
ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაკადების
განხორციელება გეგმით მიმდინარეობს
“მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, “ჩრდილოეთ ნაკადისა” და “სამხრეთ ნაკადის” განხორციელება შეუფერხებლად მიმდინარეობს” – განაცხადა რუსეთის ვიცე პრემიერმა იგორ სეჩინმა. მისი თქმით, ეკოლოგიური საკითხების შესწავლა და კონსულტაციები მიმდინარეობს პროექტის მონაწილე სახელმწიფოებთან. ბევრი დეტალი უკვე დაზუსტებული და ხელმოწერილია. სიჩოვი ასევე აცხადებს, რომ რუსეთი კარგად აცნობიერებს, მისი, როგორც მთავარი ენეგრომიმწოდებლის პასუხისმგებლობას მსოფლიოსა და მომხმარებლის წინაშე და შეეცდება ყველა ვალდებულებას თავი სათანადოდ გაართვას.
სააგენტო “რეგნიმის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩრდილოეთის ნაკადის” მშენებლობა “გაზპრომსა” და გერმანული სამშენებლო მასალების მწარმოებელ კონცერნ “BASF”-თან ერთად მიმდინარეობს. იგი გაზს, ბალტიის ზღვის გავლით, რუსეთიდან გერმანიაში “ჩაიტანს”.
რაც შეეხება “სამხრეთ ნაკადს” – ნოვოროსისკის გაზის საბადოებს ბულგარეთის პორტ “ვარნასთან” დააკავშირებს. შემდეგ მისი ორი განშტოება ბალკანეთის ნახევარკუნძულით იტალიასა და ავსტრიას დაუკავშიდება. პროექტის მშენებლობა გეგმით 2013 წელს უნდა დაიწყოს. მისი წყალქვეშა სიგრძე 900 კმ იქნება. აღნიშნული ენერგოწყარო 50-50%-იანი რუსულ “გაზპრომსა” და იტალიურ “Eni”-სწილით თანაბრად ეკუთვნით.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial