პარაფირების ეკონომიკური ლაბირინთები

გუგა ბერძენიშვილი
გიორგი ხიდეშელი

მრავალი წელია, რაც საქართველო ცდილობს ევროპული საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გახდეს და მის ევროატლანტიკურ კურსს ურყევად ინარჩუნებს, რაც არა ერთხელ არის აღიარებული ევროპელი პოლიტიკოსებისაგან, რომლებიც, თავის მხრივ, მიესალმებიან ჩვენს სურვილს _ ჩამოვაყალიბოთ ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო. სამართლიანი იქნება, თუ ვილნიუსის სამიტს მორიგ ევროპულ გამოწვევად შევაფასებთ, რომელსაც საქართველომ, საბედნიეროდ, წარმატებულად გაართვა თავი და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

მიუხედავად იმისა, რომ პარაფირების ხელშეკრულებში ყურადღება გამახვილებულია საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვან მიმართულებებზე, იქნება ეს პოლიტიკური თუ სოციალური საკითხები, მართებულად მივიჩნევთ, განვიხილოთ და აღვწეროთ ის ეკონომიკური პერსპექტივები, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შედეგად მიღწეულ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას მოჰყვება.

ასოცირების ხელშეკრულებაზე ბევრს საუბრობენ. ქართული პოზიციაც და ოპოზიციაც ერთხმად აცხადებს, რომ ეს შეთანხმება მნიშვნელოვნად წაადგება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, თუმცა, იმისათვის, რომ საზოგადოების გადამეტებული მოლოდინები და წარმოდგენები თავიდან ავიცილოთ, უპრიანი იქნება თუ ზოგადად განვიხილავთ ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის ზონის კონცეფციას.

დღესდღეობით, ევროკავშირის თავისუფალ სავაჭრო ზონას მისი წევრი ქვეყნები თავიანთი ეკონომიკური განვითარების მხრივ მეტად ეფექტურად იყენებენ, რაც შემდეგ პრივილეგიებში გამოიხატება: საგარეო სავაჭრო, საბაჟო სატარიფო, ფისკალური (შემცირებული გადასახადები), საფინანსო, ადმინისტრაციული შეღავათები და სხვა. ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, შემდეგ ოპერაციებს გულისხმობს: საბაჟო გადასახადების შემცირება, ექსპორტ-იმპორტზე დღგ-ის შეღავათიანი სისტემის დაწესება, სავიზო სისტემის გამარტივება და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფალ სავაჭრო ზონაში გაწევრიანებული ქვეყნები საერთო წესებითა და რეგულაციებით ხელმძღვანელობენ, რაც სახელმწიფოს ეკონომიკური წინსვლის განმაპირობებელი ფაქტორია. საკმარისია ერთ-ერთი პოსტკომუნისტური ქვეყნის, პოლონეთის მაგალითი განვიხილოთ, რომ თვალნათლივ დავინახოთ მისი ტრანსფორმაცია. იგი სოციალისტური ბანაკის დაშლის შემდეგ გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდა, თუმცა, სერიოზულ ფინანსურ წარმატებას ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ მიაღწია. კერძოდ, 2006 წელს მისმა ბიუჯეტმა 6.2%-იან ზრდას მიაღწია, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირამდელი 1.4%-იანი ნამატისგან (2002 წელი). ეს კონკრეტული შემთხვევა კი დასტურია იმისა, თუ რაოდენ დიდი ზეგავლენა აქვს თავისუფალ სავაჭრო ზონას ქვეყნის შიდა ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.

მართალია, ასოცირების ხელშეკრულება უკვე პარაფირებულია, თუმცა ებრაული ანდაზის მიხედვით: ”ოცნება ფუნთუშაზე არ არის ფუნთუშა”, აქედან გამომდინარე საქართველოს კვლავ მრავალი დაბრკოლების გადალახვა მოუწევს, სანამ რეალურ ცვლილებებს იგრძნობს. ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილის, თავისუფალი სავაჭრო ზონის უპირატესობებზე წინა აბზაცში გავამახვილეთ ყურადღება. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ხელშეკრულება ცალმხრივია და მეორე მხარეს არ მოუწევს გარკვეული პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება. სანამ ჩვენი ქვეყნის ვალდებულებებს განვიხილავთ, საჭიროდ მივიჩნევთ, ჩამოვთვალოთ ის დადებითი ფაქტორები, რომლებიც უშუალოდ საქართველოს შეიძლება შეეხოს, მაგალითად: მოსალოდნელი ინვესტიციები სხვადასხვა სფეროებში, ნახევარ მილიარდიან ბაზარზე ხელმისაწვდომობა, ნაწარმისა და სერვისების ექსპორტი, წარმოების განვითარება, მოდერნიზაცია და სხვა. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს ეკონომიკურ აღმავლობას, რაც, თვის მხრივ, აისახება ქვეყნის ბიუჯეტსა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ევროკავშირის გათვლებით, ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს ექსპორტი გაიზრდება 12%, ხოლო იმპორტი 7.5%-ით. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზრდება 4.3%-ით, რაც ფულადი სახით საახლოებით 292 მილიონ ევროს შეადგენს.

ამავდროულად, სამიტის საბოლოო დეკლარაციაში, ევროკავშირი ”აღმოსავლეთის პარტნიორობის” ქვეყნებს სთავაზობს სამხრეთის გაზის დერეფნის მშენებლობის გაგრძელებას, უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემის მოდერნიზაციას და ერთიანი ენერგეტიკული ბაზრის ფორმირებას. ვილნიუსის შეხვედრამ საქართველოსთვის პირდაპირი ეკონომიკური სარგებელიც მოიტანა. კერძოდ, დოკუმენტში პირდაპირაა მითითებული ”სამხრეთკავკასიური გაზსადენის” (ბაქო-თბილისი-ერზერუმი) მოდერნიზაციის და ”ტრანსადრიატიკული გაზსადენების” აგების აუცილებლობაზე. ეს კი საქართველოს ენერგეტიკაში მილიონობით ევროს ღირებულების დამატებითი ინვესტიციებია.

ზემოთ ნახსენები ფინანსური სარგებლის მისაღებად და მეტად კონკურენტუნარიან ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად, საქართველოს მოუწევს მთელი რიგი ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, ჩვენს ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს სანიტარულ, ფიტოსანიტარულ, ტექნიკურ და მარკეტინგულ სტანდარტებს, რომლებიც ევროკავშირის მიერაა დაწესებული. ეს კრიტერიუმები კი, თავის მხრივ, მოიცავს: საკვების უსაფრთხოებას, პროდუქციის შეფუთვასა და დახარისხებას, ტექნიკურ და ეკოლოგიურ სტანდარტიზაციას, სრულ ინფორმაციას მწარმოებლისა და მიმწოდებლის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რეგულაცია მაქსიმალურად ითვალისწინებს თავისუფალი სავაჭრო ზონის ინტერესებს, საჭიროა სწორად განვსაზღვროთ საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური პოტენციალი და თვალი გავუსწოროთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს გაუჭირდება დააკმაყოფილოს ევროპის მიერ წამოყენებული პირობები, რაც განპირობებულია შემდეგი გარემოებებით. მაგალითად, არასტაბილური ეკონომიკური გარემო, მაღალხარისხიანი წარმოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობა, ნაკლებად განვითარებული საექსპორტო წარმოება, შესაფერისი გამოცდილების არ ქონა და სხვა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილი პრობლემები მოგვარებადია და საქართველოს მხრიდან ევროპულ ბაზარზე უარის თქმა, განვითარებადი ქვეყნის სტატუსიდან გამომდინარე, წამგებიანი იქნება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ასოცირების ხელშეკრულება გრძელვადიანი პროექტია, შესაბმისად, ქართული საწარმოო პოტენციალის ევროპულ სტანდარტებთან ადაპტირებას 7-10 წელი დასჭირდება: „ჩვენ თუ ეს თამასა დღეს არ ავწიეთ, დავრჩებით იმ დონეზე რომელზეც ვართ”, _ განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.
ვილნიუსის სამიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო თავის არჩეულ კურსს არ ღალატობს და ევროკავშირთან ურთიერთობა შედარებით მაღალ საფეხურზე ავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ექსპერტი და მათ შორის, რუსეთის _ ს. შარაპოვის სახელობის ეკონომიკური საზოგადოების ხელმძღვანელი ვალენტინ კატასონოვი _ ვილნიუსის სამიტის შედეგებს კრიტიკულად აფასებს და აცხადებს, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ეკონომიკურ იმპულსს ვერ მიიღებს, მან უგულვებელყო ყველა ეს შეხედულება, საქართველომ უკრაინის ბედი არ გაიზიარა და გააკეთა გონივრული არჩევანი ევროკავშირისა და რუსეთის ბაზრებს შორის. მათი ერთმანეთთან შედარებით კი აღმოჩნდა, რომ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ზონის ქვეყნების ერთიანი ეკონომიკა შეადგენს 12.9 ტრილიონ ევროს, მაშინ როდესაც რუსული საბაჟო კავშირის ეკონომიკა 1.4 ტრილიონი ევროა, ამ განსხვავებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველომ უკრაინისგან განსხვავებით რაციონალური გადაწყვეტილება მიიღო და მისი ეკონომიკური განვითარება ევროპულ მომავალს დაუკავშირა.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. http://rusenergy.com/ru/news/news.php?id=71422
2. http://osradio.ru/osoboe/66223-osoboe.html
3. http://thecentreground.com/ukraine-like-knight-crossroads/
4. http://europa.eu/rapid/press-release_MEMO-13-1078_en.htm

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial