ცვლილებები საბირჟო ანალიზის თეორიაში და ხარების პერმანენტული ტრენდი

ემზარ ჯგერენაია

საქართველოში ხარს ოდითგანვე უმღეროდნენ და პატივს სცემდნენ, მეგობრად და დამხმარედ მიიჩნევდნენ. ამ თვეში სამყაროს ჩემი წიგნი – “პოლიტ-ეკონომიკური სატირა-2” მოევლინა. გარეკანზე, ჩემი ჭკუით ყველა ეკონომისტისათვის კარგად ნაცნობი შარჟი – ხარისა და დათვის დაძმობილების სურათი განვათავსე! ჰოდა, დაიწყო… ყველა მეკითხებოდა, რატომ გააკეთე, რა შუაშია დათვი და საერთოდ, ცხოველებიო. ზოგი ქართულ მითოსში ხარის როლსაც კი გადასწვდა.

ასეთი გაუცხოება გამიკვირდა, მაგრამ მერე მივხდი! მივხდი, რომ საქართველოს ეკონომიკა დათვის ტრენდს არ იცნობს, განსაკუთრებით ახლა და განსაკუთრებით ფასწარმოქმნაში სულ ხარის ტრედნია! გამიჩნდა იდეა – ქართულ ბაზარზე ხარის ტრენდისა და ინფლაციის საკითხი ფასწარმოქმნის მაგალითზე გამეანალიზებინა. როგორ? აი, მაგალითად:
მსოფლიო გლობალური კლიმატის ცვლილებებთან ერთად, როდესაც დედამიწაზე ტემპერატურა კატასტროფულად ეცემა, მსოფლიო ბაზარზეც ეცემა ფასები და სამყაროს დეფლაციის საშიშროება ემუქრება. საქართველოში კი – ინფლაციის გველეშაპი დაბორიალობს. ყველაგან ყველაფერი იაფდება, ფულიც კი თითქმის უფასოდაა, მხოლოდ საქართველოში ძვირდება და ინფლაცია ლაღობს. 2009 წელს გაიზარდა საბანკო მომსახურების პროცენტი, ისევე, როგორც საკრედიტო პროცენტი და მომსახურების ხარჯები. უფრო მეტსაც გეტყვით: “რესპუბლიკა ბანკმა” სხვა ყველაფერთან ერთად ინდივიდუალური სეიფების მომსახურება 25 ლარიდან თვეში 30 ლარამდე გაზარდა, ანუ ზუსტად 20%-ით. დახლოებით ასეთივე ზრდა აქვს საბანკო მომსახურების სხვა პროდუქტებს და ხშირ შემთხვევაში, ეს ზრდა შეფარულიცაა. შეფარული როგორო, გაგეცინებათ თქვენ და სულ ტყუილად – აგერ, ყველა ბანკს გააჩნია თავისი სადაზღვევო კომპანია. მიუხედავად იმისა, რომ რისკ-მენეჯმენტში ამ კრიზისის გამო ბევრი ხარვეზი უნდა აღმოფხვრილიყო, ეს მაინც დარჩა. რატომ? – იმიტომ, რომ პრობლემური სესხების რესტრუქტურიზაციის დროს საკუთარ კომპანიებში ხელახლა ხდება ყველაფრის დაზღვევა, რის შედეგადაც სადაზღვევო შემოსავალი იზრდება. სწორედ ასევე იზრდება ურჩგადამხდელთა საერთო რაოდენობა. ციფრმა უკვე მეოთხედ მილიონს გადააჭარბა. ცოდვა-მადლი ტრიალებს. დღეს, ყველაზე მაგარი და ამავე დროს საშინელიც, სააღმსრულებლო ბიზნესია. იქ მომხდარი ბართლომეს ღამეს გვაგონებს! საშველი არ სჩანს. იზრდება ფასები რესტორნებში: ქართული ღორის მწვადის ფასმა 14-15 ლარს მიაღწია, ინდურისა კი 9 ლარი დარჩა. ვარდება მწვადის მოცულობა. იგი 400 გრამიდან საუკეთესო შემთხვევაში 250 გრ-მდე შემცირდა. ამასწინათ ჩემი მეგობარი მეუბნებოდა: კაცო, ერთ მწვადს რომ ვჭამდი (ერთ შამფურს) სრულიად საკმარისი იყო, ახლა მშიერი ვრჩები და ამის გამო ორს ვუკვეთავო. ასევე, საზკვებაში ინდური ხორცის მოხმარება გაიზარდა და გმირულად გამოაძევა ქართული სამამულო ნაწარმი. რაც შეეხება სულგუნს, მისი უმრავლესობა ფხვნილისგან კეთდება და ამიტომაც არის ვითომ რძიანი, სინამდვილეში კი წყალწყალაა. თუმცა, ფასი მასზეც გაიზარდა, რომ არაფერი ვთქვათ ბენზინსა და სამშენებლო მასალებზე. მყარ პოზიციებს ინარჩუნებს გაზი, ელექტროენერგია და წყალი. მსოფლიო ბაზარზე აღნიშნულ პროდუქტებზე ფასების ვარდნის მიუხედავად, საქართველოში გაზის ფასი ჯიუტად არ ჩამოდის 80 თეთრიანი კვარცხლბეკიდან. მოეწონა ალბათ. არადა, ამბობენ, ეს საცოდავი ყაზტრანს… და კიდევ რაღაც გაზი ზარალიანიაო!!! გაგიჟდები კაცი, აბა სად მიდის ეს სუპერმოგება? იგივე უნდა ითქვას ელექტროენერგიაზე, მობილურის ტარიფსა და წამლებზე. ქალაქის ტელეფონის ტარიფები რეკორდებს ხსნის, ლამისაა მობილურისას გადააჭარბოს. იგივე მდგომარეობაა სკოლებისა და უნივერსიტეტების გადასახადების საკითხშიც. არაფერს ვამბობ იმაზე, თუ როგორ იზრდება ხილის ფასები სუპერმარკეტებში.
იზრდება ცნობილი და ყველა ოჯახისთვის ახლობელი უმუშევრობა. ერთი სიტყვით, მსოფლიოში მიმნარე პროცესები საქართველოში უკუღმა ვითარდება. აი, ესაა ქართველების ეროვნული თავისებურება. ამიტომ ბევრი მკვლევარი და ექსპერტი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ამტკიცებს, რომ საქართველოს ეკონომიკა ზოგადსაკაცობრიო ეკონომიკურ კანონებს არ ემორჩილება. მას თავის დროზე არც სმიტის, მარქსისა და კეინსის სჯეროდა. ბუნებრივიცაა, მონეტარისტებმა ხომ ზღართანი მოადინეს. საქართველოში ფასწარმოქმნის უნიკალური სისტემაა, სახელად – აქაური წესი. აქ არც მოთხოვნა-მიწოდება აინტერესებთ და არც ელასტიურობა. აგერ, მთელი საზოგადოება თავს იმტვრევს – ბნელ ოთახში კატას ეძებენ, ან პირიქით, გაჩახჩახებულში პანტერას და სვამენ კითხვას: არსებობს ამ ქართულ ბაზარზე მონოპოლისტი? სულ მონოპოლისტები არ არიან? ნებისმიერს ჰკითხეთ, ვთქვათ, ვისია შაქრის, საწვავის ბიზნესი, ან საერთოდ, სამომხმარებლო კალათის პირველი ოცეული და ამ ბიზნესებში დასაქმებულთა ვინაობის მიწერა უდრის სუპერ-მონოპოლისტთა სიის შედგენას. მერე რა? არაფერი. ისე, უბრალოდ, რეიტინგები და სიები გულს ახარებს. საქართველოში ჯერ არ დამდგარა ეკონომიკური კანონების მოქმედების დრო. ხოდა, ძალიანაც კარგი! სულ არ არის საჭირო! რაც დასავლეთს სჭირს სწორედ თავისუფალი ბაზრის ბრალია. მაგან გადარია ქვეყანა, მოიტანა ქათმის გრიპი, აბორტის თავისუფლება და კრიზისი. საქართველოში ელექტროენერგიის, ტელეფონისა და საწვავის ფასები ერთხელ დავადგინეთ და აი, უკვე რამდენი წელია ვაჟკაცურად და მედგრად დგას. აბა, ის არის კარგი, მთელი მსოფლიო ბლუმბერგისა და როიტერის მონიტორებს რომ მისჩერებია და დღე და ღამე გულაკანკალებულები ადევნებენ თვალ-ყურს კურსების ცვლილებებს? მათ არც ჭამა ახსოვთ და არც სესხი. ამიტომ მოხდა მსოფლიო კრიზისი და იკლო მოხმარებამ. ყველაფერს სიმარტივე და სიმყარე სჭირდება. არაა საჭირო ეს ეკონომიკური კანონები და თეორიები. ისედაც გვეყოფა სხვა კანონები. აი, ამიტომ ვართ მსოფლიოში პირველები მაღალი ფასების მხრივ ამ გაგანია კრიზისში და დეფლაციის პირობებში. მერე დაიწყებენ: ხარის ტრენდიო, დათვის ტრენდიო… არ გვაინტერესებს!!! ჩვენთან პერმანენტულად ხარის ტრენდია, ბირჟაზე თუ არა, ფასებში მაინც. ვეთაყვანებით ხარებს და საერთოდ… აქაური წესია! საქმეს და პოლიტიკას როგორც დასჭირდება, ფასებიც ისეთი გვექნება. რა ჰქვია ასეთ ეკონომიკას? – აქაური!