გენდერული უთანასწორობა ეკონომიკური რეცესიის რეალური მიზეზი ნაპოვნია

მაკა ღანიაშვილი

მიმდინარე გლობალური ფინანსური კრიზისის გამომწვევ მიზეზებს, მათ შორის, კომპანიების მართვაში დაშვებულ შეცდომებს ბევრი კვლევითი ინსტიტუტი სწავლობს. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საერთაშორისო კორპორაციების წარმატების 35% მენეჯმენტში პასუხსაგებ თანამდებობებზე დანიშნულ ქალთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგია. აღმოჩნდა, რომ ქალები ორიენტირებული არიან და ემხრობიან გრძელვადიანი ინვესტირების პროგრამების განხორციელებას, რაც, რა თქმა უნდა, გარკვეულ რისკებს შეიცავს. თუმცა, გრძელვადიან კაპიტალდაბანდებებს მყარი მოგების მოტანა შეუძლია.

ახალი არც ის არის, რომ საერთო ტენდენციით ქალ ხელმძღვანელთა რაოდენობა ძალიან დაბალია სახელმწიფო თუ კერძო სექტორში. იქნებ, ეს არის ფინანსური რეცესიის გამწვავების ერთ-ერთი მიზეზი?! იქნებ, ქალ ხელმძღვანელებს მსოფლიო ეკონომიკა ასე ღრმა რეცესიამდე არ მიეყვანათ?! ეს ისე, ნახევრად ხუმრობით. თუმცა, მხოლოდ “ნახევრად” – სიმართლის მარცვალი რომ ამ განცხადებაშიც არის, ამას მოწმობს თუნდაც ერთი ქვეყნის, ნორვეგიის გამოცდილება. ნორვეგიაში ქალური კვოტები” კანონმდებლობითაა გამყარებული და იმ 500 კომპანიაში, რომელთაც ფასიანი ქაღალდები ბირჟაზე აქვთ გატანილი, ხელმძღვანელთა 40%-ს სწორედ ქალები შეადგენენ. საინტერესო ის ფაქტია, რომ ურთულესი ეკონომიკური პირობების მიუხედავად, დღემდე არც ერთი ეს კომპანია არ გაკოტრებულა.
ლბათ, ამ სტატისტიკური მონაცემების დამსახურებაა ის, რომ გერმანულმა სატელეკომუნიკაციო გიგანტმაDeutsche Telekom-მა მიზნად დაისახა 2015 წლისთვის ყველა განყოფილების ტოპ-მენეჯმენტში ქალების წილი 30%-მდე გაზარდოს. თუმცა სხვა მსოფლიო კორპორაციები არ ჩქარობენ იგივე პრაქტიკის გაზიარებას. არსებობს თეორია, რომ ქალები და მამაკაცები, რომლებიც ერთნაირად მუშაობენ, თანაბარ კარიერულ სიმაღლეებს აღწევენ. მეორე მოსაზრების თანახმად კი, ქალებს მამაკაცებზე უკეთ მუშაობა უწევთ, რათა წამყვანი პოზიციების დაკავების შანსები მოიპოვონ. შპიეგელ-ის შეფასებით, მეორე თეორია რეალობასთან უფრო ახლოსაა და ამის მაგალითად გაზეთს გერმანიის შემთხვევა მოჰყავს: მართალია, გერმანიაში ქალები ხშირად უფრო პროფესიონალები არიან, ვიდრე მამაკაცები, მაგრამ კომპანიების უმრავლესობაში ისინი მაინც აუტსაიდერებად გამოიყურებიან – თანაც იმდენად, რომ თითქოს ფემინიზმი არც არასდროს არსებობდა”. გაზეთი აღნიშნავს, რომ რაც უფრო მაღალია კარიერული კიბე, მით უფრო ნაკლებია იქ ქალების რაოდენობა. გერმანიის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის შეფასებით, ქვეყნის 200 მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელობებში ქალების წილი მხოლოდ 2,5%-ია. Deutsche Telekom-მა კი, გადაწყვიტა ხელმძღვანელ ქალებზე კვოტა დააწესოს. 2020 წლამდე ხელმძღვანელი ქალების წილის 20%-მდე გაზრდის ინიციატივით გამოვიდა ავტომწარმოებელი Daimler-იც.
დიდ ბრიტანეთში იმ ქალების წილი, რომლებიც FTSE 100 ინდექსში შემავალი კომპანიების ტოპ-მენეჯმენტში არიან, მხოლოდ 12%-ია, თუმცა აღმასრულებელ პოზიციას არც ერთი მათგანი არ იკავებს. რუსეთში კი, ბიზნესის მართვაში ქალების წილი 40%-ს აღწევს. ყველაზე ბევრი ქალი (93%) ბუღალტრად, პერსონალის დირექტორად (70%) და ფინანსურ დირექტორად (48%) მუშაობს. თუმცა ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა წარმოების დირექტორი, გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ქალების წილი ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია.
მსოფლიოში კომპანიების ყველაზე მეტი ხელმძღვანელი ქალი ფინეთშია. ქვეყანაში კომპანიების 13%-ს ქალები მართავენ. ამის შესახებ The Global Gender Gap Report-2010-ის მოხსენებაშია ნათქვამი. მეორე ადგილი 12-12 პროცენტით ნორვეგიამ და თურქეთმა დაიკავა. მესამე ადგილი 11-11 პროცენტით კი, იტალიამ და ბრაზილიამ გაიყო.
მსოფლიოს მსხვილ კორპორაციებში ხელმძღვანელ თანამდებობებს კვლავინდებურად მამაკაცები იკავებენ. მომსახურე პერსონალის თითქმის ნახევარი კი ქალია. აშშ-ის კომპანიებში პერსონალის 52% სუსტი სქესის წარმომადგენელია. 48%-ით მეორე ადგილი ესპანეთს უკავია, 46%-ით მესამე ადგილი წილად ხვდა კანადას. დარგებს შორის, სადაც თანამშრომელთა უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ, ექსპერტები გამოყოფენ ფინანსურ მომსახურებასა და დაზღვევას (60%), საადვოკატო, აუდიტორულ და იურიდიულ მომსახურებას (56%) და მედია-საშუალებებსა და გართობას (42%).
ქალთა მდგომარეობა საქართველოში
მართალია, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა როლი გაიზარდა, მაგრამ არა იმ ტემპით, როგორც ამას საჭიროება მოითხოვს. წლების წინ, ქართულ პოლიტიკაში, ქალები საერთოდ არ ჩანდნენ. 1998 წლიდან კი, არჩევნებზე მათი აქტივობა თვალშისაცემი ხდება. თუმცა არის რაიონები, სადაც თვითმმართველ ორგანოში ქალი საერთოდ არ არის წარმოდგენილი. მართალია, ქართველი ქალების გააქტიურებას საერთაშორისო ორგანიზაციები განსაკუთრებულად ცდილობენ, მაგრამ შედეგი ისეთი არ არის, როგორც მათ თავად სურთ, რადგან ქალები საკუთარი პოტენციალის ბიზნესში გამოვლენას ხშირად ვერ ახერხებენ. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რომელიც ბიზნესში ქალის როლის ამაღლებასა და კომპანიების მართვაში ქალების უფლებების დაცვას ითვალისწინებს. თბილისში გამართულ პირველ სემინარზე, რომელიც გასული წლის მიწურულს ჩატარდა, სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოების წევრი ქალების საქმიანობაზე ისაუბრეს. საქართველოში IFC-ის კორპორაციული მართვის პროექტის მენეჯერმა მაია თევზაძემ სემინარის მსვლელობისას განაცხადა:”ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიის მართვის საკითხებში ცოდნის გაღრმავება, სხვა სარგებლობასთან ერთად, დაგვეხმარება აღმოვფხვრათ ის ბარიერები, რომლებსაც ბიზნესში მოღვაწე ქალები ხშირად ხვდებიან. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, სახელმწიფო და კერძო სამსახურებში მაღალ თანამდებობებზე დანიშნულ ქალთა რაოდენობა გაიზარდოს””.
მართალია, გადაწყვეტილებების მიმღებ თანამდებობებზე და ბიზნეს კომპანიებში, ქალის როლი დიდი არ არის, მაგრამ ქართველი ქალი რომ სოციალურად აქტიურია, ამაზე არავინ დაობს. ქართველი ქალის ვაჭრობის სფეროში ჩართვა იმ მწარე რეალობამ განაპირობა, რასაც უმუშევრობა ჰქვია. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, რასაც თითქმის ყველა საწარმოს დახურვა მოჰყვა, კაცების უმეტესობა უმუშევარი დარჩა. სამსახურის ძიებით დაკავებული მამაკაცის შემხედვარე ოჯახის ქალმა კი ფულის შოვნა და ოჯახის რჩენა ვაჭრობის დაწყებით გადაწყვიტა. იმ დროს ქალი არა მარტო ოჯახს არჩენდა, არამედ საოჯახო საქმესაც უძღვებოდა. ეს მძიმე ტვირთი ქართველ ქალს დღემდე მოჰყვება.
ამ მოსაზრებას ეთანხმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, რუსუდან კერვალიშვილი: “ჩემი შეფასებით, საქართველოში ქალი სოციალურ ცხოვრებაში ჩართულობის თვალსაზრისით არის განსაკუთრებით აქტიური. შემიძლია ვთქვა, ის უფრო აქტიურია, ვიდრე მამაკაცი. ამაზე მიუთითებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ქართველი ქალების უმრავლესობამ იმ კრიზისის პირობებში, რომელიშიც ქვეყანა იმყოფება ოცი წელია და განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, თავის თავზე აიღო ყველა იმ ფუნქციის შესრულება, რაც ოჯახის გადარჩენა სჭირდება””.
მიუხედავად ამისა”,საქსტატის”” მონაცემების მიხედვით, ერთსა და იმავე სფეროში დასაქმებული მამაკაცის ყოველთვიური ხელფასი რამდენიმე ათეული, ზოგჯერ კი რამდენიმე ასეული ლარით აღემატება ქალის ხელფასს. ამავე დროს, იგივე სტატისტიკური მონაცემებით, მამაკაცებთან შედარებით, მეტია თვითდასაქმებული ქალების რაოდენობა.
2006 წელს დასაქმებული ქალის საშუალო თვიური ხელფასი 177,6 ლარს შეადგენდა, როდესაც მამაკაცის ანაზღაურება 362 ლარი იყო. 2007 წელს გაიზარდა დასაქმებული ქალის საშუალო ხელფასი და 240 ლარი შეადგინა, მამაკაცის ხელფასი კი ამ დროს უკვე 475,6 ლარს შეადგენდა. საშუალო ხელფასმა მოიმატა 2008 წელსაც, ორი წლის წინ ქალის ხელფასი 367,7 ლარს შეადგენდა, კაცისა კი – 678,4 ლარს.
გარდა ამისა, ქალისა და მამაკაცის თვიური ანაზღაურება განსხვავებულია სხვადასხვა დასაქმების სფეროების მიხედვითაც. მაგალითად, მშენებლობის სფეროში დასაქმებული ქალის ერთი თვის ხელფასი 2006 წელს 250,4 ლარს შეადგენდა, 2007 წელს – 341 ლარს, ხოლო 2008 წელს – 515,2 ლარს. მამაკაცის ხელფასი კი წლების მიხედვით ასე გამოიყურება 399,2, 503,2 და 602,6 ლარი. სასტუმროსა და რესტორნებში დასაქმებული ქალების საშუალო თვიური ხელფასი 2006 წელს 150,6 ლარს შეადგენდა, 2007 წელს – 181,4 ლარს, 2008 წელს კი – 252,9 ლარს. საშუალო თვიური ხელფასი წლების მიხედვით იზრდებოდა კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის სფეროში დასაქმებული ქალებისთვის. თუ 2006 წელს ამ სფეროში დასაქმებული მანდილოსნის ერთი თვის ხელფასი 301,2 ლარს შეადგენდა, 2007 წელს ის 407,7 ლარამდე გაიზარდა, 2008 წელს კი უკვე 531,7 ლარი შეადგინა. სხვა სფეროების ანალოგიურად, მამაკაცის ხელფასი, ქალთა ხელფასთან შედარებით მაღალი იყო კავშირგაბმულობის სფეროშიც. მაგალითად, 2006 წელს ამ სფეროში დასაქმებული მამაკაცის ხელფასი 421,2 ლარს შეადგენდა, 2007 წელს – 519,5 ლარს, 2008 წელს კი – 711,2 ლარს.
ერთ-ერთი სფერო, სადაც როგორც მამაკაცის, ასევე ქალის ანაზღაურება 2006 წელთან შედარებით, 2007 წელს საგრძნობლადაა გაზრდილი, საფინანსო სფერო აღმოჩნდა. თუმცა სქესობრივი დიფერენციაციის მიხედვით, ხელფასებს შორის სხვაობა აქაც თვალშისაცემია. თუ 2006 წელს საფინანსო საქმიანობით დაკავებული მანდილოსნების საშუალო თვიური ხელფასი 449,1 ლარს შეადგენდა, 2007 წელს ეს 878,1 ლარამდე გაიზარდა, 2009 წელს კი, 1195,1 ლარს მიაღწია. 2008 წელს ამ სფეროში დასაქმებული მამაკაცის ხელფასმა კი, 1509,9 ლარი შეადგინა.
გაიზარდა ხელფასები სახელმწიფო მმართველობაში დასაქმებული მანდილოსნებისთვის. თუ 2006 წელს ქალის საშუალო თვიური ხელფასი ამ სფეროში 354,3 ლარს შეადგენდა, 2007 წელს 467 ლარამდე გაიზარდა, 2008 წელს კი, 701,1 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ამ სფეროში დასაქმებულ მამაკაცებს, აქაც მათი ხელფასი ქალის ხელფასს ჩვეულებრისამებრ აღემატება. სახელმწიფო მმართველობაში დასაქმებული მამაკაცის ხელფასი 2006 წელს 482,8 ლარი იყო, 2007 წელს – 622,2 ლარი, 2008 წელს კი – 918,2 ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება ზოგადად დასაქმებულებს, საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2008 წელს, საერთო ჯამში, დასაქმებული იყო 746,3 ათასი ქალი და 855,6 ათასი კაცი; აქედან, დაქირავებით მუშაობდა 259,2 ათასი ქალი და 313,1 ათასი კაცი, თვითდასაქმებული კი იყო 487 ათასი ქალი და 541,5 ათასი მამაკაცი.
ს.ე. – რატომ ხდება ისე, რომ ყველა სფეროში ქალის ანაზღაურება მნიშვნელოვანწილად ჩამოუვარდება მამაკაცის ანაზღაურებას?
რუსუდან კერვალიშვილი: “მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით გვაქვს გენდერული თანასწორუფლებიანობა, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში რეალური გენდერული თანასწორობა ჯერ კიდევ მიღწეული არ არის სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში. ალბათ მენტალობის პრობლემაც არის და საკანონმდებლო ხარვეზიც იმის მიზეზი, რომ ქალებს არ აქვთ იმის უფლება და უნარი, მიიღონ ის ეკონომიკური მხარდაჭერა, რაც მათ სჭირდებათ იმისათვის, რომ შეძლონ თავიანთი ცხოვრების ყველა სფეროს ისე მოწყობა, რისი ძალაც და უნარიც მათ აქვთ. ქალებს, ჩვენს ქვეყანაში აქვთ უფლება, მაგრამ არ აქვთ ძალაუფლება.
ს.ე. – რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ უფრო დაფასდეს ქალის შრომა?
რ.კ. – პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესრულდეს ის მიზანი, რასაც 1996 წლიდან მიერთებულია საქართველო, საუბარია 2015 წლისათვის სიღატაკის დაძლევას და გენდერულ თანასწორობის მიღწევაზე. ეს არის 2 ერთმანეთთან მიბმული საკითხი. სიღატაკე არ დაიძლევა, თუ საზოგადოების ნახევარს, რომელსაც წარმოადგენენ ქალები, არ ექნებათ იმის საშუალება და სტიმული, რომ მათ ჰქონდეთ ისეთივე ძალაუფდლება, ეკონომიკური რესურსების მიმართ ისეთივე წვდომა, როგორც მამაკაცებს. ქალები ნაკლებ ინიციატივას იჩენენ საბანკო სფეროში, გადაწყვეტილების მიღების დონეზე, რაც თავისთავად აფერხებს მათ ეკონომიურ წინსვლას. ჩვენ ქალებს ვხედავთ უფრო მეტად მომსახურების სფეროში, რადგან ქალებს არ გააჩნიათ სათანადო ძალა, რომელსაც ქმნის მათი მატერიალური მდგომარეობა.
ს.ე. – პარლამენტში უკვე შეტანილია ახალი კანონპროექტი “გენდერული თანასწორობის შესახებ””, რას შეცვლის ეს კანონი ქართულ რეალობაში?
რ.კ. – ეს არის ჩარჩო კანონი, რომელმაც უნდა შექმნას შესაბამისი სტრუქტურა, რომლიც ჩაატარებს არსებული მდგომარეობის ანალიზს და შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას შემდგომი პერიოდისათვის, რათა მოხდეს ქალათა უფლებების მეტად დაცვა და გაზრდა. განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობა, რომლის დონის მიღწევაც ჩვენ თავისთავად გვინდა, არის ძალიან დახვეწილი ამ მიმართულებით. მაგალითად შვედეთში, მამაკაცებისათვის რამდენიმე დღიანი სადეკრეტო შვებულება აუცილებლია, რათა მას ჰქონდეს საშუალება დაეხმაროს ქალს, იმისათვის, რომ ამ უკანასკნელმა ბავშვის გაჩენის შემდეგ არ დაკარგოს სამსახური. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ დემოგრაფიული მონაცემების დაბალი მაჩვენებლების მიუხედავად, ქალის სტიმულირების მექანიზმი არ არსებობს. მან შესაძლოა დაკარგოს სამსახური, როცა ქმნის ოჯახს, როცა ფეხმძიმედაა და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევებში, ქალი არ არის დაცული და ამას სჭირდება მეტი ყურადღება. ახალი კანონი სამოქმედო გეგმის ფარგლებში ითვალისწინებს იმას, რომ თანდათანობით მოხდეს დაძლევა წინააღმდეგობებისა, რომელსაც ქალი ხვდება თავისი სოციალური აქტივობის სფეროში”.
თუმცა, სოციალური საკითხის წინ წამოწევა არა მხოლოდ ქალებთან მიმართებაშია აქტუალური. სოციალური დავცის მექანიზმი, რომელიც ახლა ასე გაუმართავია ჩვენს ქვეყანაში, თანაბრად საჭიროა ქალისა და მამაკაცისათვისაც. რუსუდან კერვალიშვილი: “მიმაჩნია, რომ ქალისათვის ყველაზე დიდი დაცვა არის სოციალური დაცვის მექანიზმები, რომელიც ჯერ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც კარგავს სამსახურს და ის არანაირად არ არის დაცული იმისგან, რომ მას შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში ექნება ანაზღაურება. ჩვენს შრომის კანონმდებლობას აქვს ბევრი ხარვეზი. სანამ საზოგადოება და მისი დიდი ნაწილი, განსაკუთრებით კი, ქალები არ არიან სოციალურად დაცულნი, ისინი არ არიან თავისუფალნი, რადგან მათ არ შეუძლიათ არჩევანის გაკეთება. ყველა არის იმ მდგომარეობაში, როდესაც ის თავის უფროსს ყველანაირად უნდა დაემორჩილოს, უნდა შეასრულოს მისი ნებისმიერი ბრძანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაკარგავს იმ მცირედსაც კი, რომელიც მას აქვს. ასევე, მნიშვნელოვანია უფრო მეტი უფლებების ცოდნა, უფრო მეტი აქტივობაა საზოგადოების მხრიდან საჭირო იმისათვის, რომ ეს სოციალური გამოწვევები გადავლახოთ. არვინ არ შეიძლება იყოს წარმატებული, მათ შორის, არც ქალი, მანამ სანამ სოციალურად არ ვართ დაცული””.
თუმცა, ისიც ფაქტია, რომ იმ მრავალ სირთულესთან ერთად, რომლის წინაშეც დღეს ადამიანი დგას, ქალს კიდევ ერთი წინაღობის გადალახვა უწვეს კარერულ გზაზე, ეს წინაღობა კი, ის არის, რომ იგი სუსტი სქესის წარმომადგენელია.