ევროზონის ეკონომიკის ზრდის ტემპები მოლოდინს ამართლებს

რედაქციისგან 

ევროზონის ეკონომიკის ზრდის ტემპები მოლოდინს ამართლებს  ვროპულმა ეკონომიკამ, მართალია, ვერ გაამართლა ექსპერტების მოლოდინი, რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ 2010 წლის IV კვარტალში აღდგენის ტემპებს იმავე სიჩქარით გააგრძელებდა, მაგრამ არც თუ ცუდი მაჩვენებელი აქვს. ეს უნდა მივიჩნიოთ წლის პოზიტიურ დასასრულად.

ანომალიურმა სიცივემ და თოვლმა ევროპის ეკონომიკის ლოკომოტივი, გერმანიაც კი გაყინა, სადაც ეკონომიკური ზრდის ტემპი III კვარტლის 0,7%-დან IV კვარტლის 0,4%-მდე ჩამოვიდა. ხოლო ევროზონის ეკონომიკის ზრდის ტემპი წლის ბოლო კვარტალში შენარჩუნდა 0,3%-ის დონეზე და ეს მაშინ, როცა ევროს მიმოქცევის ზონაში შემავალი 16 ქვეყანა, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მნიშვნელოვნად აუარესებენ საბოლოო შედეგებს. რასაკვირველია, ის ფაქტი, რომ ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტემპს არ აგდებს წამყვანი სახელმწიფო, გერმანია, მიუხედავად მისი ეკონომიკური ზრდის შენელებისა, ეჭვს მაინც არ ბადებს. ევროზონის მაღალ მაჩვენებლებს მთლიანობაში ჩრდილს აყენებს რეგიონის პრობლემები, მაშინ, როცა განსხვავება განვითარებულ და პერიფერიულ ქვეყნებს შორის დღითი დღე უფრო ღრმავდება და შესამჩნევი ხდება. ამ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, რომელიც რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ აქტივობას ეხება, აჩვენებს, რომ მაშინ, როცა გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ნორვეგიაში, ბელგიაში, ესპანეთსა და კვიპროსში 2010 წლის IV კვარტალში ეკონომიკური აქტივობა ზრდას აგრძელებდა, საბერძნეთში მშპ-ის ვარდნამ 1,4% შეადგინა წინა კვარტალთან შედარებით და 6,6% წლიურ გამოხატულებაში. ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში ზრდა ნარჩუნდება, ძირითადად, ევროპულ ხარისხიან პროდუქციაზე მოთხოვნის ხარჯზე რეგიონის მიღმა. ძველებურად მაღალი რჩება მოთხოვნა ევროპელი მრეწველების მიერ დამზადებულ პროდუქციაზე აზიის წამყვან განვითარებად ქვეყნებში, ისეთებში, როგორებიცაა: ჩინეთი, ჰონგ კონგი, ინდოეთი და ტაილანდი, ასევე, ბრაზილია და რუსეთი. ევროზონის სავაჭრო ბალანსის მოხსენება ცხადყოფს, რომ ევროზონაში დამზადებული საქონლის მოცულობა, რომელიც განკუთვნილია აშშ-ში საექსპორტოდ, 2010 წლის 11 თვის განმავლობაში წლიური გაანგარიშებით გაიზარდა 18%-ით. დიდ ბრიტანეთში 12%-ით, ხოლო ჩინეთსა და რუსეთში შესაბამისად 38% და 29%. როგორც სჩანს, ექსპორტი იქნება ევროზონის ეკონომიკური ზრდის წამყვანი დარგი, იმდენად, რამდენადაც შიდა მოთხოვნაზე, მისი შემცირების გამო, რომელიც განპირობებულია ხელფასების სუსტი ზრდითა და ბოლო 12 წლის მანძილზე არნახული უმუშევრობის დონით, დაყრდნობა არ ღირს. უფრო მეტიც, საკრედიტო კრიზისის დასრულების ან შერბილების არანაირი ნიშანწყალი რეგიონში არ შეინიშნება. პირიქით, ბევრი ექსპერტი თანხმდება იმ მოსაზრებაში, რომ სუვერენული ვალის კრიზისი, რომელიც ევროპაში გრძელდება, მომავალშიც მტკივნეულად დაარტყამს, როგორც ცალკეულ ქვეყნებს, ისე მთლიანად ევროს მიმოქცევის ზონას. ამასთან, ძალიან ცოტას თუ სწამს, რომ პორტუგალია აღმოჩნდება ბოლო ქვა იმ დომინოს ეფექტის, რომელიც სუვერენული კრიზსის სახით დაატყდა რეგიონს. ამიტომაც არ არის გასაკვირი ის სიფრთხილე, რომლითაც ექსპერტები გამოირჩევიან ევროპის ეკონომიკური განვითარების პროგნოზირებისას 2011 წლისთვის. მიუხედავად ამისა, ევროზონის ხელისუფალნი საკმაოდ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. “საქმიან წრეებში ოპტიმიზმი შეიძლება აღმოჩნდეს უფრო წონიანი მხარდამჭერი ფაქტორი რეგიონში ეკონომიკური აქტიურობის საკითხში, ვიდრე ამას ადრე პროგნოზირებდნენ”, – აღნიშნავს ევროპის ცენტრალური ბანკის მეთაური ჟან-კლოდ ტრიშე. იგი ვარაუდობს, რომ მომავალ წელს ევროზონაში ეკონომიკურ ზრდას შიდა მოთხოვნა შეუწყობს ხელს. ევროკომისიის პროგნოზების მიხედვით, 2011 წლისთვის ევროზონაში ეკონომიკური ზრდა შენელდება 2010 წლის ფინანსური წლის 1,7%-დან 1,5%-მდე.  ბრიტანეთი მონეტარული  პოლიტიკის გამკაცრების ზღვარზე    ახალი, 2011 წელი აგრძელებს არასასიამოვნო სიურპრიზებს. დიდი ბრიტანეთის შრომის ბაზრის პირველმა სტატისტიკამ დააფიქსირა ქვეყანაში უმუშევრობის ზრდა. მართალია, უმუშევართა რიცხვის მნიშვნელოვან ზრდაზე ჯერ საუბარი ნაადრევია, მაგრამ შრომის ბაზარზე სიტუაციის გაუარესების ნიშნები უკვე სახეზეა. იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებთაც უმუშევრობისთვის შემწეობისთვის სახელმწიფოს მიმართეს, 2011 წლის იანვარში, პირველად ბოლო ოთხი თვის მანძილზე გაიზარდა 2,4 ათასით 1,46 მილიონამდე. ანალიტიკოსები პირიქით, კლებას ელოდნენ 3 ათასით. ამასთან, უმუშევრობის დონე, რომელიც გამოთვლილია შემწეობისათვის გაკეთებული განაცხადების მიხედვით, ჯერჯერობით ძველ ნიშნულზეა და რვა თვეა ზედიზედ 4,5%-ზეა გაჩერებული. არც თუ სახარბიელო ანალიზს აკეთებენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ILO-ს  ექსპერტები. დიდ ბრიტანეთში დასაქმების მხრივ სიტუაცია გაუარესდა ჯერ კიდევ 2010 წლის IV კვარტალში. ამ პერიოდში უმუშევართა საერთო რიცხვი გაიზარდა 44 ათასი ადამიანით 2,49 მილიონამდე, ხოლო დასაქმება შემცირდა 68 ათასი ადამიანით. შედეგად, 2010 წლის IV კვარტალში მომუშავე ბრიტანელების რიცხვმა შეადგინა 29,1 მილიონი. ასევე არასასურველი მონაცემებია შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რომლის ზრდაც ბოლო კვარტალში ბონუსების გათვალისწინებით (Avg. Earnings inc Bonus) შემცირებულია წინა სამ თვესთან შედარებით (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი) – 2,1%-დან 1,8%-მდე. ხოლო ხელფასების ზრდის დონე ბონუსების გათვალისწინების გარეშე (Avg. Earnings ex Bonus) ძველ ნიშნულზეა – 2,3%-ის დონეზე. ILO-ს სტანდარტებით გაანგარიშებული უმუშევრობის მაჩვენებელი ამავე პერიოდში III კვარტალთან შედარებით გაიზარდა 7,7%-დან 7,9%-მდე. ეს უკვე სერიოზული განაცხადია ქვეყანაში დასაქმების სიტუაციის გაუარესებისა და მომავალში შრომის ბაზრის შესაძლო დასუსტების თვალსაზრისით. გამაწბილებელი და მოულოდნელია იანვრის მონაცემები, რომელიც ადასტურებს, რომ შრომის ბაზარზე სიტუაცია მართლაც უარესობისკენ არის წასული და ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ ეს ეკონომიკური ვარდნის დაწყების პირველი სიგნალი აღმოჩნდეს. ერთი მხრივ, უმუშევრობის დონე, რომელიც გამოითვლება შემწეობის შესახებ განაცხადებით, რვა თვეა ზედიზედ არ იცვლება, ეს კი ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის შრომის ბაზარზე რთული პრობლემები არ შეინიშნება, მაგრამ 2010 წელს ეს მაჩვენებელი განუხრელად მცირდებოდა, ეს ფაქტი კი უკვე იმაზე მეტყველებს, რომ ბრიტანული ეკონომიკის ზრდა შენელებულია. 2010 წლის ბოლო კვარტლის სტატისტიკამ უკვე აჩვენა წინა კვარტალთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ვარდნა. მართალია, ჯერ საჯაროა მშპ-ის IV კვარტლის მხოლოდ პირველადი შეფასება, რამაც შესაძლოა შემდეგი კორექტირება განიცადოს. ექსპერტები ჯერჯერობით ოპტიმისტურად არ არიან განწყობილნი და პროგნოზირებენ პირველი შეფასების დამტკიცებას, ანუ ეკონომიკური აქტივობის 0,5%-იან ვარდნას. თუკი, ნისლიანი ალბიონის ეკონომიკაში ვარდნა გაგრძელდება, შესაძლებელია შრომის ბაზარზე დაიწყოს უმუშევრობის ზრდის მეორე ტალღა. დამატებითი კატალიზატორი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის უმუშევრობის მეორე ტალღის ამპლიტუდას, შეიძლება გახდეს ბიუჯეტის დეფიციტის უპრეცენდენტო შემცირება. ამ შემთხვევაში, უმუშევრობის მასშტაბები აბსოლუტურად სხვა იქნება. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, დიდ ბრიტანეთში ყველაფერი ასე ტრაგიკულად არ არის. 2010 წლის IV კვარტლის სუსტი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები პროვოცირებული იყო საშინელი ყინვებითა და თოვლით, რომელმაც ბრიტანული ეკონომიკის ბევრი დარგის პარალიზება გამოიწვია. მართალია, სამშენებლო სექტორში გარკვეული “სიურპრიზები” ინგლისელებს არ უკვირთ, მაგრამ საცალო გაყიდვების ვარდნას, სამომხმარებლო მოთხოვნის შემცირებასა და წინასაშობაო ვაჭრობის ჩავარდნას ისინი არ ელოდნენ. თუმცა, იანვრის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში არის პოზიტიური მონაცემებიც, რომელიც ახალი წელს ეკონომიკური აქტივობის დაჩქარებაზე მეტყველებს. იანვრის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ბრიტანეთის შომის ბაზარი მოწყვლადია და არამდგრადი, თუმცა, ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის დაწყების მომენტიდან ერთი წელი გავიდა. პირველ რიგში, ეს ხდება ბრიტანეთის მთავრობის ხარჯების რადიკალური შემცირების გამო. ცხადია, რომ ბრიტანელმა ბიზნესმენებმაც მჭიდროდ მოიჭირეს ქამრები მთავრობის მიერ ბიუჯეტის დეფიციტის უპრეცენდენტო შემცირების შედეგების შიშით. ბუნებრივია, რომ სახელმწიფო ხარჯების შემცირების შემდეგ დასაქმების მხარდაჭერის მთელი სიმძიმე კერძო სექტორზე გადავა. პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ბიზნესმენებს მოუწოდებს, კერძო კომპანიებში უახლოეს თვეებში მეტი ადამიანი დაასაქმონ, რათა მაქსიმალურად მოხდეს სახელმწიფო სექტორში დათხოვნილი ადამიანების დასაქმება. შეგახსენებთ, რომ კამერონის მთავრობის მიერ ბიუჯეტის შემცირების გეგმა ითვალისწინებს 4 წლის განმავლობაში 330 ათასი სამუშაო ადგილის გაუქმებას.  გასული წლის IV კვარტლის სტატისტიკაში ყველაზე გამაწბილებელი ის ფაქტია, რომ ბრიტანელი უმუშევრების მესამედი ამ მდგომარეობაში წელიწადზე მეტია რაც იმყოფება. გარდა ამისა, უმუშევართაგან 20,5% 16-დან 24 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. გასული წლის ბოლო კვარტლის მიხედვით, მათი რაოდენობა 965 ათასია. ორივე ამ მაჩვენებელმა 1992 წლის ისტორიული მაქსიმუმის ნიშნულს მიაღწია. ასეა თუ ისე, მართალია, ბრიტანეთში უმუშევრობა იზრდება, მაგრამ სიტუაცია არც ისეთი სავალალოა, როგორ მაგალითად, ევროზონასა და აშშ-ში, სადაც უმუშევრობა 10% და 9%-ის დონეზეა შესაბამისად, მაგრამ უფრო შორსაა იაპონიის მაჩვენებელთან, სადაც მოხერხდა უმუშევრობის დონის დაწევა 4,9%-მდე.  უმუშევრობის ზრდის პრობლემა დიდ ბრიტანეთში ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ხელში ნამდვილ კოზირად იქცა, პარტიის ლიდერმა ედ მილიბენდმა პარლამენტში განაცხადა, რომ ახლანდელი ხელისუფლება ახალგაზრდა ბრიტანელების იმედებს არ ამართლებს, რაზედაც პრემიერმა კამერონმა მიუგო: “ახალგაზრდების უმუშევრობა ბოლო რამდენიმე ათწლეულის პრობლემაა, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის, როგორც უკეთეს, ისე უარეს პერიოდში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალგაზრდები სამუშაოს დავუბრუნოთ.”   შრომის ბაზრის ბოლოდროინდელი სტატისტიკის კომენტირებისას, ინგლისის ბანკის პრეზიდენტმა, მერვინ კინგმა განაცხადა, რომ ციფრებმა მიაღწიეს ეკონომიკის საიმედოობის რეზერვის იმ მნიშვნელოვან მიჯნას, რომელიც საშუალებას იძლევა – ინფლაციურ ზეწოლას დაუპირისპირდნენ. რა მოჰყვება ამ განცხადებას? – ბრიტანეთის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან ახლოს არის.  ევროპას 1,5%-იანი ზრდა ექნება  ევროპელი ბიზნესმენები რეგიონის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. ამას მოწმობს 964 ევროპელ ინვესტორთა გამოკითხვის შედეგები. ევროზონის საქმიან წრეებში განწყობას შენტიხ LLC-ის სპეციალისტები იკვლევდნენ – ეროპაში საქმიანი კლიმატის შემსწავლელი ყველაზე აღიარებული სპეციალისტები. ბოლო გამოკითხვის შედეგებით, რომელიც თებერვლის დასაწყისში ჩატარდა, აღმოჩნდა, რომ საქმიანი ადამიანები არა მხოლოდ ახლა არიან კმაყოფილნი ეკონომიკური სიტუაციით, არამედ, მომავალსაც ოპტიმისტურად უყურებენ. ინვესტორების მიმდინარე განწყობა იანვრის 14 პუნქტიდან 21,25 პუნქტამდე ავიდა, ხოლო მოლოდინის ინდექსი კი – 7,25-დან 12,25 პუნქტამდე. რაც შეეხება ევროზონაში საქმიანი კლიმატის განმსაზღვრელ წამყვან მაჩვენებელს – ინვესტორების ნდობის ინდექსს (Sentix Investor Confidence) იანვრის 10,6 პუნქტიდან 16,7 პუნქტამდე გაიზარდა. ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ მაჩვენებლის 14,0 პუნქტით ზრდას. ბოლო სამი წლის მანძილზე მაქსიმალურ ნიშნულამდე ამ მაჩვენებლის ზრდა იმას მიანიშნებს, რომ რეგიონში სუვერენული ვალის კრიზისის თაობაზე შფოთი თანდათანობით უკანა პლანზე გადადის, ასევე, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შენელების პროგნოზიც.  ბუნებრივია, ინვესტორების ოპტიმიზმი განპირობებულია ევროზონის ბოლოდნროინდელი სტატისტიკით, რომელიც ეკონომიკური ზრდის იმპულსს მიანიშნებს. კრიზისი კრიზისად, მაგრამ ევროზონის მშპ მიუხედავად პრობლემებისა და პერიფერიული სახელმწიფოების სუვერენული ვალის კრიზისის მიუხედავად, მაინც აგრძელებს ზრდას. პროგნოზების მიხედვით, 2010 წლის IV კვარტალში ზრდის ტემპი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე წინა კვარტალში. საბოლოო შედეგები ძალიან მალე გახდება ცნობილი, ჯერჯერობით მიმომხილველები ამბობენ, რომ IV კვარტალში ზრდა იქნება III კვარტლის 0,3%-დან 0,4%-მდე, ხოლო წლიურ გამოხატულებაში 1,9%-დან 2,1%-მდე.   გარდა ზემოთ ნახსენები პოზიტიური ინფორმაციებისა, ინვესტორებს ოპტიმიზმის საფუძველი მისცა Markit Economics-ის ექსპერტების მიერ ჩატარებულმა კვლევამაც. გამოიკითხა დამამუშავებელ მრეწველობასა და მომსახურების სფეროში მომუშავე შესყიდვების მენეჯერები. PMI Manufacturing-ისა და PMI Services-ის ინდექსების იანვრის მონაცემებმა აქტივობის დამაჯერებელი ზრდის გაგრძელება აჩვენა ორივე სექტორში.   რეგიონის პერიფერიული სახელმწიფოების ეკონომიკების მნიშვნელოვანი ჩამორჩენის მიუხედავად, გერმანიისა და საფრანგეთის ეკონომიკები უზრუნველყოფენ მაღალ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. გამოკითხვისას საინვესტიციო წრეებისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო გერმანიაში სამრეწველო წარმოების შეკვეთების უკანასკნელი სტატისტიკა, სავსებით მოსალოდნელი იქნებოდა, რომ ინვესტორების განწყობა პესიმისტური ყოფილიყო. თებერვლის ბოლო კვირას Deutsche Bundesbank-მა გამოქვეყნა ინფორმაცია დეკემბერში სამრეწველო წარმოებაში შეკვეთების შემცირების შესახებ 3,4%-ით ნოემბერთან შედარებით, ხოლო გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ სამრეწველო წარმოება დეკემბერში შემცირდა 1,5%-ით. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეკონომისტები განგაშის ზარს არ სცემენ დეკემბერში სამრეწველო წარმოების შემცირების გამო, რადგან ამაში “მთავარი დამნაშავე” ის ანომალიური ყინვები და თოვლი იყო, რომელიც ევროპას ამ პერიოდში თავს დაატყდა. პირველ რიგში, შეფერხდა მშენებლობა, ხოლო დამამუშავებელ მრეწველობაში წინა თვესთან შედარებით აქტივობის მხრივ განსაკუთრებული ცვლილებები არ ყოფილა. მით უფრო, რომ დეკემბერში წლიური გაანგარიშებით, საშობაო არდადაგების ჩათვლით სამრეწველო წარმოებაში შეკვეთების მოცულობა 19,7%-ით გაიზარდა, ხოლო სამრეწველო წარმოება – 10%-ით.   საინვესტიციო წრეებში პოზიტიური განწყობა მართლაც მისასალმებელია, რადგან რწმენას ბადებს, რომ ეკონომიკა ზრდის გასაგრძელებლად საჭირო ფულადი ნაკადებით გამოიკვებება. “ევროპა ვითარდება, მაშინ, როცა განვითარებადი ბაზრები თანდათან პოზიციებს თმობენ” – ნათქვამია შენტიხ LLC-ის ექსპერტების შემაჯამებელ განცხადებაში. ოპტიმისტურია ევროპის კომისიის პროგნოზიც, ფიქრობენ, რომ მიმდინარე წელს ევროზონის ქვეყნებში მშპ-ის ზრდა 1,5%-ის ფარგლებში იქნება.