ისტორიული აღმოჩენა თბილისში

გივი ალვარიძე

ცხენის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული კაცობრიობის ისტორიასთან. ცხენის მოშინაურება სავარაუდოდ, ჩვ. წ. აღ-მდე IV ათ. წლ. მოხდა. ამას ადასტურებს შუა აზიაში ნაპოვნი კერამიკა, წვრილფეხა, კოხტა ცხენის გამოხატულებით, ურიკების მოდელები, აღმოჩენილი ძველ შუმერში და სხვა ძეგლები; ცხენის მოშინაურებამ მკვეთრი შემობრუნება მოახდინა ისტორიაში – შესაძლებელი გახდა მომთაბარე ტომების სწრაფი გადაადგილება და, შესაბამისად, ახალი ტერიტორიების ათვისება. გაიზარდა ხალხთა დასახლებები, შეიქმნა ახალი სახელმწიფოები, წამყვანი როლი მიენიჭა მიწათმოქმედებას და მის ეკონომიკურ ეფექტურობას.

ამ დროიდან ცხენი გამოიყენებოდა, როგორც გადაადგილების საშუალება, გამწევი ძალა და საბრძოლო ერთეული. ეს უკანასკნელი კი ცხენის მომზადების მეთოდიკას – ტრენინგის შემუშავებას მოითხოვდა.

ისტორიულად ცნობილია, რომ ცხენების ტრენინგი პირველად ხეთების სახელმწიფოში დამუშავდა XIV საუკუნეში ჩვ. წ. აღ-მდე კიკულის ტრაქტატის სახით, რომელიც საბრძოლო ეტლებში შესაბმელი ცხენების მომზადებისთვის იყო განკუთვნილი. ტრაქტატი შეიცავს დაწვრილებით მითითებებს ცხენის მიერ ალურების და გამძლეობის გამომუშავებაზე, მის კვების რაციონზე და სხვა. (აღსანიშნავია, რომ ამ ტრენინგის უმეტესი დებულება დღესაც უცვლელად გამოიყენება თურქმენეთში, ახალტექნიკური ჯიშის ცხენების მომზადების დროს).

უფრო გვიან ისტორიულ ხანაში (დაახლოებით ჩვ. წ. აღ-მდე I ათასწლეულის დასაწყისში) საომარი ეტლები შეცვალა ცხენოსანმა ჯარმა, ე.წ. მსუბუქმა კავალერიამ.

რაც შეეხება ცხენოსნობას, როგორც სპორტის სახეს, მას დიდი ისტორია აქვს და სხვანაირად არც შეიძლებოდა, რადგან შესაბმელი ცხენების და მეეტლის, შემდგომში კი ცხენ-მხედარის ბრძოლისათვის მზადყოფნას გამოცდა სჭირდება. ასეთი “საასპარეზო მოედნები” – იპოდრომები კი არაერთი იყო იმდროინდელ აზიის, აფრიკის და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.

არსებობს ისტორიული ძეგლები, რომლებიც ადასტურებენ უძველესი დროიდან საცხენოსნო სპორტის განვითარებას, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის მიმდებარე რეგიონებში. ასე: მე-XIX საუკუნის ბოლოს ვანის ტბის ახლოს, ეკლესიის კედელში აღმოაჩინეს სტელა ლურსმული წარწერით, რითაც დაფიქსირდა ცხენოსნობაში ერთ-ერთი უძველესი რეკორდი სიგრძეზე ხტომაში. წარწერიდან ჩანს, რომ ურარტუელთა მეფე მენუა ცხენი “არწივით” გადახტა 22 იდაყვის სიგრძეზე (რაც 11 მ. და 22 სმ-ის ტოლია). ეს რეკორდი 2775 წლის შემდეგ (1975 წელს) მოხსნა გერმანელმა ბერგმანმა (ცხენი “ვინგერი”),

რომელიც 12 მ. და 16 სმ-ზე გადახტა. იქამდე კი მსოფლიო რეკორდი 8 მ. 40 სმ. იყო. საინტერესოა, რომ სიტყვა არწივი ქართულ და სომხურ ენაში ურარტუდან შემოვიდა.

ზოგადად, ცხენოსნობა, განსაკუთრებით საბერძნეთში, წმინდა მამაკაცურ საქმედ ითვლებოდა, ამიტომ უჩვეულოა, რომ ოლიმპიადაში გამარჯვებულთა შორის გვხვდება ორი ქალის – კინისხასა და ბელისტიხას სახელი, რომლებმაც ეს ტიტული ეტლებით რბოლაში ასპარეზობისას მოიპოვეს, ჩვ. წ. აღ-მდე V-IV საუკუნეებში.

ამიტომ იყო, რომ თავის ისტორიულ ნაშრომებში ძველი ბერძენი მწერლები დიდ ადგილს უთმობდნენ ლეგენდებს კავკასიის ამორძალების შესახებ, რომლებიც მამაცი მებრძოლები და შესანიშნავი მხედრები იყვნენ.

ეს აისახა აგრეთვე ხევსური ქალების ცხენოსნობის წესებში.

საქართველოში ცხენოსნობასთან დაკავშირებული არქეოლოგიური ძეგლებიდან აღსანიშნავია თრიალეთის ყორღანებში არქეოლოგ ბ. კუფტინის მიერ ნაპოვნი რიტუალური დანიშნულების ხის ურიკები, რაც საქართველოში ჯერ კიდევ 2000 წლის წინ ჩვ. წ. აღ-მდე ტრანსპორტის არსებობაზე მიუთითებს.

საქართველოში ცხენისა და ცხენ-ირემის კულტის არსებობაზე მიუთითებს გამოსახულებები ბრინჯაოს ბალთებზე (II-I ათასწ. ჩვ. წ. აღ-მდე), აგრეთვე ცხენის რიტუალური სამარხები, სადაც ცხენის თავის ქალასთან დიდი რაოდენობით თიხის ბორბლების მოდელებია ჩატანებული (ქვემო ქედი).

აღსანიშნავია თრელის დასახლებაში (დიღომი) #65 სამარხში ნაპოვნი ნავარდით მოსიარულე ცხენოსნის გამოსახულება, აღმოჩენილი არქეოლოგ ნ. აბრამიშვილის მიერ. ეს არის მხედრის ერთ-ერთი უძველესი გამოსახულება და მიეკუთვნება მე-13 საუკუნეს ჩვ. წ. აღ-მდე. აქვე აღმოჩენილია ცხენის ბრინჯაოს ლაგმები (VIII-Vიი ს ჩვ. წ. აღ-მდე).

საბრძოლო ეტლების გამოყენებას საქართველოში ადასტურებს არქეოლოგ კ. ფიცხელაურის აღმოჩენა. მის მიერ ქალაქ ხარნაბუჯის ნანგრევებში ნანახი იყო ბრინჯაოს ურიკა (ეტლი) ორი შებმული ცხენით, რომელიც თარიღდება ჩვ. წ. აღ-მდე VIII-VII საუკუნით.

საინტერესოა, რომ მტკვრის ხეობაში აგრეთვე აღმოჩნდა საბრძოლო ეტლის ბრინჯაოს და ტყვიის ფრაგმენტები, რომლებიც ზრდიან ამ ურიკების გამოყენების არეალს თბილისის ტერიტორიაზე. ეს ფაქტი, აღწერილი ჩემ მიერ, ადასტურებს იმას, რომ ქართველური ტომები დაუფლებულნი იყვნენ ტრენინგის საფუძვლებს, რადგანაც საბრძოლო ეტლში შესაბმელი ცხენის დამორჩილება და მართვა, მით უმეტეს საბრძოლო პირობებში, მოითხოვდა ცხენის ხანგრძლივ, სპეციალურ მომზადებას.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ექვსმანიანი ბორბლები ცნობილია ეგვიპტის ბარელიეფებზე მე-13 საუკუნიდან ჩვ. წ. აღ-მდე (ქეთებთან კადეშის ბრძოლის გამოსახულება), შესაძლოა, რომ ქეთებმა, რომლებმაც აითვისეს და განავითარეს საბრძოლო ექვსმანიანი ეტლები, გადაიღეს მათი კონსტრუქცია ქართველური ტომებიდან.

საბრძოლო ეტლების გამოყენებამ საომარ სტრატეგიაში დიდი სიახლე შეიტანა, რომელიც შეიძლება შევადაროთ ტანკების გამოყენებას II მსოფლიო ომის დროს.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი წინაპრების დიდ წვლილს ცხენოსნობის განვითარებასა და საბრძოლო ეტლების გამოყენებაში.