გაუგებრობები ტურიზმში

მაკა ღანიაშვილი

ჯერ კიდევ 1998 წელს საქართველოს მთავრობამ განიხილა ტურიზმის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში 1 მილიონი ტურისტის მიღებას. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა ნახევარ მილიონს 2005 წელს გადააჭარბა. იმ წელს საქართველოს 560021 უცხოელი ესტუმრა. 2006 წელს მათი რიცხვი 76%-ით გაიზარდა და 983114-ს მიაღწია, მილიონიან ზღვარს კი 2007 წელს გადააბიჯა. 2008 წელს, აგვისტოს მოვლენების შემდეგ სურათი რადიკალურად შეიცვალა. როგორც ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, შარშან ტურისტული სეზონი ფაქტობრივად ჩავარდა. იმედისმომცემად არც წლევანდელი სეზონის საპროგნოზო მაჩვენებლები გამოიყურება.

საქართველოში ტურიზმის განვითარება შეფერხებულია და ამას ბევრი მიზეზი აქვს: განუწყვეტელი საომარი რიტორიკა ქვეყანაში; ავიაბილეთებისა და სასტუმროების მაღალი ფასი, რომელიც დამსვენებლებისათვის შეთავაზებულ პირობებს არ შეესაბამება; რაღა თქმა უნდა, გლობალური ეკონომიკური კრიზისი და მისი შედეგები, რომელიც საქართველოშიც უკევ მთელი სიცხადით იგრძნობა.

გამოცდის დრო საერთაშორისო ტურიზმისათვის
ტურიზმი მსოფლიოში და საქართველოშიც ერთ-ერთი სტრატეგიული დარგია, რომელსაც ეკონომიკის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ექსპერტების გათვლებით, მსოფლიო ეკონომიკის წლის განმავლობაში 4%-ით გაზრდა ტურიზმის სფეროს 6.5%-იან ზრდას იწვევს და პირიქით – ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება ანალოგიურ ჯაჭვურ რეაქციას იწვევს ტურიზმის სეგმენტისთვისაც. მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს (WTTC) მონაცემებით, ტურიზმისა და მოგზაურობის სეგმენტი გლობალური GDP-ის 9.9%-ს, მსოფლიო ექსპორტის – 10.9%-ს და მსოფლიო ინვესტიციების 9.4%-ს შეადგენს.
საერთაშორისო ტურიზმის შემოსავალი 2008 წელს 1.8%-ით გაიზარდა. ტურისტების რაოდენობა კი 1.9%-ით (922 მილიონი). UNWTO-ს (United Nations World Tourism Organisation) მონაცემებით 2008 წელს საერთაშორისო ტურიზმის შემოსავლებმა 944 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. 2007 წელს ეს მაჩვენებელი 857 მილიარდი დოლარი იყო. ყველაზე მეტი საერთაშორისო ტურისტი (79 მილიონი) ყოველწლიურად საფრანგეთს სტუმრობს. ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების მხრივ საფრანგეთი მესამეა მსოფლიოში. ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზეა აშშ, რომელიც მეორეა ტურისტთა რაოდენობის მხრივ. მას მოსდევს ესპანეთი, რომელიც ტურიზმის სფეროდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემოსავლების მქონე ქვეყანაა. ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ს მერე, ხოლო ევროპაში – პირველზე. ჩინეთი ჩამომსვლელთა რაოდენობით მეოთხე ადგილზეა, ხოლო მეხუთეზე ტურიზმიდან შემოსავლების მიღების მხრივ. იტალია პირიქით – მეოთხე ადგილზეა შემოსავლებით, ხოლო მეხუთეზე ტურისტების რაოდენობით.
თუმცა, იმავე კვლევის თანახმად, რომელიც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ივნისში გამოაქვეყნა, 2009 წლის იანვარ-აპრილში ტურისტების რაოდენობა მსოფლიოში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 8%-ით შემცირდა. აღნიშნული 4 თვის განმავლობაში საერთაშორისო ტურისტების რიცხვმა 247 მილიონს მიაღწია, 2008 წლის იმავე პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 269 მილიონი იყო. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია 2009 წლის პროგნოზებსაც აქვეყნებს და საერთაშორისო ტურიზმის 4-6%-იან შემცირებას ვარაუდობს მთელი წლის განმავლობაში. ახლა ეს მაჩვენებელი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 8%-ია, მაგრამ წინ ცხელი ტურისტული სეზონია, რაც სურათს შედარებით გამოასწორებს. მიუხედავად ამისა, შენარჩუნდება უარყოფითი ტენდენციები, რადგან ეკონომიკურმა კრიზისმა არა მარტო ტურისტთა რაოდენობა შეამცირა, არამედ ბიზნეს აქტივობებიც. ამას თან ერთვის H1N1 ვირუსის (ღორის გრიპი) ფაქტორიც, რის გამოც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია მოქალაქეებს ურჩევს თავი შეიკავონ უცხო ქვეყნებში მოგზაურობისაგან.
ევროპაში საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 10%-ით შემცირდა, ამერიკაში – 5%-ით, აზიისა და წყნარი ოკეანის აუზში – 6%-ით, ახლო აღმოსავლეთში – 18%-ით. ყველაზე უკეთესი მდგომარეობა აფრიკაშია, სადაც ტურისტების რაოდენობა 3%-ით გაიზარდა. საერთო ჯამში კი ევროპა კვლავ რჩება ტურისტებისათვის ყველაზე მიმზიდველ ადგილად. 2008 წელს ევროპას ჯამში 500 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც ტურისტთა საერთო რაოდენობის 53%-ია. შემოსავალმა კი ტურიზმის სფეროდან ბებერი კონტინენტისათვის 434 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ცვლილებებია მსოფლიოს ყველაზე იაფი კურორტების რეიტინგშიც. თუ ადრე ამ სიის სათავეში ტაილანდი, სამხრეთ აფრიკა და ეგვიპტე იყო, ამჯერად წინ ბულგარეთი მიიწევს. “ტურისტული კალათის მინიმალური შემადგენლობა ბულგარეთში 42 ფუნტი სტერლინგია. არსებულ რეიტინგში ტურიზმის მხრივ ყველაზე იაფ ქვეყნებად ითვლება თურქეთი, ხორვატია, მალაიზია და მალტა. მიმართულებების სწორად შერჩევის შედეგად ამ ჩამონათვალში ასევე შეიძლება მოხვდეს ევროკავშირის ქვეყნები, მაგალითად, ესპანეთი და პორტუგალია. მოკლე ტურისტულ მარშრუტები ევროპაში არის ბუდაპეშტი, ვარშავა და პრაღა. ამასთან, კლიენტების მისაზიდად ევროპული ტურისტული კომპანიები კლიენტებს ათასგვარ ბონუსებსა და წინადადებებს სთავაზობენ.

რა ხდება საქართველოში
ევროპაში ფასების კლების ტენდენციაა, საქართველოში კი კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მაღალი ფასები ტურისტული პაკეტის ორ მნიშვნელოვან კომპონენტზე – სასტუმროსა და ავიაბილეთებზე. საქართველოში ჩამოსასვლელად ტურისტი მარტო ავიაბილეთზე ხარჯავს დაახლოებით 600-700 ევროს. ეს ორჯერ ძვირია, ვიდრე ავიაბილეთების ფასი ევროპიდან ამერიკის მიმართულებით. ძვირია სასტუმროს მომსახურებაც. მსოფლიო სპეციალისტები ქართული სასტუმროს მეპატრონეების ურჩევენ, ფასები საერთაშორისო ბაზრის მიხედვით დასწიონ და იმუშაონ მინიმალურ მოგებაზე. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ყველა მოგების სწრაფად ნახვას ცდილობს. ეს კი არასწორია. სასტუმროს 3 წელი მაინც სჭირდება იმისათვის, რომ მოგებაზე გავიდეს.
სასტუმროების მაღალი ფასის შესახებ გვესაუბრება ტურისტული კომპანია “ლევონ თრეველის შემომყვანი ტურიზმის მენეჯერი რატი გელაშვილი – ერთი დადებითი, რაც ეკონომიკურმა კრიზისმა მოიტანა ისაა, რომ სასტუმროებმა ფასების დაწევა დაიწყეს. სამწუხაროა, რომ სასტუმროების გაიაფებას მსგავსი პროცესები დასჭირდა. ეს ადრევე უნდა გაკეთებულიყო, იმდენად არაადეკვატური და არაპროპორციული იყო ფასები. ისინი არ შეესაბამებოდა ადგილობრივ ბაზარს. არ შეიძლება საქართველოში სასტუმრო ღირდეს ისეთი ძვირი, როგორც ეს იყო შარშან. საქართველოში ტურისტული პაკეტი უფრო ძვირი ჯდებოდა, ვიდრე ანალოგიური ხარისხის პაკეტი სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამ ორ ქვეყანასთან კომბინირებულ ტურებისას საქართველო, სამწუხაროდ, ძალიან მაღალი ფასებით გამოირჩეოდა, თუმცა განსაკუთრებულს არაფერს ვთავაზობდით მომხმარებელს. გვქონდა იგივე პირობები და მომსახურების იგივე სერვისი, რაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებს. მაღალ ფასებს კი პირველ რიგში განაპირობებდა, რა თქმა უნდა, სასტუმროს მაღალი ფასები. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ახლა ფასები ცოტა ნაკლებია, საერთო სურათი არ გაუმჯობესებულა. ფასების შემცირებაც ხომ ქვეყნის რთულმა ვითარებამ გამოიწვია.
ს.ე. – როგორია საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტების დინამიკა ბოლო წლებში?
რ.გ. – შეიძლება ითქვას, რომ წელს ჩამომყვანი ტურიზმისთვის საქართველოში სეზონი ჩავარდა. 8 წელია ამ კომპანიაში ვმუშაობ და ყოველწლიურად ტურისტების 20-25%-იანი მატება იყო საქართველოში (მე ჩვენი კომპანიის მიერ შემოყვანილ ტურისტებზე მაქვს საუბარი).Aაგვისტოს ომის შემდეგ კი მინიმუმ 70%-იანი კლებაა დაფიქსირებული.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საზღვაო კურორტებს არ ვთავაზობთ დამსვენებელს. ვთვლი, რომ ევროპელს არავითარი მიზეზი არა აქვს საიმისოდ, რომ საქართველოს საზღვაო კურორტებზე დაისვენოს. საკურორტო ზონა საქართველოში ჯერ-ჯერობით არ არის ამდენად განვითარებული. ჩვენ ტურისტულ ჯგუფებისთვის შეთავაზებაში გვაქვს კულტურული მარშუტები, რომელშიც შედის ძეგლების და ღირშესანიშნაობების დათვალიერება. კულტურული ტურების ფასები კი დამოკიდებულია ბევრ გარემოებაზე, მაგალითად ჯგუფში ტურისტების რიცხვზე, რამდენდღიანია ტური… საშუალოდ რომ ავიღოთ ერთკვირიანი პაკეტი 15 კაციანი ტურისტული ჯგუფისთვის, ერთი ტურისტისათვის ტურის ღირებულება გამოდის 800-900 დოლარი, ავიაბილეთების გარეშე. ამ ფასში შედის 7 დღე-ღამე სასტუმროში, ორჯერადი კვება და ტრანსპორტითა და გიდით მომსახურება.
იმ ქართველი ტურისტების შესახებ, რომლებიც საზღვარგარეთ ამჯობინებენ შვებულების გატარებას, გვესაუბრება იმავე კომპანიის (“ლევონ თრეველი) ტურიზმის მენეჯერი მამუკა გელაურაძე: ტურისტების რაოდენობა შემცირებულია. პროცენტულად ჯერ არ დაგვითვლია, რადგან სეზონი რეალურად ახლა იწყება. მაგრამ წინა წლებთან შედარებით 30%-იანი კლებას ვვარაუდობთ. მართალია, ყოველდღიურად მოდის ფასდაკლებები თურქეთის სასტუმროებიდან და ჩვენც, შესაბამისად, ვანახლებთ ამ ინფორმაციას, მაგრამ აქ უკვე ფასდაკლებებზეც აღარაა საუბარი. ეკონომიკური კრიზისის გამო ხალხს ფიზიკურად არ აქვს ფული დასასვენებლად. ყველაზე პოპულარული კურორტი ქართველებს შორის ანტალიაა. თუმცა კლიენტის სურვილის შემთხევვაში ჩვენ ნებისმიერი მიმართულებით ვახორციელებთ ტურისტული ჯგუფების გაგზავნას.
ს.ე. – ავიაბილეთების ან სასტუმროების ფასი თუ იკლებს ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით?
მ.გ. – წელს ავიაბილეთების ფასი იწყება 250 ევროდან და ადის ზემოთ. შარშანდელთან შედარებით ფასი შემცირებული არ არის. ავიაბილეთებზე მეტნაკლებად ერთი და იგივე ფასია. რაც შეეხება თურქეთის სასტუმროების ფასებს, ზოგან მომატებულია, ზოგან დაკლებული. ძირითადად, ფასები მაინც გაძვირებულია. გლობალური კრიზისის გამო ეს ფასები არ შემცირებულა, რადგან თურქეთში სხვა ნიუანსი მოქმედებს. იქ ფასები არის თურქულ ლირაზე მიბმული, ლირის კურსი მერყეობს და ცვალებადია. შესაბამისად გაძვირდა პროდუქტის თვითღირებულება თურქეთშიც და სეზონის დასაწყისში მათ ფასები გააძვირეს. ახლა ტურისტების რაოდენობა იზრდება და ფასები კლებულობს. ყოველ დღე ახალი შემოთავაზებები მოდის. თუმცა მთლიანობაში რომ ავიღოთ, შარშანდელი სტანდარტული ფასები უფრო იაფი იყო ვიდრე წლევანდელი.
ამ ინფორმაციას ჩვენთან საუბრისას ადასტურებს კიდევ ერთი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი – კომპანია “ენ-ტურის სათაო ოფისის ხელმძღვანელი მარი შენგელია: ტურისტთა რაოდენობა, რა თქმა უნდა, შემცირებულია, მაგრამ ზუსტად ციფრის დასახელება გამიჭირდება. ამ ეტაპისათვის შემიძლია გითხრათ, რომ ტურისტების რაოდენობა ნახევარზე ცოტაც კია წინა წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით. ჩვენთან კურორტების ფართო არჩევანია, მაგრამ უფრო ზღვა და თურქეთია აქტუალური. თურქეთში ფასი არ არის შემცირებული. არის სასტუმროები, რომლებიც ამა თუ იმ ტიპის ფასდაკლებებს აგზავნიან და ახალ პირობებს სთავაზობენ დამსვენებელს, მაგრამ მთლიანობაში თურქეთში ფასები მაინც იგივეა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ინფორმაცით, სასტუმროები დიდად არ არის გადაჭედილი იქ.
ს.ე. – რა თანხით შეიძლება თურქეთში დასვენება?
მ.შ. – ერთი კვირა თურქეთში, სამ ვარსკვლავიანი სასტუმროთი და ორჯერადი კვებით იწყება დაახლოებით 400 ევროდან. არის სასტუმროები სადაც 10 დღით შეიძლება დაისვენო 600, 700, 800 დოლარად. გააჩნია რა სასტუმროს და მომსახურების რა პირობებს ირჩევს დამსვენებელი.
რაც შეეხება ავიაბილეთების ფასს – ბილეთების ფასი შარშანდელთან შედარებით დიდად არ შემცირებულა, მაგრამ არც გაძვირებულია. მაისის ბოლოდან დავიწყეთ ჩვენ ტურები და ავიაბილეთის ფასი დაახლოებით 300 ევროდან იწყებოდა. ახლა ემატება ავიარეისები ბათუმიდან თურქეთის მიმართულებით, რომელიც გაცილებით იაფი იქნება. თავდაპირველად ეღირება 150 ევრო, ხოლო შემდეგ გახდება 200.
ს.ე. – რა ხდება ადგილობრივ ბაზარზე და ადგილობრივ სასტუმროებში?
მ.შ. – ფასები აქ ძალიან მაღალია იმ ფონზე, როცა ვერც ერთი სასტუმრო ვერ სთავაზობს ტურისტებს მომსახურების იმ პირობებს, რაც შეიძლება მან საზღვარგარეთ მიიღოს. მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ოთხას ევროდ ვერ დაისვენებთ აჭარაში ერთი კვირით, ანუ ვერ ისარგებლებთ მომსახურების იმ პაკეტით, რასაც თურქეთში იგივე ფასად შემოგთავაზებდნენ. სასტუმროს ფასი ბათუმში საქართველოსათვის ნორმალური პაკეტით დღე-ღამეში 250 დოლარია. ეს ძალიან ძვირია, მაშინ როცა თითქმის არანაირი სერვისი ამ ფასში არ შედის. თურქეთში ამ თანხაში შედის მგაზვრობაც, სამედიცინო დაზღვევაც, ორჯერადი კვებაც, სასტუმროც აუზითა და სხვა მსაგვსი სერვისები ნორმალური პირობებით. იგივე სერვისი აჭარაში კი 400 ევროდ წარმოუდგენელია. საუბარი არაა კოტეჯებსა და კერძო სახლებზე. იქ, რა თქმა უნდა, დაისვენებ ამ ფასად. აქვე აღასანიშნავია მთავრობის ახალი ინიციატივა, დღგ-საგან გაათავისუფლოს ტურიზმის სფეროშო მომუშავე კომპანიები. ამ გადასახადისაგან თუ სასტუმროებიც გათავისუფლდებიან და შესაბამის თანხას მომსახურების ფასებს დააკლებენ, იქნება ძალიან კარგი. ასეთ შემთხვევაში უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა საქართველოში, რაც ჩვენი ტურიზმის განვითარებასაც წაადგება და მთლიანად ეკონომიკასაც.
შეღავათები ტურიზმის სფეროში მოღვაწე კომპანიებისათვის
საქართველოს მთავრობამ შეიძლება გარკვეული შეღავათები საბანკო და სამშენებლო სექტორის შემდეგ ტურიზმის სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვისაც დააწესოს. საუბარია დამატებითი ღირებულების 18 პროცენტიანი გადასახადისგან გათავისუფლებაზე. ეკონომიკის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა ტურიზმის სფეროში მოღვაწე კომპანიებისათვის შეღავათების გეგმა და ის ახლა მთავრობის დასტურს ელოდება. ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, რომ საქართველოში მასობრივი ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელია ამ სფეროში მოღვაწე კომპანიების გათავისუფლება გადასახადებისგან, ან გადასახადების შემცირდება. ლაშა ჟვანია აღნიშნავს, რომ ევროპაში 3-4 დღიანი დასასვენებელი პაკეტები საქართველოში ერთი დღის გასატარებელი ფასების ტოლია ავიაბილეთის ჩათვლით. “სახელმწიფოს მხრიდან ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ტურიზმის განვითარებას ხელი მაქსიმალურად შევუწყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სექტორი ჩაგვივარდება, – აღნიშნავს მინისტრი – თუ ტურიზმის სფეროში მოღვაწე კომპანიებს დღგ-სგან გავათავისუფლებთ, ტურისტისთვის ჩამოსასვლელი პაკეტი 18%-ით გაიაფდება. საქართველო კი თურქეთთან, უკრაინასთან, რუმინეთსა და ბულგარეთთან მიმართებაში კონკურენტუნარიანი გახდება.
თუმცა მინისტრის ამგვარ ოპტიმიზმს ნაკლებად იზიარებენ ტურისტული კომპანიები. მსგავს ინიციატივას ისინი მიესალმებიან, მაგრამ აქვე აღნიშნავენ, რომ საქართველოში ტურიზმის განვითარებისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორებიც. პაატა კვიჟინაძე, ტურისტული კომპანია “ფრეშ თრეველის დირექტორი – მართალია, სასტუმროები იხდიდნენ დღგ-ს, მაგრამ შემომყვანი ტურიზმი საქართველოში აქამდეც ნულოვანი ტარიფით იბეგრებოდა. ვნახოთ რა მოყვება ამ ცვლილებას და რამდენად ექნება მას რეალური ეფექტი. შემომყვანი ტურისტული კომპანიები, როგორც გითხარით, ამ გადასახადისაგან აქამდეც თავისუფალი იყვნენ. უფრო მნიშვნელოვანი აქ სხვა საკითხებია, მათ შორის პირველია სტაბილურობა სახლმწიფოში. როცა ქვეყანაში გამუდმებით ომზე ლაპარაკი არ იქნება, ალბათ სიტუაციაც მაშინ გამოსწორდება. აქ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ ზღვაზე დამსვენებლები არ ჩამოგვყავს. ტურისტულ მარშრუტებს ვთავაზობთ ძეგლებისა და კულტურული ღირსშესანიშნაობების დამთვალიერებლებს, ანუ ვაწყობთ კულტურულ ტურებს. ქუთაისს იქით ჩვენ არ მივდივართ, რადგან აჭარაში სასტუმროების ფასი ძალიან მაღალია, რასაც მათ მიერ ტურისტებისათვის შეთავაზებულ მომსახრების ხარისხზე ვერ ვიტყვით.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ქართველ დამსვენებელთა რაოდენობას საგრძნობლად ამცირებს ბანკების მიერ ტურისტული განვადებების გაუქმებაა. ნინო მჟავანაძე, ტურისტული კომპანია “ჯროჯიან ექსპრეს თვერევლის დირექტორი – დამსვენებელი საქართველოში არის მთელი მოსახელობის 5-10%. დანარჩენ ნაწილს ამისათვის საკმარისი ფინანსები არ აქვს. ყოველ წელიწადს ისვენებს ერთი და იგივე ხალხი. იცით რამ შეზღუდა ყველაზე მეტად დამსვენებელთა რაოდენობა? განვადებების გაუქმებამ. ჩვეულებრივი მოსამსახურე პერსონალი აკეთებდა განვადებებს, 8-დან 20%-მდე. ყველა დასაქმებულ ადამიანს, რომელსაც ქონდა 300-500 ლარი ხელფასი შეეძლო დასვენება და შემდეგ წლის განმავლობაში იხდიდნენ ამ თანხას. ამ ხალხისთვის საერთოდ გაუქმნდა დასვენების შესაძლებლობა. დარჩა მხოლოდ შეძლებული ფენა და ალბათ ის, ვისაც საზღვარგარეთიდან უგზავნიან თანხას. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს საქართველოს მთელის მოსახელობის ძალიან დაბალი პროცენტია.
გარდა ამისა, დამსვენებელი უფრო მეტი იქნებოდა, ავიაბილეთები უფრო იაფი რომ იყოს, – აგრძელებს ნინო მჟავანაძე – თურქეთში შეიძლება, მაგალითად, ნორმალურ სამ ვარსკვლავიან სასტუმროში დაისვენო 700 დოლარად ორჯერადი კვებით, მომსახურების პაკეტით და ასე შემდეგ. 350 დოლარადაც შეიძლება დაისვენო, იქ მაგრამ აქ ხარისხზე და მომსახურების პირობებზე პასუხს ვერ ვაგებთ. ბათუმში კი 50-70 დოლარი მარტო ერთი ღამის გათევა ღირს თანაც მხოლოდ დილის კვებით. განსაკუთრებით ავიაბილეთების ფასი აფუჭებს სიტუაციას. მაგალითად ეგვიპტიდან მოდის ძალიან კარგი ფასდაკლებები, იქ 25 დოლარადაც შეგიძლია სასტუმროში დასვენება, მაგრამ გადაფრენა არის ძალიან ძვირი. 2 საათია ეგვიპტემდე და ავიაბილეთი ღირს 700 დოლარი. საახალწლოდ ღირდა 900 დოლარი. მაშინ როცა 950 დოლარად ევროპიდან შეიძლება ამერიკაში გაფრინდე. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა დედამიწის მეორე ბოლოშია, ეგვიპტე კი ჩვენგან 2 საათის საფრენზე, ბილეთების ფასი ჩვენთან მაინც კოლოსალურია.
აჭარა
მიუხედავად ყველაფრისა აჭარაში ტურისტული სეზონი უკვე დაიწყო. როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, აჭარას მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე 66 700 ტურისტი ეწვია. ტურისტების რაოდენობა ივნისის თვის მონაცემებით 20 ათასია, მათგან 4 242 უცხოელია. ტურიზმის დეპარტამენტი მიმდინარე სეზონზე 320 ათასამდე ტურისტის ჩამოსვლას კიდევ ვარაუდობს. მათი მონაცემებით აჭარაში სასტუმროებში, სასტუმროს ტიპის სახლებსა და კერძო სექტორში სულ 39 780 ადგილია, აქედან 6 000 ადგილი სასტუმროებზე მოდის.
რაც შეეხება საოჯახო ტიპის სასტუმროებს, ივნის-ივლისში ქობულეთში ერთი დამსვენებლისათვის დღე-ღამე 5-10 ლარი ღირს, აგვისტოში შედარებით ძვირდება და ადის თითქმის 15 ლარამდე. იმატებს ასევე საოჯახო სასტუმროების ფასიც. თუ აგვისტომდე საოჯახო ტიპის სასტუმროში კვების ხარჯის გათვალისწინებით, ერთ დამსვენებელს მაქსიმუმ 20 ლარის გადახდა უწევს, აგვისტოში მისი ფასი – 25, ზოგჯერ კი 30 ლარამდეც იზრდება.

სვანეთი
საზღვაო კურორტები კი, შეიძლება ითქვას, ძირითადად ადგილობრივ დამსვენებელზეა გათვლილი. როგორც შემომყვან ტურისტულ კომპანიებთან საუბრისას გაირკვა, საქართველოში ტურისტები ჩამოდიან არა საზღვაო კურორტებზე, არამედ ძირითადად კულტურული ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად, რადგან ქართულ საზღვაო კურორტებს ჯერ კიდევ ბევრი რამ სჭირდება დამსვენებლისათვის ევროპული ან თუნდაც თურქული დონის მომსახურების შეთავაზებამდე. თუმცა საქართველო მთიანი ქვეყანაა და დიდია ზამთრის კურორტების პოტენციალი. მაგრამ პრობლემები ამ მიმართულებითაც ბევრია. მაგალითისათვის ავიღოთ სვანეთი, რომელიც ევროპელი ტურისტებისათვის ძალზედ მიზიდველია. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ტურისტული კომპანიები აღნიშნავდნენ, რომ სვანეთში ტურების დაგეგმვას ერიდებიან 2 მთავარი მიზეზის გამო – ცუდი გზები და სასტუმროების არარსებობა. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ტურისტების ინტერესი სვანეთის მიმართ დიდია. მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება. დაიწყო გზების რეაბილიტაცია სვანეთში. გზების შეკეთებაზე ამ ეტაპზე მესტიის რაიონსა და სოფელ ბეჩოში მიმდინარეობს, სადაც ტურისტები ყველაზე ხშირად ისვენებენ.
ზემო სვანეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის პროგრამა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის და საქართველოს დასაქმებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების ფარგლებში განხორციელდა. რეაბილიტაციის პროგრამა 8 პროექტს მოიცავს: სასტუმროების “მესტია და “სვანეთი”-ს რეაბილიტაციას, კაფისა და ინტერნეტკაფის მოწყობას, ველოსიპედების გაქირავების სამსახურის ამუშავებას, ბენზინგასამართ სადგურს, სვანეთის ტურისტული ცენტრის მიერ შემუშავებული ახალი მარშრუტების ამოქმედებას და სუვენირების მაღაზიის გახსნას. მესტიაში დამონტაჟდა სატელიტური ანტენა, რომელიც ინტერნეტით მომსახურებას უზრუნველყოფს. რამდენიმე პროექტი განხორციელდა უშგულშიც. მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ზემო სვანეთში განხორციელებულ პროგრამაზე დაიხარჯა 190 000 აშშ დოლარი. დასაქმებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში კი, შეიქმნა მესტიის ტურისტული რუკა და სვანეთის ტურისტული ცენტრის ბროშურა, ასევე ზუგდიდიდან მესტიამდე გაკეთდა საგზაო ნიშნები და ა.შ., რაზეც 80 000 აშშ დოლარი დაიხარჯა.
გარდა სახელმწიფო პროგრამებისა სვანეთში კერძო ინვესტიციებიც ხორციელდება. აგვისტოს ბოლოსათვის სვანეთში სასტუმრო “თეთნულდი გაიხსნება. ადგილობრივ ინვესტორებს პროექტი დაახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდათ. თანხის დიდი ნაწილი საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან (GRDF) აღებული სესხია. სასტუმრო 70-80 ადამიანზეა გათვლილი და დამსვენებელს მოემსახურება ზამთარ-ზაფხულ. სასტუმრო 3 ვარსკვლავიანია რესტორანით, ბარით, საუნითა და აუზით. სასტუმროში ტურისტებს ასევე შესთავაზებენ ზაფხულისა და ზამთრის ტურებს გიდის მომსახურებით: კვადროციკლებით, ცხენებითა და ველოსიპედებით გასეირნებას. რაც შეეხება ფასებს, დღე-ღამის გატარება სასტუმროში ერთი დამსვენებლისათვის 100-200 ლარის ფარგლებში მერყეობს. ეს დამოკიდებულია იმაზე, მომსახურების რა სერვისსა და ნომრის რა ტიპს აირჩევს დამსვენებელი.
ზემოთ ვისუბრეთ დასვენების სხვადასხვა ადგილსა და საშუალებაზე. ცხადია, რომ საქართველოში ტურიზმის განვითარებისათვის ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. რაშია გამოსავალი? ტურისტულ სფეროში მოქმედი კომპანიებისათვის გადასახადების შემცირებაში, თუ ავიაბილეთებისა და სასტუმროების მაღალი ფასის გაიაფებაში? მაგრამ როგორ უნდა აიძულო კერძო ინვესტორი და ბიზნესმენი, რომ შეამციროს ფასები თავისი მომსახურების სერვისზე? ეს მისი ბიზნესია და გადაწყვეტილებაც მისი მისაღებია. ასევეა ბანკების შემთხვევაც – ტურისტული კრედიტების საკითხი მხოლოდ მათი მენეჯმენტის კომპეტენციაა? ან იქნებ საომარი რიტორიკის შეჩერებაშია ხსნა? ამ საკითხში კი მხოლოდ ქართველი პოლიტიკოსების და დიპლომატების კეთილ ნებაზე არ ვართ დამოკიდებული. სხვაც ბევრი რამე და ვინმეა გადამწყვეტი. ობამას რუსეთში ვიზიტის შემდეგ, ალბათ ბევრს იმედი მოეცა, გვეშველაო, მაგრამ მედვედევის სამხრეთ ოსეთში “ვიზიტმა და შემდეგ საქართველოს პარლამენტის საპროტესტო ნოტამ კვლავ აქტუალურ ფაზაში გადაიყვანა საომარი რიტორიკა. ამის შემდეგ, ალბათ, ისღა დაგვრჩენია დავთვალოთ, კიდევ რამდენი ასეულ ათასობით ტურისტი მოაკლდა იმ ერთ მილიონ ტურტისტს, რომელთა მიღებასაც მთავრობა ჯერ კიდევ 1998 წელს ისახავდა მიზნად.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial