მომავლის ქალაქი

ალექსანდრა ლალიაშვილი

25-26 აპრილს თბილისმა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-6 საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა “მომავლის ქალაქი” იყო. საერთაშორისო ფორუმს ევროპის, აზიისა და აფრიკის წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს შორის იყვნენ სხვადასხვა ქალაქის მერები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, ექსპერტები, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ფორუმის გახსნის ცერემონიაზე თბილისის მერმა სტუმრებს ქალაქში არსებული ბიზნეს-გარემო, მიმდინარე პროექტები და თბილისის განვითარების სამომავლო სტრატეგიები გააცნო. “ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოქმედებითი სექტორების განვითარება. ეს არის ეკონომიკის პრიორიტეტული მიმართულება თბილისისთვის. ჩვენ ვგეგმავთ, რომ სამუშაო ადგილების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ სფეროში შევქმნათ. ე.წ. სმარტ ტექნოლოგიები მსოფლიოს მომავალია და ჩვენ ამ ტენდნციებს ფეხი უნდა ავუწყოთ. ამაჟამად ჩვენ ვახორციელებთ ისეთ პროექტებს, როგორიცაა “დაიწყე ბიზნესი მერიასთან ერთად”, “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” და სხვა” – განადაცხადა გიგი უგულავამ.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმს თბილისის მერიამ წელს მეექვსედ უმასპინძლა. ფორუმში მონაწილეობა მიიღო 80-ზე მეტმა მონაწილემ მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის: ინგლისიდან, გრემანიიდან, ავსტრიიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ეგვიპტიდან, ავღანეთიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ლიტვიდან, მალაიზიიდან, ჩინეთიდან, ჩეხეთიდან, სამხრეთ სუდანიდან, ირლანდიიდან, ფინეთიდან, პოლონეთიდან და სხვა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფორუმის მთავარი თემა იყო მომავლის ქალაქები. ფორუმის მსვლელობისას მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ როგორი უნდა იყოს ქალაქის კავშირები საერთაშორისო მასშტაბით, როგორი უნდა იყოს ქალაქის მმართველობის ფორმა და რაზეა დამოკიდებული კონკურენტუნარიანი ქალაქის საცხოვრებელი პირობები, როგორც ევროპაში, ისე აზიასა და აფრიკაში.
მსგავსი ფორუმების მნიშვნელობას უსვამს ხაზს ექსპერტი ზურაბ გვასალია: “მუნიციპალური განვითარება ძალზედ სერიოზული პრობლემაა მთელ მსოფლიოში. საქართველოს ქალაქებს, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩანდა, რომ ამ მიმართულებით ნაკლები პერსპექტივა ჰქონდა. თუმცა, თბილისს ჰყავს უნარიანი მმართველობა და გამოჩნდა, რომ ეს პერსპექტივები საკმაოდ დიდია. მაგრამ აუცილებელია ამ ტენდენციების ამუშავება. ისევე როგორც ბევრ ქალაქს, თბილისსაც აწუხებს ისეთი პრობლემები, როგორიცაა ინფრასტრუქტურის განვითარება, სერიოზული პრობლემები იყო სამანქანო გზებთან დაკავშირებით, მოსახლეობის კონცენტრაცია და ა.შ. ამ ყველაფრის გადაჭრა სერიოზულ ძალისხმევას საჭიროებს და ამას ეძღვნება მსგავსი ფორუმები. ეს ფაქტობრივად არის ანგარიშის ჩაბარება მოსახლეობისთვის. და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ფორუმი არის სერიოზული სიგნალი ინვესტორებისთვის – მათ შეუძლიათ მოვიდნენ, თავისი ბიზნესი ააწყონ ამ ქალაქში და თავი იგრძნონ დაცულად. ეს არის მსგავსი ფორუმების დანიშნულება. თბილისის საერთაშორისო ფორუმი ამ მიზანს ყოველთვის ამართლებს. ის თემატური სემინარები, რომელიც ამ ორი დღის განმავლობაში ტარდება, ძალიან პრობლემატურ და მნიშვნელოვან საკითხებს ეძღვნება”.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა თემატური სესიები, სადაც თბილისის მერიის სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებმა უცხოელ კოლეგებსა და სტუმრებს საკუთარი საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს და იმ პროექტებზე იმსჯელეს, რომელიც თბილისში ხორციელდება. დისკუსიები შემდეგ საკითხებზე გაიმართა: ურბანული კომუნიკაცია და კავშირები: “სინერგია დიდ ქალაქებს, დაბებს, სოფლებს, რეგიონებსა და რაიონებს შორის”, “კონკურენტუნარიანობა: როგორ მოვიზიდოთ და შევინარჩუნოთ ტალანტები”, “საცხოვრებლად მიმზიდველი; სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქის მიმზიდველობის გაზრდისათვის”, “ეფექტიანი მმართველობა: საზოგადოების ჩართულობა პოლიტიკის შემუშავების პროცესში”, “ურბანული კომუნიკაცია და კავშირები: ძირითადი სატრანსპორტო საშუალებების როლი ქალაქებს, რეგიონებსა და ქვეყნებს შორის კავშირისა და მიმზიდველობის გაუმჯობესებაში”, “ქალაქის იდენტურობის კონკურენტუნარიანობის გაზრდა”, “როგორ მოვიპოვოთ და შევინარჩუნოთ ცხოვრების მაღალი ხარისხი”, “კავშირები ქალაქის სტრატეგიასა და ბიუჯეტს შორის – კავკასიის მაგალითი”, “ურბანული კომუნიკაცია და კავშირები: ახალჩამოსულთა აქტიური ინტეგრაცია ქალაქის ცხოვრებაში”, “კონკურენტუნარიანობა: ბიზნესის მოზიდვა ქალაქში”; ქალაქებში გამჭვირვალე ფინანსური მართვის უზრუნველყოფა”; “ეფექტიანი მმართველობა: პროგრამული ბიუჯეტი – კავშირი ფინანსურ და სტრატეგიულ დაგეგმვას შორის” და სხვა სესიები.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ფორუმის განმავლობაში განიხილებოდა, ენერგოეფექტურობას უკავშირდებოდა. ამ თემაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმაც: “დღეს, როდესაც განსაკუთრებით მაღალია უმუშევრობის მაჩვენებლები და მძაფრია ეკონომიკური კრიზისის გამოწვევები, მნიშვნელოვანია, რომ ქალაქების მმართველობის ინიციატივებმა ხელი შეუწყოს ამ კრიზისების დაძლევას. სამუშაო ადგილების შექმნა ნებისმიერი პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულება უნდა იყოს, მაგრამ პარალელურად არ უნდა დაგვავიწყდეს ენერგო ეფექტურობის საკითხები. ამჟამად ევროპის განვითარების ფონდის 5% მიმართულია ენერგო დამზოგავი პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობაზე. ევროკავშირის ტენდენციები სამაგალითო უნდა იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალი ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისაა”.
თბილისის ენერგოეფექტურ პოლიტიკასა და მის შედეგებზე ისაუბრა თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა, ენერგოეფექტურობის საკითხთა კოორდინატორმა მამუკა სალუქვაძემ: “ევროკავშირის ეგიდით უკვე რამოდენიმე წელია მოქმედებს ე.წ. “მერების შეთანხმება”, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათასზე მეტი ქალაქი შეუერთდა. შეთანხმება გლობალური საფრთხეების, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ დოკუმენტს წარმოადგენს. ამჟამად ხელშეკრულებას უკვე შეუერთდა, ჯამში, 160 მილიონი მოსახლით, 3800-ზე მეტი ქალაქი. მათ შორისაა საქართველოს 4 ქალაქი: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი”.
2010 წლის 12 აპრილს, თბილისის მერის გიგი უგულავას მიერ მერების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდგომ, თბილისი პირველი დედაქალაქი გახდა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც მიუერთდა ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტს.
თბილისის ხელმძღვანელობა აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდგომ, უერთდება ევროკავშირის 2020 წლის საერთო მიზანს, რომელიც ადგილობრივი ტერიტორიების საზღვრებში სათბური გაზების (CO2)-ის ემისიების მინიმუმ 20%-ით შემცირებასა და მდგრადი ენერგეტიკის ხელშემწყობი სამოქმედო გეგმის განხორციელებას ითვალისწინებს. დასახული გეგმის მიხედვით, ყოველწლიურად უნდა მოხდეს ჩO2-ის 140 მილიონ ტონაზე მეტით შემცირება.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად, თბილისმა აიღო შემდეგი მნიშვნელოვანი ვალდებულებები: მოამზადოს ემისიის საბაზისო კადასტრი, როგორც მდგრადი ენერგეტიკის ხელშემწყობი სამოქმედო გეგმის საფუძველი; წარადგინოს მდგრადი ენერგეტიკის ხელშემწყობი სამოქმედო გეგმა მერების შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი წლის განმავლობაში; ხელი შეუწყოს ქალაქის სტრუქტურათა ადაპტირებას ადამიანური რესურსების განაწილების ჩათვლით საჭირო მოქმედებების განსახორციელებლად; მოახდინოს თბილისის ტერიტორიაზე სამოქალაქო საზოგადოების მობილიზებას სამოქმედო გეგმის განვითარებაში მონაწილეობის მისაღებად, რაც გულისხმობს გეგმით გათვალისწინებული მიზნების განსახორციელებლად და მისაღწევად საჭირო პოლიტიკისა და ზომების განსაზღვრას. სამოქმედო გეგმა მოამზადოს და წარადგინოს მერების შეთანხმების ოფისში ხელის მოწერიდან ერთი წლის განმავლობაში; ასევე, წარადგინოს მოხსენება განხორციელების შესახებ სულ მცირე ორ წელიწადში ერთხელ მას შემდეგ, რაც მოხდება სამოქმედო გეგმის წარდგენა შეფასების, მონიტორინგისა და დამოწმების მიზნით; გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება და ნოუ-ჰაუ სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებს; მოაწყოს “ენერგიის დღეები” ევროპულ კომისიასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ იმ უპირატესობით, რომელიც ენერგიის უფრო რაციონალური მოხმარებით მიიღწევა; ასევე, მოახდინოს ადგილობრივი მედიის ინფორმირებულობა სამოქმედო გეგმის განვითარების მსვლელობის შესახებ; მონაწილეობა მიიღოს და წვლილი შეიტანოს ევროკავშირის მერების ყოველწლიურ კონფერენციაში ევროპაში მდგრადი ენერგეტიკის შექმნის უზრუნველსაყოფად; გაავრცელოს შეთანხმების გზავნილები შესაბამისი ფორმით და მხარი დაუჭიროს სხვა მერებს, რათა ისინი შეუერთდნენ შეთანხმებას.
როგორც თბილისის მერიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ერთ-ერთი მთავარი საბაზისო, რაც ამ ორი წლის განმავლობაში გაკეთდა, იყო მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის განახლება და პროექტი “ენერგოეფექტურობის გეგმა მუნიციპალური შენობებისთვის”, რომელიც თბილისის მერიამ ნორვეგიულ კომპანია ENSI Energy Saving International-თან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად განახორციელა.
გამოიყოფა 4 მთავარი ფაქტორი, რომელზეც მოდის დაბინძურების დიდი წილი: შენობების სექტორი (39%), სატრანსპორტი სექტორი (44%), მუნიციპალური ინფრასტრუქტურა და მწვანე სივრცეები (ჯამში 17%).
როგორც დისკუსიის დროს გაირკვა, მიუხედავად მრავალი წინსვლისა, პრობლემები ჯერ ისევ არის. როგორც არასამთავრობო სფეროს წარმომადგენლება შეხვედრის მსვლელობისას განაცხადეს ჯერჯერობით მთავარ პრობლემად რჩება ენერგო ეფექტურობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის არ არსებობა. ექსპერტთა ამ შეფასებას მამუკა სალუქვაძეც დაეთანხმა: “გეთანხმებით, რომ ეს ძალინ დიდი პრობლემაა, მაგრამ არსებობს კანონპროექტები და მათ უბრალოდ მიღება სჭირდება. მთავარია არსებობდეს ამ კანონების მიღების ნება, სხვა ამას წინ არაფერი უდგას და იმედი მაქვს, რომ ეს ასეც იქნება”.
იგივე საკანონმდებლო ბაზის ხარვეზებს და მშენებლობაში გაუმართავი სტანდარტების არ არსებობას შეიძლება მივაწეროთ კიდევ ერთი პრობლემა – შენობების დათბუნება და ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების უგულვებელყოფა ენერგო მოხმარების დროს. გიორგი აბულაშვილი, ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი: “მდგომარეობა დღეს საქართველოში ამ მიმართულებით ისეთი მძიმეა, რომ მე პირადად საცხოვრებელი შენობებიდან ემისიების შემცირება უახლოეს მომავალში არარელისტურად მიმაჩნია”.
მამუკა სალუქვაძე: “როდესაც ენერგოეფექტურობის გაზრდაზე ვსაუბრობთ, კერძო შენობებთან დაკავშირებით საქმე უფრო რთულადაა. აუცილებელია, რომ არსებობდეს სტანდარტები, რომელიც მიზნად ისახავს ენერგო ეფექტურობის დაცვას. მუნიციპალურ შენობებთან მიმართებაში პრობლემის მოგვარება, რა თქმა უნდა, გაცილებით მარტივია, აქ უბრალოდ ერთი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. მაგრამ საზოგადოების ცნობიერების დონე ენერგოეფექტურობის საკითხებთან დაკავშირებით არ შეესაბამება იმას, რასაც ვისურვებდით. ამ მხრივ ძალიან ბევრია სამუშაო”.
მიუხედავად ყველა გამოწვევისა, როგორც მამუკა სალუქვაძემ განაცხადა, სამოქმედო გეგმის შესრულების შემთხვევაში, 2020 წლისათვის ენერგო დამზოგავი პოლიტიკა 24%-იან ეკონომიას მისცემს ქალაქს. “თბილისის მერიის მთავარი მიზანი არის ჩO2-ის შემცირება ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნებით” – დასძენს მამუკა სალუქვაძე. ამჟამად თბილისის მერია კიშინოვის მერიასთან ერთად ახორციელებს საპილოტე პროექტს, რომელიც გულისხმობს მუნიციპალური საბავშვო ბაღების ენერგო აუდიტს და დათბუნებას, რომელიც შემდეგ სამაგალითო უნდა გახდეს კერძო სექტორისთვისაც.
ფორუმის პარალელურად თბილისის მერმა გიგი უგულავამ და კაიროს მერმა აბდელ კავი ხალიფამ ორ ქალაქს შორის დაძმობილების შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რაც ორ ქალაქს შორის ურთიერთობის გაღრმავებას და მჭიდრო კავშირის დამყარებას ისახავს მიზნად.