“მეცნიერება ჩემთვის ჰობი არ არის”

ლეო ჩიქავა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი

ბატონ ვაჟა ლორთქიფანიძის მრავალფეროვანი და ღრმაშინაარსიანი მოღვაწეობიდან, მე როგორც მისი საკანდიდატო დისერტაციის მომზადებისას მეცნიერ-ხელმძღვანელი და სადოქტორო დისერტაციის მომზადებისას მეცნიერ-კონსულტანტი, უწინარეს ყოვლისა, ქართული დემოგრაფიული მეცნიერების განვითარებაში მის მიერ შეტანილ წვლილს ვაფასებ.

მან, მთელ რიგ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ყოფნის შემდეგ, ათიოდე წლის წინათ მუშაობა დაიწყო ჩვენთან – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად, სადაც მაშინვე დიდი მონდომებით ჩაება მეცნიერულ-კვლევით საქმიანობაში. აქვე გამოიკვეთა მისი მეცნიერული კვლევა-ძიების ძირითადი მიმართულება და შეირჩა საკვალიფიკაციო თემაც. მაგრამ სულ მალე გადაიყვანეს ქვეყნის პრეზიდენტის აპარატში სამუშაოდ, შემდეგ სხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე. თუმცა, ყველგან, თავისი ძირითადი მოვალეობის შესრულებასთან ერთად, ინტენსიურად და დიდი რუდუნებით განაგრძობდა ნაყოფიერ მეცნიერულ კვლევა-ძიებით საქმიანობას.

ბატონმა ვაჟამ იმთავითვე ნათლად გამოავლინა ჭეშმარიტი მეცნიერისათვის

დამახასიათებელი ყველა აუცილებელი თვისება: მაღალი ნიჭიერება და ერუდიცია, უდიდესი შრომისმოყვარეობა, არაჩვეულებრივი ნებისყოფა, შინაგან პოტენციურ შესაძლებლობათა მობილიზება დასახული მიზნის განსახორციელებლად, ფაქტობრივი მასალის საფუძვლიანი გაანალიზება-განზოგადების უნარი და ყოველივე ამის კვალობაზე ღრმა მეცნიერული დასკვნების გაკეთების ხელოვნება. აი, რატომ მიიქცია სპეციალისტთა (და არა მარტო სპეციალისტთა) განსაკუთრებული ყურადღება მისმა საკვალიფიკაციო ნაშრომმა – “ისტორიული მესხეთის დემოგრაფიული განვითარების პრობლემები”, რომლის წარმატებით დაცვის საფუძველზე 1998 წელს სამეცნიერო საბჭომ მას ერთხმად მიანიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი (დემოგრაფიის სპეციალობით).

სადისერტაციო თემის მომზადება მკვლევარს დიდი დილემის წინაშე აყენებდა, რამდენადაც მას შესაბამისი ფაქტობრივი მასალა უნდა მოეპოვებინა მთელ ისტორიულ მესხეთში დემოგრაფიული განვითარების საკითხებზე. ისტორიული მესხეთი კი, როგორც ცნობილია, მოიცავდა არამარტო საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებში შემავალ ტერიტორიებს – მესხეთ-ჯავახეთსა და აჭარას, არამედ დღეისათვის თურქეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში მოქცეულ ტერიტორიებსაც (ტაო, კლარჯეთი, შავშეთი, არტაანი, სპერი და სხვა). დისერტანტის წინაშე იდგა ურთულესი ამოცანა. მას დეტალურად უნდა შეესწავლა თურქეთში მცხოვრები ქართველების დემოგრაფიული ქცევა, მათი დემოგრაფიული განვითარების ძირითადი ტენდენციები, რომლებიც უნდა შეედარებინა მთლიანად თურქეთისა და საქართველოს მოსახლეობის ანალოგიურ მაჩვენებლებთან და ამის კვალობაზე უნდა გაეკეთებინა შესაბამისი მეცნიერული დასკვნები, მაგრამ ამ ამოცანის გადაჭრას ართულებდა მთელი რიგი გარემოებანი. კერძოდ ის, რომ თურქული ოფიციალური სტატისტიკა მის ტერიტორიაზე მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა შესახებ მონაცემებს შეგნებულად არ ამუშავებს. თანაც, იქ ინტენსიურად მიმდინარეობს ასიმილაციის პროცესი (მიუხედავად ამისა, როგორც ბ-ნი ვაჟა აღნიშნავს, ჯერ კიდევ ბევრს აქვს შენარჩუნებული მშობლიური ქართული ენა ოჯახში სასაუბროდ) და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უცხოელს ეკრძალება ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებთან დაახლოება და რაიმე ინფორმაციის აღება. ბ-ნი ვ.ლორთქიფანიძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თავისი პირადი კონტაქტებით შეუძლებელიც კი შეძლო (სხვათა შორის, ამისათვის გამოიყენა თავისი ერთ-ერთი მოგვარის, თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნაც) – სოციოლოგიური კვლევის ჩატარებით უნიკალური ფაქტობრივი მასალის მოპოვება, რომლის შედარებითმა ანალიზმა და განზოგადებამ ფრიად საინტერესო გახადა მისი მონოგრაფიული გამოკვლევა. კვლევის ძირითადი შედეგები ასახულია მის მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომებში: “თურქეთის მოსახლეობა”, თბილისი, 1997; “თურქეთში მცხოვრები ქართველების რეპროდუქციული ქცევა”, თბილისი, 1997″ “ეთნიკური ასიმილაციის პროცესები”, თბილისი, 1997; “თურქეთში მცხოვრები ქართველების რაოდენობა”, საქართველოს სახელმწიფო საარქივო დეპარტამენტის საისტორიო მოამბე, 1997, #69-70 და სხვა.

არანაკლებ საინტერესო და მომხიბვლელია ვაჟა ლორთქიფანიძე, როგორც საზოგადო მოღვაწე. ეს არა მარტო ჩემი, არამედ საზოგადოების ფართო მასების საერთო აზრია. რითი დაიმსახურა მან ასეთი ერთსულოვანი აღიარება? – უწინარეს ყოვლისა, დაკისრებულ მოვალეობათა უხმაუროდ, აუჩქარებლად და, რაც მთავარია, გააზრებულად, აკადემიურ სტილში შესრულებით, ინფორმაციის თანამედროვე საშუალებების მეშვეობით ფართო აუდიტორიის წინაშე, თავისი ღრმაშინაარსიანი და საქმიანი გამოსვლებით, ეთნოკონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებაში აქტიური მონაწილეობით, ქართული კულტურის მოამაგეობით და ა.შ.

თუ ყოველივე ეს მართალია (და რომ მართალია ამაში იოტისოდენა ეჭვიც არ მეპარება) შეიძლება მავანმა და მავანმა თქვას, მაშინ რამ განაპირობა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობიდან საზოგადოებისათვის სრულიად მოულოდნელად და უმტკივნეულოდ მისი წასვლა? – თანამდებობიდან უპრობლემოდ წასვლა მის მაღალ კულტურაზე მეტყველებს, ხოლო ძირითადი მიზეზი იმაში უნდა ვეძიოთ, რომ რომელიღაც გავლენიანი ძალები თავიანთი შორეული მიზნების განხორციელების გზაზე მას ერთგვარ დაბრკოლებად მიიჩნევდნენ. მაგრამ საზოგადოება დიდი კმაყოფილებით ხვდება იმას, რომ ბ-ნი ვაჟა კვლავ უბრუნდება დიდ პოლიტიკას.

მისი პირადი მდგომარეობისათვის უეჭველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორისა და კათედრის გამგის საპატიო და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის გაგრძელება ჯობია, თანაც ისეთ ტაძარში, სადაც თავის დროზე მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა მომზადებისათვის თავიანთ ძალისხმევას არ იშურებდნენ გამოჩენილ ქართველ მეცნიერთა სახელოვანი კოჰორტის წარმომადგენლები – ივანე ჯავახიშვილი, პეტრე მელიქიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, შალვა ნუცუბიძე, კორნელი კეკელიძე, სერგი დანელია, ილია ვეკუა და ბევრი სხვა. მაგრამ ჩვენი ქვეყნისათვის ამ რთულ პერიოდში რაც უფრო მეტი განათლებული, პატიოსანი და გამოცდილი კადრი გვეყოლება ხელისუფლებაში, მით უფრო სწრაფად დავაღწევთ თავს საყოველთაო კრიზისს და შევქმნით ცხოვრების ნორმალურ პირობებს. ერთ-ერთი მათგანი, ვისი იმედიც აქვს საზოგადოებას ამ კეთილშობილური მიზნის მიღწევისათვის ბრძოლაში, ბ-ნი ვაჟა ლორთქიფანიძეა.

დაბოლოს, ბ-ნი ვაჟა როგორც პიროვნება, შეიძლება სრულიად გადაუჭარბებლად ითქვას, რომ იგი ამ მხრივაც გამორჩეულია, ფართოდ განსწავლულობასა და მაღალ ინტელექტთან ერთად, მას ახასიათებს ზედმიწევნითი მოკრძალება და თავმდაბლობა. იგი ყველგან და ყოველთვის უხვად აფრქვევს სითბოსა და სიკეთეს, რაც ამაღლებს და კიდევ უფრო სიმპათიურს ხდის მის პიროვნებას.