მსოფლიოს გლობალური ეკონომიკური განვითარება და მისი ზემოქმედება საქართველოს ეკონომიკაზე

ნუკრი შარაძე

1. გლობალიზაციის ცნება
უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოს გლობალურმა განვითარებამ მრავალი პრობლემა წარმოშვა, რომლებიც ეკონომისტებისა და პოლიტიკოსების მსჯელობის საგნად იქცა.

გლობალური ეკონომიკა ერთმანეთს უკავშირებს ქვეყნების ბედ-იღბალს და ერთი ქვეყნის წარუმატებლობა მეორე ქვეყანაში ჯაჭვურად ვრცელდება. როდესაც მისი მასშტაბები იზრდება, მაშინ იქმნება საშიშროება მათი რეგულირების გართულების შესახებ.

ტერმინის “გლობალიზაცია” ქვეშ მოიაზრება, ერთი მხრივ, ქმედითი ძალების მოქმედება. იგი ისეთი პროცესია, რომელიც სასარგებლოა მსოფლიოსათვის და მისი მომავალი ეკონომიკური განვითარების გარდაუვალი გზაა. მეორე მხრივ, კი მის ქვეშ იგულისხმება საწინააღმდეგო მოძრაობაც, ერების და ქვეყნების უთანაბრობის გაღრმავება, რაც წარმოადგენს საშიშროებას დასაქმებისა და ცხოვრების დონის გაუარესებისათვის. იგი ანგრევს სოციალურ პროგრესს.

რეალურად, გლობალიზაცია გვთავაზობს ხელსაყრელ შესაძლებლობებს განვითარებისათვის, მაგრამ იგი არ არის ყველასათვის ერთნაირად პროგრესული. ზოგიერთი ქვეყანა გაცილებით სწრაფად ახერხებს გლობალურ ეკონომიკასთან ინტეგრაციას, სხვები კი შედარებით ნელა. ქვეყნები, რომლებიც ინტეგრირებულნი არიან გლობალურ ეკონომიკაში, უფრო სწრაფად ვითარდებიან და სიღარიბის დონეც ეცემა. საგარეო ვითარებაზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ დინამიზმი და გამოცოცხლება მისცა დასავლეთ აზიის ქვეყნებს, რომლებიც ამ ორმოცი წლის წინ ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნებს წარმოადგენდნენ. ამ ქვეყნებში ცხოვრების დონის ზრდასთან ერთად განვითარდა დემოკრატია და გარემოს დაცვა, დაინერგა შრომის საერთაშორისო სტანდარტები.

გლობალიზაცია, ეკონომიკური ასპექტით, ნიშნავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკის ინტეგრაციის ზრდას, პრაქტიკულად, ვაჭრობისა და საფინანსო ნაკადების უმოძრაობის გზით. იგი გამოხატავს ადამიანების შრომითი ურთიერთობების ინტეგრაციასაც, ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელებას საერთაშორისო მასშტაბით. ეს ტერმინი ბრუნვაში 1980 წლიდან შემოვიდა და დაკავშირებული იყო ტექნოლოგიების განვითარებასთან საერთაშორისო ურთიერთობებით, კერძოდ, ვაჭრობისა და ფინანსური ნაკადების გზით. იგი გულისხმობს ეროვნული საზღვრების ნგრევას იმავე სავაჭრო ძალების მოქმედების გზით, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მართავდნენ ეკონომიკისა და ადამიანობის აქტივობის სხვადასხვა დონეს – სოფლის ბაზრებს, ქალაქის ინდუსტრიას და საფინანსო ცენტრებს.

ეკონომიკა კონკურენციისა და შრომის დანაწილების მეშვეობით სწრაფად ვითარდება. სამუშაო ძალის სპაციალიზაცია საშიშროებას უქმნის ხალხს, ეკონომიკის ფოკუსირება მოახდინოს იმ საფუძველზე, სადაც მათ შეუძლიათ სხვაზე უკეთესად გაკეთება. გლობალური ბაზრები საშუალებას აძლევენ ერებს, უფრო ფართოდ ჩაერთონ მთელი მსოფლიოს დიდ ბაზრებში. ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, გამოიყენონ უფრო იაფი იმპორტი, მეტი ტექნოლოგიები და კაპიტალური ნაკადები, გააფართოონ თავიანთი ექსპორტი. მაგრამ ეს ბაზრები სრულიად არ პირდება მათ იმას, რომ ამ ურთიერთობებიდან ყველა მიიღებს ეფექტს და სარგებელს. ქვეყნები მზად უნდა იყვნენ იმისათვის, რომ შეიმუშაონ ის პოლიტიკა, თუ ამ გლობალიზაციიდან როგორ მიიღონ სარგებელი და როგორ გადაანაწილონ თანას წორად. უღარიბეს ქვეყნებს კი ნამდვილად სჭირდებათ საერთაშორისო საზოგადოებიდან დახმარება.

2. საგარეო ვაჭრობა – გლობალიზაციის გზა
2000 წელს მსოფლიოს საფინანსო კონდიციები, მართალია, გაუმჯობესდა და მოქნილი იერი მიიღო, მაგრამ უთანაბრო განვითარებამ ახალი საშიშროება შექმნა, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა სჭირდება. ეკონომიკური განვითარების დონე სწრაფად განვითარდა განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში, მაგრამ შემცირდა აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ნახევარსფეროში. გარდამავალი ქვეყნების განვითარება კი უთანაბროდ წარიმართა. სწრაფად განვითარდა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპა, პოსტკომუნისტური ქვეყნების ეკონომიკის ზრდის ტემპები შეფარდებითად შემცირდა. ასევე შემცირდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ზრდის ტემპები, რაც სხვადასხვა გარემოებებთან ერთად საგარეო ფაქტორებითაც იყო გამოწვეული.

90-იან წლებში საფინანსო კრიზისის განვითარებამ, თავდაპირველად, აზიის კონტინენტზე და შემდგომ ევროპის რიგ ქვეყნებში მწვავე ზემოქმედება მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზეც და სირთულეების წინაშე დააყენა მისი განვითარება. რუსეთის საფინანსო კრიზისის ზეგავლენის შესახებ საქართველოზე მსჯელობა არ იყო დამთავრებული, რომ თავი იჩინა თურქეთის პრობლემებმა და მისმა მოსალოდნელმა ზეგავლენამ საქართველოზე. რამდენადაც საქართველო გლობალური ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია, მისი ბედი დამოკიდებული გახდა მსოფლიოს ეკონომიკურ სივრცეში მიმდინარე წარმატებულ თუ წარუმატებელ რეფორმებზე, ამიტომ, ბუნებრივია, საქართველოს განვითარება მნიშვნელოვნად განსაზღვრულია მის მეზობელ ქვეყნებთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობის მთელი სპექტრით.

რუსეთის კრიზისი ერთ-ერთი ყველაზე ღრმა კრიზისი იყო საბჭოთა სისტემის დაშლის შემდგომ პერიოდში. თავდაპირველად საფინანსო კრიზისმა აღმოსავლეთ აზიაში იჩინა თავი. იგი ტაილანდში დაიწყო 1997 წლის ივლისში. ტაილანდის ცენტრალურმა ბანკმა უარი თქვა ეროვნული ვალუტის რეგულირებაზე და მას მოჰყვა ამ ქვეყნის ეროვნული ვალუტის დევალვაცია. შემდგომ დევალვაცია განიცადეს ფილიპინების, ინდონეზიის, მალაიზიის ეროვნულმა ვალუტებმა. კრიზისი გაგრძელდა ჰონგკონგში და იგი გავრცელდა სამხრეთ კორეაშიც, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში გამოირჩეოდა სწრაფად განვითარებადი და სტაბილური ეკონომიკით. კრიზისის ასეთი გადაცემა ერთი ქვეყნიდან მეორეში გავდა “დომინოს (ჯაჭვური) ეფექტს” და მან ირიბი ზემოქმედება მოახდინა ჯერ რუსეთის, შემდეგ კი საქართველოს ეკონომიკაზე.

რუსეთში კრიზისის მიზეზი გახდა ფინანსური მანიპულაციები და უცხო ინვესტორთა უნდობლობა სახელმწიფო საფინანსო პოლიტიკისადმი. 1996-98 წლებში რუსეთის მთავრობა პერიოდულად ზრდიდა თავის ფინანსურ ვალდებულებებს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით. ფასიანი ქაღალდების ემისია, როგორც ბიუჯეტის შევსების წყარო, თანდათანობით სახიფათო თამაშს ემსგავსებოდა. ამას დაემატა ის გარემოებაც, რომ 1998 წლის მეორე კვარტალში უცხოური ინვესტორების მიერ ინვესტიციების შემოტანა რუსეთში 5-ჯერ შემცირდა. ამან განაპირობა რუსეთის საგადამხდელო ბალანსის გაუარესება. შემცირდა ფასიანი ქაღალდების რეალიზება. ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნამ მკვეთრად იკლო. მანეთის დევალვაცია გარდაუვალი გახდა.

რუსეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მოთხოვნის შემცირება, ძირითადად, განპირობებული იყო უცხოური ინვესტორების უნდობლობით რუსეთის სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების მიმართ. უცხოელმა ინვესტორებმა მოსალოდნელი მანეთის დევალვაციისაგან თავის არიდების მიზნით დროულად დაიკავეს თადარიგი და დაიწყეს რუსული ეროვნული ვალუტის გათავისუფლება, რამაც კიდევ უფრო დააჩქარა მოსალოდნელი კრიზისი.

ამ მდგომარეობას აუარესებდა მსოფლიო ბაზარზე რუსეთის ძირითად საექსპორტო პროდუქციებზე – ნავთობზე და გაზზე ფასების დაცემაც. ამდენად, საფინანსო საკრედიტო პოლიტიკის კრიზისის შედეგად სახელმწიფომ დაკარგა ინვესტორების ნდობა. ცენტრალური ბანკი იძულებული გახდა, დაეხურა ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა, სახელმწიფომ კი ნაწილობრივ უარი განაცხადა თავის ვალდებულებებზე. ეროვნული ვალუტის შესუსტების შედეგად, ფაქტობრივად, მოხდა რუსეთის ეკონომიკის დოლარიზაცია.

რუსეთის საფინანსო კრიზისი “ჯაჭვური ეფექტის” მოქმედებით გავრცელდა იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთთან ეკონომიკურად მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი. უკრაინაში კრიზისი სხვა ფაქტორებთთან ერთად, გამოიწვია უცხოური კაპიტალის შემოსვლის დაბალმა ტემპმა, საგარეო და საშინაო ვალების დაგროვებამ და სხვა შიდა პრობლემებმა.

ბელორუსია უკანასკნელ პერიოდში ეკონომიკის მკვეთრ დაცემას განიცდის, ამიტომ უკვე კრიზისში მყოფი ქვეყნისათვის საფინანსო კრახი მოულოდნელი არ ყოფილა. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, მართალია, შეძლეს თავიანთი ეროვნული ვალუტის დაცვა გაუფასურებისაგან, მაგრამ ექსპერტების გაანგარიშებით, ამ კრიზისის გამო მაინც იზარალეს.

რუსეთის 1998 წლის საფინანსო კრიზისმა პირდაპირი გავლენა მოახდინა საქართველოზე, მოხდა ლარის დევალვაცია და დაირღვა ამ ქვეყნებთან სავაჭრო კავშირები. 1999 წელს რუსეთზე მოდიოდა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 16.9 პროცენტი, 2000 წელს კი იგი შემცირდა და შეადგინა 15.4 პროცენტი. ამავე პერიოდში თურქეთის წილი იყო, შესაბამისად, 13.2 და 17.7 პროცენტი (საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, 2000. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. თბ. 20001. გვ. 43).

რუსეთის კრიზისიდან ორი-სამი წლის შემდეგ დადგა თურქეთის კრიზისის ზეგავლენის საშიშროება საქართველოსათვის.

ბოლო წლების განმავლობაში თურქეთის რესპუბლიკის ეკონომიკა არასტაბილური განვითარებით ხასიათდებოდა და აღმავლობა პერიოდულად მკვეთრი დაცემით იცვლებოდა. მაღალმა ინფლაციამ განაპირობა ეროვნული ვალუტის კონკურენტუნარიანობის დაკარგვა. ნავთობის ფასის გაზრდამ და დოლარის კურსის გაძლიერებამ ევროსთან მიმართებაში კიდევ უფრო მეტად გაამწვავა თურქეთის საგარეო ეკონომიკური მდგომარეობა. ამას წინ უძღვოდა 1999 წელს ძლიერი მიწისძვრაც, რომელმაც ზემოქმედება მოახდინა მოსახლეობის შიდა მოთხოვნის შემცირებაზე და მიმდინარე ანგარიშის ბალანსზე.

ამ წლებში კიდევ უფრო გაიშალა კორუფცია. კორუფციის გამოაშკარავებამ და, განსაკუთრებით, საბანკო სფეროში არარაციონალურმა მმართველობამ შეარყია საფინანსო სისტემა. გაიზარდა სარგებლის განაკვეთი და დაიკარგა ეკონომიკური აგენტების ნდობა. შესაბამისად, შეწუხებულმა უცხოელმა ინვესტორებმა, რომლებსაც მანამდე თურქეთში მუდმივი შემოსავალი ჰქონდათ, დაიწყეს თავიანთი ფულის უკან დაბრუნება და მიემატნენ ფასიანი ქაღალდების გამყიდველებს. ამ პროცესმა კაპიტალის მასიური გაჟონვის სახე მიიღო. საფინანსო აჟიოტაჟმა კიდევ უფრო მოშალა საფინანსო სფერო.

ამჟამად თურქეთი განიცდის კრიზისის შემდგომ ფაზას და ნელ-ნელა მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ ამ გარემოებამ ჯაჭვური რეაქციით შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნების ურთიერთობებზე. მას, მართალია, მეზობელ და თურქეთთან ეკონომიკურად მჭიდროდ დაკავშირებულ ქვეყნებზე ექნება ზეგავლენა, მაგრამ ნაკლებად იმოქმედებს იმ ქვეყნებზე, რომლებიც განუხრელად გაატარებენ ღონისძიებებს თავიანთი მიმდინარე ანგარიშის ბალანსის დასაცავად.

3. თურქეთის საფინანსო კრიზისის ძირითადი საშიშროებანი საქართველოსთვის
თურქეთის საფინანსო კრიზისი და მისი ეროვნული ვალუტის დევალვაცია, რომელიც ისეთი კომპონენტების მოქმედების შედეგია, როგორიცაა ინვესტიციების ნაკლებობა ეკონომიკაში, შიდა მოთხოვნის შემცირება, ინფლაციის მაღალი დონე და სხვა, თავის ასახვას ჰპოვებს საქართველო-თურქეთის ეკონომიკური ერთიერთობების მრავალ სპექტრზე, ხოლო მისმა საფინანსო კრიზისმა კი შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს, ძირითადად, საქართველოს საგადასახადო ბალანსზე და სავალუტო ურთიერთობებზე. საშიშროებაა, რომ თურქეთის საფინანსო კრიზისი გავლენას იქონიებს ევროპულ ბანკზე და იმ თურქულ ბანკებსა და საინვესტიციო ორგანიზაციებზე, რომლებიც მოღვაწეობენ საქართველოში.

ამასთან, თურქული ლირის გაუფასურებას ავტომატურად მოსდევს თურქული საქონლის გაიაფება დოლართან მიმართებაში. ამიტომ გაძლიერდება თურქული წარმოების კონკურენტუნარიანობა ისეთ დაბალგანვითარებულ საგარეო ბაზრებზე, როგორიცაა საქართველო, რაც გამოიწვევს ისედაც სუსტი ქართული წარმოების შესუსტებას და საქართველოში თურქული იმპორტის ზრდას.

თურქული იმპორტის ზრდა საქართველოში მოსალოდნელია თურქული ლირის სწრაფი დევალვაციის შემთხვევაში ქართულ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაშიც, რაც ნიშნავს თურქული საქონლის შეფარდებით გაიაფებას და საქართველოს საგადამხდელო ბალანსის გაუარესებას. საგადამხდელო ბალანსის გაუარესება კი გამოიწვევს საქართველოში, ერთი მხრივ, დოლარიზაციის ზრდას, ხოლო, მეორე მხრივ, იმპორტის ზრდას, რასაც საერთაშორისო ვალუტის გადინებაც მოჰყვება.

თურქეთში არსებული ფინანსური და მიკროეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შემცირდება ქართული ექსპორტი თურქეთში ან კიდევ ფასების დისკრიმანაციის შედეგად შემოსავლები ნაკლები იქნება. თუ აღნიშნული მოვლენები არ იქნება კომპენსირებული სხვა საგარეო სავაჭრო ურთიერთობებით, მაშინ მთავრობა დადგება ლარის დევალვაციის აუცილებლობის წინაშე. იმპორტის ზრდამ, ექსპორტის შემცირებამ, საქართველოს მეწარმეთა კონკურენტუნარიანობის შემცირებამ, საგადამხდელო ბალანსის გაუარესებამ და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდამ შეიძლება ლარის კურსის დევალვაცია გამოიწვიოს.

4. არის თუ არა კრიზისები გლობალიზაციის გარდაუვალი შედეგი?
კრიზისების მიმდევრობამ 90-ან წლებში – მექსიკა, ტაილანდი, ინდონეზია, კორეა, რუსეთი, ბრაზილია, თურქეთი – გვიჩვენა, რომ გლობალიზაციის საფინანსო კრიზისები პირდაპირი და გარდაუვალი შედეგია. რა თქმა უნდა, განვითარებულ და ახლად აღმოცენებულ საბაზრო ქვეყნებში გლობალიზაციის პროცესმა ეკონომიკის მართვა ძალიან ძნელი გახადა. ალბათ, კრიზისები არ განვითარდებოდა ამ ქვეყნებში, რომ არა გლობალური კაპიტალის ბაზრები. მაგრამ ვერც ეს ქვეყნები ვერ მიაღწევდნენ წარმატებებს ეკონომიკის ზრდაში საფინანსო ნაკადების მოძრაობის გარეშე. ეს კრიზისები არის ეროვნული პილიტიკისა და საერთაშორისო საფინანსო სისტემის ურთიერთმოქმედებაში გამოვლენილი ნაკლოვანებების შედეგი. ეროვნული მთავრობები და საერთაშორისო ორგანიზაციები ახალ ნაბიჯებს იმისათვის დგამენ, რომ ასეთი კრიზისები არ გამეორდეს და თავიდან იქნეს აცილებული.

ეროვნულ დონეზე ქვეყნებს, რომლებსაც ჰქონდათ წარმატებები ეკონომიკის ზრდაში, შეიძლება არ იყვნენ მზად იმისათვის, რომ გაუძლონ იმ პოტენციურ შოკებს, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებიდან მომდინარეობს. გლობალურ ბაზრებში მონაწილე ქვეყნებისათვის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საფინანსო ნაკადების სწორი განვითარება, ღია ეკონომიკა, ტრანსფარენტულობა და კარგი მმართველობა აუცილებელი ნიშნებია, მაგრამ ამ ერთი ან რამდენიმე ასპექტით ყველა ქვეყანას არ ახასიათებს ეს ნიშნები.

საერთაშორისო ფონზე კი კრიზისის საწინააღმდეგო თავდაცვის ნაბიჯები არსებობს. ინვესტორები სათანადოდ არ აფასებენ რისკს. საფინანსო ცენტრებში ზედამხედველები სწორად ვერ აკეთებენ განვითარების მონიტორინგს. ზოგიერთ ინვესტორს კი არ გააჩნია საკმარისი ინფორმაცია. შესაბამისად, ხდება ბაზრების ქცევის შეცვლა იმისდა მიხედვით, თუ როგორ იქცევა ინვესტორი. მათ მიერ პოლიტიკის შეცვლა ნიშნავს კაპიტალის მიმართულების შეცვლას, განსაკუთრებით მოკლე პერიოდში იგი იწვევს ბაზრის საწინააღმდეგო რეაქციას. საერთაშორისო ორგანიზაციები კი პასუხს აგებენ ამ მოქმედებაზე და ცდილობენ, რეაგირება მოახდინონ საფინანსო სისტემაზე ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით. მიზანი არის ის, რომ მართვა უფრო ეფექტური და ტრანსფერენტული იყოს.

დღეს მწვავედ დგას საკითხი იმის შესახებ, რომ განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის სხვაობა შემოსავლებში სულ უფრო იზრდება, რომელსაც აძლიერებს კრიზისების ზეგავლენა ერთმანეთზე. განვითარებული ქვეყნები ადვილად ართმევენ თავს კრიზისებს, მაგრამ დაბალგანვითარებულ ქვეყნებში იგი მთელი სიმკაცრით მოქმედებს. ცუდია ვიფიქროთ, რომ თუ არაფერი გაკეთდა, ეს ნაკლი გამოსწორდება. სხვა გამოსავალია ის, რომ დაბალგანვითარებული ქვეყნები არ უნდა იყვნენ ინტეგრირებულნი გლობალურ ეკონომიკაში ისე სწრაფად, როგორც სხვები, იმის გამო, რომ ისინი ახლა განსაზღვრავენ თავიანთ პოლიტიკას, ხოლო სხვები – მოგვიანებით. ამასთან, მთავრობა უუნაროა ქვეყნის მართვაში. ცხადია, რომ არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია დარჩეს იზოლირებულად მსოფლიოს გლობალური მოვლენების გარეშე. ყველა ქვეყანამ უნდა შეამციროს კრიზისების საშიშროება და სიღარიბის დონე. საერთაშორისო ორგანიზაციები საფინანსო სისტემის გაჯანსაღებით და ვაჭრობის გზით უნდა დაეხმარონ ღარიბ ქვეყნებს მსოფლიოს ეკონომიკაში ინტგრაციისათვის და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიზარდოს მათი ზრდის ტემპი. ეს კი არის გზა იმისაკენ, რომ გლობალიზაციისაგან ყველამ მიიღოს სარგებელი.