განუხორციელებელი რეფორმა და დაკარგული საექპორტო პოტენციალი

ალექსანდრა ლალიაშვილი

ბოლო წლებია საქართველოში სისტემატიურად მიმდინარეობს საუბარი მომხმარებელთა უფლებების დარღვევაზე. პრობლემებია თითქმის ყველა სფეროში _ კვება, ფიჭური კავშირგაბმულობა, საწვავის ფასები და ხარისხი და ა.შ. მომხმარებელთა უფლებების დაცვა არც საკანონმდებლო და არც ინსტიტუციონალურ დონეზე ახსენდება ვინმეს.

კარტერული გარიგება, რომელიც მარეგულირებლის კომპეტენცია არაა

დიდი ხანია მობილურ ოპერატორებს მომხმარებელი აღარ გაუოცებია ”სასიამოვნო სურპრიზებით”. მაგრამ, როგორც ჩანს, მათ შემოსავალი მოაკლდათ და მომხმარებელზე ორიენტირებული პოლიტიკაც (პორტირების წესის ამოქმედების შემდეგ მობილურმა ოპერატორებმა აბონენტების შესანარჩუნებელ-მისაზიდად სხვადასხვა აქციების შეთავაზება დაიწყეს) კვლავ შეიცვალა. პირველი აპრილიდან სწრაფი გადახდის აპარატებით მობილურის ბალანსის შევსება ფასიანი გახდა. მომხმარებლები უკვე ორი თვეა თვითონ იხდიან ანგარიშის შევსების 4%-იან საკომისიოს, აქამდე ამ საკომისიოს სწრაფი გადახდის კომპანიებს მობილური ოპერატორები უხდიდნენ.

”თიბისი ფეის” წარმომადგენელთა განმარტებით, მობილურმა ოპერატორებმა დაფინანსება შეწყვიტეს და ბალანსის შევსების საკომისიოს გადახდა მომხმარებლებს მოუწევს. ”ნოვა ტექნოლოჯის” განცხადებითაც, საკომისიოს აბონენტების მიერ გადახდის გადაწყვეტილება უშუალოდ მობილურმა კომპანიებმა მიიღეს. ”ოესემპეს” წარმომადგენელი მობილური ოპერატორი კომპანიების მხრიდან სწრაფი გადახდის ბიზნესისთვის დაფინანსების შეწყვეტას ზედმეტი ხარჯების შემცირებით ხსნის.

ამასთან, ანგარიშის შევსება საკომისიოს გადახდის გარეშე კვლავაც შესაძლებელი იქნება სხვა ალტერნატიული გადახდის საშუალებების გამოყენებისას (სასაუბრო ბარათები, ოპერატორების სერვის ცენტრები და ოპერატორების ვებ გვერდები). ამ ფაქტზე აკეთებენ აქცენტს ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები, რომლებიც უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ისინი მომხმარებელთა უფლებებს არღვევენ.
”ჯეოსელში” აცხადებენ, რომ სწრაფი გადახდის აპარატებს იმიტომ აფინანსებდნენ, რომ მომხმარებელს ეს სისტემა აეთვისებინა. ახლა კი სწრაფი გადახდის კომპანიებს დაფინანსება მობილურმა ოპერატორებმა ერთობლივად შეუწყვიტეს, რადგან მომხმარებელში ეს სისტემა უკვე პოპულარულია კომპანია ”ბილაინში” ადასტურებენ, რომ მობილური კომპანიების სტრატეგია სწრაფი გადახდის სერვისების წახალისება იყო. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, სწრაფი გადახდის ბიზნესისთვის სუბსიდირების შეწყვეტის მიზეზი ისაა, რომ მომხმარებელმა სწრაფი გადახდის სერვისი უკვე აითვისა და ეს ბიზნესი უკვე დღეს საკმაოდ განვითარებულია. ამასთან, ”ბილაინში” ამბობენ, რომ, მომხმარებელი რომ არ დაზარალდეს, ”ბილაინმა” მათ გადახდის სხვა საშუალებებით სარგებლობა უფასოდ შესთავაზა.

ექსპერტთა შეფასებით კი, მობილურ ოპერატორებს ისედაც ძვირი სატარიფო პოლიტიკა აქვთ და ამ ფონზე მომხმარებლისათვის 4% საკომისიოს ჩამოჭრა იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი მხოლოდ მოგებაზე არიან ორიენტირებულნი. ექსპერტთა განცხადებით, ის ფაქტი, რომ სამივე კომპანიამ ერთდროულად გადაწყვიტა მომხმარებლისათვის საკომისიოს გადახდის გადაბარება, კლასიკური კარტერული გარიგებაა. შესაბამისად, მობილური კომპანიების მხრიდან სწრაფი გადახდის აპარატებისთვის სუბსიდირების შეწყვეტა და მომსახურების საკომისიოს მომხმარებლისთვის დაკისრება არასამართლიანია. ამიტომაც სპეციალისტთა შეფასებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, რომელიც ამ სფეროში, ფაქტობრივად, ანტიმონოპოლიური სამსახურია, ვალდებულია ეს ფაქტი გამოიძიოს.

სხვაგვარად ფიქრობენ მარეგულირებელ კომისიაში და აცხადებენ, რომ ამ საკითხით კომისია არ დაინტერესდება, რადგან ეს მათი რეგულირების სფეროში არ შედის. კომისიის განმარტებით, საკითხი კომპანიების მხრიდან მომსახურების საფასურს ეხება და ეს მობილური ოპერატორების გადასაწყვეტია. როგორც კომისაში აცხადებენ, მათი კომპეტენციის სფერო ფიჭური კავშირგაბულობის კომპანიებსა და მომხმარებელთა შორის ურთიერთობაა და არა კომპანიების ფინანსური საკითხების კვლევა. ამ ლოგიკით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც კომერციული კომპანიების ოპერირებას უკავშირდება, ფინანსებს შეიძლება დავუკავშიროთ, საინტერესოა, რა აზრი აქვს ასეთ შემთხვევაში მარეგულირებელი ინსტიტუტებისა და კომისიების არსებობას?!

ხარისხი დაბალი, ფასი მაღალი

ექსპერტთა ნაწილი ნავთობკომპანიების მხრიდან უხარისხო საწვავის რეალიზაციაზე უკვე დიდი ხანია საუბრობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ემზარ ჯგერენაია აცხადებს, რომ საწვავის ხარისხი გაუარესებულია. მისი თქმით, ამ ეტაპზე საწვავის ხარისხს არავინ აკონტროლებს და მომხმარებელი შეცდომაშია შეყვანილი. როგორც ემზარ ჯგერენაია აცხადებს, ”სუპერის” ფასად იყიდება არასუპერი, ”პრემიუმი” კი პრემიუმი არ არის.
”ჩვენი კვლევის შედეგად, გამოვლინდა, რომ საქართველოში რეალიზებულ საწვავს არასათანადო ოქტანობა აქვს. უფრო მეტსაც გეტყვით, საწვავის ხარისხი გაუარესებულია, ”სუპერი” საერთოდ არ შემოდის საქართველოში, მაგრამ გაყიდვაში გვხვდება. ეს ყველას შეუძლია გადაამოწმოს და თავად ნახავს, რა შედეგსაც მიიღებს. როგორი ხარისხის საწვავს მოვიხმართ, ამას დღეს ქვეყანაში არავინ აკონტროლებს, ტექნიკური ზედამხედველობა არ არის, სტანდარტიზაციისა და ტექნიკური პირობების სქემა მოშლილია. ეს ბიზნესი ფაქტობრივად არ კონტროლდება. რაც ყველაზე მტკივნეული და მნიშვნელოვანია, უნდა შეიქმნას სტანდარტიზაციის სისტემა, ეს მხოლოდ საწვავს არ ეხება, ეს ეხება კვების პროდუქტებსაც და წარმოების სხვა სფეროებსაც”, – აცხადებს ჯგერენაია.

ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე არა ერთი გვერდი და პუბლიკაცია დასთმობია მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის საკითხების გაშუქებას. მრავალჯერ აღგვინიშნავს, რომ ამ ორი სფეროს გაუმართაობა (უფრო სწორად, არარსებობა) ქვეყნისათვის დიდი პრობლემაა და მისი ეკონომიკური განვითარებისათვის სერიოზული მუხრუჭია. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომამდე, სანამ რუსეთ-საქართველოს საზღვრები ჩაიკეტებოდა, მეტროლოგიის საზომი ერთეულები და ხელსაწყოები საქართველოდან პეტერბურგში დაჰქონდათ ეტალონთან შესადარებლად, რადგან ყოფილ საბჭოთა კავშირში შესაბამისი ინსტიტუტები მხოლოდ მოსკოვსა და პეტერბურგში არსებობდა. ახალი ტექნიკური პირობებისა და ეტალონთა ინსტიტუტის შესაქმნელად კი ათეულობით მილიონი დოლარი და პოლიტიკური ნებაა საჭირო.

თუმცა, მის გარეშე ქვეყანა და მის ეკონომიკა წინ რომ ვერ წავა, ნათელია. ქართულ ბიზნესს ტექნიკური რეგულირებისა და სტანდარტიზაციის არასრულყოფილი სისტემის გამო უკვე სერიოზული ზიანი მიადგა. ბაზარზე გაჩნდა უხარისხო და შეუმოწმებელი პროდუქცია, რომლის გამოც იმპორტ-ექსპორტი სერიოზულად დაზარალდა. მიზეზი ისაა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ხელშეკრულებით, რომელიც დსთ-ის მასშტაბით მოქმედებდა, სტანდარტების ურთიერთაღიარება დსთ-ის ქვეყნებს შორის ხდებოდა. შესაბამისად, ბოლო წლებამდე ჩვენი ექსპორტ-იპმორტის ძირითადი ნაწილი დსთ-ის ბაზარზე იყო ორიენტებული. დასავლეთთან ურთიერთობაში კი საერთაშორისო სტანდარტები მოქმედებენ. მით უმეტეს მაშინ, როცა საქართველომ უკვე მყარად აიღო კურსი დასავლეთისაკენ და მის სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ. რეალურად, ევროკავშირში გაწევრიანებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ქართული პროდუქციისათვის ევროპის ბაზარიც კი საოცნებოდ რჩება. მართალია, უკვე ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვესმის, რომ ევროპა საქართველოს სატარიფო ბარიერებს უმარტივებს ან საერთოდ აუქმებს, რომ ევროკავშირმა ჩვენს ქვეყანას GSP+ რეჟიმი გაუგრძელა, რომ მალე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროპასთან და, შესაძლოა, აშშ-სთანაც გვექნება ხელშეკრულება, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ სატარიფო ბარიერებს ეხება, არასატარიფო ბარიერები კი, რომელიც ამა თუ იმ ცივილიზებულ ბაზარზე, მათ შორის, ევროკავშირში შესასვლელადაც მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს, არავითარ შემთხვევაში არ გამარტივდება და აუცილებელია მათ მოგვარებაზე ქვეყნის შიგნით ვიზრუნოთ. მსჯელობამ კვლავ მეტროლოგია-სტანდარტიზაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხთან მოგვიყვანა.

ამასობაში კი, არა მხოლოდ საქართველოს საექსპორტო პოტენციალი, არამედ მომხმარებელიც ზარალდება, ხარისხის გაუმართავი კონტროლის გამო. საწვავის ხარისხთან ერთად, არავინ აკონტროლებს იმასაც, რომ მაშინ როცა მსოფლიოში ნავთობზე ფასები ბოლო პერიოდში მცირდება, საქართველოში რატომღაც საერთაშორისო ფასები ადგილობრივ სარეალიზაციო ფასებზე არ აისახება.
”თავისუფალი ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის” კვლევის მიხედვით, რომელიც ”გალფისა” და ”ლუკოილის” ბენზინგასამართ სადგურებზე ჩატარდა, გაირკვა, რომ საწვავის იმპორტიორი კომპანიები მომხმარებელს ატყუებენ, როგორც ფასში, ასევე რაოდენობაში. ნავთობის მსოფლიო ბაზარზე, აპრილის შუა პერიოდში ”ბრენტის” ტიპის ნავთობის ფასი რვა პუნქტით დაეცა ათი სამუშაო დღის მანძილზე, ხოლო მსუბუქი ნავთობის ფასმა დაიწია ამ წლის მინიმუმამდე. ნავთობის ფასების ვარდნის პირველი ტალღა გამოიწვია აპრილის დასაწყისში ოპეკის, შეერთებული შტატების ენერგეტიკული ინფორმაციების მართვისა და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ ნავთობის მოხმარების შესახებ 2013 წელს. სამივე ორგანიზაციამ დასწია ნავთობის მოხმარების და მოთხოვნის შესახებ პროგნოზი. წლის განმავლობაში ექსპერტთა პროგნოზით, ბარელი ნავთობის ფასი დაახლოებით 110 დოლარის გარშემო იქნება.

ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ”ჩვენთან მდგომარეობა რეალიზებული საწვავის ხარისხთან დაკავშირებით არის დამაკმაყოფილებელი. რა თქმა უნდა, არ ვამბობ იმას, რომ მდგომარეობა არის იდეალური, თუმცა რეგიონში ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო ვითარება საქართველოშია. შემოსული პროდუქციის სახეობა საბაჟოზე შესაბამისი პროცედურებით მოწმდება ოფიციალური სტრუქტურების მიერ. რაც შეეხება ხარისხის კონტროლს, მსგავსი რამ საქართველოში არ არსებობს, სახელმწიფო დონეზე ამა თუ იმ დარგის პროდუქციის ხარისხის მაკონტროლებელი ორგანო ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს, რაც დიდი პრობლემაა არა მხოლოდ საწვავის შემთხვევაში”.

სამაგიეროდ ქვეყანაში არსებობს ადმინისტრაციული სამართლის კოდექსი, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ფალსიფიცირებული პროდუქციის შემოტანა ისჯება ”შრომის ანაზღაურების ათიდან ასმაგ მინიმალურ ოდენობამდე, პროდუქციის კონფისკაციით”. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ექსპერტთა ნაწილი ირწმუნება, რომ საქართველოში იყიდება ფალსიფიცირებული საწვავი, ამ განცხადებიდან თითქმის 2 თვე გავიდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამით ჯერ არავინ დაინტერესბულა და მომხმარებლისთვისაც არავის მიუცია დამატებითი ახსნა განმარტებები.

სურსათის უვნებლობა და მომხმარებელთა უფლებები

საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობა 1992 წელს დაიწყო. სამოქალაქო ომისა და სხვა პოლიტიკური პირობების გათვალისწინებით, განხილვა მიმდინარეობდა მეტად მძიმე პირობებში, რამაც კანონდებლობის ხარისხს თავიდანვე დიდი დაღი დაასვა. მაგრამ ეკონომიკისა და ვაჭრობის ლიბერალიზაცია არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები თავს საფრთხეში უნდა იგდებდნენ მავნე პროდუქციის გამოყენებით. თავისუფალი ეკონომიკის პირობებშიც კი, გაყიდვაში არსებული საქონლის უსაფრთხოების პრეზუმციას ადგილი უნდა ჰქონდეს, რომლის რეალიზების ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად გამართული, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული სტანდარტების შემუშავება და დაცვა უნდა იქნას მიჩნეული.
საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული ინსტიტუციონალური პრობლემები გამოწვეულია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაკონტროლებელ სახელმწიფო ორგანოებს შორის ფუნქციების გარკვეული აღრევით, დუბლირებით, ხშირ შემთხვევაში, დამოუკიდებელი ლაბორატორიული ექსპერტიზის ჩატარების შეუძლებლობით, მეტროლოგია-სტანდარტიზაციის გაუმართავი სისტემით. რაც, ხშირ შემთხვევაში, იწვევს კორუფციულ გარიგებებს კანონდამრღვევ ეკონომიკურ აგენტებთან, უწესრიგობას სამომხმარებლო ბაზარზე და მომხმარებელთა უფლებების უხეშ დარღვევას. 2012 წლის მაისში საქართველში მომხმარებელთა დაცვის კანონი საერთოდ გაუქმდა. თუმცა, როგორც ახალ ხელისუფლებაში აცხადებენ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო დაჩქარებული ტემპით მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე, რომელმაც ქვეყანაში სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით ვითარება უნდა გააუმჯობესოს.

არასამთავრობო სექტორი სახელმწიფოსგან სურსათის უვნებლობაზე კონტროლის გამკაცრებას, კვლევის არეალის გაფართოებას, ჯარიმების გაზრდასა და საწარმოების მოულოდნელი შემოწმების დაწესებას ითხოვს. რამდენად უვნებელია ის სურსათი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა მოიხმარს? ჯერჯერობით ვითარება კვლავ საგანგაშოა. რეფორმა, რომლის განხორციელების შესახებაც ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო საუბარი, ადგილიდან არც კი დაძრულა.
რამდენიმე თვის წინ ”სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა” ლაბორატორიული შემოწმებით 18 სახეობის ხორცის ნახევარფაბრიკატებში კოლიბაქტერიების არსებობა დაადასტურა. პროდუქციის ჩამონათვალის გაცნობა შესაძლებელია ვებ გვერდზე _ www.momxmarebeli.ge გვერდზე ასევე მრავლად შეიძლება იმ შემთხვევების გაცნობა, რომელიც საკვებად უვარგისი პროდუქციის რეალიზაციას ეხება.

მომხმარებელს აქვს უფლება, სურსათისა და პროდუქციის უვნებლობასა და ხარისხზე სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს, აცხადებენ საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციაში. სპეციალისტთა განმარტებით, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო სამსახური, მართალია, მონიტორინგს ატარებს, მაგრამ ყოველწლიური მონაცემების მშრალი ჩამონათვალი ვერ უზრუნველყოფს ვერც ქვეყანაში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას და ვერც მომხმარებლის უფლებების მაქსიმალურ დაცვას. ამ მიმართულებით გაცილებით ქმედითია შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სამომხმარებლო დახლზე განთავსებული კონკრეტული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა, რომლის შედეგებიც საჯარო ხდება. სურსათის უვნებლობის სტანდარტების დასანერგად ერთ-ერთი რეკომენდაცია სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის მოწესრიგებაა. სპეციალისტები კომპანიების მხრიდან სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების დანერგვისა და სერტიფიცირების აუცილებლობაზე საუბრობს.

ექსპერტთა ნაწილს, სურსათის დაბინძურების აღმოჩენილ ფაქტებზე ოპერატიული რეაგირების მექანიზმის არარსებობა მიაჩნია სურსათის უვნებლობის დაცვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად. მათი შეფასებით, როდესაც მომხმარებელი, აღმოაჩენს რაიმე სახის გაფუჭებულ პროდუქტს, რომელიც აშკარად გაფუჭებულია სუნით, ფერით და ასე შემდეგ და მიმართავს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც არის ერთადერთი სახელმწიფო ორგანო, რომელმაც უნდა მოახდინოს ასეთ პრობლემებზე რეაგირება, სურსათის სააგენტო ვერაფერს აკეთებს. მას არა აქვს უფლებამოსილება, რომ ოპერატიულად მივიდეს იმ მაღაზიასა თუ საწარმოში, სადაც გამოვლინდა დარღვევა და ჩაატაროს შემოწმება, გამოავლინოს დარღვევები და დააჯარიმოს ობიექტი. არაეფექტური და არაოპერატიული კონტროლის მექანიზმების პირობებში, ექსპერტები სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნასთან ერთად, ამ სისტემის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებას ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მიიჩნევენ.