რა გაკეთდა ერთი წლის განმავლობაში

გასული წლის ბოლოს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მოსახლეობას 1 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგები გააცნეს. ჩვენი ინტერესის სფერო ე.წ. ეკონომიკური გუნდის მინისტრების მუშაობის შედეგებია, ამიტომ ქვემოთ გთავაზობთ ფინანსათა, ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების, სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საქართველოს მთავრობის პროექტის – ”საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის” – ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013 წელს გაწეული საქმიანობა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, შალვა ფიფიამ შეაჯამა.

”ხელისუფლება სისტემურად ახორციელებს ისეთი ტიპის ცვლილებებს, რომელმაც გლეხებსა და ფერმერებს, სოფლის მეურნეობის დარგში ჩართულ მეწარმეებს მეტი სტიმული უნდა მისცეს. სოფლის მეურნეობის განვითარებამ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ერთ-ერთი მთავარი როლი უნდა შეასრულოს. ყველა იმ პროექტით, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, ჩვენ შევძელით გლეხებისა და ფერმერებისთვის, მეწარმეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გაგვეხადა ფინანსური რესურსი; ჩვენ ეტაპობრივად ვქმნით ისეთი საკანონმდებლო ბაზას, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან მაქსიმალურად დაახლოებს სოფლის მეურნეობის დარგის მარეგულირებელ ეროვნულ კანონმდებლობას; ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ქვეყანაში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის გაზრდასა და უსაფრთხოებაზე; ვმუშაობთ საექსპორტო ბაზრების გაზრდის მიმართულებით. ჩვენ უნდა შევძლოთ ქართული პროდუქტი ევროპის ბაზარზე გავიტანოთ. ყოველი ზემოაღნიშნული ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს სოფლის მეურნეობის დარგი გავხადოთ მიმზიდველი როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის,” – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ.

მან ასევე ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც სამინისტრომ 2013 წელს დაიწყო:

. ”მცირემიწიან ფერმერთა საზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი”, რომლის ფარგლებშიც 710 385 ბენეფიციარმა 195 545 543 ლარის ღირებულების პირდაპირი დახმარება მიიღო სასოფლო-სამეურნეო ბარათების სახით; აქედან ნომინალური ბარათებით, მცირემიწიანმა ფერმერებმა უსასყიდლოდ მიიღეს სასუქი, პესტიციდი, სათესლე მასალა, სასოფლო ინვენტარი, ვეტ. პრეპარატები, ხოლო კომბინირებული ბარათებით დამუშავდა 207, 322 ჰა მიწის ფართობი;
. ”შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი”, რომლის ბიუჯეტი 29, 600,000 ლარით განისაზღვრა და რომელიც დღეისათვის უკვე ექვს კომპონენტს მოიცავს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში, 8,052 ბენეფიციარზე გაცემულია 220,082,428.88 ლარის ოდენობის კრედიტი. მათ შორის დაფინანსდა 53 ახალი საწარმო. ამჟამად დამუშავების პროცესშია მე-7 კომპონენტი: შეღავათიანი აგროკრედიტი თანმხვედრი გრანტით დაფინანსებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის;
· სამუშაოები განხორციელდა სარწყავი და სადრენაჟე არხების რეაბილიტაციისთვის. ამჟამად, საქართველოს მასშტაბით სარწყავი სისტემის პრაქტიკულად ყველა დიდი მაგისტრალური არხი და განამაწილებელი გაწმენდილია;
· საქართველოში წყალუზრუნველყოფილი გახდა 74.3 ათასი ჰა სავარგული. სადრენაჟე სამუშაოები მიმდინარეობს 4635 ჰა ფართობზე. სარწყავი და დამშრობი სისტემების ექსპლუატაციის და რეაბილიტაციის შედეგად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება 40-50%-ით გაიზრდება;
· ქართული ღვინის პოპულარიზაციის, მევენახეობა-მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლებისა და ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით გაწეული სამუშაოების შედეგად, 2013 წელს ღვინის ექსპორტმა 48 ქვეყანაში 44,654,359 ბოთლი შეადგინა, რაც 96%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. აქედან რუსეთის ბაზარზე უკვე ექსპორტირებულია 21,784,510 ბოთლი ღვინო;
· ევროკავშირთან თანამშრომლობით შემუშავდა და 2013 წელს დაიწყო ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD), რომელიც საქართველოში სურსათის წარმოების ზრდისა და სოფლად სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად. აღნიშნული პროექტით საქართველო მიიღებს 40 მილიონი ევროს გრანტს სოფლის მეურნეობის სექტორის გასავითარებლად;
· შეიქმნა ”სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო”. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბებამ ხელი უნდა შეუწყოს სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას; თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას; მიწების გამსხვილება-კონსოლიდაციას; სასოფლო-სამურნეო პროდუქციის რეალიზაციასა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას. სააგენტომ მოსამზადებელი სამუშაოები და რეგიონში შეხვედრები ფაქტობრივად დაასრულა და 2014 წლის იანვრიდან სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისთვის კოოპერატივების სტსტუსის მინიჭების პროცედურებს დაიწყებს;
· ჩატარდა რთველი 2013. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განახორციელა სუბსიდირებისა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა. სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე 40 თეთრს, ხოლო 1 კგ საფერავზე 25 თეთრს შეადგენდა. სახელმწიფომ საბანკო სექტორთან ერთად, მეღვინეობა-მევენახეობის სექტორს ყურძნის შესასყიდად 15-თვიანი ვადით არაუმეტეს 6%-ის ლარში შეღავათიანი სესხი შესთავაზა, რომლის ფარგლებში 48 ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოზე გაიცა 52,370,629 ლარის ოდენობის კრედიტი; მთლიანად კახეთის რეგიონის მოსახლეობამ ყურძნის რეალიზაციის შედეგად შემოსავლის სახით მიიღო დაახლოებით 100 მილიონ ლარზე მეტი;
· ხელისუფლებამ წელს უპრეცედენტო რაოდენობის ფინანსური რესურსი გამოყო ციტრუსის სუბსიდირებისათვის. სახელმწიფო 13,800,000 ლარს დახარჯავს – 1 კგ სტანდარტულ მანდარინში 15 თეთრს, ხოლო არასტანდარტულში – 10 თეთრს გასცემს. დღეს მანდარინის ჩამბარებელი 36 პავილიონი ფუნქციონირებს. ქობულეთის გადამამუშავებელი ქარხანა მოსახლეობისაგან 2-ჯერ მეტ (20 000 ტონამდე) არასტანდარტულ მანდარინს ჩაიბარებს. დღეის მდგომარეობით ქვეყნიდან 23 000 ტონაზე მეტი ციტრუსია ექსპორტირებული.

ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა წლიური ანგარიშის წარდგენისას ”საქართველოს მთავრობა ღია მმართველობის” პროექტის ფარგლებში, იუსაბრა საფინანსო-საბიუჯეტო და საგადასახადო სფეროში, დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის, ვალის მართვის, აგრეთვე ეკონომიკური დანაშაულის გამოძიების კუთხით მიმდინარე წელს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. მინისტრმა ასევე ყურადღება გამახვილა 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ პრიორიტეტულ სფეროებზე, საუბარი შეეხო ასევე 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტებს.

სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული გახდა; პირველად გაიხსნა ”სხვა ხარჯების” მუხლი, რომელიც გასულ პერიოდში მილიარდ ლარს აჭარბებდა; 2014 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებად კვლავ რჩება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროები.

სახელმწიფო ვალის მართვისა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის მიმართულებით, სახელმწიფო ვალი ინარჩუნებს მდგრადობას. 2013 წლის ბოლოსათვის სახელმწიფო ვალი ნომინალურ მშპ-სთან მიმართებაში დაახლოებით 34.7%, ხოლო საგარეო ვალი 27.2% იქნება. დღეის მდგომარეობით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების განვითარების პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით, შეღავათიანი სესხების და გრანტების სახით მიმდინარეობს დაახლოებით 40 პროექტი. აღნიშნული პროექტების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 5 მილიარდ ლარს და განკუთვნილია საგზაო, ურბანული და მუნიციპალური, წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და სხვა პროექტებისთვის.

2013 წლის პირველი იანვრიდან ძალაშია ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც მიმართულია სამართლიანი და ეფექტიანი ადმინისტრირებისთვის საჭირო სამართლებრივი ბაზის შექმნის, ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობის, ჯარიმებისა და სანქციების ლიბერალიზაციისკენ. აღსანიშნავია, რომ ცვლილებების ამ პაკეტის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული ბიზნეს-სექტორი და ბევრი ინიციატივა სწორედ მათთან შეთანხმებით მომზადდა. ”ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჩვენმა მთავრობამ დაიწყო ლიბერალიზაციაზე ფიქრი. სერიოზული ცვლილებები განვახორციელეთ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში, საგადასახადო კოდექსში. შემოვიღეთ დაუბეგრავი მინიმუმის ცნება. ადამიანები, რომელთა ხელფასი არ აღემატება თვეში 500, ხოლო წელიწადში 6000 ლარს, მომავალი წლის მეორე კვარტალში უმარტივესი დეკლარირების შემდეგ, მიიღებენ 360 ლარამდე დაუბეგრავ მინიმუმს”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ დავების განხილვის საბჭოს მუშაობაში. ამასთანავე, არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო სპექტრის ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ყოველ ექვს თვეში ერთხელ ხორციელდება წევრების როტაცია. გარდა ამისა, საბჭოს მუშაობაში მონაწილეობს საგადასახადო ომბუდსმენის წარმომადგენელი.

ნოდარ ხადურის განცხადებით, ბიზნესისთვის საგადასახადო ზედმეტობების დაბრუნების პროცესის გააქტიურების კუთხით, ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებისა და ბიზნესის სტიმულირებისთვის, ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესისთვის საგადასახადო ზედმეტობების დაბრუნების პროცესი გაააქტიურა – 2013 წლის ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების მოცულობამ შეადგინა 85,3 მლნ ლარი.

ნოდარ ხადურის განცხადებით, ბიზნესი გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისაგან. ”როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ შემოსავლების სამსახური, სამწუხაროდ, შემოსავლების სამსახური ხშირად გამოიყენებოდა, როგორც პოლიტიკური დევნის იარაღი. ჩვენ შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვათ, რომ საგადასახადო, საბაჟო სამსახურები, ისევე როგორც, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, არ გამოიყენება, როგორც პოლიტიკური დევნის იარაღი. არის აბსოლუტურად დეპოლიტიზებული. ამას ადასტურებს თუნდაც პრეზიდენტის ბოლო არჩევენები, როდესაც არანაირი მითითება, მცდელობაც კი არ ყოფილა, რომ ეს რესურსი გამოყენებული ყოფილიყო წინასაარჩევნოდ მმართველი პოლიტიკური გუნდის სასარგებლოდ”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

სამინისტროს ინფორმაციით, გადამხდელთა მომსახურებისა და სერვისების გამარტივების მიზნით: ამოქმედდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი. 16 სერვის-ცენტრში 2013 წელს მომსახურება გაეწია 201 188 გადამხდელს. გადამხდელთა მომსახურება მიმდინარეობს ერთი ფანჯრის პრინციპით. 2013 წელს მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგებმა შეადგინა 5 217 151 ლარი.

სამინისტროს მუშაობის გამჭვირვალობის, მართვის პროცესში საზოგადოების ჩართულობისა და მათთან მუდმივი დიალოგის უზრუნველსაყოფად, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან; ფინანსთა მინისტრის ინიციატივით შეიქმნა და აქტიურად ფუნქციონირებს ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან დამოუკიდებელი ექსპერტები, დარგის სპეციალისტები, არასამთავრობო სექტორისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები; ყოველთვიურ რეჟიმში იმართება შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთან; დაწესდა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან მოქალაქეთა მიღების დღე; უწყება საჯარო დაწესებულებებთან სატელეფონო კომუნიკაციის რეიტინგში პირველ ადგილზეა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მონაწილეობს მრავალ სოციალურ პროექტში. სსიპ შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში საერთო ჯამში 20 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია დასაქმებული; საჯარო ფინანსების ინტეგრირებული სისტემის მართვისა და ახალი ელექტრონული სერვისების დანერგვის მიმართულებით აქტიურად მუშაობს ფინანსთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახური. 2013 წლის განმავლობაში ამოქმედდა ისეთი ელექტრონული სისტემები, რომლის მეშვეობითაც 850-მდე საბიუჯეტო ორგანიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქცეულია ერთიან კომპიუტერულ სივრცეში.

თანამედროვე საბაჟო და საგადასახადო ინფრასტრუქტურის მოწყობა ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. გადამხდელთა სწრაფი, ეფექტური და კვალიფიციური მომსახურების დონის ამაღლების მიზნით, მიმდინარე წელს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაოები. დასრულდა საბაჟო-გამშვები პუნქტის ”ყაზბეგი” რეკონსტრუქცია;

ამჟამად დაწყებულია და 2014 წლის ბოლომდე დასრულდება საბაჟო-გამშვები პუნქტის ”ნინოწმინდა~” მშენებლობა; საბაჟო-გამშვები პუნქტის ”კარწახი” რეკონსტრუქცია; საბაჟო-გამშვები პუნქტის ”ლაგოდეხი” რეკონსტრუქია; თბილისის გეზ-ის მშენებლობა; მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ახალი კადრების შერჩევის მიმართულებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით: ”2013 წელი ქართული ეკონომიკისთვის საეტაპო იყო. ეს იყო გარდამავალი პერიოდი, როცა ჩვენმა მთავრობამ უზრუნველყო ქართული ეკონომიკის და ბიზნესის პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლება და შექმნა გარემო, სადაც მეწარმეს საშუალება აქვს, თავად განსაზღვროს საკუთარი ბიზნესის განვითარების პრიორიტეტები და დაცულია მათი კერძო საკუთრების უფლებები. გარდამავალი პერიოდი არის ყოველთვის რთული, განსაკუთრებით ბიზნესისთვის და, შესაბამისად, ეკონომიკისთვის. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ პროცესს თან ახლავს დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში. შესაბამისად, მართლაც, წლის პირველი ნახევარი საკმაოდ მძიმე იყო ქართული ეკონომიკისთვის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ლამის აპოკალიპტური სურათიც კი იხატებოდა, წლის მეორე ნახევარში ადგილობრივმა თუ უცხოურმა ბიზნესმა რეალურად დაინახა ახალი შესაძლებლობები, რასაც მათ ჩვენი მთავრობა სთავაზობდა და, შესაბამისად, სახეზე გვაქვს ძალიან კონკრეტული, ციფრებში გამოხატული ეკონომიკური სიტუაციის გაჯანსაღება”.

გიორგი კვირიკაშვილმა შემდეგ სტატისტიკურ მონაცემებზე გაამახვილა ყურადღება:
· კერძო სექტორში საწარმოთა ბრუნვა მე-3 კვარტალში, მე-2-ე კვარტალთან შედარებით გაიზარდა 8,4%-ით, ხოლო პირველ კვარტალთან შედარებით 24%-ით. მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის ბრუნვა პირველ კვარტალთან შედარებით მე-3-ე კვარტალში 24%-ით გაიზარდა. 9 თვის მონაცემებით კერძო სექტორში საწარმოთა ბრუნვამ 30 მილიარდი ლარი შეადგინა;
· პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2013 წლის მე-3-ე კვარტალში გაზრდილია პირველ და მეორე კვარტალთან შედარებით, ხოლო მნიშვნელოვნად
– 20%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მონაცემს. 2013 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში სულ 697,3 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა (2,8%-ით მეტი წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით);
· საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2013 წლის 11 თვის მონაცემებით 4% პროცენტით გადააჭარბა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამასთან, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 20%-ით და 2,6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია საქართველოს ექსპორტისთვის. უარყოფითი სავაჭრო სალდო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 549 მილიონი აშშ დოლარით. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი 11 თვის მონაცემებით გაიზარდა 65%-ით და 540 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. თითქმის სამჯერ გაიზარდა ექსპორტი რუსეთში და 161 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, 2013 წლის 6 თვის მონაცემებით მომსახურების ექსპორტი გაიზარდა 19,3%-ით და 1,3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მათ შორის აღსანიშნავია ტურიზმის სფერო, რომლის ექსპორტიც 30%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი დაბალი იყო 2013 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში, ჩვენ ველოდებით შედარებით მაღალ ზრდას მე-4-ე კვარტალში და მთლიანი წლის შედეგების მიხედვით, ეკონომიკის წინა წელთან შედარებით ზრდას 2,5%-ით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მრეწველობა იკავებს პირველ ადგილს მშპ-ის სტრუქტურაში და სოფლის მეურნეობა ყველაზე მზარდ სექტორს წარმოადგენს.

2013 წელს ეკონომიკის სამინისტროსათის პრიორიტეტული იყო შემდეგი მიმართულებები:
DCFTA, საგარეო ვაჭრობა
”რაც შეეხება წარმატებულ პროექტებს, მათ შორის პირველ რიგში გამოვყოფ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პარაფირებას, რომელიც, თავის მხრივ, ასოცირების შეთანხმების ნაწილია. ამის შესახებ უკვე ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ მთავარ პოზიტივს – ქართულ ბიზნესს ახლო მომავალში ევროკავშირის 500-მილიონიანი ბაზარი გაეხსნება. შედეგად, მივიღებთ ახალ წარმოებებს, მეტ დასაქმებულ მოქალაქეს, გაზრდილ ექსპორტს, ახალ ინვესტიციებს. ეს ყველაფერი კი ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური და შეუქცევადი ზრდის გარანტი იქნება” – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მნიშვნელოვანია ხარისხის ეროვნული სისტემის განვითარება. (სტანდარტიზაცია, მეტროლოგია, აკრედიტაცია, შესაბამისობის შეფასება) ამ სფეროს ინსტიტუციური და საკანონმდებლო დაახლოება ევროკავშირში არსებულ ნორმებთან, მნიშვნელოვანია საქართველოში წარმოებული პროდუქტის კონკურენტუნარიანობის და ექსპორტის ზრდისთვის ევროკავშირის ბაზარზე. ევროკავშირის დახმარებით ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები ინდუსტრიულ სფეროში ბაზრის ზედამხედველობის სისტემის განვითარებისა და ინსტიტიციური გაძლიერების მიმართულებით.

ადგილობრივი წარმოების დაცვის სამართლიანი და ტრანსპარენტული მექანიზმების შექმნის მიზნით მომზადდა საერთაშორისო ვალდებულებების და მოთხოვნების შესაბამისი კანონპროექტი ”ვაჭრობაში დაცვითი ღონისძიების შემოღების შესახებ”. კანონპროექტის მიზანია, ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოდინებული გაზრდილი იმპორტისგან, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ან ქმნის სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხეს მსგავსი და პირდაპირკონკურენტული საქონლის ადგილობრივი მწარმოებლებისთვის.

მიმდინარეობს მუშაობა კანონპროექტზე ”ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ”, რომლის მიზანია, დაიცვას ადგილობრივი წარმოება არასამართლიანი კონკურენციისგან, რაც შეიძლება გამოწვეულ იქნას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტის შემოსვლით.

ტრანსპორტი

7-წლიანი პაუზის შემდეგ რუსეთთან საავტომობილო გადაზიდვები აღსდგა. დღეის მდგომარეობით, გაცვლილია 1000-ზე მეტი ერთეული ორმხრივი და ტრანზიტული გადაზიდვის ნებართვა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის 4-ჯერ შემცირდა ტრანზიტულნომრიანი მიკროავტობუსების თურქეთის ტერიტორიაზე ტრანზიტის საფასური. განახლდა და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტზე.
ევროსტანდარტებთან დაახლოების და ქვეყნის სანავიგაციო სისტემის ევროპის საჰაერო ნავიგაციის სისტემაში ინტეგრაციის მიზნით საქართველო ევროპის საჰაერნაოსნო უსაფრთხოების ორგანიზაციაში გაწევრიანდა.

2013 წელი ქართულ ავიაბაზარზე ასევე 6 ახალი კომპანიის შემოსვლითაც არის მნიშვნელოვანი. საქართველოში ფრენები დაიწყო უნგრეთის, ისრაელის, უკრაინის, თურქეთის თითო და ერაყის ორმა ავიაკომპანიამ, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება საქართველოსკენ მომავალი მგზავრთნაკადის ზრდასა და ტურიზმის განვითარებაზე. კერძოდ, 2013 წლის 10 თვის მონაცემებით, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ით გაიზარდა და 1,562,000 მგზავრი შეადგინა.

2013 წელს ევროკავშირმა ქართველ მეზღვაურთა დიპლომების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ეს ნიშნავს, რომ ქართველ მეზღვაურებს ევროკავშირის ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმების უფლება და შესაძლებლობა მიეცათ. დღესდღეობით საქართველოში 18 000-მდე მეზღვაურია რეგისტრირებული. შეიქმნა საზღვაო რუკები, კერძოდ, სოხუმის, ყულევის, ფოთის და ბათუმის. აქამდე საზღვაო სფეროს მუშაკებს მოძველებული საბჭოთა რუკების გამოყენებით უწევდათ ხელმძღვანელობა, რაც საზღვაო ინცინდენტების რისკს ზრდიდა. უკვე დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის წინამოსამზადებელი სამუშაოებიც.

ქონების მართვა-განკარგვა

აუქციონის ფორმით გაიყიდა 194 ობიექტი, რომლის ღირებულებამ 2013 წლის 11 თვის მონაცემებით, 17.279.300 ლარი შეადგინა. 81 ობიექტი გადაეცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, 1535 ოჯახს დაუკანონდა 110 000 კვ. მ-მდე საცხოვრებელი ფართი.

განხორციელდა სააგენტოს მართვაში რიცხული ლიკვიდური გადახდისუუნარო და მომგებიანი საწარმოების კლასიფიკაცია მისი ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობის მიხედვით.

საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ინვესტორების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა ”სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისია”.

საქართველოს მთავრობამ განიხილა 50-მდე კომპანიის საქმე და ინვესტორებს 17 საინვესტიციო პროექტზე აპატია პირგასამტეხლოები – 6.569.316 ლარის და 16.264.898 აშშ დოლარის ოდენობით. ”როგორც იცით, ბიზნესს მძიმე ტვირთად აწევს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულება. ჩვენ ამ გადაწყვეტილებით საშუალებას ვაძლევთ მათ პირგასამტეხლოს თანხები უშუალოდ პროექტის სამომავლო განვითარებას მოახმარონ” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საინფორმაციო ტექნოლოგიები, ინოვაციები

როგორც ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები განმარტავენ, 2013 წელს სამინისტრომ აქტიურად დაიწყო მუშაობა პროექტ ”ინოვაციური საქართველო 2020″-ის შექმნაზე. მიმდინარე წლის გაზაფხულიდან საქართველო ჩაერთო ”ფეიფალის” სისტემაში. გრძელდება მუშაობა ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მიმართულებით, 2015 წლის ივნისის ბოლომდე საქართველო სრულად გადავა ციფრულ მაუწყებლობაზე.

ტურიზმი

ბოლო წლებში საერთაშორისო მოგზაურების ზრდის მაღალი ტენდენცია ფიქსირდება. ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოს 5 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 23%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. 2013 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 7.3%-ს შეადგენს, ხოლო შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან 730 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. ტურიზმის სექტორში 180 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

გუდაურში აშენდა ახალი სასტუმროები. მლეთაში, ქვეშეთსა და ყაზბეგში გუდაურის მთის მომსახურე პერსონალმა ინგლისური ენის კურსი გაიარა. გარდა ამისა, განხორციელდა სასრიალო ტრასების მარკირება და ტრასები დაიყო რამდენიმე კატეგორიად.

ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, 2014 წელს ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების შედეგად ტურისტების რაოდენობა საშუალოდ 18%-ით გაიზრდება, ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა კი 21%-ით. ტურიზმიდან შემოსავლები გაუტოლდება დაახლოებით 2,1 მილიარდ აშშ დოლარს.

2014 წლის ძირითადი პრიორიტეტები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2014 წელს გეგმავს, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ადგილობრივი თუ უცხოური ინვესტორებისთვის სახელმწიფოსგან მათ საქმიანობაში ჩაურევლობის მყარი გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, საინვესტიციო კანონმდებლობის რეფორმას განხორციელებას; პარტნიორ ქვეყნებთან ინვესტიციების დაცვის სფეროში ორმხრივი შეთანხმებების გაფორმებას; კომერციული დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, დამოუკიდებელი კერძო კომერციული არბიტრაჟების ამოქმედებას; ბიზნესისთვის დამატებითი ტვირთის მოხსნის მიზნით, რეგულირების გავლენის შეფასების სისტემის განვითარებას; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სრულ ინვენტარიზაციას, რეგისტრაციას და დღემდე გამოუყენებელი აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვას მისი კერძო საკუთრებაში გადასვლის გზით; მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში, კერძო ინვესტიციების ზრდის სტიმულირებისა და საჯარო სექტორის მიერ ინფრასტრუქტურის სფეროში შეთავაზებული სერვისების მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, დაინერგება საჯარო-კერძო პარტნიორობის სხვადასხვა ფორმა.

იგეგმება მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, რომლის ფარგლებშიც 2014-2016 წლებში 140 მილიონი ლარის ოდენობის თანხა დაიხარჯება მცირე და საშუალო, ასევე დამწყები ბიზნესების ხელშეწყობისთვის.

ეკონომიკის სამინისტროს მომავალი წლის გეგმებში შედის დასრულდეს მუშაობა კონკურენციის კანონპროექტზე, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის დაცვის ლეგალური ბაზა. ასევე იგეგმება საპენსიო რეფორმის განხორციელება, რაც გულისხმობს დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას.

შეიქმნება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. სააგენტოს ძირითადი მიზნები იქნება, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით, მათ შორის სტრატეგია `ინოვაციური საქართველოს 2020~-ის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად კონკრეტული მექანიზმების ფორმირება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს არ გააჩნია ტრანსპორტის სფეროს განვითარების სტრატეგია, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს დარგის შემდგომ განვითარებას. 2014 წელს აზიის განვითარების ბანკის ტექნიკური დახმარების ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გეგმავს სტრატეგიის შემუშავებაზე მუშაობის დაწყებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის სატრანსპორტოს სისტემის სწორად განვითარების და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისთვის.

იგეგმება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობაში გადაცემის დაშვება _ ცვლილება მიზნად ისახავს სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრის უფლებამოსილების გაფართოებას. ამჟამად სახელმწიფო თავის საკუთრებაში შეზღუდულია. მას არ აქვს უფლება, დაინტერესებულ პირს სარგებლობაში გადასცეს პრივატიზებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. კანონმდებლობით ასეთი შეზღუდვა არ მოქმედებს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიმართ. აღნიშნული ცვლილების ძალით ეს აკრძალვა გაუქმდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

”ამ ერთი წლის განმავლობაში შევეცადეთ სამი მთავარი გზით გვევლო და მოგვეწესრიგებინა ქვეყნაში არსებული პრობლემები. პირველი იყო არსებული მდგომარეობის დეტალური შესწავლა, მეორე მიმართულება იყო ახალი პროექტებისა და პროგრამების დანერგვა. მესამე ეს იყო მართვის გაუმჯობესება, მათ შორის პროექტებისა და პროგრამების დანერგვა. ჩვენ აქტიურად შევეცადეთ, რომ პროექტები და პროგრამები აქტიურად გვემართა. პირველ რიგში, რაც გავაკეთეთ, იყო ის, რომ შევცვალეთ დამოკიდებულება პროექტებისა და პროგრამების დანერგვასთან და განხორციებელასთან დაკავშირებით. გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი გახდა ტენდერები. შემუშავდა ხარისხის სტანდარტები. რომელმაც საშუალება მოგვცა, რომ უკეთ დაგვეგეგმა ჩვენი პროექტები. ჩვენს უწყებებში არსებული გეოინფორმაციული სისტემების თავსებადობით ვახერხებთ იმას, რომ ერთიან სისტემაში წარმოვიდგინოთ ყველა პროექტი, რაც გაგვაჩნია. ჩვენ სამინისტროში არ არსებობს დაფარული ინფორმაცია, თუ მას საიდუმლო გრიფი არ ადევს”, – განაცხადა წლიური ანგარიშის წარდგენისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ.

2013 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 901 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც 501 მილიონი საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებისთვის იყო გამოყოფილი, 182 მილიონამდე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, 82 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისა და მათთვის ღირსეული საცხოვრისების შექმნისთვის, 130 მილიონი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის, ხოლო რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და მართვისთვის _ 4 მილიონზე მეტი.
წლის ბოლოს სამინისტროს საკასო შესრულება 745 მილიონი ლარია (საბოლოო მონაცემი იანვრისთვის დაზუსტდება). წინა წელს სამინისტროს შესრულება 655 მილიონი ლარი იყო.

2013 წელს სამინისტრომ შეიმუშავა თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც სრულიად ცვლის 20 წლის განმავლობაში დამკვიდრებულ მანკიერ სისტემას. რეფორმის შედეგად, გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა, ხოლო სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც ფორმირდება მუნიციპალიტეტები. მერებს და გამგებლებს პირდაპირი წესით აირჩევს ხალხი. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მიეცემა ფული და უფლებამოსილება, რათა საკუთარი პრობლემების გადაჭრა თვითონვე შეძლონ. გაიზრდება მოქალაქეთა ჩართულობის დონე ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში; გაუმჯობესდება საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდების ხარისხი; გუბერნატორთან ჩამოყალიბდება ადგილობრივი მერების, გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეებისგან დაკომპლექტებული საკონსულტაციო საბ-
ჭო, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთან ერთად იზრუნებს თავისი რეგიონის განვითარებაზე.

”მიუხედავად იმისა, რომ კოდექსის პროექტს გარკვეული ჯგუფების მხრიდან ვნებათაღელვა მოჰყვა, ცალსახად და მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ თვითმმართველობის კოდექსის არც ერთი მუხლი არ შეიცავდა და არ შეიცავს ქვეყნის ერთიანობისთვის საფრთხეებს. როგორც იცით, თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო” – განაცხადა დავით ნარმანიამ.

2013 წელს მიმდინარეობდა ცენტრალური ავტომაგისტრალის მშენებლობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი სამშენებლო სამუშაოებს ერთდროულად ავტომაგისტრალის ხუთ მონაკვეთზე ახორციელებდა. დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა ქობულეთის შემოვლითი გზის 12,4-კილომეტრიანი მონაკვეთი. მოეწყო 13 წყალგამტარი მილი, აშენდა 14 სახიდე გადასასვლელი და 3 მიწისქვეშა გასასვლელი; მოეწყო სადრენაჟე სისტემები. დაიწყო ქობულეთის შემოვლითი გზის მომდევნო 19-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც 2016 წელს დასრულდება.

მიმდინარეობს ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15-კილომეტრიანი, ქუთაისის შემოვლითი გზის 17-კილომეტრიანი და ქუთაისი-სამტრედიის გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთების მშენებლობა. მათი დასრულება 2014-2015 წლებში ეტაპობრივად მოხდება.

სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე, რუისი-აგარის 19-კილომეტრიან მონაკვეთზე, სადაც რამდენიმე დღის წინ 3 კოლომეტრი უკვე გავხსენით.

სატენდერო პროცედურები დასრულდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთზე. ესაა თბილისი-რუსთავის მონაკვეთი, აგრეთვე, აგარა-ზემო ოსიაურისა და სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთებზე, სადაც გამარჯვებული კომპანიები სამუშაოებს 2014 წლიდან დაიწყებენ. მიმდინარეობს ჩუმათელეთი-ზესტაფონის, ანუ რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების დოკუმენტის შემუშავება. მთლიანობაში, 2013 წელს სამშენებლო სამუშაოები ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 111 კილომეტრზე მიმდინარეობდა. გზის საფარი მოეწყო 28,4 კილომეტრზე, ხოლო მოძრაობა გაიხსნა 15,4 კილომეტრზე.
გაიხსნა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის კობი-გუდაურის 19-კილომეტრიანი მონაკვეთი, შეკეთდა იქ არსებული გვირაბები და გალერეა, გარკვეულ მონაკვეთებში გაფართოვდა გზა. აღსანიშნავია, რომ ამ გზას 1991 წლის შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის განახლების შემდეგ რეაბილიტაცია ჩაუტარდა საქართველო-რუსეთის საზღვართან არსებული ნეიტრალური ტერიტორიის კილომეტრნახევრიან მონაკვეთს. შეკეთდა იქ არსებული ხიდი და გვირაბი;
აქტიურად მიმდინარეობდა წყალტუბო-ლენტეხის, დედოფილსყარო-ქვემო ქედის, ალპანა-უწერის, ალპანა-ორბელის, შუქრუთი-უსახელო-კორბოულის, წყალტუბო-ხონის, იგოეთი-ლამისყანის, ინგირი-შამგონის, მუხური-თაიას, საჯიჯაო-ლესიჭინეს, ჯვარი-ჩქვალერი-საჩინოს, მონგირი-ახუთის, თბილისი-თიანეთის, თიანეთი-ჟინვალის, ზარზმა-ადიგენისა და სხვა გზების რეაბილიტაცია.

მთლიანობაში, 2013 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 260 კილომეტრ გზას, ანუ 60 კილომეტრით მეტს, ვიდრე შარშან, 45 ხიდს (შარშან მათი რაოდენობა 28 იყო) და 5 გვირაბს, მაშინ, როცა შარშან მხოლოდ 2 გვირაბის რეაბილიტაცია მოხდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ წელს 21 ასეთი გზა შეკეთდა, რომელზეც 15 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მიმდინარეობს, ასევე, 31 მილიონი ლარის სამუშაოები.

2013 წელს სამინისტრომ ერთ-ერთ პრიორიტეტად მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა გამოაცხადა. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი 40 მილიონი ევროს ოდენობით სესხის ფარგლებში 17 ქალაქში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია.

აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით დაიწყო ქუთაისის, ფოთისა და ანაკლიის წყალმომარაგების 60-მილიონიანი პროექტი; პროექტის შედეგად, ფოთსა და ანაკლიას მთლიანად, ასევე, ქუთაისის 75%-ს 24-საათიანი, ხოლო 25%-ს გაუმჯობესებული წყალმომარაგება ექნება;
დონორი ორგანიზაციებიდან 32 ქალაქის რეაბილიტაციისთვის მოზიდულ იქნა 300 მილიონ ლარამდე ინვესტიცია;
საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც 25 მუნიციპალიტეტსა და 3 დაბაში წყალმომარაგების სამუშაოებს ითვალისწინებს. ამისათვის საქართველო 40 მილიონი ევროს დაფინანსებას მიიღებს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სახსრებით 16 ქალაქში დაიწყო და დამატებით 11 ქალაქში დაიწყება 6 400 000 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

2013 წელს შეძენილ იქნა წყლის ხარისხის თანამედროვე მობილური ლაბორატორიები და ქუთაისი, წყალტუბო, ოზურგეთი, ფოთი, გორი, ახალციხე, ბოლნისი და თელავი მოძრავი ლაბორატორიებით აღიჭურვა. ქუთაისის სერვის ცენტრსა და მცხეთის ტრენინგ ცენტრში დამონტაჟდა მრიცხველის შესამოწმებელი ლაბორატორიები.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ 2013 წელს დამატებით 36 ათასი აბონენტი გაამრიცხველიანა. თუ შარშან აბონენტებისგან მთელი წლის განმავლობაში შემოსავალი მხოლოდ 213 ათასი ლარი იყო, წელს ეს ციფრი მილიონ ოთხასი ათას ლარამდე გაიზარდა.

2013 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებდნენ ნაპირდამცავ სამუშაოებს. სამინისტროში განსაკუთრებით გამოყოფენ სამ პროექტს: მდინარე ცხენისწყლის ნაპირდაცვა სოფელ ლასურიაში, რომელმაც ათამდე სოფელს ცენტრალურ გზასთან დაკავშირების პრობლემა მოუხსნა; დაიწყო ანაკლიის სანაპირო ზოლის ნაპირდამცავი სამუშაოები. აქ ნაპირგამაგრება ტეტრაპოდებით მიმდინარეობს; სატენდერო პროცედურების დასრულების შემდეგ ანალოგიური სამუშაოები ბათუმის სანაპირო ზოლზეც დაიწყება.

ქუთაისში, თერჯოლაში, ვანში, წყალტუბოში, ზესტაფონში, ფოთში, ზუგდიდში, ქარელსა და მარნეულში რეაბილიტაცია ჩაუტარდა დევნილთა საცხოვრებელ კორპუსებს, რაზეც 12 მილიონამდე დაიხარჯა. ბინები 335 დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა. წელსვე დაიწყო 15 ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ზუგდიდსა და ფოთში.

2013 წლის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში რამდენიმე მასშტაბური პროექტი განხორციელდა. მოხდა სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია. სალთვისის სარწყავი არხით 16 სოფელს, ხოლო ტირიფონის სარწყავი არხით 23 სოფელს საირიგაციო წყლით მომარაგების პრობლემა მოეხსნა. ასევე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, პატარა ლიახვის ხეობაში, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლების – ზარდიანთკარის, დიდი ხურვალეთის, გუგუთაანთკარისა და კოშკას მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, დამატებითი ჭაბურღილების ბურღვა განხორციელდა. პროექტის განხორციელების შედეგად, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებს წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდა და მოსახლეობა წყალს ყოველდღიურად იღებს; კონფლიქტის ზონის სოფლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა საღოლაშენი-დვანის, გორიჯვრის, ლამისყანა-ახმაჯი-თვაურების, კარალეთი-ქვეშის საავტომობილო გზებს;

2013 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 ახალი ამბულატორიის მშენებლობის თაობაზე. მშენებლობისთვის 2 მილიონ 400 ათასი ლარია გამოყოფილი და მას მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

საუკუნის პროექტები – ასე შეფასდა სამინისტროს მიერ წამოწყებული სამი პროექტი, რომელიც ქვეყნის სამ სხვადასხვა რეგიონში დაიწყო.
2013 წელს მდინარე ალაზანზე, კაკლისყურეში, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომელმაც საქართველოს 200 ჰექტრამდე მიწა შეუნარჩუნა. უკვე მრავალი წელია, აღნიშნულ მონაკვეთზე მდინარის ადიდების დროს საქართველო ტერიტორიებს კარგავს. ალაზნის სანაპირო ზოლის გაუმაგრებლობის შემთხვევაში, საფრთხე ემუქრებოდა საქართველოს ტერიტორიის 200 ჰექტარზე მეტ მიწას, რომელიც, წყლის მოვარდნის შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიას მოწყდებოდა. კაკლისყურეში დასრულებული სამუშაოების შემდეგ დღის წესრიგში მდინარე ალაზნის სხვა ტერიტორიის ნაპირგამაგრებაა, რომელიც 2014 წლისთვის არის დაგეგმილი.

2013 წელსვე გადაწყდა ხევსურეთსა და რაჭაში სრულიად ახალი გზის გაჭრა. ამ ორი უმნიშვნელოვანესი პროექტის დაფინანსების წყაროები, პრაქტიკულად, მოძიებულია.

არხოტი-როშკის გზა პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს ერთმანეთს დააკავშირებს. გზის მშენებლობა 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ამ დრომდე იქ მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობს და ადგილობრივებს, რომლებმაც მხარე უგზოობისა და პირობების არქონის გამო დატოვეს, საკუთარ სახლში მისვლა, პრაქტიკულად, არ შეუძლიათ. საავტომობილო გზის გაჭრის შემდეგ მშობლიურ მხარეში დაბრუნების მზაობა უკვე 32 ოჯახმა გამოთქვა.
ახალი გზის მშენებლობა დაიგეგმა რაჭაშიც. საჩხერე-შქმერი-ონის გზის მონაკვეთზე პირველმა ტრაქტორმა ოქტომბერში უკვე გაიარა. ინტენსიური სამუშაოების დაწყება კი 2014 წლისთვისაა დაგეგმილი. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, თბილისიდან ონამდე გზა ორსაათნახევარში დაიფარება. რაც მთავარია, სიცოცხლე დაუბრუნდება ზემო რაჭის პრაქტიკულად დაცლილ ხეობას. ამ მონაკვეთზე გზის გაყვანა არა ერთ ახალ სოციალურ და ეკონომიკურ პერსპექტივას გააჩენს.

2013 წელს მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა ნაგავსაყრელების მოწესრიგების კუთხითაც. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით 49 ნაგავსაყრელი აიღო მართვაში. 9 ქალაქში გაიხსნა კომპანიის ოფისები. მთლიანობაში, შესაბამისი მძიმე ტექნიკის გამოყენებით, წლის განმავლობაში მუდმივ რეჟიმში 49 პოლიგონის მოწესრიგება ხორციელდებოდა. კეთილმოეწყო და გამართულ საექსპლუატაციო რეჟიმში შევიდა რვა პრიორიტეტული ნაგავსაყრელი თელავში, გორში, მცხეთაში, ახალციხეში, ამბროლაურში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ზუგდიდში.

შემუშავდა იმერეთის რეგიონის ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც 2014 წელს დაიწყება იმერეთის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელის მშენებლობა, ხოლო ქუთაისის არსებული _ ე.წ. ნიკეას ნაგავსაყრელი მომავალში დაიხურება და რეკრეაციულ ზონად გადაკეთდება. ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის დასრულება 2016 წლისთვისაა დაგეგმილი;

მესტიაში გრძელდება თეთნულდის სათხილამურო კურორტის განვითარების პროექტის განხორციელება. 2013 წელს 3,2 ჰექტარზე მოეწყო სასაწყობე მეურნეობა, სადაც საფრანგეთიდან მიღებული 170-მდე კონტეინერია დასაწყობებული, ხოლო 2014 წლიდან დაიწყება ახალი საბაგირო გზების დამონტაჟება.

2013 წელს დასრულდა ყვარლის რეაბილიტაცია, მოეწყო ილიას ტბასთან მისასვლელი გზა, ინტენსიურად გრძელდება წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს წვევამდელთა გაწვევას. მიმდინარე წელს მთლიანობაში 10 ათასამდე წვევამდელის გაწვევა მოხდა. საგაზაფხულო გაწვევის დროს 2 300 წვევამდელი გაიწვიეს, ხოლო საშემოდგომო გაწვევისას, რომელიც ახლახან დასრულდა, 7 300 წვევამდელი.

2013 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დამტკიცებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები. აღნიშნული პროგრამების საერთო ღირებულებამ 2013 წელს 270 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც, წინა წლებთან შედარებით, უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია. აღნიშნული თანხების ფარგლებში, მოხდა მუნიციპალური გზების, წყალმომარაგების, ნაპირდაცვისა და სხვა პრობლემების მოწესრიგება. ორივე პროექტის ფარგლებში საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში 8 ათასამდე საშუალო და მცირე ზომის ინფრასტრუქტურული პროექტი გახორციელდა.

მთლიანობაში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდითა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში რეგიონების მიხედვით პროექტები ასე გადანაწილდა:
¨ აჭარა – 630 პროექტი; ჯამური ღირებულება – 4 890 032 ლარი;
¨ გურია – 635 პროექტი; ჯამური ღირებულება – 18 140 886 ლარი;
¨ იმერეთი – 1608 პროექტი, ჯამური ღირებულება – 61 693 407 ლარი;
¨ სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1249 პროექტი; ჯამური ღირებულება _ 45 209 979 ლარი;
¨ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი – 374 პროექტი; ჯამური ღირებულება – 10 112 137 ლარი;
¨ შიდა ქართლი – 533 პროექტი, ჯამური ღირებულებაა – 24 335 010 ლარი.
¨ მცხეთა-მთიანეთი – 603 პროექტი, ჯამური ღირებულება – 14 141 332 ლარი;
¨ სამცხე-ჯავახეთი – 481 პროექტი, ჯამური ღირებულება – 23 047 232 ლარი;
¨ ქვემო ქართლი – 512 პროექტი, ჯამური ღირებულება – 35 770 843 ლარი;
¨ კახეთი – 672 პროექტი, ჯამური ღირებულება – 35 724 750 ლარი.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial