ადგილობრივი მეწარმეებისთვის ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფი არ შემცირდება

რადიო ”კომერსანტის” ინფორმაციით, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი ენერგომატარებლებზე ტარიფის შემცირებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ამ საკითხის დაყენება, ნაადრევია. ელოშვილის თქმით, ტარიფის დაწევის რეზერვი ქვეყანაში არ არსებობს.ცნობისთვის, ადგილობრივი მეწარმეებისთვის ელექტროენერგიის და გაზის ტარიფის შემცირების საკითხი პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ დააყენა, მაგრამ ხელისუფლებისგან უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, მთავრობას მოუწოდა, წყლის ტარიფის შემცირებაზე მაინც დაიწყოს ფიქრი.

დოლიძის განმარტებით, ამ დროისთვის კომპანიები 100 კუბურ მეტრ წყალში 4.20 ლარს იხდიან, მაშინ როდესაც საქართველოს წყლის დიდი რესურსი გააჩნია. ”ევროპის ქვეყნებში კომპანიებისთვის ენერგომატარებლებისა და წყლის გადასახადი გაცილებით დაბალია, ვიდრე სამომხმარებლო, ჩვენთან კი ყველაფერი პირიქით ხდება”, – აცხადებს დოლიძე. მისივე თქმით, დღეს ენერგომატარებლების და წყლის მაღალი ღირებულება ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გაიაფების საშუალებას არ იძლევა.

დოლიძის განმარტებით, დღეს სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოსული პროდუქცია ქართულზე გაცილებით იაფია, რადგან აღნიშნულ ქვეყნებში პროდუქციის თვითღირებულების შემცირებისთვის ყველაფერი კეთდება, საქართველოში კი, ამ მხრივ არავითარი ნაბიჯები არ იდგმება. მისივე თქმით, ისინი ამ საკითხის დასმას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან კიდევ ერთხელ შეეცდებიან.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial