როდის ამოქმედდება კლებადი უკუგების კანონი
მოამზადა
მაკა ღანიაშვილმა
ისტორია გვიჩვენებს, რომ ყველა ეკონომიკური სასწაული დროთა
განმავლობაში კარგავს მაგიურ ძალას. რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს
ჩინეთის სასწაულებრივი ზრდა? მე-20-ე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა, აქტუალობას არც 21-ე საუკუნეში კარგავს: ვინ არის ისტორიის მარჯვენა მხარეს? ლიბერალური დემოკრატია, რომელიც თავისუფალი ბაზრით, კანონის უზენაესობით, ანგარიშვალდებულებითა და ძალაუფლების გაყოფით ხასიათდება თუ დესპოტიზმი, ჰიტლერისა და სტალინის სტილში, რომლის მაგალითიც, ნაკლები სისატიკით, რა თქმა უნდა, დღესაც სახეზე გვაქვს ჩინეთის სახით: სახელმწიფო კაპიტალიზმი და ერთპარტიული მმართველობა.
კომუნიზმის თანამედროვე მემკვიდრეს ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ გაუცია, მასზე პასუხის გაცემა, უბრალოდ, რამდენიმე დეკადით გადავადდა. ნახევრად კომუნისტური ჩინური ეკონომიკის თავბრუდამხვევმა ზრდამ, პარალელურად კაპიტალისტური დასავლეთის ფინანსურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა და კოლოსალურმა სახელმწიფო ვალებმა, შეკითხვა – კომუნიზმი თუ კაპიტალიზმი – ისევ აქტუალური გახადა. ერთი რამ უკვე ცხადია, ახლა ლიბერალური დემოკრატია უალტერნატივო არჩევანი აღარაა. ახლა დასავლეთშიც ბევრი სვამს კითხვას: იქნებ, სიმდიდრისაკენ მიმავალი გზა ”აღმოსავლური კაპიტალიზმი”, როგორც ეს აზიური ”დრაკონებისა” (სამხრეთ კორეა, ტაივანი, იაპონია) და ჩინეთის გამოცდილებამ გვიჩვენა და არა ”არეული-დარეული”, თვითგამორკვევის ფაზაში მყოფი ლიბერალური დემოკრატია?
სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ხვალინდელი დღე გუშინდელის განმეორება იქნება. ეს განსაკუთრებით ჩინეთს ეხება. ყველა ”ეკონომიკური სასწაული” წარსულში სწრაფი ეკონომიკური ზრდით ხასიათდებოდა. მე-19-ე საუკუნეში ტენდენცია ბრიტანეთით, აშშ-თი და გერმანიით დაიწყო, სწრაფი ეკონომიკური ზრდა გაგრძელდა იაპონიაში, ტაივანში, კორეასა და დასავლეთ გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მაგრამ ვერც ერთმა ამ ქვეყანამ ზრდის ტემპები დიდ ხანს ვერ შეინარჩუნა და ზრდა ვარდნამ ჩაანაცვლა.
რამდენიმე დეკადის შემდეგ ეს ქვეყნები ზრდის ”ნორმალურ” ტემპს დაუბრუნდნენ, აშშ-ში ზრდა 2008 წლის კრიზისამდე სტაბილურად საშუალოდ 3% იყო, გერმანიაში ზრდა 3%-დან 2%-მდე შემცირდა, იაპონიაში კი 4.5%-დან 1.2%-მდე.
ქვეყნებმა, რომლებიც სწრაფი ეკონომიკური ზრდით ხასიათდებოდნენ, თითქმის ერთნაირი გზა განვლეს: სოფლის მეურნეობისა და ხელოსნობიდან, მწარმოებლურობისა და მომსახურების სერვისისა და ცოდნის ეკონომიკის განვითარებამდე. განვითარების კვალდაკვალ იაფი მუშახელი იკლებს, ფიქსირებული ინვესტიციების ზრდისას საშუალო ამონაგები მცირდება და ყოველი ახალი ერთეული კაპიტალი უფრო ნაკლებ მოგებას იძლევა წინასთან შედარებით. ეს ეკონომიკის ერთ-ეთი უძველესი კანონია: კლებადი უკუგების კანონი.
70-იან წლებში იაპონიის ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 2 წლის განმავლობაში 8%-დან 0%-მდე მერყეობდა. 70-იანი წლების კიდევ ერთი სასწაულის, სამხრეთ კორეის ზრდა 12%-დან 1.5%-მდე ვარირებდა. ახლანდელი ჩინეთის გამოცდილება კარგად აჩვენებს გარე ფაქტორების გავლენის მნიშვნელობას. იმავე 70-იან წლებში, იყო პერიოდი, როცა ჩინეთის ეკონომიკის ზრდამ ისტორიულ მასშტაბებს, 19%-ს მიაღწია, სულ მალე კი, საგარეო ფაქტორების გავლენით, ზრდა 0%-ს ჩამოსცდა. მაგრამ მსოფლიო ომების შემდეგ, ეკონომიკის ზრდის შეფერხების მთავარი ფაქტორები ქვეყნის შიგნით განვითარებული მოვლენებია.
ჩინეთის კულტურული რევოლუციის პირველი 2 წლის განმავლობაში ზრდა შემცირდა 8%-ით, ამის შემდეგ კიდევ 7%-ით. 1989 წელს ჩინეთში მომხდარი კატაკლიზმების შემდეგ (21 წლის წინ, 4 ივნისს ჩინეთის მთავრობამ ჯარი გამოიყენა პეკინის ტიანანმენის მოედანზე მიმდინარე სტუდენტების საპორტესტო დემონსტრაციის დასაშლელად. ამ აქციის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა. ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ 1989 წლის გამოსვლები კონტრ-რევოლუციური აჯანყება იყო, არადა სტუდენტები მეტ საჯაროობას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას მოითხოვდნენ) ეკონომიკის 2-ციფრიანი ზრდა 2 წლის განმავლობაში 2.5%-მდე შემცირდა.
კულტურულმა რევოლუციამ და ტიანანმენის შემთხვევამ 1989 წელს ნათელი გახადა, რომ ჩინეთის ეკონომიკის ზრდა სულ უკან და უკან შეიძლება წასულიყო. მისი ეკონომიკა სულ უფრო მგრძნობიარე ხდებოდა შიდა პოლიტიკური მოვლენების მიმართ. ამიტომაც ხელისუფლება შიშით უყურებს ტიანანმნეის მსგავსი აჯანყებების საფრთხეს. ”ჩინელი ლიდერები შეშინებული არიან იმით, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი შეიძლება შეზღუდული იყოს”, – წერს ჩინეთის საკითხების მკვლევარი სუზან შირკი. მათ ცუდი წინათგრძნობა აქვთ, განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ.
დღეს მსოფლიო ჩინეთის ეკონომიკის სასწაულებრივი ზრდის ჰიპნოზის ქვეშაა. მაგრამ შეუძლია ჩინეთს უგულებელყოს ისტორიის გაკვეთილები? არის ეს რეჟიმი უკვდავი თუ არა? რა იზიდავს დასავლეთს დღევანდელი ფორმაციის ჩინეთში? ფაქტია, რომ ჩინური მმათველები არ გვანან ისეთ ტირანებს, როგორიც ჰიტლერი და სტალინი იყვნენ. მართალია, მოსახლეობას ისინიც ჰპირდებოდნენ ეკონომიკის წინსვლას, მაგრამ მანამდე მოსახლეობისაგან მოთმინების უსაზღვრო მასშტაბებს ითხოვდნენ და კაცობრიობას ამასობაში დიდ დარტყმას აყენებდნენ. ახლა გარემო განსხვავებულია, ხალხი ამდენად მომთმენი აღარაა და მათ ისტორიის გამოცდილებაც წინ აქვთ.
ახლა მსოფლიო შემდეგი რეალობის წინაშეა: ერთი მხრივ, დასავლური ცივილიზაციის კრიზისი და, მეორე მხრივ, ჩინეთის 30-წლიანი სასწაული. ჩინური ბაზარი უკეთესად მუშაობს და ეკონომიკური მოგება მეტია, ვიდრე დღევანდელ ლიბერალურ ქვეყნებში. ერთპიროვნული ძალაუფლება შედეგიანია, თუმცა, არსებობს წინათგრძნობა იმისა, რომ მე-20-ე საუკუნის ისტორიის გაკვეთილები კვლავ განმეორდება და ჩინეთს ბუმერანგის ეფექტით დაუბრუნდება. ინდუსტრიული წინსვლა ტოტალიტარიზმის რეჟიმში მყოფ ხალხს ცოტა ხნით ახვევს მხოლოდ თავბრუს.
ჰიტლერის მმართველობის დროს ჰამბურგის ჩქაროსნული მატარებელი ბერლინსა და ჰამბურგს შორის მანძილს 138 წუთში ფარავდა, ომის შემდეგ დემოკრატიულ გერმანიას იგივე შედეგის მისაღწევად 66 წელი დასჭირდა. მსგავსი ქვეყნების ეკონომიკები თავიდან ზრდას განიცდიან, რასაც მალე ეკონომიკური დაღმასვლა მოსდევს, როგორც ამას საბჭოთა კავშირის გამოცდილებაც მოწმობს. თუმცა, არიან ისეთი ტოტალიტარული ქვეყნები, რომლებიც ისტორიის არც ერთ მონაკვეთში არ გამოირჩევიან ეკონომიკური ზრდის განსაკუთრებული ტემპებით, მაგალითისათვის, ნასარის ეგვიპტე და ფიდელ კასტროს კუბაც კმარა. უკეთესი შედეგებით არც 21-ე საუკუნის დიქტატორები გამოირჩევიან, გავიხსენოთ არგენტინის, ეკვადორისა და ვენესუელის ეკონომიკების დღევანდელი მდგომარეობა.
სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ფრენცის ფუკუიამა მე-19-ე საუკუნის საფრანგეთის შესახებ ამბობს: ”ასეთ საზოგადოებაში ელიტა მთელ თავის დროსა და ენერგიას იმაზე ხარჯავს, რომ საჯარო სივრცეები დაიპყრონ, იმისათვის, რომ შემდეგ ისინი პროლეტარიატს მიაქირაონ” – ეს მათ გამდიდრების უფრო მეტ გარანტიას აძლევს, ვიდრე თავისუფალი ბაზარი. საფრანგეთის შემთხვევაში ”ქირა” იყო `ლეგალური მოთხოვნა წლიური შემოსავლების”, რაც კერძო მოხმარებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იყო სახალხო ძალის პირად მოგებად გადაქცევის ხელოვნება და არავის ანაღვლებდა არც თავისუფალი ბაზარი და არც კონკურენცია.
საფრანგეთის მაგალითი მე-20-ე საუკუნეში აღმოსავლეთ აზიაში გავრცელდა, სადაც ამ თამაშს თამაშობდა როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოებაც, ღიად თუ ფარულად. გაიზარდა ნაციონალური სარგებელი, სახელმწიფო მოთხოვნები ინდუსტრიაში და ხელისუფლების მხრიდან საპროცენტო განაკვეთებით მანიპულაცია. ამას მოჰყვა უფრო მეტი ძალაუფლება ერთი ჯგუფის ხელში, მონოპოლიების წარმოქმნა, სუბსიდიები, გადასახადების დაკლება და პროტექცია იმისათვის, რომ გაეზარდათ მიღებული ”ქირა”.
რაც უფრო მდიდარია ქვეყანა, მით უფრო მდიდრები არიან ”გამქირავებლები”. თუ სახელმწფოს იმაზე მეტი მიაქვს, ვიდრე ეკონომიკას რესურსების გენერირება შეუძლია, პოლიტიკა პირდაპირ ”ურტყამს” მომგებიანობას, რადგან რესურსებს მისკენ ეზიდება. ლიცენზიები და სამშენებლო ნებართვები, წარმოშობს კორუფციას და არაეფექტიანია. ასეთი სისტემის განკურნება არც ისე მარტივია. სახელმწიფო საკუთარ ”კლიენტებზეა” დამოკიდებული, ისინი კი, თავის მხრივ, შებოჭილნი არიან ღონიერი მმართველობის ბორკილებით. რაც, საბოლოო ჯამში, ეკონომიკურ სტაგნაციამდე ან აჯანყებამდე მიდის.
რას გვეუბნება პატარა დრაკონების გამოცდილება დიდი დრაკონის, ჩინეთის შესახებ? განვითარების ის გზა, რომელიც მათ განვლეს, თითქმის ანალოგიურია, მაგრამ ნათელია რამდენიმე განსხვავებაც. ერთ-ერთი განსხვავება ქვეყნის მასშტაბებია. ჩინეთი, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები მომავალში, ქვეყნის მასშტაბებიდან გამომდინარე, ყოველთვის იქნება დომინანტი მსოფლიო ეკონომიკაში. მეორე განმასხვავებელი ნიშანი არის დემოგრაფია.
პატარა დრაკონებმა განვითარების კლასიკური გზა განვლეს, რომლის განმავლობაშიც სოფლის მუშახელმა უკეთესი მომავლის ძებნის იმედით დიდ ქალაქებში მოიყარეს თავი. ამ ”ინდუსტრიულმა არმიამ” ხელფასების შემცირება გამოიწვია. ამასობაში იზრდებოდა მოგება და კაპიტალური აქტივები.
ასე გახდნენ სამხრეთ კორეა, ტაივანი და იაპონია ”მსოფლიო ქარხნები”, მათ მიერ წარმოებულმა ტექსტილმა, სხვადასხვა საქონელმა, ავტომობილებმა და ელექტროტექნიკამ წალეკა დასავლეთის ინდუსტრია, ისევე როგორც ჩინურმა ექსპორტმა დღეს. პრობლემა იმაშია, რომ აზიური სოფელი ნელ-ნელა ცარიელდება და მას დროთა განმავლობაში აღარ შეეძლება ინდუსტრიის იაფი მუშახელით მომარაგება.
ჩინეთს ეს პრობლემა არ აქვს, მისი სოფლის მოსახლეობის რესურსი ჯერ კიდევ დიდია, იაპონიისგან განსხვავებით, რომლის მოსახლეობაც ბერდება და სულ უფრო მცირდება. შობადობის მიხედვით, იაპონია მსოფლიო სიის ბოლოშია, მასთან ახლოს არიან ტაივანი და სამხრეთ კორეაც. ჩინეთს კი ჯერ ისევ დიდი რესურსი აქვს. თუმცა, გრძელვადიან პერიოდში ეს გამოწვევა ჩინეთის წინაშეც დადგება, რადგან მისი მოსახლეობაც ბერდება და შობადობაც მცირდება, ოჯახში ორი და მეტი ბავშვის შემზღუდავი კანონმდებლობის წყალობით. ამასობაში, მაშინ როცა ჩინეთი სულ უფრო ბერდება, ამერიკა ახალგაზრდავდება, რადგან ჩინეთისაგან განსხვავებით აქ მაღალია შობადობა და იმიგრაციის მაჩვენებელი.
მალე დაბერებადი ერისთვის კი პრობლემა მხოლოდ ის არაა, რომ სამუშაო ძალა მცირდება, არამედ ირღვევა კულტურული ბალანსიც, მათ შორის, ვინც ეძებს უფასრთხოებასა და სტაბილურობას და, მეორე მხრივ, მათ შორის, ვინც რისკავს და გვევლინებიან ეკონომიკის ძირითად სტიმულატორებად.
2000 წლიდან მოყოლებული, ჩინეთში საშუალო ხელფასი იზრდება, ამის პარალელურად კი ჩინეთის ეკონომიკის წლიური ზრდა ორ ციფრა ნიშნულს ვეღარ ასწრებს. მასობრივი უკმაყოფილობები ჩინეთში იზრდება, მაგრამ ის, ძირითადად, ეხება ადგილობრივ კორუფციას და არა კომუნისტური პარტიის მონოპოლიას. ჯერ არ ჩანს ტალღა, რომელიც კომუნისტური პარტიის ტირანებს პეკინიდან გაიყვანს. ჩინეთში, ჯერჯერობით, არც საარჩევნო თავისუფლებისთვის იბრძვიან. იაპონიას ამის მისაღწევად ნახევარი საუკუნე დასჭირდა, ახლა ის თავისუფალი არჩევნების ქვეყანაა. ჩინეთის კომუნისტური პარტია კი ერთადერთია ჩინეთში, რომელსაც ალტერნატივა ჯერჯერობით არ აქვს.
და მაინც……
ისტორია თანამედროვე ტოტალიტარიზმისთვის დამაიმედებელი ტენდნეციებით არ გამოირჩევა. როგორც წესი, სისტემა ან იზრდება და შემდეგ ერთ ადგილზე იყინება, რის შემდეგაც უკან იწყებს სვლას, ”ჭამს” მანამადე მიღწეულ ეკონომიკურ ზრდას, რასაც საბოლოოდ სტაგნაციამდე მივყავართ. ეს გზა განვლო იაპონიამ. არის განვითარების მეორე, ე.წ. დასავლური პრაქტიკა – თავდაპირველად ზრდას მოაქვს ეკონომიკური კეთილდღეობა, ყალიბდება საშუალო კლასი, შემდეგ დემოკრატია სახელმწიფოს კეთილდღეობას ნთქვას და ანელებს ეკონომიკურ ზრდას. ეს გზა განვლეს ტაივანმა და სამხრეთ კორეამ.
ჩინეთის მაგალითი, ჯერჯერობით, უპრეცედენტოა – მისი სიმდიდრე მკვეთრი ეკონომიკური ვარდნების გარეშე იზრდება, სახეზე არც მნიშვნელოვანი აჯანყებებია. ჩინეთის პოლიტიკა მარტივია: ბაზრის გათავილსუფლება და პოლიტიკისათვის ბორკილის დადება. შეძლებს ჩინეთი ამ გზის გაგრძელებას? ისტორიის ვერდიქტი არცთუ დამაიმედებელია.