Fitch-მა საქართველოს ”სტაბილური” რეიტინგი მიანიჭა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი ”BB”-ი მიანიჭა, რაც ”სტაბილურს” ნიშნავს. რაც შეეხება მოკლევადიან რეიტინგს, ის ”B”-თი განისაზღვრა.
სარეიტინგო სააგენტო საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსაც ეხმაურება. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ვკითხულობთ: ”ჩატარებულმა არჩევნებმა ცხადყო, რომ საქართველოს ინსტიტუტებს პოლიტიკურ ცვლილებებთან ადაპტირება შეუძლიათ. თუმცა, პოლიტიკური სფერო კვლავ ფრაგმენტული რჩება”.
სააგენტოს წარმომადგენლები ასევე უსვამენ ხაზს, მაღალი პოლიტიკური რიკის დონეს, რომელიც საქართველოში ჯერ ისევ არსებობს.
სააგენტოში აცხადებენ, რომ საარჩევნო და პოლიტიკურმა გაურკვევლობამ უარყოფითად იმოქმედა ინვესტიციებსა და შიდა მოთხოვნაზე, რომელმაც, თავის მხრივ, ზეწოლა მოახდინა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე. 2013 წლის ცხრა თვის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ მხოლოდ 1,7% შეადგინა.
Fitch-ი აღნიშნავს, რომ ახალმა მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობა შესამჩნევად გააუმჯობესა. 2006 წელის ემბარგოს შემდეგ რუსული ბაზარი ქართული პროდუქტისთვის კვლავ გაიხსნა და მოსალოდნელია, რომ ჩრდილოეთში ექსპორტი ქვეყნიდან 2014-2015 წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება.
საქართველოს შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ შემცირებულია მიმდინარე ბალანსი, ძირითადად, იმპორტის შემცირებისა და ექსპორტის ზრდის ხარჯზე. თუმცა, ის მაინც მაღალი რჩება და შეადგენს მშპ-ის 6.3%-ს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებამ, ასევე გამოიწვია უცხოურ ვალუტაში განთავსებული რეზერვების შემცირება, რაც, თავის მხრივ, ამცირებს საგარეო ფაქტორების ზემოქმედების რისკს. სააგენტოს ექსპერტთა შეფასებით, კვლავ მაღალია საგარეო ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 59%.
შემცირებული საინვესტიციო დანახარჯების გამო, შემცირებულია ფისკალური დეფიციტი მშპ-ის 2.4%-იან მაჩვენებლამდე 2013 წელს. მომავალი 3 წლის განმავლობაში მთავრობა ელის ინვესტიციების ზრდას, შესაბამისად, გაიზრდება ფსკალური დეფიციტიც მშპის 3.9%-მდე.
სააგენტოს წარომადგენლები პროგნოზირებენ, რომ საქართველოს მთავრობა თავს გაართმევს რთულ ამოცანას და შეძლებს დეფიციტის სტაბილურ დონეზე შენარჩუნებას, არაუმეტეს მშპ-ის 3%-იანი ნიშნულისა.
რეიტინგი გამოაქვეყნა კიდევ ერთმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ. Standard & Poor’s-მა საქართველოს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი ”BB”- მიანიჭა, რაც ”სტაბილურს” ნიშნავს.
გარდა ამისა, სააგენტომ ძალაში დატოვა მოკლევადიანი საკრედიტო რეიტინგი ”B” (პროგნოზით – ”სტაბილური”).
მინიჭებული რეიტინგები ასახავს Standard & Poor’s-ის მოსაზრებას, რომ ხელისუფლების ხავერდოვანი ცვლილება ხელს შეუწყობს საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს ბიუჯეტისა და საგარეო ბალანსის მაჩვენებლების სტაბილიზაციას.
”ქვეყნის ეკონიმიკური ზრდის პერსპექტივები დადებითად შევაფასეთ, მიუხედავად 2013 წელს ზრდის შენელებული ტემპების, პოლიტიკური დაძაბულობისა და გაურკვეველი კურსისა”, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.