ეკონომიკური თეორიების ტრანსფორმაცია

ნათია ხვთისიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი
Khvtisiashvilin99@gmail.com

ანოტაცია
მოცემულ თემაში აღწერილია ეკონომიკური თეორიების ფორმირების განვლილი გზა, ისტორიული საწყისები, შინაარსი და მიმდინარეობები. თუ როგორ იცვლებოდა თეორიები დროისა და სივრცის მიღმა. სხვადასხვა პერიოდში ეკონომისტები სხვადასვა ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგებოდნენ, არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებისას ახლდებოდა და იცვლებოდა თეორიები. ამ მხრივ არც 21–ე საუკუნეა გამონაკლისი. რის გამოც გადავწყვიტე აქცენტი გამეკეთებინა იმ ხედვაზე, რომელიც თანამედროვე ეკონომისტს უნდა გააჩნდეს.

Annotation
This article attempts to describe the past way of forming economic theories, their historical beginnings, their content and their current courses. How theories changed over time and space. Economists were faced with various economic problems, in defferent time periods. Looking for ways to solve existing problems, theories were updated and changed, on this side the 21st century is no exception. So I decided to focus on , on the vision that the modern economist must have.

ეკონომიკური თეორიის, როგორც მეცნიერების, წარმოშობა დაკავშირებულია საზოგადოების სიმდიდრის შესწავლასთან, რაც დასაბუთებულია უილიამ პეტის, ადამ სმითის, დევიდ რიკარდოს, კარლ მარქსისა და სხვა გამოჩენილ ეკონომისტთა ნაშრომებით, თუმცა ეკონომიკური მეცნიერების წინამძღვრების ჩანასახი უძველესი პერიოდის აღმოსავლელ, ბერძენ და რომაელ მოაზროვნეთა მოძღვრებებშიცაა მოცემული. ეკონომიკური აზრის მიმართულებებისა და განვითარების ეტაპებზე, პოლიტიკურ ეკონომიაზე დაწყებული ადამ სმიტიდან ჩვენს დრომდე დაწვრილებით გადმოგვცემს პ. სამუელსონი, ნობელის ლაურეატი, „ეკონომიკსის“ ერთ–ერთ თავში, რომელსაც „ცვლილებების სიო: ეკონომიკური დოქტრინების ევოლუცია“ ეწოდება.

მე–18 საუკუნის უკანასკნელ მესამედში, როდესაც ინგლისში აღმოცენდა კლასიკურ –ლიბერალური მიმდინარეობა, მეცნიერების ერთიან სისტემას, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება, გამოეყო ეკონომიკა ეკონომიკური თეორიის სახით, რომელსაც იმ პერიოდში პოლიტიკური ეკონომია ეწოდებოდა. ტერმინი „პოლიტიკური ეკონომია“ სამეცნიერო ლიტერატურაში პირველად შემოიტანა ფრანგმა მერკანტილისტმა ანტუან მონკრეტიენმა. მან ჯერ კიდევ 1615 წელს გამოსცა წიგნი „პოლიტიკური ეკონომიის ტრაქტატი“, რითაც ახალი ელფერი შესძინა ქსენოფონტის მიერ შემოღებულ ტერმინ „ეკონომიკას“. სიტყვა „პოლიტიკური“ მან პლატონისაგან „ისესხა“ („პოლიტიკოს“ ბერძნულად სახელმწიფოებრივს ნიშნავს). აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ეკონომიის, როგორც მეცნიერების, კვლევის სფეროდ მთლიანად ქვეყნის მეურნეობის მართვა წარმოჩნდა. ამასთან იგი საფუძვლად დაედო ეკონომიკური მეცნიერების განვითარებასა და მის კვალიფიკაციას.

კლასიკურმა პოლიტიკურმა ეკონომიამ მეცნიერულად დაასაბუთა, რომ სიმდიდრის წყარო უნდა ვეძიოთ არა ვაჭრობაში ან მხოლოდ მიწათმოქმედებაში, არამედ მთლიანად წარმოებაში. ადამ სმითის ცნობილი ნაშრომი – „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ (1776 წ.), აღიარებულია კაცობრიობის სულიერი კულტურის უმნიშვნელოვანეს ძეგლად, რომელმაც მის ავტორს „ეკონომიკის მამამთავრის“ სახელი დაუმკვიდრა. კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის შემდგომი განვითარება უკავშირდება დეივიდ რიკარდოს სახელს. მან დიდი წვლილი შეიტანა ეკონომიკის არაერთი სფეროს კვლევაში.

კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის მთავარი კრედო ეკონომიკის ლიბერალიზაციაა, რაც ეკონომიკაში სახელმწიფოს მინიმალურ ჩარევას, მოთხოვნა–მიწოდების საფუძველზე ჩამოყალიბებული თავისუფალი ფასებით ბაზრის თვითრეგულირებას გულისხმობს. კლასიკური პოლიტიკური ეკონომია საუკუნე – ნახევარზე მეტხანს (მე–18 საუკუნის 70–იანი წლებიდან მე–20 საუკუნის 30–იან წლებამდე) საფუძვლად ედო მსოფლიოს წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკას. მის ბაზაზე ეკონომიკურ თეორიაში აღმოცენდა სხვადასხვა მიმდინარეობა: მარქსისტული პოლიტეკონომია, ნეოკლასიკური ეკონომია, კეინზიანელობა, მონეტარიზმი, ნეოკეინზიანელობა და სხვა. (Economics)

სტრუქტურული ტრანსფორმაცია თეორიების განვითარებაში

მდგრადი ეკონომიკური ზრდა ნარჩუნდება უწყვეტი ტექნოლოგიური პროგრესით, რომელიც უკავშირდება ინდუსტრიულ რევოლუციას. ეკონომისტების უმრავლესობას კლასიკური ტრადიციით, დაწყებული ადამ სმიტიდან მე–20 საუკუნემდე სჯეროდათ, რომ ეკონომიკური ზრდის მისაღწევად უნდა გატარდეს „laissez-faire“ –ის ეკონომიკა. („laissez-faire“– ფრანგული ; ინგლისურად– „leave alone”; “let you do”). ბაზრებს უნდა შეეძლოთ რესურსების ეფექტიანად განაწილება და ეკონომიკური ზრდის პოტენციალის მაქსიმიზაცია. მოცემულ ჩარჩოებში ფასების სისტემა განსაზღვრავს რა არის წარმოებული და როგორ, სტრუქტურული ტრანსფორმაცია კი ავტომატურად მოხდება, როგორც კი ეკონომიკა გაფართოვდება და ბაზრები გადაანაწილებენ წარმოების ფაქტორებს უფრო პროდუქტიული სექტორებისთვის, შესაბამისად შემოსავალიც გაიზრდება. ეს მიდგომა წარმოადგენს მე–18 და მე–19 საუკუნეების დომინანტურ ინტელექტუალურ ჩარჩოს. ეკონომიკური განვითარების შესწავლის უახლესი მიდგომები აღიარებენ არსებული მიდგომების ნაკლოვანებას და გვთავაზობენ სხვადასხვა თეორიულ პერსპექტივებს, მოცემულ პრობლემასთან გასამკლავებლად. ისინი განაგრძობენ ორ ურთიერთდაკავშირებული, მაგრამ მაინც განცალკევებული ბილიკით სვლას ესენია ზრდის თეორიები: ძირითადად დაკავშირებული ნეოკლასიკურ ტრადიციებთან და განვითარებადი თეორიები კავშირში სტუქტურალისტურ ტრადიციებთან. (სტრუქტურალიზმი – გზა, რომელიც შეისწავლის ადამიანის კულტურას, ასევე ხაზს უსვამს მისი ძირითადი სტრუქტურის მნიშვნელობასა და კავშირს მის შემადგენელ ნაწილებთან). მიუხედავად ამისა, არსებობს მე–3 გზაც, რომელიც ცნობილია, როგორც „ახალი სტრუქტურალისტური ეკონომიკა“, იგი ემყარება აზრს, რომ ეკონომიკური განვითარება დამოკიდებულია სტრუქტურულ ტრანსფორმაციაზე, როგორც კუცნეცი წერდა: „ შეუძლებელია ერთ სულ მოსახლეზე ან ერთი მშრომელის პროდუქტზე ზრდის მაღალი ტემპების მიღწევა სხვადასხვა მნიშვნელოვანი წონების თანაზომიერი ცვლის გარეშე“.

ერთ–ერთი ცნობილი ეკონომისტის როზენშტეინ–როდანის ნაშრომს დიდი ზეგავლენა ჰქონდა მისი თანამედროვე ეკონომისტების შეხედულებებზე. მან გზა გაუკეთა კვლევის მდიდარ სტრიქონს ჩანგიდან (1949 წ.) ნურკესამდე (1953), ლუისამდე (1954),მირდალი (1957) და ჰირშმანი (1958), რომლებიც მივიდნენ ეკონომიკური განვითარების სტრუქტურალისტურ მიდგომამდე. ამ მიდგომას ემყარება შემდეგი ძირითადი ვარაუდები:
• ეკონომიკური ზრდა არის ბილიკზე დამოკიდებული პროცესი: წარმოების პროცესში დაგროვილი ცოდნა ზრდის დინამიურ მასშტაბის ეკონომიას და გარეგან ფაქტორებს, რაც იწვევს შემდგომ ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას. ამ თვალსაზრისით, პირველადი წარმოების გამოცდილებამ ფირმებს ასწავლა, თუ როგორ აწარმოონ უკეთესი ხარისხის საქონელი ნაკლები დანახარჯებით.
• განვითარებადი ეკონომიკებისთვის დამახასიათებელია სტრუქტურული ჰეტეროგენობა: ეს ნიშნავს, რომ ასეთ ეკონომიკებში, თანამედროვე ეკონომიკური საქმიანობები, რომლებიც არიან მაღალმწარმოებლურნი და იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, თანაარსებობენ ტრადიციული ეკონომიკური საქმიანობით, დაბალმწარმოებლურობით და მაღალი არაფორმალობით.
• თანამედროვე ეკონომიკური საქმიანობა ზოგადად ურბანული საწარმოო საქმიანობაა: ლიტერატურაში დიდი ხნის ტრადიციამ წარმოება ეკონომიკის ზრდის ძრავად აქცია. (“The structural transformation process: trends, theory, and empirical findings“)

ეკონომიკური აზროვნება, რომელსაც ახლა ვეუფლებით დაფუძნებულია სწორედ ზემოთ აღნიშნული მიმდინარეობების თეორიებზე. 21–ე საუკუნეში კი ბუნებრივია, რომ ახალი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როგორიცაა: უთანასწორობა, პერიოდული ფინანსური კრიზისები, სოციალური პრობლემები, გლობალიზაცია და სხვა. ამიტომ მსოფლიოს ბევრი ახალი იდეა სჭირდება, რათა მაქსიმალურად აღმოიფხვრას არსებული პრობლემები, შესაბამისად ყალიბდება ახალი შეხედულებები ან საერთოდაც ხდება ძველი თეორიების გაერთიანება. მაგალითად ასე შეიქმნა წიგნი „დონატის ეკონომიკა: 7 გზა, როგორ ვიფიქროთ 21–ე საუკუნის ეკონომისტებივით“. ავტორმა ქეით რეიორტმა გააერთიანა ეკონომიკური სწავლებების ნაზავი, რაც მოიცავდა ეკოლოგიურ, ფემინისტურ, ბიჰეივიორისტულ და ინსტიტუციონალურ ეკონომიკებს; მან დაუშვა რომ მიღებული შედეგის მიხედვით ეკონომიკური მომავალი სასწაულებრივი უნდა იყოს. ამაზე დაყრდნობით, წარმოგვიდგინა 7 მეთოდი, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია დავიწყოთ ფიქრი, როგორც 21–ე საუკუნის ეკონომისტებმა. (Raworth, 2017)

შევცვალოთ მიზანი: მშპ–ს ზრდიდან–ფუნთუშისაკენ

ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ეკონომისტები კონცენტრირდებოდნენ მშპ–ზე, როგორც ეკონომიკური პროგრესის უპირველეს საზომზე, თუმცა მშპ, ამ მხრივ, მცდარ მიზანს წარმოადგენს. 21–ე საუკუნე ბევრად უფრო ამბიციური და გლობალური ეკონომიკური მიზნისაკენ ისწრაფვის: პლანეტაზე არსებული რესურსები და საშუალებები თანხვედრაში მოვიდეს ყველას საჭიროებებთან. თუ ამ მიზანს ფურცელზე დავხატავთ, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ის დაემსგავსება ფუნთუშა დონატს. მთავარ გამოწვევას დღეს წარმოადგენს იმგვარი ლოკალური თუ გლობალური ეკონომიკების შექმნა, რომ არავინ დარჩეს სიცოცხლისთვის აუცილებელი საჭიროებების გარეშე. გარდა ამისა, აუცილებელია დედამიწისათვის ისეთი დამცავი სისტემების შექმნა, როგორიცაა მდგრადი კლიმატი და ნოყიერი მიწა, ჯანსაღი წყალი (ოკეანეები და ზღვები) და ოზონის დამცავი შრე. ამგვარად შეცვლილი მიზანი ცვლის ეკონომიკური პროგრესის ჩარჩოს, დაუსრულებელი ზრდიდან–სწრაფი განვითარების პროცესში მყოფი ბალანსისაკენ.

დავინახოთ სურათი უფრო ფართოდ: მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებული ბაზრიდან – „ჩართულობის“ ეკონომიკამდე

დროა შეიქმნას ახალი ეკონომიკური ნარატივი, რომელიც მოერგება ამ საუკუნეს; ნარატივი, რომელიც ეკონომიკას უყურებს, როგორც, პირველ რიგში, ხალხსა და სამყაროზე დამოკიდებულს და ამას ბრძნულად აკავშირებს ბაზრის ეფექტურობის აღიარებასთან; სახელმწიფოს უყურებს, როგორც პარტნიორს; აცნობიერებს ოჯახის ცენტრალურ როლს – აფასებს საოჯახო მეურნეობის კონტრიბუციას და ხელს უწყობს „საერთოს“ შექმნის პოტენციალის გაღვივებას.

ადამიანური ბუნების გამოწვრთნა: რაციონალური, ეკონომიკური ადამიანიდან – სოციალურად ადაპტირებად ადამიანამდე

მე–20 საუკუნის ეკონომიკის ცენტრალური მახასიათებელი – რაციონალური ეკონომიკური ადამიანი – წარმოადგენს კაცობრიობის საბრალო სახეს, რომელიც მარტო დგას ხელში ფულით, თავში კალუკატორით, ეგოიზმით გულში, ფეხქვეშ გათელილ ბუნებაზე. და კიდევ უარესი: როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ის ჩვენნაირია, ჩვენ მასთან რეალურად ვიწყებთ მიმსგავსებას, ჩვენი საზოგადოებისა და პლანეტისათვის ზიანის მიყენებით.

მაგრამ ადამიანური ბუნება, რეალურად, ბევრად მდიდარია. რამდენადაც ჩვენი ახალი პორტრეტის წახნაგები გვაჩვენებს, ჩვენ ვართ მოძრავები, დინამიურები, ერთმანეთზე დამოკიდებულნი, ერთმანეთთან ახლოს მდგომნი და ღრმად გადაჯაჭვულები ცოცხალ სამყაროსთან. დროა, ეკონომიკური თეორიების ამოსავალი წერტილი ადამიანის ეს ახალი პორტრეტი გახდეს, რათა ეკონომიკამ დაიწყოს ადამიანური ბუნების საუკეთესო მხარის გამოწვრთნა. ეს ჩვენ ყველას, თითოეულ ადამიანს, ერთად განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს.

გადავიაზროთ სისტემა: მექანიკური ეკვილიბრიუმიდან – დინამიურ კომპლექსურობამდე

ეკონომიკას დიდი ხნის განმავლობაში ტანჯავდა ფიზიკოსების შური: გენიოსი ისააკ ნიუტონისა და მოძრაობის კანონზომიერებების შესახებ მისი ხედვების შემხედვარე, მე–19 საუკუნის ეკონომისტებიც კონცერტრირდნენ ეკონომიკის მოძრაობის წესთა აღმოჩენაზე, რომლებიც უბრალოდ არ არსებობდა. ეს მოდელები მარტივი მოდელებია – დაახლოებით ისეთი თეორიები, როგორიცაა ბაზრის ეკვილიბრიუმი, რომელმაც დააბრმავა ეკონომისტები და ვერ დაანახა მათ 2008 წლის ფინანსური კრიზისის მოახლოება. სწორედ ამ მიზეზის გამო მიაჩნია ავტორს, რომ 21–ე საუკუნის ეკონომისტები უნდა გადავიდნენ კომპლექსურ, ევოლუციურ აზროვნებაზე. ეკონომიკის ღერძში მოძრავი, დინამიური აზროვნების ჩადება გამოიწვევს ახალი ხედვების განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს, ეკონომიკის, როგორც მუდმივად განვითარებადი სისტემის წინ წამოწევას.

გადანაწილების გეგმა: ხედვიდან – „ისევ ეკონომიკური ზრდა მოაგვარებს ყველაფერს“ – გადანაწილების გეგმის შემუშავებისკენ:

მე–20 საუკუნეში მეინსტრიმული ეკონომიკური თეორია ძლიერ მესიჯს აჟღერებდა უთანასწორობასთან მიმართებაში: სანამ რაიმე გაუმჯობესდება, ყველაფერი გაუარესდება, ხოლო შემდეგ, საბოლოოდ, ეკონომიკური ზრდა ყველაფერს თავისთავად მოაგვარებს.

მაგრამ, ექსტრემალურად მაღალი უთანასწორობა, როგორც აღმოჩნდა, არ წარმოადგენს ეკონომიკურ კანონზომიერებას ან აუცილებლობას: ის მცდარი გეგმის შედეგია. XXI საუკუნის ეკონომისტები აცნობიერებენ, რომ არსებობს ეკონომიკის დაგეგმვის არაერთი გზა, რომელიც უფრო კარგად გადაანაწილებს სიკეთეებს მათ შორის, ვინც მონაწილეობას იღებს ღირებულების შექმნაში. ეს კი ნიშნავს, რომ დროა გავცდეთ მხოლოდ შემოსავლების გადნაწილებას და გადავიდეთ გადანაწილებამდე არსებული სიმდიდრის გადანაწილების გეგმაზე: სიმდიდრეზე, რომელიც აკონტროლებს მიწებს, საწარმოებს და ფულის შექმნის ძალაუფლება აქვს.

შევქმნათ, რათა განვაახლოთ: ხედვიდან – „ზრდა დაასუფთავებს ყველაფერს” – განახლების გეგმისაკენ

მეინსტრიმული ეკონომიკური თეორია დიდხანს ხატავდა სუფთა გარემოსა და ბუნებას, როგორც ფუფუნებას; როგორც სიკეთეს, რომელიც მხოლოდ მდიდრებისთვისაა ხელმისაწვდომი. ეს წარმოდგენა გვეუბნება, რომ გარემოს დაბინძურება ზრდადი იქნება იქამდე, სანამ ის შემცირდება. როგორ? – ეკონომიკის ზრდა დაასუფთავებს ყველაფერს. თუმცა, როგორც უთანასწორობა არ აღმოჩნდა ეკონომიკური კანონზომიერება, გარემოს დეგრადაციაც შედეგია არაგანახლებადი ინდუსტრიული გეგმისა. ეს საუკუნე მოითხოვს იმგვარ ეკონომიკურ აზროვნებას, რომელიც ხელახალი გამომუშავების, განახლების პოტენციალს შეუწყობს ხელს, რათა შექმნას მუდმივი წრე, ნაცვლად წრფივი ხაზისა და ჩვენ კვლავ გავხდეთ პლანეტის ციკლური ცოცხალი პროცესის სრულფასოვანი მონაწილენი.

შევხედოთ ზრდას აგნოსტიკურად: ეკონომიკურ ზრდაზე ჩაციკლვიდან – აგნოსტიკურ დამოკიდებულებამდე
მთავრობებისა და ფინანსისტების გამოსაფხიზლებლად: არაერთ მაღალ-შემოსავლიან ქვეყანაში, მშპ-ს ზრდის პროგნოზები კრიზისების ძირითად საფუძველს წარმოადგენენ ზრდაზე დამოკიდებული ეკონომიკებისთვის. მეინსტრიმული ეკონომიკა მშპ-ს დაუსრულებელ ზრდას აღიქვამს როგორც კანონზომიერ, შეუქცევად პროცესს, მაგრამ ბუნებაში დაუსრულებლად არაფერი იზრდება. ეკონომიკის მცდელობა, წავიდეს ამ მხრივ დინების საწინააღმდეგოდ, მწვავე კითხვებს აჩენს მაღალი შემოსავლის, თუმცა დაბალი ზრდის მქონე ქვეყნებში. სწორედ ამიტომ, დღეს სახეზე გვაქვს ეკონომიკები, რომლებიც იზრდება ისე, რომ არ უყურებს მოსახლეობის შემოსავლების ზრდას. ჩვენ გვჭირდება ეკონომიკა, რომელიც ჩვენს შემოსავლებსაც გაზრდის, მიუხედავად იმისა, გაიზრდება თუ არა თავად ის. პერსპექტივის რადიკალური შემოტრიალება ეკონომიკური ზრდისადმი აგნოსტიკური დამოკიდებულების გაჩენას გულისხმობს. ჩვენ უნდა ვიკვლიოთ, როგორ შეძლონ ფუნქციონირება მოქმედმა ეკონომიკებმა ზრდის პირობებში ან ზრდის გარეშე მაშინ, როცა ფინანსურად, პოლიტიკურად და სოციალურად ზრდაზე არ არიან დამოკიდებულნი. (Raworth, 2017)

შეუძლებელია ახლავე, ერთიანად განისაზღვროს ყველა ის ინსტიტუცია და პოლიტიკის გეგმა, რომელიც მომავალში გამოგვადგება. თუმცა ქეით რეიორტმა გვიჩვენა 7 გზა, რომელიც იმ ახალი ეკონომიკური აზროვნების ფუნდამეტს წარმოადგენს, რომელსაც 21–ე საუკუნე მოითხოვს.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა ისტორიის გზაჯვარედინზე თავისი გზის ძიებაშია. ამ გზაზე გაცნობიერებულია ეკონომიკური საფუძვლების შექმნის როლი. ქართველ ეკონომისტთა აზრი ძირითადად საბაზრო სტრუქტურების შექმნისა და ამოქმედებისკენაა მიმართული. (ადეიშვილი, 2012)

„ერი მუდამ ცოცხალია და არც მოკვდება, ვიდრე მისი ყოფაცხოვრების პირობები მაცხოვრებლის თვისებანი არიან. რომელ ერსაც ეს კარგად ესმის და სასიცოცხლო პირობებს იცავს, ინახავს, იგი მუდამ ცოცხალი, ბედნიერი, ჯან-ღონით სავსეა, იმას არც სიბერე მოეკიდება, არც სიკვდილი“. (ვაჟა-ფშაველა)

დღეისათვის მსოფლიოში ყალიბდება ე.წ. მდგრადი განვითარების გაგება, რაც არა მხოლოდ პროგრესული მეცნიერული აზრია, არამედ სულ უფრო ფართო საზოგადოებრიობის კუთვნილებაც ხდება.

გამოყენებული ლიტერატურა

The structural transformation process: trends, theory, and empirical findings“.
Economics.
Raworth, K. (2017). Doughnut Economics_ Seven Ways to Think Like a 21st-Century Economist. opendemocracy.net.
ადეიშვილი, დ. (2012). “საქართველოს მდგრადი განვითარების კონცეფციისთვის”. european.ge
www.opendemocracy.net