EBRD-ის პრეზიდენტი: საქართველოში ინვესტირებისთვის კარგი გარემოა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს, სერ სუმა ჩაკრაბარტის (Suma Chakrabarti).
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და თბილისში დაგეგმილი EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის დეტალები განიხილეს.
“საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საიმედო პარტნიორია. ძალიან მნიშნელოვანია ის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი, რომელიც რამდენიმე კვირაში სწორედ საქართველოში გაიმართება.

ჩვენ 1500-მდე ბიზნესმენი, ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი მოვიწვიეთ, რათა გავეცნოთ საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, თქვენი ქვეყნის მიღწევებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს. გასულ წელს ბანკმა წარმატებით განახორციელა 215 მლნ ევროს ღირებულების პროექტები სხვადასხვა სექტორში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ინვესტირებისთვის კარგი გარემოა,“ – განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. მათი მხარდაჭერით საქართველოში ბევრი პროექტი ხორციელდება, მათ შორის, საკმაოდ დიდი მოცულობის ინვესტიციები – კერძო სექტორში. უახლოეს პერიოდში ბანკი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში კიდევ რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ჩატარება თბილისში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმული და შესაძლებლობა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის მოიზიდოს ახალი ინვესტიციები,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდა მსოფლიო ბანკის მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს (MIGA) ვიცე-პრეზიდენტს, კეიკო ჰონდას. შეხვედრაზე ქვეყანაში მსხვილი უცხოური ინვესტიციების დაზღვევის პერსპექტივასა და ამ კუთხით MIGA-ს მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial