სოციალურ-ეკონომიკური და ქართველთა ფსიქოლოგიური კრიზისი

სოფიკო სიჭინავა

ძნელია, პრეტენზია განვაცხადოთ, რომ ქართველი ერის ფსიქოლოგიის სრულყოფილად და ამომწურავად აღწერა შეგვიძლია, მაგრამ მის ძირითად მახასიათებლებზე საუბარი მეტ-ნეკლებად შესაძლებელია. გასული საუკუნის განმავლობაში ჩვენ ბევრი რევოლუცია გადავიტანეთ, ყველა მათგანს იმდენად შევეგუეთ და, თითქოს, გავითავისეთ, რომ გაგვიჭირდება დავადგინოთ, რა იყო ქართველთა გენეტიკური ხასიათი, ფსიქოლოგია? თუკი ჩვენ, ასე ადვილად, შეგვიძლია ახალ პირობებთან შეგუება, ჩვენთვის მარტივი უნდა იყოს ამ ახალ სამყაროში გადარჩენა, მაგრამ, ჯერჯერობით, ძალიან გვიჭირს.

იმ სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელიც დღეს საქართველოშია, ჩვენს ფსიქოლოგიასაც დაასვა დაღი, რაც თავის ასახვას ყოველდღიურ ყოფაში ჰპოვებს – პოლიტიკაში, არჩევნებში და ა.შ. ამ საკითხებზე გვესაუბრება სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია . : ქართულ ხასიათში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი კონფორმიზმის მაღალი ხარისხი, შემგუებლობაა. შეგვიძლია ამას ორმაგი იდენტობაც ვუწოდოთ. ისტორიულად ისე ჩამოყალიბდა, რომ ჩვენს მეზობლებთან ხისტი პოლიტიკა არ გამოგვადგებოდა და მათთან ურთიერთობაში ერთგვარი სირბილე იყო საჭირო. ეს კონფორმისტული ცხოვრების წესი და ფილოსოფია ყოველთვის აქტუალურად იდგა და ამან ქართველ კაცში ქართული მენტალიტეტის გარკვეული თვისებები ჩამოაყალიბა. შინაგანი სტრუქტურა მის გარეგნულ ქმედებაში არასოდეს არ არის გამოვლენილი. ქართველი მუდმივად თამაშობს რაღაც როლს, მაგრამ ამ როლის გაშინაგანება, მიღება, ინტერნალიზაცია არ ხდება. თქვენ ხშირად ნახავთ ქართველ ქალს, რომელიც ევროპელს ძაბავს, მამაკაცს, რომელიც რაღაც როლს თამაშობს, მაგრამ ეს როლი არ არის მის მიერ აღებული, როგორც მისი ცხოვრების შინაგანი პრინციპი. აქედან გამომდინარე, გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა – დაწერილ და დაუწერელ კანონებს შორის მიმართება. ქართველი არასოდეს არ სცემს პატივს დაწერილ კანონს, და მოქმედებს დაუწერელის შესაბამისად. ყველა მოგზაურის ჩანაწერში, რომელიც საქართველოში ნამყოფია, წაიკითხავთ: – ამ ქვეყანას არასოდეს ჰქონია კანონები, რაც ამ ხალხის სოციალური უბედურების მიზეზია. იმ პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც მის ირგვლივ არსებობდა – საკუთარი კანონების შემუშავება, საკუთარი წესრიგის შექმნა ამ ქვეყანას არ შეეძლო. მთავარი მაინც ისაა, რომ შინაგანი ძალა, რომელიც საკუთარი წესრიგის ორგანიზებას სჭირდება, ისტორიის მანძილზე ქართველობას ნაკლები აღმოაჩნდა. ჩვენ მუდამ ვთამაშობდით ძლიერ სახელმწიფოებთან. ქართველებიც ვიყავით, მაგრამ როცა გვჭირდებოდა სპარსელები, რუსებთან – რუსები და ა.შ. აქედან, ნელ-ნელა ჩამოყალიბდა სხვისი ბატონობის ქვეშ მყოფი, მოჩალიჩე ქართველის ხასიათი, რომელიც ყველა სიტუაციას იყენებს საკუთარი თავის, ოჯახის, ნაცნობ-მეგობრების სასარგებლოდ. დღეს ეს ვლინდება იმაში, რომ ადამიანები, ვთქვათ, დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები, ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ერთმანეთთან კამათობენ, მაგრამ ეთერს მიღმა, შესაძლოა, ერთმანეთს ხელი გლობალური ხდება. რაღაც ტიპის უნარ-ჩვევები საჭიროა იმისთვის, რომ ამ სამყაროში გადარჩე. ის პროცესები, რომლებიც ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით, მსოფლიოში მიმდინარეობს, გვაიძულებს, ჩვენი მენტალიტეტი შესაბამისად შევცვალოთ. როდესაც ვსაუბრობ იმასთან დაკავშირებით, რომ განვითარების სხვა ეტაპი უნდა მოვიდეს, არ გამოვდივარ არამც და არამც იქიდან, რომ ნაციის შინაგანი პოტენციის იმედი მაქვს, არამედ იმ აუცილებლობებიდან, რომელშიც ჩვენ ვართ ჩავარდნილნი და რომლის შესაბამისადაც უნდა შევიცვალოთ.

იყო პერიოდი, როდესაც ქართული საზოგადოება, ხალხი პოლიტიკურად ზედმეტად ეგზალტირებული იყო, რამაც მას სასიკეთო არაფერი მოუტანა, გავიარეთ ის პერიოდიც, როდესაც ვამბობდით, რომ ხალხი ნიჰილიზმშია გადავარდნილი. პოლიტიკური თვალსაზრისით, დღევანდელ ამომრჩეველს, საზოგადოებას როგორ დაახასიათებდით?
მიუხედავად ყველა იმ პრობლემისა, რომელიც ამ ბოლოდროინდელ არჩევნებს ახლდა თან, დღევანდელი ამომრჩეველი ბევრად წინ გადადგმული ნაბიჯია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. ამ არჩევნებმა გამოავლინა, რომ ამომრჩეველი სპექტრს ხედავს, განსხვავებას აკეთებს. გარკვეული თვალსაზრისით, შესაძლოა, მათი არჩევანი ვინმესთვის სასურველი არ იყოს, ვთქვათ, ჩემთვის, როგორც გარკვეული პოლიტიკური ორიენტაციის მქონე ადამიანისთვის – მემარცხენე ფილოსოფიას არ ვიზიარებ და მემარცხენე პოლიტიკა, ეკონომიკაში, არ მიმაჩნია გამართლებულად, მაგრამ რაც დღეს სახეზე გვაქვს, ეს უკვე გაკეთებული არჩევანია. მთავარია, რომ ხალხი ფიქრობს, იგი ჩვეულებრივი ადამიანი კი არ არის, რომელსაც გამოიყენებენ, არამედ იგი საკუთარი ხმების კონტროლს იწყებს. თუკი პროცესები ბოლომდე მშვიდობიანად განვითარდება, ეს სუსტი ნაპერწკალია, რაც მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბებას დაედება საფუძვლად. რაც შეეხება თვით პოლიტიკურ პარტიებს და მათ ურთიერთობებს, ეს ეტაპი მაინც ძალების მოსინჯვის ეტაპია და, ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნები იმიტომ იყო ასეთი მწვავე და აქტუალური, რომ ადამიანებს რადიკალური ცვლილებები სჭირდებათ, მათ სურთ იხილონ პოლიტიკაში რეალურად ახალი სახეები.

მართალია, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც არსენა მარაბდელის ლექსი შეიქმნა, მაგრამ მაინც მიიჩნევა, რომ ქართველი, ბუნებით, მემარცხენე არ ყოფილა. საიდან წამოვიდა მემარცხენეობის ასეთი ბუმი?
კონკრეტულად ვთქვათ, თუ ვინ არიან ლეიბორისტების ამომრჩევლები – რომანტიკოსი ამომრჩეველი, რომელსაც იმ 70-წლიან პერიოდზე, რომლშიც ჩვენ ვცხოვრობდით, ნოსტალგია აქვს. მემარცხენეობა, საერთოდ, ინტელექტუალური პოზიციაა და ბევრგან არის პოპულარული, მაგრამ ეს მიმდინარეობა კარგია იმ ქვეყნებისთვის, რომელიც გაჯერებულია მემარჯვენე ფილოსოფიით და ცხოვრების წესით.

ანუ მემარცხენეობა შემდგომი ეტაპია?
დიახ. მიმაჩნია, რომ ჩვენისთანა ქვეყნისთვის მემარცხენე ეკონომიკური პოლიტიკა და, ზოგადად, მემარცხენე პოლიტიკა, ამ ეტაპზე ნამდვილად დამღუპველია და ის არანაირ შედეგს არ მოიტანს. რაც შეეხება იმას, რომ ქართველი კაცი მემარცხენე იყო, მგონია, რომ იგი არც ერთი იყო და არც მეორე…

ყოველ შემთხვევაში, მას საკუთრების პატივისცემა ჰქონდა.
ჰქონდა მხოლოდ საკუთარი საკუთრების პატივისცემა, სხვისი საკუთრების პატივისცემა ნაკლებად. ეს პრობლემა დღესაც დგას. როდესაც შვეიცარიაში მიდიხართ და ხედავთ, რომ წერია, ტროტუარს იქით ტყე სხვისი საკუთრებაა და ფეხის დაბიჯება არ შეიძლება, თუ დააბიჯებ, მართლაც დაგაჯარიმებენ. ეს არის გარკვეული შრომით და გამოცდილებით დამკვიდრებული წესები, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია. ის გამოცდილება, რაც შეიძლებოდა გვქონოდა, 70-მა წელმა მთლიანად გადახაზა. უძველესი კულტურის ხალხი, ფაქტობრივად, დღეს ვიწყებთ განვითარებას, ცხოვრებას და იმის გახსენებას, ოდესმე თუ რამე სახელმწიფოებრივი გაგვაჩნდა და გვიკეთებია. შანსი იმისა, რომ საზოგადოებად ჩამოვყალიბდეთ, ვფიქრობ, რომ არის. საკუთრების პატივისცემა ქსენოფობიის, ანუ უცხოთმოძულეობის დაძლევაში ეხმარება ადამიანს. ქართველების ტოლერანტობა გამოგონილი ფილოსოფიაა, ხელოვნურია. ჩვენს შემთხვევაში, ეს სუსტის იდეოლიგიაა. წარმომიდგენია, უფრო ძლიერები რომ ვყოფილიყავით, ან ვიყოთ, რას ვუზამდით იმ ხალხს, რომელიც არ გვემორჩილება. შემწყნარებლობა იწყება კერძო საკუთრების დამკვიდრებით და მისი პატივისცემით, რომელიც გაიძულებს, შენს გვერდით მოითმინო სხვა ჯურის ადამიანი, მისი საკუთრება და ქონება, და ცხოვრებაში საერთო წესებიდან გამომდინარე, იხელმძღვანელო.


ვფიქრობ, ეს შორეული პერსპექტივაა, რადგან თუნდაც ამ არჩევნებში გამარჯვებული ორივე პარტია მემარცხენეა, ანუ ხალხი ასე არ ფიქრობს.

ლეიბორისტები, უდავოდ, მემარცხენეები არიან. რაც შეეხება ნაციონალისტებს, მათი ეკონომიკური ორიენტაცია მკაფიო არ არის, მაგრამ იგი თავის თავში მემარჯვენე პოტენციალს შეიცავს…

მემარცხენე ლოზუნგებით…
პოლიტიკოსი დამოკიდებულია იმ ამომრჩეველზე, რომელიც დღეს არსებობს.

ანუ პოლიტიკოსს თამაში უწევს.
პოლიტიკის თვალსაზრისით, ეს პოლიტიკის სწორი თამაშის წესებია. თქვენ უნდა გაყიდოთ ის საქონელი, რომელიც იყიდება, თუ მას არავინ არ იღებს, წარმოებას არანაირი აზრი არ აქვს. პოლიტიკოსი, გარკვეული თვალსაზრისით, უბედური ადამიანია. მან უნდა თქვას ის, რაც გაიყიდება, რასაც ამომრჩეველი აიღებს, ანუ ის, რაც ამომრჩეველს აწუხებს – სოციალური, ეკონომიკური პრობლემები, რაც რეალურად არსებობს და პოლიტიკოსი, ამ შემთხვევაში, გულწრფელია. რაც შეეხება საკუთრებისა და სიმდიდრისადმი დამოკიდებულებას და ა.შ, აქ უკვე პრობლემები იქმნება. ადამიანებს, რომლებიც კომუნიზმიდან გამოვიდნენ, ქონების გადანაწილების ძალიან დიდი მოთხოვნილება აქვთ. პოლიტიკოსები იძულებულნი არიან, ამას ანგარიში გაუწიონ. ზოგი მეტ-ნაკლები ლავირებითა და მინიშნებებით აკეთებს ამას, გარკვეული დიპლომატიით, ზოგიც პირდაპირ. წარმოვიდგინოთ, რომ საირმის გორაზე განლაგებული სახლები უნდა გადაეცეს ხალხს, მინდა მემარცხენეებს ერთი შეკითხვა დავუსვა – რამდენ ადამიანს ეყოფა ეს სახლები და თუ გაყიდიან, ვის მიჰყიდიან? ისევ მდიდარ ხალხს? საკითხავია, იმ გადანაწილებაში თუ იქნება სამართლიანობის პრინციპი დაცული. მართალია, ჩვენ საკუთარი ეკონომიკის შენების, პოლიტიკის წარმოების არანაირი გამოცდილება არ გვაქვს, მაგრამ წვალებით უნდა მივიდეთ რაღაც შედეგამდე – ან პოზიტიურ, ან ნეგატიურ, ბოლოს და ბოლოს გავიგებთ, შეგვიძლია თუ არა დამოუკიდებლობა და ის, რომ გვერქვას საზოგადოება. სოციოლოგიის სახელმძღვანელოებში, საზოგადოების განმარტებაში, ერთ-ერთი მომენტი არის ის, რომ საზოგადოებად იწოდება იმ ადამიანების ერთობლიობა, რომელიც დამოუკიდებელია, სადაც, პირველ რიგში, ტერიტორიული და ეკონომიკური დამოუკიდებლობა იგულისხმება.

როდესაც საზოგადოება არჩევანის წინაშე დგება, რას უწევს ანგარიშს და რის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას?
ჩვენს საზოგადოებაში ამომრჩევლის ქცევა საკმაოდ ირაციონალური ფენომენია და, ძნელია, განსაზღვრო, მაგრამ არჩევანისას იგი ორ ფაქტორს ითვალისწინებს: ლიდერის ქარიზმას. მისი ტემპერამენტი ხალხის ტემპერამენტის შესაბამისი უნდა იყოს. მეორე – ის, თუ რას სთავაზობს პოლიტიკოსი ხალხს. როდესაც არჩევნებია მომდგარი, ყველამ იცის, რომ არც ერთი ამომრჩეველი არ იღებს პროგრამას და არ კითხულობს. შესაძლებელია, ეს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, მაგრამ პოლიტიკოსის ტონალობა, საუბარი, იდეები, რომელსაც ის საზოგადოებას სთავაზობს, თუნდაც რამდენიმე სიტყვით, გამჭვირვალეა და ამომრჩეველი კარგად იგებს, თუ რა შეიძლება მის ფრაზაში იდოს. ფრაზაში – თბილისი შევარდნაძის გარეშე, ამომრჩევლისთვის კარგად გასაგები იყო – არ იქნება მონოკლანური ან კლანური ტიპის საზოგადოება და შანსები ყველასთვის გათანაბრდება. ლეიბორისტების შემთხვევაში, ლოზუნგი იყო “ჩამოვაშოროთ მძარცველები ხელისუფლებას”. მძარცველების უკან ლეიბორისტებს უნდა დაეკონკრეტებინათ, ვის გულისხმობდნენ, მაგრამ ისინი უფრო დიპლომატიურად მოიქცნენ. მიუხედავად ამისა, პოლიტიკოსების ამომრჩეველს კარგად ესმის. მოკლედ, მნიშვნელოვანია ორი მომენტი: ლიდერის ხასიათი, იმიჯი. ამომრჩეველი რამდენად დარწმუნებულია პოლიტიკოსის პატიოსნებაში, რამდენად გულწრფელია და მეორე თემა, რომლითაც პოლიტიკოსი არჩევნებზე წარდგება. რა თქმა უნდა, მონაწილეობს სხვა ფაქტორებიც, მაგრამ მათი როლი უმნიშვნელოა. ამ არჩევნებმა ერთი რამ გამოავლინა, რომ პოლიტიკა არის თემებისათვის ბრძოლა. ვინც სწორ თემას აირჩევს და მომგებიან თემას დაეუფლება, იგი იმარჯვებს.

თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ მომენტში ამომრჩეველს სჯერა პოლიტიკოსის გულწრფელობის?
სჯერა თუ არა, ეს იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ის მომენტი, რომ როდესაც პოლიტიკოსი ლაპარაკობს, უნდა იქმნებოდეს შთაბეჭდილება, რომ ამომრჩეველი ლაპარაკობს. მნიშვნელოვანია, როგორ მეტყველებს პოლიტიკოსი, ლაპარაკობს თუ არა ხალხისთვის გასაგებს ენაზე. ანუ ის საუბარი, რაც ტელევიზიით მიდის, მსგავსი ოდნავ სახეშეცვლილი, ყველა ოჯახის სამზარეულოშია. ამომრჩევლის რიტორიკასთან პოლიტიკოსის მორგება ხდება, ანუ ამომრჩეველს უჩნდება განცდა,Gგრძნობა, რომ ეს პოლიტიკოსი ჩემნაირია, მე როგორც მინდა, ისე უნდა მასაც. პოლიტიკოსი ამ მომენტს თუ კარგად ირჩევს, ანუ სწორ რიტორიკას, მაშინ არჩევნებს შედეგი მოაქვს. პოლიტიკურ ვნებათა ღელვას, რომელსაც მასმედია გადასდებს ხალხს, თავისი აღმძრავი მომენტები აქვს, რაც ადამიანებს პოზიტიურად აღიზიანებს იმისათვის, რომ არჩევნებზე გამოვიდნენ. ადამიანების დიდი ნაწილი ყოველთვის მოქმედებაზეა ორიენტირებული და მზადაა იმისთვის, რომ ავანტურაში (კარგი გაგებით) ჩაებას.

ჩვენი საუბრიდან დასკვნა ასეთია, რომ ყველა ადამიანმა თვითონ უნდა შესძლოს, შექმნას ახალი ქართველის არა გარეგნული, არამედ თვისობრივი ტიპი და ახალი ცხოვრებისთვის მოემზადოს. თქვენი აზრით, რამდენ ხანშია ეს შესაძლებელი და როგორია სახელმწიფოს როლი ამ პროცესში?
სახელმწიფოს როლი რაც უფრო ნაკლები იქნება, ანუ სახელმწიფო რაც უფრო მეტ საშუალებას მისცემს ადამიანებს, საქმიანობის თავისუფლებას და მინიმალური იქნება მისი ჩარევა ეკონომიკაში, მით უფრო სწრაფად წავა პროცესები წინ. საზოგადოება დღეს გაზიარებული თეორიების თანახმად, არის თვითრეგულირებადი სოციალური წარმონაქმნი. მთავარია, საკანონმდებლო სისტემა ისე იყოს ჩამოყალიბებული, რომ ადამიანს საქმიანობის თავისუფლება რეალურად მისცეს. ჩვენთან ასეთი პოზიციაა – სახელმწიფოს ვაბრალებთ პრობლემებს და ვამბობთ, რომ ცუდი სახელმწიფო გვაქვს, მაგრამ ძალიან ცოტას ვაკეთებთ იმისათვის, რომ სახელმწიფო ასეთი არ იყოს. ამ პროცესში ჩვენი მონაწილეობაა პრობლემა. ქართველებს არ გვჯერა, რომ შეგვიძლია ჩვენი მონაწილობით ჩვენ მიერ შექმნილი პანტომი შევცვალოთ, საზოგადოება და სახელმწიფო. სოციალური ფატალობის, განწირულობის განწყობა არსებობს. პრობლემა როგორც კი გვხვდება, უკან ვიხევთ. საქმიანი და პირადი ურთიერთობები ერთმანეთში გვერევა. იმის გარანტია, რომ ჩვენ შევიცვლებით, არ არსებობს. ამერიკის გვერდით არსებობს ლათინური ამერიკა, მაგრამ ისინი ამერიკელებივით არ ცხოვრობენ. ერთხელ ინგლისის ელჩს ჰკითხეს, როგორ შექმენით დემოკრატია ინგლისში, მან უპასუხა, რომ დემოკრატიას ახლაც ვაშენებთო. ე.ი. დემოკრატია არ არის დასრულებული პროცესი. დღეს დემოკრატიული საზოგადოება, ეს არის რისკის საზოგადოება.

ამაში ხომ არ თამაშობს კოლექტივიზმის ფენომენი, რომ ყველაფერს ვიღაცა სხვა გააკეთებს შენს მაგივრად?
ქართული კულტურა კოლექტივისტურია თუ ინდივიდუალისტური, ამ კითხვას სოციოლოგები და ფსიქოლოგები სვამენ ხოლმე. პირადად, ვფიქრობ, რომ ეს არის კულტურა, რომელსაც კოლექტივიზმით პრინციპით ცხოვრება არ შეუძლია, მაგრამ არც ინდივიდუალიზმის პრინციპებით ცხოვრება გამოსდის. ქართველი იქცევა იმისდა მიხედვით, პრაგმატული თვალსაზრისით რა გამოადგება და რა არა. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, რა თქმა უნდა, გადაბრალება ძალიან გვიყვარს. არიან ერები, რომელთაც სოციალური ცხოვრების ორგანიზება არ შეუძლიათ, ანუ არ შეუძლიათ იმგვარი ორგანიზება, როგორიც ეს ევროპაშია. ჩვენ თუ გვინდა ისეთი ორგანიზება გვქონდეს, როგორიც დღეს გვაქვს გვექნება, მაგრამ თუ გვინდა შევცვალოთ, არსებობს მოდელები. ადამიანი, რომელიც აზრებს იცვლის, ვითარდება. ცოცხალ ადამიანს კი, ეს ყოვეთვის შეუძლია.