ჰეჯ-ფონდების რთული დროება

მკაცრი ზამთარი საუკეთესო ჰეჯ-ფონდებისთვის ასევე მკაცრი გაზაფხულით გაგრძელდა. ეცემა ტექნიკური კომპანიებისა და ჯანდაცვის სფეროს აქციები, რომელიც მათი ინვესტირების ერთ-ერთი ძირითადი სფეროა. ჰეჯ-ფონდების ტოპ-მენეჯერებს ბევრი პრობლემა აქვს. The Wall Street Journal-ის კვლევის მიხედვით, მილიარდიანი ჰეჯ-ფონდების მოგება მკვეთრად შემცირდა მიმდინარე თვეში. განსაკუთრებით შემცირდა ტექნოლოგიური და ბიოტექნოლოგიური კომპანიების აქციების ღირებულება. მაგალითად, Google-ის აქციების ვარდნამ ამ თვეში 3.65% შეადგინა.

ამასთანავე, ჰეჯ-ფონდების, მათ შორის Viking Global Investors LP და JAT Capital Management LP ვარდნის ტემპები აღემატება ფინანსური ბაზრების შემცირების ზოგად ტემპებს. შედარებისთვის, ამავე პერიოდში S&P 500 ინდექსი მხოლოდ 1.2%-ით შემცირდა.

წლის დასაწყისში ფონდების ბევრი მენეჯერი ვარაუდობდა, რომ ბაზარზე ხარის ტრენდი გაგრძელდებოდა. თუმცა ტრენდი, ჯერჯერობით, განსხვავებულია.
მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, ინდუსტრიული სფეროს ჰეჯ-ფონდების საშუალო ზრდამ მხოლოდ 1.1% შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2009 წლის შემდეგ. აპრილის საწყის კვირებში კი აქციებით მოვაჭრე ჰეჯ-ფონდების უმეტესობა 2%-ით შემცირდა.

ჰეჯ-ფონდი Viking, რომელიც 28 მილიარდი აშშ დოლარის აქტივებს მართავს ანდრეს ჰალვორსენის ხელმძღვანელობით, 2014 წლის მარტში 4.2%-ით შემცირდა, ეს გასული დეკადის განმავლობაში მისი ერთ-ერთი ყველაზე უარესი მაჩვენებელია. უფრო მეტიც, აპრილის პირველ ორ კვირაში ფონდი ასევე 4%-ით შემცირდა. შემცირების ძირითადი მიზეზი ტექნოლოგიური და ჯანდაცვის სფეროს აქტივები გახდა.
ჯონ ტეილორის JAT მარტში 9.3%-ით შემცირდა, აპრილის დასაწყისში კი ასევე 4%-ით. აღნიშნული ჰეჯ-ფონდების წარმომადგენლები ოფიციალური კომენტარების გაკეთებისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებენ.

ჰეჯ-ფონდების დაღმასვლა ბაზრის საერთო ვოლატილურობას დაემთხვა. მათი რისკ-მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ბევრმა ფირმამ ორმაგ სტრატეგიებს მიმართა რისკებისგან თავის დასაცავად, მაგრამ როგორც გასული კვირეების მაჩვენებლები გვიჩვენებს, ტოპ ჰეჯ-ფონდებს ვერც ამან უშველა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ თითქმის ყველა მენეჯერი მსგავს სტრატეგიას მიმართავდა, რამაც საბოლოოს თითოეული მათგანისთვის სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.

ჰეჯ-ფონდების შემცირება ზოგადი ტენდენციაა, თუმცა რამდენიმე მათგანი ტრენდის საწინააღმდეგო მაჩვენებლებს აღწევს. მაგალითისთვის, ლონდონში მდებარე, 1.7 მილიარდის აქტივების მფლობელი Horseman Capital Management 2014 წლის პირველ კვარტალში 10%-ით გაიზრდა. როგორც ანალიტიკოსები მიიჩნევენ, ამ წარმატების მთავარი მიზეზი ისაა, რომ მათი კოლეგებისაგან განსხვავებით, გასულ პერიოდში Horseman Capital Managemen-ის წარმომადგენლები, ძირითადად, ნავთობისა და უძრავი ქონების სექტორებში ახდენდნენ ინვესტირებას.
მაგრამ ეს იშვიათი გამონაკლისი, ჰეჯ-ფონდების გლობალურ ბაზარზე ძირითადი ტრენდი დაღმავალია. გასული კვარტალი ზარალიანი იყო, როგორც დიდი ფონდების, ასევე შედარებით მცირე ზომის ფონდებისთვისაც, რომლებიც სხვადასხვა სახით აქტივებში ახდენდნენ ინვესტირებას, მათ შორის აქციებში, ბონდებში, ვალუტაში და ა.შ.

მაგალითად, Discovery Global Macro Fund, 6%-ით შემცირდა აპრილში, მისი ვარდნის საერთო ტემპმა კი 2014 წლის დასაწყისიდან 14% შეადგინა. ფონდი გასულ პერიოდში ფოკუსირებული იყო განვითარებადი ბაზრებისა და ტექნოლოგიური კომპანიების აქტივებზე, რამაც, საბოლოო ჯამში, უარყოფითი შეგედები მოიტანა.
ნიუ-იორკული Caxton Associates შემცირდა 3.5%-ით აპრილში, წლის დასაწყისიდან კი 6%-ით. 7-მილიარდიანი ფონდის ინვესტირების მთავარი საგანი განვითარებული და განვითარებადი ბაზრების ვალუტები და გაცვლითი კურსებია.
Contour Asset Management 1.7-მილიარდიანი ფონდის ხელმძღვანელობამ წერილი გაუგზავნა საკუთარ ინვესტორებს, რომელშიც სწერია, რომ ფონდის ზარალიანობის ძირითადი მიზეზი, ტექნოლოგიური კომპანიების, მედიისა და ტელეკომუნიკაციების აქციების გაუფასურება იყო.

მიუხედავად ამ მაჩვენებლებისა, ჰეჯ-ფონდების მენეჯერები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და როგორც ისინი საკუთარ ინვესტორებს ოფიციალურ წერილებში წერენ, მათი ანალიტიკოსები უახლოეს მომავალში პროგნოზირებენ ბაზრის გაჯანსაღებას და სიტუაციის დასტაბილურებას.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial