კოოპერაცია – სოფლად კრიზისის დაძლევის ყველაზე ეფექტური გზა

პაატა კოღუაშვილი, სტუ პროფესორი

სადღეისოდ საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებულია ქართული სოფლის დახმარების ფართომასშტაბიანი ღონისძიებების განხორციელება, რომლის ქმედითუნარიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რიგ კონკრეტულ საკითხებზე, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო სისტემის სწორი ორგანიზაციული მოდელის შერჩევა, ანუ იმ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის დადგენა, რომელიც უზრუნველყოფს ამ დახმარების უკუგების ყველაზე მაღალ ხარისხს. ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად აფართოებს დახმარების პოტენციურ მიმღებთა წრეს. უზრუნველყოფს, ერთი მხრივ – ფინანსური და ორგანიზაციული რესურსების მიზნობრივ მიმართვას და მეორე მხრივ – აუცილებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებას.
სამწუხაროდ, ისე როგორც ყოველთვის, ახლაც არსებობს საშიშროება, რომ არასწორი კონცეპტუალური მიდგომების შემთხვევაში გაწეული ფინანსური დახმარების შედეგები იქნება დაბალი ქმედითუნარიანობის მქონე, ან სულაც უკუშედეგის მომტანი, როგორც ხდებოდა ამ ბოლო ათწლედებში.

სწორი პოზიციის ჩამოყალიბება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს, რომ ცალსახად და კატეგორიულად იქნეს განსაზღვრული – რომელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არის უფრო ახლოს აგრარულ სექტორში სახელმწიფოს სოციალურ და ეკონომიკურ მისიასთან და, შესაბამისად, რომელ მათგანს შეიძლება მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფო ხელშეწყობის თვალსაზრისით.

ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში აგრარული სექტორის ფუნქციონირების ეკონომიკური ანალიზი ნათლად წარმოაჩენს ქართული სოფლისა და მისი მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას: გადამამუშავებელი საწარმოები, რომლებიც ძირითადად წარმოდგენილი იყვნენ მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის – შპს-ს სახით, მოგების გაზრდის მიზნით ახდენდნენ გლეხობისგან პროდუქციის შესყიდვას, რაც შეიძლება დაბალი ფასებით, რაც ხშირ შემთხვევაში ვერ ანაზღაურებდა პროდუქციის წარმოებაზე გაწეულ დანახარჯებსაც კი. ისინი პრაქტიკულად გადაიქცნენ გადაულახავ ბარიერად გლეხობასა და თავისუფალ ბაზარს შორის. ინტერესთა აღნიშნული კონფლიქტი, რომელიც გამოწვეული იყო სასოფლო-სამეურნეო სისტემის არასწორი, გაუაზრებელი ორგანიზაციული მოწყობით, მნიშვნელოვანწილად გახდა საფუძველი ერთი მხრივ – სოფლებიდან მოსახლეობის გაძლირებული მიგრაციისა და მეორე მხრივ – აგრარული წარმოების პარალიზებისა. აქედან გამომდინარე ნათელია, რომ საწარმოო ურთიერთობათა ასეთი ფორმის განვითარება და გლეხობიდან პროდუქციის შემსყიდველი, მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციების ხელშეწყობა სოფლის მოსახლეობისთვის, საბოლოო ანგარიშით, უკუშედეგის მომტანი იქნება.

კერძოდ, სოფლის მოსახლეობას (განსაკუთრებით მიწის წვრილ მესაკუთრეებს, რომლებიც სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ) საბოლოოდ დაუკარგავს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების მოტივაციას და, რაც მთავარია, სოფლად ცხოვრებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას.

კოოპერატივების მუშაობის სტილი მოქნილია და დღევანდელი მოთხოვნების ადექვატური. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გაითვლისწინოს ეს ძალა, როგორც ძლიერი და სანდო პარტნიორი სოფლად რთული ეკონომიკური და ორგანიზაციული პრობლემების მოგვარებისას.

დღეისათვის სახელმწიფოს მხრიდან აგრარული წარმოების ფინანსური მხარდაჭერა ხორციელდება ე.წ. „იაფი სესხის“ პროგრამის საშუალებით, რომლის ფარგლებში ჯერჯერობით დაფინანსებულია მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციები. ახლად შექმნილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების აბსოლუტურ უმრავლესობას რიგი მიზეზების (უპირველეს ყოვლისა, კომერციული ბანკებისთვის არამიმზიდველი საგარანტიო უზრუნველყოფა) გამო, პრაქტიკულად არ გააჩნიათ პერსპექტივა დააკმაყოფილონ კომერციული ბანკების მოთხოვნები „იაფი სესხის“ მიღებაზე. ამიტომ აუცილებელია მოიძებნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვთარების ხელშემწყობი სხვა გზები. ერთ-ერთ ასეთ მიმართულებას, ჩემი აზრით, ხელშეკრულების საფუძველზე, არსებული სახელმწიფო საწარმოების (ან ისეთი კერძო საწარმოების მიერ, რომელიც ქვემოთ მოყვანილ პირობებს დათანხმდება) მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებული პირველადი პროდუქციის (ნედლეულის) გადამუშავება წარმოადგენს, სადაც გადამუშავებული საბოლოო პროდუქტი შესაძლოა იყოს საწარმოსა და კოოპერატივის ერთობლივი წილობრივვი საკუთრება (თუმცა, ხელშეკრულებაში შეიძლება იყოს საბოლოო პროდუქტის თანამესაკუთრეობის სხვა ფორმაც). გადამუშავებული პროდუქციის რელიზაციიდან მიღებული შემოსავლის (მოგების) გარკვეული ნაწილი მოხმარდება ამ კოოპერატივის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებებს, ხოლო დარჩენილი ნაწილი გადანაწილდება კოოპერატივის წევრებზე, მათ მიერ გადამმუშავებელ საწარმოზე მიწოდებული ნედლეულის ღირებულების პროპორციულად.

ამ მხრივ, ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ევროპის ერთ-ერთი მაღალგანვითარებული ქვეყნის – დანიის სახამებლის მწარმოებელი კოოპერატივის მაგალითი (ცნობისათვის შევნიშნავთ, რომ დანიაში კარტოფილის სახამებლის წარმოების საერთო მოცულობიდან 85% (საშუალოდ 170ათ. ტონა წელიწადში) გადის ექსპორტზე და რეალიზდება 40-ზემეტ ქვეყანაში. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ კარტოფილის სახამებელ საწარმოებს მხოლოდ 5 საწარმო, რომელიც ეკუთვნის კოოპერატივს, რომელიც 3000-ზე მეტ ფერმერს აერთიანებს).

კერძოდ:
• ფერმერი არის აქციების მფლობელი;
• თითოეული აქცია აძლევს უფლებას და იმავდროულად ვალდებულებას 100კგ. კარტოფილის ჩაბარებაზე (10 აქციის მფლობელს აქვს უფლება და ვალდებულება ჩააბაროს 1000კგ. კარტოფილი);
• კარტოფილის ჩაბარების რიგს განსაზღვრავს საწარმო და ადგილზევე ანაზღაურებს პროდუქციის მინიმალურ ღირებულებას;
• სახამებლის გაყიდვის შემდეგ მიღებული მოგება ნაწილდება აქციების რაოდენობის მიხედვით;
• აქციების გაყიდვა ან გასხვისება ნებადართულია. აქციის ფასს განსაზღვრავს კარტოფილის ფასი გაყიდვის მომენტისთვის;
• კოოპერატივის მართვას ახორციელებს წევრთა (წარმომადგენელთა)კრება, რომელიც ირჩევს საწარმოს მმართველ დირექტორატს კოოპერატივის წევრებიდან;
• კოოპერატივის წევრსა ქვს მხოლოდ ერთი ხმა და ეს დამოკიდებული არაა წევრის საკუთრებაში არსებული აქციების საერთო რაოდენობაზე.

მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილია, მსგავსი მოდელი დანერგილი იქნეს საქართველოში, რადგან ამით არ იზღუდება ფერმერთა თავისუფლება და ამავდროულად ე.წ. კოლექტივიზაციის შიშიც ქრება. ამასთან, იქმნება პირველი პრეცენდენტი გადამმუშავებელ საწარმოსა და კოოპერატივის ვერტიკალური ინტეგრაციისათვის(წარმოების, გადამუშავების და რეალიზაციის ერთიანი ციკლი). აღნიშნულთან მიმართებით უდავოდ მნიშვნელოვანია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და სსიპ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ კვების მრეწველობის ინსტიტუტის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული ინსტიტუტის ბაზაზე არსებული საკონსერვო წარმოების ტექნიკური რესურსების ჩართვა სკახეთის რეგიონში ატმის მოსავლის (არაკონდიციური ნაწილის 15-20 ათასით.) გადამუშავების პროექტში და ამ გზით მიღებული შემოსავლებით როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, ასევე გადამამუშავებელი საწარმოების განავითარების ხელშეწყობა.

ამ პროექტის განხორციელებით მიღებული სინერგიული ეფექტი რეალურად გამოიხატება:

1. კახეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ინტენსიური განვითარებაში;

2. სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების, გადამუშავების და რეალიზაციის ერთანი ციკლის შექმნაში, სადაც პირველადი პროდუქციის მწარმოებლები ყოველგვარი შუამავალი რგოლების გარეშე მიიღებენ მნიშვნელოვნად გაზრდილ შემოსავლებს საბოლოო პროდუქციის რეალიზაციიდან;

3. ევროპული ტიპის, ვერტიკალური ინტეგრირების პრინციპზე დაფუძნებული, ორდონიანი კოოპერაციული სისტემის ჩამოყალიბებაში, რომლის ფარგლებში მოხდება პირველადი პროდუქციის მწარმოებელთა სახელმწიფო მხარდაჭერა არა მხოლოდ მათ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის საკითხში, არამედ ამ პროდუქციიდან ლიკვიდური, მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნით, რაც გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს როგორც ფერმერს, ასევე ქვეყანას;

4. დემოკრატიულ და სოციალური სოლიდარობის პრინციპებზე დაფუძნებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის კლასიკური შიდასაწარმოო ურთიერთობების დანერგვაში;

5. შედარებით წვრილი 3-5-წევრიანი კოოპერატივების მაგივრად (სამწუხაროდ დღემდე დაფუძნებული კოოპერატივების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ასეთია), მრავალწევრიანი (მინიმუმ 50 წევრი) კოოპერატივების სტიმულირებში და პირველი დონის კოოპერატივების მიერ საწარმოო და მარკეტინგული ფუნქციებით აღჭურვილი მეორე დონის კოოპერატივის შექმნაში;

6. სისტემურ-სინერგიული ეფექტი მიიღწევა შემდეგი ძირითადი კომპონენტების ერთობლიობის საფუძველზე:
– ეკონომიკური ეფექტი;
– სოციალური ეფექტი;
– პროექტის სიცოცხლისუნარიანობა.

7. ამდენად, სსიპ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ კვების მრეწველობის ინსტიტუტის ექსპერიმენტული ქარხნის ძირითადი საშუალებების (საერთო ღირებულებით – 500 ათასი ლარი) ჩართვა დაგეგმილ ეკონომიკურ საქმიანობაში, გვევლინება, როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის მნიშვნელოვანი კომპონენტი. თუ აღნიშნული პროექტი არ განხორციელდება ტექნიკური და/ან ორგანიზაციული საკითხების გამო, სახელმწიფომ ანალოგიური მიდგომები ატმის მოსავლის აღების პერიოდში უნდა განახორციელოს (გურჯაანის რაიონში) მის საკუთრებაში არსებული საწარმოს „გრუზვინპრომის“ ბაზაზე.

პროექტს კოორდინაციას გაუწევს სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტო“. „იაფი სესხის“ პროგრამის ფარგლებში (ან სხვა სახსრებით) განხორციელდება სახელმწიფო შპს „გრუზვინპრომის“ აღჭურვა შესაბამისი ტექნოლოგიური ხაზით და გურჯაანის რაიონის სოფლების მოსახლეობიდან მოხდება არაკონდიციური ატმის მიღება და გადამუშავება. საბოლოო პროდუქცია, რეალიზებული იქნება შპს „გრუზვინპრომის“ მიერ („გრუზვინპრომისა“ და სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს“ ერთუბლივი პროექტით). გადამუშავებული პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული წმინდა მოგება გადანაწილდება ნედლეულის მწარმოებლებზე, მათ მიერ გადამამუშავებელ საწარმოზე მიწოდებული ნედლეულის ღირებულების შესაბამისად, საიდანაც ამ თანხის გარკვეული ნაწილი მოხმარდება გურჯაანის რაიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბებას. მათი დამფუძნებლები გახდებიან ზემოაღნიშნული პროდუქციის მწარმოებლები, რომელთა საპაიო შენატანების ფორმირება განხორციელდება მათ მიერ „გრუზვინპრომზე“ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების პროპორციულად.

იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო არ განახორციელებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშემწყობ ღონისძიებებს, ან მხოლოდ ატმის რეალიზაციის მიზნით მოახდენს მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების (შპს, სააქციო საზოგადოება და სხვა) ხელშეწყობას, თუნდაც მხოლოდ ე.წ. „იაფი სესხის“ პროგრამის ფარგლებში მაშინ:
1. ვერ მოხერხდება სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების, გადამუშავების და რეალიზაციის ერთანი ციკლის შექმნა;
2. აგროსექტორი პრაქტიკულად ჩაიკეტება (დაიხურება) კოოპერაციული, სოციალურ სოლიდარობაზე დაფუძნებული, დემოკრატიული და ცივილიზებული შიდასაწარმოო ურთიერთობების განვითარებისთვის. ის გადაიქცევა ფეოდალური საწარმოო ურთიერთობების ასპარეზად, სადაც აგრომწარმოებლებიდან ნედლეულის შესყიდვა მოხდება იმ ფასებით, რომელსაც მათ უკარნახებს მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ორიენტირებული გადამმუშავებელი საწარმო. ეკონომიკური პროცესი ამ სექტორში მიმართული იქნება არა ფერმერების შემოსავლების მატებაზე, არმედ მათი ეკონომიკური ინტერესების შეზღუდვით გადამმუშავებელ საწარმოთა მეპატრონეების გამდიდრებაზე;
3. ცხადია, ასეთი მიდგომა მხოლოდ უკუშედეგის მომტანი იქნება, რაც საფუძველშივე ეწინააღმდეგება დღევანდელი ხელისუფლების კურსს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სისტემის განვითარებაში კოოპერატივს, როგორც ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას, ანიჭებს პრიორიტეტულ მნიშვნელობას სხვა ფორმებს შორის.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ უმოკლეს დროში მკაფიოდ უნდა განსაზღვროს მიდგომები სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი გადამამუშავებელი საწარმოების მიმართ („გრუზვინპრომი“, აკურის ღვინის ქარხანა, ლაგოდეხისა და აბაშის რაიონებში განთავსებული მარცვლეულის საშრობი საწარმოები) და შეაფასოს ისინი, როგორც მძლავრი ეკონომიკური ბერკეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ეფექტური და მასშტაბური განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, კატეგორიულად მიუღებელია მათი აუქციონის წესით გაყიდვა ან ამ საწარმოებში ე. წ. „ინვესტორების“ შეშვება სოლიდური წილით, გადაიარაღების ან სხვა ნებისმიერი მოტივით. ამ შემთხვევაში, საწარმოო კოოპერაციისთვის დამახასიათებელი ყოველგვარი სიკეთე (შემოსავლების ინტენსიური ზრდა, დამოკრატიული და სამართლიანი სოციო-ეკონომიკური გარემოს ფორმირება) პრაქტიკულად დაიხურება ადგილობრივი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის და მოხმარდება მხოლოდ რამდენიმე ადამიანის კიდევ უფრო გამდიდრებას, რაც იქნება პირდაპირი მინიშნება ხელისუფლების მაღალ ეშელონებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის არსის სრული გაუცნობიერებლობის, ან მავანთა კორუფციული ინტერესების შესახებ.

სახელმწიფო საწარმოების გადაცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე უნდა განხორციელდეს ლოზინგის ფორმით, 7-10-წლიანი გამოსყიდვის ვადით, ხოლო ინვესტიციები ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ან სხვა მიზნებით „იაფი სესხის“ პროგრამის ფარგლებში.

დასასრულ, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ აგროსამრეწველო ინტეგრაციისა და კოოპერაციის სისტემურ-სინერგიულ ეფექტზე გავლენას ახდენს რიგი ნეგატიური ფაქტორები, რაც ძირითადად სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის არსისა და მნიშვნელობის არასაკმარის გაცნობიერებასა და ძირითადი პრინციპების დარღვევასთან არის დაკავშირებული. მიმაჩნია, რომ მიმდინარე ეტაპზე სახელმწიფომ ცალსახად უნდა განსაზღვროს, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განხორციელება წარმოადგენს მასშტაბურ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც გამიზნულია უშუალოდ სოფლად მცხოვრები ადამიანების და საბოლოო ანგარიშით, მთელი საზოგადოების საკეთილდღეოდ. არსებული რეალობის გათვალისწინებით სწორედ სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და იკისროს ამ მნიშვნელოვანი პროცესის ფორსირებულად და ეფექტურად წარმართვის მაკოორდინირებელი და ხელშემწყობი ფუნქცია.