ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციების IPO განხორციელდა

მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ბირჟაზე ახლა უკვე ორი ქართული კომპანიაა წარმოდგენილი – „საქართველოს ბანკს“ რამდენიმე დღის წინ „თიბისი ბანკიც“ შეუერთდა და ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი შეთავაზება (IPO – Initial Public Offering) განხორციელა.

თიბისი ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების (GDRs) სახით განთავსდა, Bank of New York Mellon-ის დახმარებით. შეთავაზება განხორციელდა Barclays Bank PLC და UBS საინვესტიციო ბანკების მონაწილეობით, რომლებიც მოქმედებდნენ, როგორც ერთობლივი გლობალური კოორდინატორები და ერთობლივი ბუკრანერები. შეთავაზებაში Renaissance Capital საინვესტიციო ბანკი მოქმედებდა როგორც ერთობლივი ბუკრანერი და ბროკერი Peel Hunt – როგორც თანა-მენეჯერი.

თიბისი ბანკის მიერ განთავსებული აქციების ღირებულებამ 400 მილიონ ლარს გადააჭარბა. განთავსებული აქციების ღირებულების მიხედვით, თიბისი ბანკის IPO არის ყველაზე დიდი ინდექს-გარეშე საერთაშორისო შეთავაზება ევროპის და ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით. ეს არის ქართული კომპანიის მიერ აქციების ყველაზე მასშტაბური განთავსება საფონდო ბირჟაზე. თიბისი ბანკის აქციები უკვე შეიძინა 100-მდე მაღალი რეპუტაციის მქონე ინსტიტუციონალურმა ინვესტორმა დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, სკანდინავიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსების შემდეგ, თიბისი ბანკის ინვესტორთა ბაზა გაფართოვდება, რაც დაეხმარება ბანკს გრძელვადიან განვითარებასა და სტრატეგიული მიზნების მიღწევაში. ამასთან, თიბისი ბანკის მრავალი აქციონერი, ინსტიტუციონალური აქციონერების და დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ჩათვლით, რჩებიან ბანკის აქციონერებად.

„ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ნიშნავს ეკონომიკის განვითარებას. ეს არის დამატებითი თანხა ქართულ ეკონომიკაში; ეს არის გრძელვადიანი პროექტების დაფინანსება; საკრედიტო რესურსების გაიაფება; სრულიად ახალი თამაშის წესების შემოტანა და ჩვენი კომპანიის მხარდაჭერა საერთაშორისო ბაზარზე“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
აქციების განთავსების შედეგად მოზიდული თანხით თიბისი ბანკი გეგმავს, უფრო აქტიურად დააფინანსოს საბანკო სექტორის ისეთი მზარდი სეგმენტები, როგორიცაა საცალო და მცირე და საშუალო ბიზნესი. „ლონდონის საფონდო ბირჟაზე ჩვენი აქციების განთავსება არის აღიარება იმისა, რომ თიბისი ბანკი, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, აკმაყოფილებს მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებს, ამასთან, აქციების განთავსება გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ბიზნეს პროცესები საერთაშორისო კომპანიების დონის შესაბამისად და დავნერგოთ კორპორაციული მართვის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი. რაც მთავარია, ეს არის უზარმაზარი ინვესტიცია, რომლის მოზიდვაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, გაზრდის ინვესტორთა ნდობას საქართველოში მოქმედი კომპანიების მიმართ, რაც, საბოლოო ჯამში, წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების წინაპირობას. მინდა მადლობა გადავუხადო მთელ გუნდს ამ წარმატებაში საკუთარი წვლილის შეტანისთვის,“ – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკის ოფილიციალური წარდგენის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ესწრებოდა. ირაკლი ღარიბაშვილი: „ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებით ბანკმა გლობალური მნიშვნელობის ტრანზაქცია განახორციელა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია აქციების წარმატებული პირველი განთავსება და დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, სკანდინავიისა და ევროპის სხვა ქვეყნების ასამდე აღიარებული ინსტიტუციონალური ინვესტორის მონაწილეობა. შედეგად, თიბისი ბანკი შეუერთდა მსოფლიოს წამყვანი საჯარო კომპანიების რიცხვს“.

ღარიბაშვილის განცხადებით, ტრანზაქციის წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინვესტორებს ეჭვი არ ეპარებათ საქართველოს სტაბილურობასა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის პოტენციალში.

„ჩვენ მომავალშიც მზად ვართ გავაგრძელოთ თქვენთან თანამშრომლობა, არა მხოლოდ ქართული კომპანიების აქციების განთავსების კუთხით, არამედ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ექსპერტთა დახმარებაც. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ამბიციური გეგმის წარმატებით განხორციელებას“ – განაცხადა ლონდონის საფონდო ბირჟის პრეზიდენტმა ხავიერ როლეტიმ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მაღალია ნდობა საბანკო სექტორის მიმართ. მისი თქმით, ალბათ, უნიკალური ქვეყანა ვართ იმ კონტექსტში, რომ საბანკო სექტორის ნახევარი დღეს ლონდონის ბირჟაზე კოტირებს და ეს არის ინვესტორების ნდობის მაღალი მაჩვენებელი. ლონდონის საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების განთავსება ნიშნავს იმას, რომ ჩნდება დამატებითი კაპიტალის მოზიდვის საშუალება, თიბისი ბანკისთვის საწყის ეტაპზე ეს დაახლოებით 270 მილიონი აშშ დოლარია. გარდა ამისა, აუცილებელი ხდება კომპანიის საქმიანობის სრულად გამჭვირვალობა, ბევრად მეტი პასუხისმგებლობა ექნება მენეჯმენტს, რადგან მისი აქციების ღირებულება ყოველთვის გამჭვირვალე იქნება ლონდონის ბირჟაზე. გარდა იმ სარგებელისა, რაც ლონდონის ბირჟაზე ამა თუ იმ კომპანიის გასვლას ახლავს თვითონ კომპანიისთვის, რაც უფრო მეტი ფასიანი ქაღალდი, აქცია ბრუნავს ლონდონის ბირჟაზე, ეს უფრო კარგია ქვეყნისთვის. პოტენციური ინვესტორისთვის, რომელიც უყურებს საქართველოს და ზომავს რისკებს, უფრო ადვილი განსასაზღვრია ქვეყნის რისკი, იქიდან გამომდინარე, რა ხარისხის ფასიანი ქაღალდებია (აქციები, ობლიგაციები) წარმოდგენილი მსოფლიოს ფინანსურ ბირჟებზე. ამით ბევრად ნათელი წარმოდგენა ექმნება ინვესტორს ამ ქვეყნის ეკონომიკაზე. აქციების ღირებულება, მისი კურსი დიდადაა დამოკიდებულია ქართულ ეკონომიკაში არსებულ სიტუაციაზე. სპეციალისტთა შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი ინვესტიციის გზით ქართულ ეკონომიკაში ფულის შემოსვლა და როდესაც უკვე მეორე ბანკი ხვდება ლონდონის ბირჟაზე, ეს სერიოზული წარმატებაა – ეს მიუთითებს ტენდენციაზე, რომ ბანკებმა დახვეწეს მენეჯმენტი, ისწავლეს როგორ გახდნენ ლონდონის ბირჟაზე მოქმედი სააქციო საზოგადოება. ინვესტორებისთვის ეს არის მესიჯი, რომ საქართველოში არსებობს მაღალი დონის, გამჭვირვალე საბანკო სისტემა. ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, მართალია, ქვეყნის ეკონომიკაზე ეს ფაქტი პირდაპირ ზეგავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ ეს არის ქვეყნისთვის მომავალში ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობა.
ლონდონის საფონდო ბირჟა, როგორც საჯარო ვაჭრობის ინსტიტუტი, ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას ფასიანი ქაღალდების საჯარო განთავსებისა და მათი მიმოქცევის ორგანიზების გზით. მსოფლიოში არსებობს მრავალი საფონდო ბირჟა, რომელთა შორის შეიძლება გამოიყოს რამდენიმე თავისი სიდიდითა და მნიშვნელობით და სწორედ ერთ-ერთ ასეთ ბირჟას მიეკუთვნება ლონდონის საფონდო ბირჟა, რომელიც დაარსდა 1698 წელს, როდესაც ლონდონში დაიწყეს ინგლისური კომპანიების აქციებისა და მთელი რიგი პროდუქციის ფასების გამოქვეყნება. ოფიციალურად დაარსდა 1801 წელს. 1986 წელს ბირჟის მუშაობის წესები შეიცვალა და ბირჟა კომერციულ საწყისებზე გადავიდა.
ლონდონის საფონდო ბირაჟაზე აქციები აქვს განთავსებული მსოფლიოს არა ერთ უმსხვილეს, წარმატებულ და დინამიურ კომპანიას. 2007 წლის ოქტომბერში ლონდონის საფონდო ბირჟამ იტალიის საფონდო ბირჟასთან (Borsa Italiana) შერწყმის შედეგად ევროპის წამყვანი სააქციო ბირჟა ჩამოაყალიბა. ამჟამად ბირჟა შედგება ძირითადი ბაზრისგან, ალტერნატიული ინვესტიციების ბაზრისგან და დერივატივების EDX London ბაზრისგან.

2006 წლის აპრილში ლონდონის ბირჟის აქციათა 15% NASDAQ-მა შეისყიდა და იმავე წლის მაისში თავისი წილი 18,7%-მდე გაზარდა. მეორე უმსხვილესი მესაკუთრე LSE ბრიტანული ბანკი Barclays-ია, რომელიც აქციათა 6,6%-ს ფლობს. ძირითადი ინდექსი: FTSE 100 – წარმოადგენს 100 უმსხვილესი კომპანიის აქციებს, რომელიც ერთგვარი ბარომეტრია ბრიტანული ეკონომიკური მდგომარეობის. ის ერთ-ერთი წამყვანი ევროპული ინდექსია. ლონდონის საფონდო ბირჟაზე 3,000-მდე კომპანიაა განთავსებული, 70 ქვეყნიდან. აქედან მხოლოდ 1000-მდე კომპანიაა პრემიუმ ლისტინგში, ხოლო კავკასიის რეგიონიდან მხოლოდ ერთი – საქართველოს ბანკი. საქართველოს ბანკი ასევე ერთადერთი უცხოური ბანკია, 5 წამყვან ბრიტანულ ბანკს შორის – HSBC, Lloyds, RBS, Barclays, Standard Chartered – რომელსაც აქციები აქვს განთავსებული პრემიუმ ლისტინგში.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის“ აქციები 2006 წელს განთავსდა და ამჟამად იმავე ბირჟის პრემიუმ ლისტინგშია გადასული. „საქართველოს ბანკი“ გახდა მეორე არაბრიტანული ბანკი, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში მოხვდა. მისი აქციების ღირებულება 19%-ით გაიზარდა და 381 მილიონი ბრიტანული ფუნტი შეადგინა. პრემიუმ სეგმენტში შესვლით, ახლა ის ექვემდებარება FTSE 250 ინდექსში შესვლას, რაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ასი უმსხვილესი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიის შემდეგ კაპიტალიზაციის სიდიდით, შემდგომ 250 კომპანიათა რიცხვში მოხვდება.