უცხოური ინვესტიციები და ოფშორული ფული

მაკა ღანიაშვილი

2014 წლის მესამე კვარტალში, საქართველოში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი – ნახევარ მილიარდ აშშ დოლარზე მეტი – დაფიქსირდა. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წლის მე-3-ე კვარტალში 508 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 99%-ით აღემატება 2013 წლის მე-3-ე კვარტალის დაზუსტებულ მაჩვენებელს. კვარტალური მაჩვენებლების დონეზე 2009 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. აღსანიშნავია, რომ რეინვესტირების დონემ 26% შეადგინა, ხოლო ახალი კაპიტალის წილი ამ მაჩვენებელში 73%-ია. 2013 წლის მესამე კვარტალში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 255 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა; 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 199 მლნ. აშშ დოლარს. 2014 წლის მესამე კვარტალში, 2011 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი ზრდა 60%-ია.

რაც შეეხება პირველი სამი კვარტლის ჯამურ მაჩვენებელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 923 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. 2013 წლის 9 თვეში ეს მაჩვენებელი 715 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა; 2012 წლის 9 თვეში კი 678 მლნ. აშშ დოლარს. რაც იმას ნიშნავს, რომ 2014 წლის 9 თვეში, 2013 წლის 9 თვესთან შედარებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია 29%-ით; 2012 წლის 9 თვესთან შედარებით – 36%-ით. 2011 წლის 9 თვესთან შედარებით კი 19%-ით.

1

2014 წლის მესამე კვარტალში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2014 წლის II კვარტალის მაჩვენებელს 3,4-ჯერ აღემატება.

საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით, ქვეყნებიდან ჩინეთი ლიდერობს, საიდანაც, 2014 წლის მესამე კვარტალში განხორციელდა 149 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორების ნუსხა ასე გამოიყურება: ჩინეთი – 149 მლნ. აშშ დოლარი (ინვესტიციების 29%); აზერბაიჯანი – 95 მლნ. აშშ დოლარი (19%); ნიდერლანდები – 90 მლნ. აშშ დოლარი (18%); პანამა – 44 მლნ. აშშ დოლარი (9%); მალტა – 34 მლნ. აშშ დოლარი (7%); გაერთიანებული სამეფო – 27 მლნ. აშშ დოლარი (5%); აშშ – 26 მლნ. აშშ დოლარი (5%); თურქეთი – 20 მლნ. აშშ დოლარი (4%); რუსეთი – 16 ლნ. აშშ დოლარი (3%) და ა.შ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის მესამე კვარტალში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი მშენებლობაზე მოდის. საანგარიშო პერიოდში, აღნიშნულ სექტორში, სულ 181 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც მთლიანი ინვესტიციების 36%-ს შეადგენს.

განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით, მშენებლობას მოჰყვება ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, სადაც 109 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია (მთლიანი ინვესტიციების 21%) განხორციელდა, შემდეგ მოდის უძრავი ქონება – 61 მლნ. აშშ დოლარი (12%), დამამუშავებელი მრეწველობა – 48 მლნ. აშშ დოლარი (9%), საფინანსო სექტორი 38 მლნ. აშშ დოლარი (8%), ენერგეტიკა – 36 მლნ. აშშ დოლარი (7%), სხვა – 34 მლნ. აშშ დოლარი (7%).

2

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის სამ კვარტალში ერთად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე მოდის. საანგარიშო პერიოდში, აღნიშნულ სექტორში, სულ, 254 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც მთლიანი ინვესტიციების 27%-ს შეადგენს. მას მოჰყვება მშენებლობა (მთლიანი ინვესტიციების 22% განხორციელდა), დამამუშავებელი მრეწველობა – (16,5%), უძრავი ქონება – (12%), ენერგეტიკა – (10%) და ა.შ.
2014 წლის სამ კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა საფინანსო სექტორში (-222,4 მლნ. აშშ დოლარი). საბანკო სექტორში ცვლილება გამოიწვია, 2014 წლის მეორე კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან თანხის გადადინებამ უცხოურ პორტფელურ ინვესტიციებში.

3

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ჯერჯერობით ლიდერი მხოლოდ მესამე კვარტლის მონაცემების მიხედვით არის, რაც შეეხება, 2014 წლის პირველი სამი კვარტლის ჯამურ მაჩვენებლებს, ამ შემთხვევაში, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით, ქვეყნებიდან ნიდერლანდები ლიდერობს, საიდანაც განხორციელდა 264,4 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია (28.6%), მას მოსდევს აზერბაიჯანი – 218,6 მლნ. აშშ დოლარი (23,7%); ჩინეთი – 156,6 მლნ. აშშ დოლარი (ინვესტიციების 17%); თურქეთი – 74,8 მლნ. აშშ დოლარი (8,1%); ლუქსემბურგი – 71,2 მლნ. აშშ დოლარი (7,7%); აშშ – 59,2 მლნ. აშშ დოლარი (6,4%); რუსეთი – 54,7 ლნ. აშშ დოლარი (5,9%); გაერთიანებული სამეფო – 48 მლნ. აშშ დოლარი (5%); პანამა – 44 მლნ. აშშ დოლარი (4,8%); მალტა – 39,5 მლნ. აშშ დოლარი (4,3%) და ა.შ.

ევროკავშირიდან დაფიქსირდა 178.9 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, რაც ჯამური მაჩვენებლის 35.3%-ს შეადგენს და 6%-იან ზრდას წარმოადგენს მიმდინარე წლის მე-2-ე კვარტალთან შედარებით. 2013 წლის მე-3-ე კვარტალთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაზრდილია 69.1%-ით, ხოლო 2012 წლის მე-3-ე კვარტალთან შედარებით – თითქმის 5-ჯერ. დსთ-დან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 110.8 მილიონი აშშ დოლარი (რაც ჯამური მაჩვენებლის 21.8%-ია) და წარმოადგენს 21.2%-იან ზრდას მიმდინარე წლის მე-2-ე კვარტალთან შედარებით.

4

რაც შეეხება მესამე კვარტლის წამყვანი 3 ინვესტორი ქვეყნის სექტორულ მონაცემებს: ჩინეთიდან შემოსული ინვესტიციის 97.5%-ზე მეტი სამშენებლო სექტორზე მოდის (დაახლოებით 145 მილიონი აშშ დოლარი). აზერბაიჯანიდან შემოსული ინვესტიციის უდიდესი წილი მოდის ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე (90% – დაახლოებით 86 მილიონი აშშ დოლარი), ხოლო ნიდერლანდებიდან შემოსული თანხები ძირითადად მრეწველობაზე, ენერგეტიკაზე, მშენებლობაზე, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე და სამთომოპოვებით მრეწველობაზე გადანაწილდა.

5

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური კომპანიების მიხედვით განხორციელებული ინვესტიციების მოსულობას არ ასაჯაროებს, თუმცა ცნობილი ხდება იმ 20 კომპანიის სახელი, რომლებიც ინვესტორების სიის სათავეში არიან. პირველ ადგილზე არის ჩინური კომპანია Hualing International Special Economic Zone, რომელიც თბილისის ზღვაზე ოლიმპიურ სოფელს 2012 წლიდან აშენებს 17 საცხოვრებელი კორპუსით, საიდანაც 9 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სტუმრების დაბინავებას უზრუნველყოფს კომპანია „ჰუალინგი“ „ბაზისბანკის“ საკონტროლო წილის მფლობელიცაა.

მეორე ადგილზეა „ბი ფი ჯგუფი“, რომელიც ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში საქმიანობს. მესამე ადგილზეა „ოლდ სითი დეველოპმენტი“, რომელიც საქართველოს საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, 2014 წელსაა რეგისტრირებული, მისი 100%-იანი წილის მფლობელი კი პანამაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება „ფრექსტონ ინტერნეიშენალია“. უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ოცეულში ასევე შედიან „აჭარის წყალი ჯორჯია“, „აიდიეს ბორჯომი საქართველო“, „მაგთიკომი“, „CBD Development“, „ვიმ-ბილ-დან საქართველო“, „რაკიინ დეველოფმენტი“, „აბრი ჯორჯია“, „ენერგო პრო ჯორჯია“, „მერსინ ტურიზმი“, „თელასი“, „რუსთაველი ფროფერთი“, „ველაჯიო“, „სილქნეტი“, „ეი პი ემ ტერმინალსი“, „ახალი კაპიტალი“, „რუსთავის აზოტი“ და „დექონი“.
მესამე კვარტლის ოპტიმისტური მაჩვენებლების ფონზე, საქართველოს მთავრობაში აკეთებენ პროგნოზს, რომ წლის ბოლოსთვის საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს. საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მნიშვნელობას უსვამს ხაზს ინვესტიციების ზრდის კუთხით. „ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ გაიზარდა აქტივობა ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა სამხრეთ კორეა, ჩინეთი და ინდოეთი. ანუ მწარმოებელი ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ექსპორტს ახორციელებენ ევროპაში და კარგად აქვთ ათვისებული ეს ბაზარი. ისინი ეძებენ საქართველოს მსგავს ქვეყნებს იმისთვის, რომ წარმოების რაღაც ნაწილი აქ გადმოიტანონ, რათა ადგილობრივ დონეზე მიიღონ ადგილწარმოშობის სერტიფიკატი პროდუქტისთვის და ისარგებლონ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეღავათებით ექსპორტის განხოციელებისას ევროპაში“, – განაცხადა გიორგი პერტაიამ გადაცემა „ბიზნეს კონტაქტში“.

როგორც ცნობილი ხდება, საქართველოს მთავრობა მუშაობს საინვესტიციო საკანონმდებლო ბაზის ცვლილებაზე. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთი დადებითი ტენდენცია აღინიშნება ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ჩვენ შევხვდით საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ექსპერტებს და მათთან გვქონდა საუბარი ინვესტიციების ხელშემწყობი საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებზე. ცვლილებები საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ გავაკეთოთ ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო კანონმდებლობა საქართველოში! – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial