სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებები შედის

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძემ სააგენტოს 2014 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციის დროს განაცხადა. ანგარიშის მიხედვით, გასული წელი სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მნიშვნელოვანი იყო, კერძოდ ელექტრონული ტენდერების დახვეწის, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის, ადმინისტრაციული რესურსების განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე: „2014 წელი იყო ვირტუალური ურთიერთობების დამთავრების წელი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, როდესაც მხოლოდ კომპიუტერის მეშვეობით მიმდინარეობდა ურთიერთობა ორგანიზაციებთან. ჩვენ გადავედით უშუალოდ შეხვედრების ეტაპზე. ჩავატარეთ ბევრი ტრენინგი და შეხვედრა ბევრ დაინტერესებულ პირთან. გასულ წელს ასევე დაწესდა ტენდერების შერჩევა-შეფასების და გასაჩივრების ახალი ვადები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გასაჩივრების ვადის დაწესება. ადრე ტენდერის გასაჩივრება ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, ამას ვიღც-ვიღაცეები იყენებდნენ პირადი მიზნებისთის, იმისთვის, რომ შეეჩერებინათ ესა თუ ის ტენდერი. ამის საშუალება მოისპო, რადგან სატენდერო კომისიის გადაწყვეტლების გასაჩივრების 15-დღიანი ვადა დაწესდა. ასევე, მომავალში სატენდერო გადაწყვეტილების მიღებისას, განმსაზღვრელი მარტო ფასი აღარ იქნება, ფასთან ერთად იქნება ხარისხიც. შემოვა 2-ეტაპიანი ტენდერი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს როგორც ფასს, ისე ხარისხს. ეს იქნება ინტეგრირებული ერთმანეთთან“.

4

სააგენტოს წარმომადგენელთა განცხადებით, გასულ წელს ტენდერებში მიმწოდებელი ორგანიზაციების რიცხვი გაიზარდა, რაც მათი მხრიდან მთავრობასა და ქვეყნის სტრუქტურების მიმართ ნდობის აღდგენაზე მეტყველებს. ტენდერებში მონაწილე ახალი სუბიექტების რაოდენობა 6 000-ით გაიზარდა. ხოლო თავად ტენდერების რიცხვი 4-5 000-ით.

4

ამასთან შემცირებულია ჩაშლილი ტენდერების რაოდენობა, ხოლო ტენდერების მონიტორინგის რიცხვი გაიზარდა. 2014 წელს სისტემას დაემატა 215 ახალი შემსყიდველი ორგანიზაცია და ჯამში 2015 წლის მდგომარეობით რეგისტრირებული შემსყიდველების რიცხვმა 4,480-ს გადააჭარბა. 2010 წლის დეკემბრიდან 2015 წლის იანვრის მდგომარეობით სისტემაში რეგისტრირებულია 20,269-ზე მეტი მიმწოდებელი.

4

სისტემის მეშვეობით ჯამში გამოცხადებულია 128,196-ზე მეტი ელექტრონული და გამარტივებული ელექტრონული ტენდერი. 2014 წელს e სისტემის გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაზოგილმა თანხამ 232,370,331 ლარი შეადგინა, ხოლო ჯამში 2015 წლის მდგომარეობით 811,998,531 ლარს გადააჭარბა, რაც ჯამური სავარუდო ღირებულების 13 %-ს შეადგენს. გაჭიანურებული ტენდერების აღმოსაფხვრელად დეტალურად განისაზღვრა „შერჩევა-შეფასების“ ეტაპი და დადგინდა კონკრეტული ვადები. როგორც სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, კონკურსის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინტეგრაციის მიზნით მიმდინარეობს იურიდიული ბაზის შექმნა. გასული წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციის დროს, ხაზი გაესვა სააგენტოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით. დასრულდა მოლაპარაკებები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო არეალის შესახებ (DCFTA). DCFTA ითვალისწინებს საქართველოს და ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზრების ორმხრივ და ეტაპობრივ გახსნას; ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზრის გახსნა დაკავშირებულია კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებასთან ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან; შემუშავდა DCFTA განხორციელების 2014-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა; დაიწყო საკანონმდებლო დაახლოვების იმპლემენტაციის ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის (roadmap) შემუშავება SIGMA (OECD&EU) მხარდაჭერით.

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial