ამერიკული ფული ქართული სოფლის მეურნეობისათვის

სოფიკო სიჭინავა

როგორც ყველას, ისე მეც ძალიან მიყვარს გემრიელი და კარგი პროდუქტების ჭამა, რასაც ფერმერებს უნდა ვუმადლოდეთ” – განაცხადა ამერიკის ელჩმა, რიჩარდ მონრო მაილსმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და USAID-ს შორის თანამშრომლობაზე ხელმოწერის ცერემონიისას.

ჩვენს სოფლის მეურნეობაზე, მის განვითარებასა და პრიორიტეტული მიმართულებების შერჩევაზე უკვე ამერიკელები იზრუნებენ. ოქტომბრის თვეში სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და USAID-ს შორის თანამშრომლობა გაფორმდა. მათ ხელი მოაწერეს ერთობლივ პროექტს (SAVE) გადამამუშავებელი წარმოების ხელშემწყობ პროგრამას, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლება დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქტების გაზრდილი წარმოებისა და გაყიდვის (ძირითადად საექსპორტო) მეშვეობით.

პროექტის წარმატებით განხორციელების შედეგად, რაშიც სოფლის მეურნეობის მინისტრს, დავით კირვალიძეს ეჭვიც არ ეპარება, სახელმწიფო შემოსავლების გაზრდა მოჰყვება, მათი ვარაუდით, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი 50%-ით გაიზრდება და უამრავი ქართველი დასაქმდება.

ეფექტური სისტემის შემუშავება და განხორციელება, ერთი მხრივ, საკანონმდებლო გარემოს განვითარებას და სამომავლოდ არჩეული კურსის მხარდაჭერას შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ, მწარმოებლებს, გადამამუშავებლებსა და მათ მიერ მიწოდებული პროდუქტის სამომხმარებლო ბაზარს შორის კავშირების გამყარებას. ამასთან ერთად, მათ ბაზრის მოპოვებასა და ბაზარზე არსებული მოთხოვნის დადგენაში დაეხმარება.

ამ საქმიანობის მიზანი არსებული კურსის, შესაბამისი კანონმდებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესებაა, ბაზარზე არსებული ინფორმაციის მიწოდების გაზრდა და ორგანიზაციული ხასიათის მხარდაჭერა, აგრეთვე, საბაზრო კავშირების მოდელის შექმნა. ყოველივე ეს ქვეყანაში არსებული სოფლის მეურნეობის სექტორის გაფართოებასა და განვითარებას სარგებლობას მოუტანს. ამის მიღწევა კი კონკრეტული სახის ხელშემწყობი სისტემის შემუშავება-განხორციელების გზითაა შესაძლებელი.

პროექტის საქმიანობა დაყოფილია ორ ფაზად. I ფაზა მოიცავს სექტორში არსებული მდგომარეობის შესწავლას, ამჟამად წარმოებული პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის დადგენას, საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტთა შერჩევას. ადგილობრივ და გარე ბაზარზე მოხმარების პერსპექტივის მქონე ახალი პროდუქტების წარდგენას. მწარმობლური თვალსაზრისით კი, I ფაზაში აქცენტი რამდენიმე ძირითადი პროდუქტის ან რიგი პროდუქტების წარმოების განვითარებაზე უნდა გაკეთდეს, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლებისა და იმ ასოციაციების ხელშეწყობაზე, რომლებიც ამ პროდუქტებს აწარმოებენ. ეს შეიძლება იყოს ტრადიციულად წარმოებული ან ახლად-ინტროდუქცირებული პროდუქტები.

რაც შეეხება პროექტის საქმიანობის II ფაზას, აქ აქცენტირებული იქნება ისეთი სპეციფიკური პროდუქტები, როგორიცაა ორგანულად წარმოებული, ეკოლოგიურად სუფთა ხილი და ბოსტნეული, აგრეთვე, ტრადიციულად წარმოებული პროდუქტი.

პროგრამა აქტიურად ითანამშრომლებს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა საქართველოს მთიანი რეგიონებისა და მათ მოსახლეობაში არსებული და პოტენციური სამეწარმეო შესაძლებლობები შეისწავლოს და განსაზღვროს. ამან, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ველურად მოზარდი მცენარეებისა და სხვა ადგილობრივად წარმოებული პროდუქტისათვის სამომხმარებლო ბაზრის ჩამოყალიბება-განვითარებას.

დავით კირვალიძე – ამ პროექტმა უნდა გადაწყვიტოს ის პრობლემები, რომელიც დგას ჩვენს წინაშე, დაწყებული ხარისხის სტანდარტებიდან, დამთავრებული საფინანსო რესურსების მოძიებით, ამას მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი, ვინაიდან, დღეს ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა და, მათ შორის, ისიც, რომ ქვეყანაში ფული ძვირია, იგი სოფლის მეურნეობაში ნაკლებად ხვდება. ეს არ იქნება სოციალური პროგრამა, ანუ თანხები ყველა არსებულ სუბიექტზე თანაბრობის პრინციპით არ გადანაწილდება, ეს იქნება პროგრამა, რომელიც მხარს დაუჭერს პერსპექტიულ დარგებს და პერსპექტიულ საწარმოებს. პროგრამის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ იგი არის ბაზარზე ორიენტირებული პროდუქციის მხარდამჭერი და არავითარ შემთხვევაში იმისა, რომ წარმოებული იქნეს რაც შეიძლება მეტი პროდუქცია. ყველამ კარგად იცის შემდეგ ეს რითი მთავრდება. ხშირად ხდება ჩაწოლის მიზეზი და რჩება გაუყიდავი პროდუქცია. მთელი შრომა წყალში იყრება.

რა პროდუქციაზეა საუბარი და კონკრეტულად რომელ მათგანს შეუძლია საერთაშორისო ბაზარზე გასვლა?
პროდუქციას ხელი უნდა მიუწვდებოდეს იმაზე, რომ საერთაშორისო ბაზარი დაიკავოს, ეს შეეხება კონცენტრატების, თხილისა და მეცხოველეობის წარმოებას, ვარდის ზეთის წარმოებას, ეს ყველაფერი არის ამ პროექტის პირველი ფაზის ამოცანა, რომელიც ყველაზე გვიან, აპრილის დასაწყისში თავდება. პროექტი ძალზე ინტენსიურად მუშაობს, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი დრო გვაქვს დაკარგული, და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ კვლევაზე დაიკარგოს დიდი დრო, თუმცა, კვლევას თავის აუცილებელი პერიოდი სჭირდება. ჩვენი პროგნოზით, ის შეიძლება იანვარში დასრულდეს და ამ დროში უკვე არის განწერილი იმ სამოქმედო გეგმის წარმოდგენის პერიოდი, როდესაც დეტალურად იქნება ჩამოთვლილი, როგორც სექტორები, ისე საწარმოები, ვისაც სრული მხარდაჭერა გაეწევა. ეს არ იქნება მხოლოდ თანხის გაცემა, მხარდაჭრა იგულისხმება ბაზრის, სათანადო აღჭურვილობის, სათანდაო დაფინანსების, იაფი კრედიტის მოძიებაში და არა პირდაპირ ფულის მიცემაში. რაც მთავარია, განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მთიან რეგიონებზე, იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც სულ სხვა მიდგომა სჭირდებათ და, შესაძლოა, თავიდანვე ბიზნესის პრინციპით ვერ განვითარდნენ. ბაზრების მოძიებაზე მუშაობა მიდის, მაგალითად, გეტყვით, რომ გორის ერთ-ერთი ქარხანა, რომელიც კონცენტრატს აწარმოებს, გაერთიანებულ სამეფოსთან პროდუქციის მიწოდებაზე უკვე ინტენსიურ მოლაპარაკება აქვს. დაახლოებით 4,5 თვეა, რაც ეს ხალხი თბილისშია ჩამოსული და რეალურად მუშაობს.

რამდენია ამ პროექტის ბიუჯეტი?
საწყისი ეტაპის ბიუჯეტი მილიონნახევარი დოლარია, წარმატების შემთხვევაში, 18-დან 21 მლნ დოლარის შესაძლო გაგრძელებით.

რიჩარდ მონრო მაილსი – საქართველოში წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას დიდი ყურადღება ეთმობა, თქვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა კვლავ რჩება ამერიკისთვის რეგიონში პრიორიტეტად, მაგრამ უსაფრთხოებას სხვა განზომილებაც გააჩნია. როცა ქვეყანას ისეთი ეკონომიკა აქვს, როგორიც საქართველოს, ძნელია მის უსაფრთხოებაზე ვისაუბროთ. ეს ცერემონიალიც იმის დასტურია, რომ ამერიკა მხარს უჭერს ამ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის დასაქმებას. მით უმეტეს, ღმერთმა ზომიერი კლიმატი და ნაყოფიერი მიწა გარგუნათ. აქ ყველაფერია იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობა განვითარდეს.