“თბილგაზი” არავის სჭირდება, გაზი – ყველას!

ირაკლიი წინამძღვრიშვილი

ენერგეტიკა საქართველოსთვის და მისი მთავრობისთვის მოურჩენელ თავის ტკივილად იქცა. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან-დღემდე ეს პრობლემური დარგი აჩრდილივით თან სდევს ყველა თანამდებობიდან გადაყენებულ თუ მოქმედ მინისტრს და, პრეზიდენტსაც, რომ იტყვიან ძილშიაც არ ასვენებს. გაზი და ელექტროენერგია – ეს ორი აბსტრაქტული ცნება კონკრეტულ პრობლემად (თანაც გადაუჭრელ) რჩება.

რავალუცნობიანი ამოცანა – გვექნება თუ არა შუქი და გაზი ზამთარში – ჩვენი ენერგეტიკოსებისათვის პოლიტიკურ თავსატეხად რჩება და დენთის კასრზე მჯდომი თითქმის ყველა მინისტრი შემოდგომის პირს ავტოპილოტის ღილაკზე თითის დასაჭერად მომზადებულ მოთამაშეს ემსგავსება…

იქნებ სხვაგვარად დაგვესვა კითხვა – გვსურს თუ არა, რომ ზამთარში გაზი და სითბო გვქონდეს? პასუხი მარტივი და არც ისე მოულოდნელია – არა! თორემ სხვაგვარად, მრავალწლიანი თავსატეხი ამოხსნილი იქნებოდა.

“თბილგაზის” პრივატიზაციის რამდენიმე წლიანი ეპოპეა კრახით დასრულდა. ფინიშამდე ამ მარათონში ვერც “საქგაზმა”, ვერც “იტერამ”, “ა-გაზმა”, “ტაჰალმა”, “ეი-ი-ეს-მა” და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენმა, მიღწევა ვერ შეძლო. არადა, გვირაბის ბოლოს ცისფერი ალი საკმაოდ მაცდურად კიაფობს. არ გვსურს პოლიტიკური სუნი ასდიოდეს ბუნებრივ აირს, მაგრამ სხვაგვარად არ გამოდის. სამწუხაროდ, არჩევნის გაკეთება და შესაბამისად, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არავის სურს! სწორედ, ასე თუ შევაფასებთ იმ პროცესებს, რაც “თბილგაზის” გარშემო ბოლო პერიოდში ხდებოდა.

სააქციო საზოგადოება “თბილგაზის” პრივატიზრების პროცესის წარუმატებლად დასრულების შემდეგ საქართველოს მთავრობამ, თითქოს, გამოსავალი მოძებნა – “თბილგაზის” დაპატრონების მსურველთაგან ჯერ კიდევ მადადაუკარგავ “იტერასთან” ერთობლივი საწარმოს დაფუძნება გადაწყვიტა. “იტერა-ჯორჯიას” საწესდებო კაპიტალი 10 ათასი ლარის ოდენობით უნდა განსაზღვრულიყო; ქონების ათვისება მეორე ეტაპზე მოხდებოდა და საწესდებო კაპიტალიც ნელ-ნელა გაიზრდებოდა. ერთობლივი საწარმოს შექმნის იდეა “თბილგაზის” გადარჩენის ერთ-ერთ ვარიანტს წარმოადგენდა და მისი შექმნით ქართული მხარე უფრო იყო დაინტერესებული, ვიდრე რუსული. მაგრამ სტრატეგიული ობიექტის “გასხვისების” შემთხვევაში ენერგეტიკულ-პოლიტიკური ბერკეტი მეზობელ ქვეყანას ჩაუვარდებოდა ხელში. ვერ გეტყვით, რუსულ გაზს უფრო მყრალი სუნი ასდის, თუ აღმოსავლურს, მაგრამ ფაქტია – ფულს სუნი არა აქვს! ვინ ჩადებს “თბილგაზში” კაპიტალს, ალბათ, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, მთავარია, ქართულმა მხარემ მეტი ფხა გამოიჩინოს (ფხა კი არა ჭკუა!) და ინვესტორთან ხელშეკრულების გაფორმების დროს ისეთი შეცდომები (ეს კიდევ რბილად ნათქვამია) არ დაუშვას, როგორც “ეი-ი-ესთან”.

რატომ ჩაიშალა “თბილგაზის” და “იტერას” ერთობლივი საწარმოს შექმნა? რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ამ გაპარტახებულ ობიექტში და მის ქსელებში დიდი ფული ტრიალებს. თუმცა, ეს ფული ისეა “ჰაერში”, როგორც “თბილგაზის” ტექნიკური თუ კომერციული დანაკარგები, რომელიც თითქმის 70%-ს აღწევს. ამოცანის ერთ-ერთი პასუხიც, შესაძლოა, ეს არის – ისევე როგორც არ ეკიდება ცეცხლი თბილისს (თუკი ტექნიკური დანაკარგი ათეულობით პროდუქცია, ქალაქის აფეთქება გარდაუვალი უნდა იყოს), ისევე არ იწვის ის მილიონობით ლარი, რითაც “თბილგაზის” პრობლემის მოუგვარებლობით დაინტერესებული ჩინოვნიკების ჯიბეები ილუქება.

და კიდევ ერთხელ, – რატომ ჩაიშალა ერთობლივი საწარმოს შექმნის პროცესი? საგულისხმოა, რომ მნიშვნელოვანი როლი არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა შეასრულეს. მაშინ, როცა, ერთობლივი საწარმოს შექმნის პროცესი გადამწყვეტ ფაზაში შედიოდა, როცა უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელეები “იტერას” წარმომადგენლობასთან მოლაპარაკებებს მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციები მასობრივი გაფიცვებითა და საპროტესტო გამოსვლებით იმუქრებოდნენ. სწორედ იმ პერიოდში რუსეთთან გამწვავებული ურთიერთობები არასამთავრობოებს ნამდვილად კარგ მიზეზებს აძლევდნენ. მომენტის გამოყენება კი თავისებური ხელოვნებაა, თუმცა, ვინ ფლობს ამ ხელოვნებას – არასამთავრობო ორგანიზაციები თუ სამთავრობოები, ეს კიდევ ცალკე საუბრის თემაა. არასამთავრობოების მოთხოვნით “იტერასთვის” საქართველოსაკენ მომავალი გზა უნდა გადაკეტილიყო (თუმცა, მას რომ ფესვები ჩვენს ქვეყანაში ღრმად აქვს გადგმული, რატომღაც დაივიწყეს). უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელი იყო ერთობლივ საწარმოში წილები საქართველოს სასარგებლოდ განაწილებულიყო – 51% (50% მაინც) ქართულ მხარეს რგებოდა, 49% კი – “იტერას”. ასეთ პირობებზე, როგორც ჩანს, “იტერას” წამოსვლის სურვილი სულაც არ გააჩნდა და თქვენი შესახვეწი რა გვჭირსო, ერთობლივი საწარმოს შექმნის თემა წარსულს ჩაბარდა. თუმცა, “თბილგაზისთვის” ცისფერი ნაკადის მომწოდებლად, თანაც ერთადერთ მომწოდებლად კვლავ “იტერა” რჩება, ყოველ შემთხვევაში, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედებაზე, ანუ 2004 წლამდე მაინც. აქედან გამომდინარე, მომავალ ზამთარშიც ისეთივე უალტერნატივობა გველოდება, როგორც გასულ წლებში – გადაიხდით ფულს, გექნებათ გაზი, არ გადაიხდით, რა თქმა უნდა, – არა! საკუთარი ფულის მოთხოვნის (ანუ თბილგაზის “იტერასდამი” ვალის გასტუმრების) უფლება, ჯერჯერობით, რუსული მხარისთვის არავის ჩამოურთმევია და, შესაბამისად, არც ამ ბერკეტის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების შეუძლებლობაც. მანამ სანამ, “თბილგაზს” ინვესტორი გამოუჩნდება, ხელისუფლება ობიექტის დაბინავებაზე ფიქრობს. თბილისის მუნიციპალიტეტის მოთმინების ფიალა აივსო და მერიამ სააქციო საზოგადოების აქციები სახელმწიფოს გადასცა. ოქტომბრის შუა რიცხვებში “თბილგაზის” აქციონერთა კრებაზე აქციების 96,05% ქონების მართვის სამინისტროს გადაულოცა (3,05% აქციების მფლობელი მშრომელთა კოლექტივის მფლობელობაშია). სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კი მილიონობით ლარის დავალიანების მქონე ობიექტის მეურვეობა დიდად არ ეპიტნავება და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთვის მის მართვაში გადაცემა გადაწყვიტა – ენერგეტიკის ობიექტებს, როგორც სპეციფიკური დარგის ობიექტებს შესაბამისი დარგობრივი სამინისტრო უკეთ მოუვლისო. მაგრამ არც მირცხულავას “კანტორა” აპირებს დიდად თავის შეწუხებას და “თბილგაზს” გაზის საერთაშორისო კორპორაციისთვის ამზადებს. ამ უკანასკნელის ინტერესი კი რამდენიმე წლის წინ “საქტრანსგაზმრეწვის” ინტერესს დაეჯახა, როცა გაზის სექტორში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად ნოყიერი ნიადაგი იყო.

მაშინ “საქტრანსგაზმრეწვის” შეფი, ვანო ზაზაშვილი გოცირიძეს უპირისპირდებოდა და აცხადებდა, რომ ეს უკანასკნელი ინვესტორების შემოყვანაში ხელს უშლიდა, თუმცა, მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. “საქტრანსგაზმრეწვი”, ფაქტობრივად, გაუქმდა, მაგრამ მისი ხელმძღვანელი ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებს: “თბილგაზის” რეაბილიტაციისა და განვითარების ერთ-ერთი პროექტის ავტორად მასაც მოიაზრებენ. პროექტები კი მრავლად არსებობს. თუმცა, მისი დასაფინანსებელი ფული არც ბიუჯეტს გააჩნია და არც ჩინოვნიკებს (ყოველ შემთხვევაში, თეთრი ფულის გამოჩენის სურვილი არავის აქვს). “თბილგაზი” ისევ ფულიანი პატრონის გამოჩენის მოლოდინშია. ჩვენ კი მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ ვიოცნებოთ – იქნებ სადმე, თუნდაც დედაქალაქის ცენტრში გაზმა ამოხეთქოს, რომ არც დასავლეთის სამათხოვრო გვქონდეს რამე და არც აღმოსავლეთის. თუმცა, ქართველების მოხერხების ამბავი რომ ვიცით, შესაძლოა, ის გაზიც ისე ტექნიკურად დაიკარგოს, როგორც დღეს იკარგება.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial