“აზოტით” ახალი ქართველები დაინტერესდნენ

ირაკლი წინამძღვრიშვილი

სააქციო საზოგადოება “აზოტის” გარშემო ვნებათაღელვა პიკს აღწევს. ვის დარჩება საბოლოოდ ეს გიგანტი საწარმო, ჯერჯერობით, გაურკვეველია, თუმცა, ჰორიზონტზე ძალიან საინტერესო კონტურები იკვეთება – პარლამენტართა ინტერესის თუ ლობისტობის ფონზე, შესაძლოა, “აზოტის” ხელში ჩაგდება “ახალმა ქართველებმა” მოახერხონ. პირველ ეტაპზე, ანუ “აზოტის” დაპატრონების მსურველთა “კონკურსის” პირველ რაუნდში, კულუარებში, ბიძინა ივანიშვილის, გოგი თოფაძის, მამუკა ხაზარაძისა და გია ჯოხთაბერიძის მონაწილეობაზე საუბრობენ. ხოლო ვინ, რომელი მათგანი შემორჩება რინგს ბოლომდე, ამას, ალბათ, მათ ხელთ არსებული ფინანსების სიმძიმე გადაწყვეტს.

ვიდრე პარლამენტარები ქართულ ფინანსურ ჯგუფებზე ზრუნავენ, არასამთავროები და ოპოზიცია ხელისუფლებასა და მთავრობას “იტერასთან” ურთიერთობისგან თავის შორს დაკავებს სთავაზობენ. სააქციო საზოგადოება “აზოტი” რეაბილიტაციის რეჟიმში მუშაობს და თავის გადარჩენაზე ფიქრობს.

“აზოტი” არ არის ერთადერთი საწარმო, რომელიც პოსტსაბჭოური ეპოქიდან საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. დღეისათვის, საქართველოში 1500-მდე შეზღუდული პასუხისმგებლობისა და 240-მდე სააქციო საზოგადოებაა, სადაც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტებს და აკონტროლებს წილებს. თუმცა, ამ საწარმოებიდან 1000-ზე მეტი ზარალიანია. ამის გამომწვევი ძირითადი მიზეზია საწარმოსათვის კრედიტორული და დებიტორული დავალიანების დაგროვება, ამის შემდეგ ხდება საწარმოს ქონების სასამართლოს მეშვეობით გასხვისება. სქემა ძალიან მარტივია – მიღებული პროდუქციის და ნედლეულის მაღალი ფასების შეძენა, ხოლო გამოშვებული პროდუქციის დაბალი ფასებით რეალიზაცია. ამას ემატება წარმოების პროცესში დანაკარგების ზრდა, რომელიც ხშირად არ საბუთდება, რის შედეგადაც კრედიტორთან წინასწარ შეთანხმებით, ხელოვნურად გაზრდილი ვალის აღიარებით, სასამართლოს მეშვეობით. ისე რომ, ორგანიზაციის ქონება საპრივატიზაციო ნუსხაში არ ხვდება – გადადის კრედიტორის მფლობელობაში. ზემოთ ნახსენები ციფრებიდან 1000-ზე მეტი საწარმოს ქონება საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვედრის გარეშე, კრედიტორებზე გასხვისების საფრთხეშია, რის გამოც სახელმწიფო დაკარგავს მნიშვნელოვან საბიუჯეტო შემოსავლებს.

ზარალიან საწარმოდ გადაქცევის სწორედ ეს მექანიზმი მოქმედებდა თუ არა “აზოტში”, რთული სათქმელია, თუმცა, გიგანტი საწარმოს მოგება, წელიწადში მხოლოდ ერთ მილიონ ლარს რომ მიაღწევს, ვერაფერი ხეირია.

სააქციო საზოგადოება “აზოტი” სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 1994 წელს დააფუძნა აქციების 100%-ით სახელმწიფოს მფლობელობით. საწესდებო კაპიტალი 30 მილიონ 262 ათასი ლარით არის განსაზღვრული.

2001 წელს სს “აზოტის” მიმართ გერმანულმა ფირმა “ვეკერლემ” საქალაქო სასამართლოში განცხადება შეიტანა გაკოტრების საქმის გახსნის შესახებ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა და დაინიშნა გაკოტრების დროებითი მმართველი. 2001 წელი “აზოტისთვის” მართლაც მძიმე აღმოჩნდა, პროდუქციის გამოშვება ორჯერ შემცირდა, შედეგად კი ზარალმა 3 მილიონ 410 ათას ლარს მიაღწია. სწორედ ამ პერიოდში მოიძებნა პარტნიორი, რომელიც საწარმოს ბუნებრივი აირით და ელექტროენერგიით უზრუნველყოფდა. 2001 წლის 23 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება “იტერასთან” ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდებაზე; შეიქმნა რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც იმავე წელს დაამტკიცა სასამართლომ და გაკოტრების საქმის გახსნის პროცესი შეწყდა; საწარმოში დაინიშნა რეაბილიტაციის მმართველი, რამდენიმე თვეში სს “საქგაზთან” გაფორმდა სანარდო ხელშეკრულება, ანუ “საქგაზს” უნდა უზრუნველეყო “აზოტი” ბუნებრივი აირითა და ელექტროენერგიით, შესაფუთი ტომრებით, გადაეხადა პროდუქციის გადამუშავების ღირებულება… ეს ხელშეკრულება 2001 წლის 15 დეკემბრიდან დღემდე მოქმედებს.

რეაბილიტაციის პროგრამით პირველ კალენდარულ წელს დავალიანებათა 20% უნდა დაფარულიყო, ანუ 16936, 65 ათასი ლარი. უკვე დაფარულია 16117,7 ათასი ლარი, რის შედეგადაც კრედიტორთა რიცხვი 143-დან 61-მდე შემცირდა – ანუ 82 კრედიტორი “აზოტმა” “ჩამოიცილა”. ახლა უფრო ვრცლად “აზოტის” კრედიტორული დავალიანების შესახებ: სს “აზოტს” 2001 წლის 1 იანვრიდან 2002 წლის 1 ივლისამდე მთლიანი კრედიტორული დავალიანება გასტუმრებული აქვს 70 კრედიტორისთვის, რაც 11341559 ლარს შეადგენს. მათ შორის მსხვილი კრედიტორია 24, საერთო თანხით 11229987 ლარი. მსხვილ კრედიტორებში შედის “საქგაზი”, “რუსთავგაზი”, “ელექტროვაგონშემკეთებელი”, “კვარციტი” და სხვა. “აზოტმა” ნაწილობრივ გაისტუმრა დავალიანება 25 კრედიტორთან – 6511710 ლარის მოცულობის თანხით. თუმცა, ძველ კრედიტორულ დავალიანებებს ახალი მიემატა – 2001 წლის 1 ივნისიდან მიმდინარე წლის 1 ივლისამდე ახალი კრედიტორული დავალიანებების თანხა 912391 ლარს აღწევს. საურავების დარიცხვით და სხვა მიზეზებით მიღებული დავალიანებები კი თითქმის 15 მლნ. ლარ იყო.

2002 წლის 1 ივნისის მდგომარეობით “აზოტი”-ს კრედიტორულმა დავალიანებებმა 105198583 ლარი შეადგინა! მსხვილ კრედიტორებს შორის სახელმწიფო ბიუჯეტი, ფინანსთა სამინისტრო, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი, “საქართველოს რკინიგზა”, “საქტრანსგაზმშენი”, საბაჟო და სხვებიც არიან.

ამ მონაცემთა მიხედვით საკმაოდ მარტივი დასკვნის გაკეთება შეიძლება: 2001 წლის 1 ივნისის მდგომარეობით ეს დავალიანება 82603151 ლარს შეადგენდა, 2002 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კი – 105198583 ლარს. ანუ დავალიანების მატებამ 22595432 ლარს მიაღწია. სააქციო საზოგადოების დებიტორული დავალიანება 12 972000 ლარს შეადგენს, ანუ კრედიტორული დავალიანება დებიტორულს 92226583 ლარით აღემარება, და კიდევ ერთი ანუ: წარმოების მდგომარეობა მეტად მძიმეა, საწარმოს ლიკვიდურობის დონეც, შესაბამისად, ძალიან დაბალია.

შესაძლოა, და ალბათ, ასეც ფიქრობდა ჩვენი მთავრობა, როდესაც “იტერასთვის” “აზოტის” პირდაპირი წესით მიყიდვის საკითხს განიხილავდა. “იტერასთან” დაკავშირებული ისტერია ზაფხულის ბოლოსკენ გამძაფრდა, როცა არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკურ დივიდენდებს მოწყურებული პარტიები და პერსონები ქუჩაში გამოსვლებითა და მასობრივი აქციებით იმუქრებოდნენ. ამას თან დაერთო რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების დაძაბვაც და, საქმე იქამდე მივიდა, რომ “იტერას” “თბილგაზთან” ერთობლივი საწარმოს შექმნაზეც უარი უთხრეს და “აზოტთან” დაკავშირებით ყველა დეტალის და ნიუანსის განხილვას ლამის ყოველკვირეული საკომიტეტო მოსმენებიც მიუძღვნეს.

საქართველო რომ პარადოქსების ქვეყანაა, ეს უკვე აღარავის აკვირვებს. გაკვირვება არც იმას გამოუწვევია, რომ “აზოტის” გადასარჩენად საჭირო თანხა, სულ რაღაც 6 მლნ. დოლარი, თურმე ქართულ ფინანსურ ჯგუფებსაც მოეძებნებათ და სოფელიც აშენდება. სხვათა შორის, “მაგთი”-ს, “თი-ბი-სი”-ს, “ყაზბეგი”-სა თუ სხვათა ინტერესების შესახებ წინადადება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დემურ გიორხელიძემ წარმოთქვა. გიორხელიძის თქმით, “აზოტი”-ს 6 მლნ-ით დაფინანსების შემთხვევაში, ამუშავდება კაპროლაქტამის საწარმო, სამაგიეროდ “აზოტის” წლიური ბრუნვა 150 მლნ. დოლარამდე ავა… საჭიროა კარგი მენეჯმენტი, არც ისე უზარმაზარი თანხა და, “აზოტი” ფეხზე დადგება. გიორხელიძე იქვე დასძენს, რომ საქართველოში უკვე არსებობენ ძლიერი ფინანსური ჯგუფები, მაგალითად, “თი-ბი-სი” ჯგუფი, “მაგთი” ჯგუფი, გოგი თოფაძის ჯგუფი და სხვები, რომლებსაც შეუძლიათ ამ თანხების “აზოტში” ჩადება და მისი მომგებიან საწარმოდ ქცევა. ერთია გიორხელიძის განცხადება, მეორე – რეალობა. ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფთა წარმომადგენლებს, თუ მეხსიერება არ გვღალატობს, მსგავსი წინადადება არ წარმოუთქვამთ, თუმცა, არც განაცხადი წარუდგენია რომელიმე მათგანს ქონების მართვის სამინისტროში, სადაც, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მსურველის – “იტერას” განაცხადია შესული. “იტერას” კი, როგორც ცნობილია, “აზოტის” აქციების 90%-ის შეძენა სურს და თანაც, როგორც ამბობენ, ვალებში აპირებს გიგანტი საწარმოს “დათრევასო”. რაც შეეხება აზოტის ვალს, ესეც დავის საკითხი აღმოჩნდა: დეპუტატებმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე იმდენი იდავეს, რომ ბოლოს სენსაციურ დასკვნამდეც მივიდნენ – “იტერას” თავად ჰქონია “აზოტის” ვალი, თანაც მილიონი. ერთი სიტყვით, ვიდრე ჩინოვნიკები “აზოტის” პრობლემებით თავს იტკიებენ, “აზოტი” აქტიურად განაგრძობს პროდუქციის წარმოებას – ოქტომბერში საწარმომ 835 ათასი ლარის სამრეწველო პროდუქცია აწარმოა. პარალელურად მის ბედ-იღბალზე ქონების მართვის სამინისტროში მსჯელობენ.

უკვე აღვნიშნეთ, რომ სამინისტროში განაცხადი მხოლოდ “იტერამ” შეიტანა, მაგრამ რაოდენ არასერიოზულადაც არ უნდა ჟღერდეს, მას, როგორც ჩანს, ბიზნეს-გეგმისა და საფინანსო უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტების მიწოდება გადაავიწყდა. ამის გარეშე “აზოტის” “იტერაზე” პირდაპირი მიყიდვის განხორციელება წარმოუდგენელია. თანაც, როგორც ქონების მართვის სამინისტროს მაღალჩინოსნები აცხადებენ, პირდაპირი მიყიდვის წესით ობიექტის გასხვისების მომხრენი ისინი არ არიან. “იტერას” განაცხადის პარალელურად, ქონების მართვის სამინისტროში “აზოტის” საერთაშორისო ტენდერის გზით პრივატიზებაზეც ფიქრობენ, თუმცა, ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის.

“იტერას” წინააღმდეგ კომიტეტის სხდომაზე თითქმის მთელი დეპუტატები გამოდიოდნენ. ლევან პირველმა მაინც მოახერხა “იტერას” ინტერესების დაცვა და საკმაოდ კატეგორიულად განაცხადა – “იტერას” იქით გზა არ გვაქვსო. იგივე პოზიციის დაცვას “აზოტის” გენერალური დირექტორი, გიორგი გოგოლიძეც ცდილობდა, მაგრამ მისმა და ლევან პირველის გამოსვლებმა ვერ ჩაახშეს დეპუტატთა აზარტი – თუ საწარმოს იმდენი ფული არ აქვს და მის მოგებაზე გასვლას რამდენიმე მილიონი სჭირდება, აგერ ვართ, ბატონო, ჩვენ თვითონვე შევიძენთ გიგანტ საწარმოს აქციებსო.

მოკლედ “აზოტის” მსუყე ლუკმას დეპუტატები თუ ახალი ქართველები “იტერას” ვერ ჩააყლაპვინებენ, ამისთვის თავადაც მზად არიან. მხოლოდ ერთი რამ არის საინტერესო – სად იყვნენ ისინი აქამდე?

სააქციო საზოგადოება “აზოტის” გარშემო ვნებათაღელვა პიკს აღწევს. ვის დარჩება საბოლოოდ ეს გიგანტი საწარმო, ჯერჯერობით, გაურკვეველია, თუმცა, ჰორიზონტზე ძალიან საინტერესო კონტურები იკვეთება – პარლამენტართა ინტერესის თუ ლობისტობის ფონზე, შესაძლოა, “აზოტის” ხელში ჩაგდება “ახალმა ქართველებმა” მოახერხონ. პირველ ეტაპზე, ანუ “აზოტის” დაპატრონების მსურველთა “კონკურსის” პირველ რაუნდში, კულუარებში, ბიძინა ივანიშვილის, გოგი თოფაძის, მამუკა ხაზარაძისა და გია ჯოხთაბერიძის მონაწილეობაზე საუბრობენ. ხოლო ვინ, რომელი მათგანი შემორჩება რინგს ბოლომდე, ამას, ალბათ, მათ ხელთ არსებული ფინანსების სიმძიმე გადაწყვეტს.