რას აკეთებდა ქართული პოლიტისტებლიშმენტი წინასაარჩევნოდ ისრაელში?

რედაქციისაგან

იანვრის ბოლოს მსოფლიოს ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო ისრაელმა, მაგრამ ამჯერად არა პერმანენტული ტერაქტების, არამედ არჩევნების გამო. ისრაელში, რომელიც მუდამ პოლიტიკური ინტერესების ცენტრია, მომდევნო ოთხი წლის მანძილზე ხელისუფლების საკითხი წყდებოდა. ისრაელისა და არაბეთის კონფლიქტზე ბევრად არის დამოკიდებული მსოფლიო პოლიტიკისა თუ ეკონომიკის მდგომარეობა.

ბუნებრივია, ქართული პოლიტისტებლიშმენტი ამ მოვლენების მიღმა არ დარჩენილა, იგი მონაწილეობდა საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მასშტაბურ ღონისძიებაში – ქართველ ებრაელთა სათვისტომოს მსოფლიო კონგრესში, სადაც მთელი მსოფლიოდან ქართველი ებრაელები და მათი მეგობრები იკრიბებიან.

ისრაელში ლიდერობა შარონის ჯგუფს დარჩა, რომლის წარსული საქართველოსთან უხილავი ძაფებით არის დაკავშირებული. ამდენად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თუ რა ხდებოდა ქართველ ებრაელთა კონგრესზე. ჩვენ ვესაუბრეთ ქართული დელეგაციის ერთ-ერთ წევრს, რუსთავის მერს, ბ-ნ მერაბ ტყეშელაშვილს.

ბატონო მერაბ, თქვენ სამთავრებო დელეგაციასთან ერთად ისრაელში ბრძანდებოდით. რა მიზანს ემსახურებოდა ეს ვიზიტი?
ისრაელში გაიმართა საქართველოს ებრაელთა მსოფლიოს კონგრესი, რომელსაც ესწრებოდა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ებრაელობა, სულ 3 ათასი დელეგატი იყო. საქართველოს დელეგაცია, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე ხელმძღვანელობდა და რომლის შემადგენლობაშიც ვიყავით: იმერეთის გუბერნატორი, ქუთაისის მერი, ვანის გამგებელი, პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი და მე.

კონგრესის მიზანია გააერთიანოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ებრაელები, წელიწადში ერთხელ კონგრესი შეიკრიბება და იმ პრიორიტეტებს დასახავს, რასაც ისინი უნდა ემსახურონ. კონგრესი ძირითადად რამდენიმე მიმართულებით აპირებს მუშაობას, პირველი და უმთავრესი მათთვის წინაპართა საფლავების მოვლა-პატრონობაა, რომელიც მათ საქართველოში დატოვეს. ეს მათთვის ქართულ ფესვებთან დაბრუნებაა. შეიმუშავეს აგრეთვე პროგრამები სასწავლო-საგანმანათლებლო კუთხით, რომლის მიზანიცაა, რაც შეიძლება ბევრ ახალგაზრდას, ქართველ-ებრაელთა შთამომავალს ჰქონდეს საფუძვლიანი განათლება, რაც მათ საშუალებას მისცემს საზოგადოებაში მაღალი საფეხურებში დაიკავონ. კონგრესის მიზანია ასევე, დაეხმაროს ნაკლებადშეძლებულ ქართველ ებრაელთა ოჯახებს. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული, რომელსაც კონგრესი მდიდარი ბიზნესმენების შემოწირულობისაგან და აგრეთვე სავალდებულო გადასახადების მეშვეობით შეაგროვებს. თავჯდომარემ მიხეილ მიხელაშვილმა მაგალითად 500 ათასი დოლარი გადაიხადა ფონდში, აღმასრულებულმა მდივანმა 150 და ა.შ.

კონგრესს არიელ შარონიც დაესწრო?
დიახ, მისი ფესვებიც საქართველოშია. შარონის ბებია თბილისშია დასაფლავებული. იქ გაუშვეს ფილმი შარონზე. მან აღიარა, რომ ამ ფილმა შეძრა. კონგრესი პრემიერ მინისტრის არჩევნების წინა დღეებს დაემთხვა. რაც შემთხვევით ნამდვილად არ იყო. ასე ვთქვათ “ქართული” ჩანაფიქრი იდო მასში – შარონისთვის ქართველ ებრაელთა ხმების შეგროვება, რაც წარმატებით გამოუვიდათ კიდეც. შარონმა იერუსალიმის მერს მიმართა: შენ ბედნიერი კაცი ხარ, რადგან შენს ქალაქშიც ცხოვრობენ ქართველი ებრაელები, რომლებსაც შეგიძლია დაეყრდნო.

თქვენ გამგზავრებისას განაცხადეთ, რომ რამდენიმე პროექტი მიგაქვთ ისრაელში და შეეცდებით დააინტერესოთ, იქაური საქმიანი წრეები.
საქმიანი შეხვედრები, რაღა თქმა უნდა გვქონდა. ჩვენ ველოდებით დელეგაციას ისრაელიდან, აქ ადგილზე გადავწყვეტთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის კაშხალის მშენებლობისა. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო.

საერთო შთაბეჭდილება როგორი გქონდათ
მე ისრაელში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. ვერ ვმალავ აღფრთოვანებას იმ ხალხის მიმართ, რომელთაც ასე უყვართ საკუთარი ქვეყანა. სწორედ ამ სიყვარულმა შეაძლებინა მათ უდაბნოსაგან წალკოტი შეექმნათ. არის ერთერთი მოწინავე და წარმატებული ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის საომარ მდგომარეობაში არიან, რომ არა აქვთ ბუნებრივი რესურსები, წყალიც კი, მათი ბიუჯეტი რუსეთის ბიუჯეტზე დიდია.

რუსთავისა და ქუთაისის ტიპის ქალაქია იქ, აშკერონი, რომლის მომავალი მერიც ვანიდან წასული კაცი შამთაი ციურია. იცით რამდენია იმ ქალაქის ბიუჯეტი? 120 მილიონი დოლარი. ასე, რომ ბევრის სწავლა შეიძლება მათგან. ყველაფრისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომა, ქვეყნის ინტერესებით ცხოვრება და სხვა.

ალბათ იერუსალიმიდან ჯვრის მონასტრის მოუნახულებლად არ წამოხვიდოდით.
იერუსალიმი ყველა ქრისტიანისათვის წმინდა ქალაქია. აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე უამრავი სიწმინდეა. ჯვრის მონასტერი, ქართველთა სავანე იერუსალიმში, ის ადგილია, რომლის უნახავადაც ქართველი კაცი იქიდან ვერ წამოვა. ჩვენი დელეგაციის წევრებიც ვიყავით რაღა თქმა უნდა. ბერძნები ძალიან ცდილობდნენ ქართული კვალი წაეშალათ იქ, მაგრამ მადლობა ღმერთს არ გამოუვიდათ. ჯვრის მონასტერში მეგზურობა უცხოელმა ქალბატონმა გაგვიწია, რომელმაც არ იცოდა ჩვენ საიდან ვიყავით. მან გვითხრა, რომ ეს არის ქართული მონასტერი, გვაჩვენა რუსთაველის ფრესკაც, როცა გაიგო საქართველოდან ვიყავით, გვთხოვა: იქნება ქართულორნამენტებიანი ხალიჩა გამოგზავნოთ ამ ადგილზე დასაფენად რათა მოზაიკა არ გაფუჭდეს და მთლიანად არ წაიშალოსო. მინდა სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს საკურსო ნამუშევრად შევუკვეთო ჯვრის მონასტრისათვის ხალიჩა. ასევე რუსთავისა და რუსთაველების სახელით ტაძრის მთავარი ჭაღის დამზადება მაქვს ჩაფიქრებული ისტორიული ჭაღი არ არსებობს და ამჟამად ბროლის ჭაღია მთავარ ჭაღად.

ქუთაისის მერს და მე ერთი საინტერესო ჩანაფიქრიც გვაქვს: გვინდა პერიოდულად მოსწავლეები გავაგზავნოთ ორივე ქალაქიდან იერუსალიმში, ჯვრის მონასტრის მოსანახულებლად. ჩვენმა მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს რა სიმდიდრის პატრონები ვართ და რა სიმაღლეებს შეიძლება მივაღწიოთ საერთო ძალისხმევით.

საერთოდ კი მინდა ვთქვა, რომ ქართველ ებრაელთა კონგრესი იყო დიდი ზეიმი, რომელზეც კიდევ ერთხელ გამოხატეს სიყვარული საქართველოსა და ქართველებისადმი.