კომერციული ბანკების მენეჯმენტის შემდგომი სრულყოფის კომპლექსური მოდელი
ციური ოქრუაშვილი
ჩვენი მეცნიერული მუშაობის შედეგები, დასკვნები და რეკომენდაციები გავაერთიანეთ და შევეცადეთ, შეგვექმნა საქართველოს კომერციული საბანკო სისტემის ფუნქციობის შემდგომი სრულყოფის მოდელი, რითაც გვსურს, მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ უაღრესად აქტუალური პრობლემის პრაქტიკულ დონეზე გააზრების და ბანკების მხრიდან ადეკვატური რეაგირების საქმეში.
მეცნიერ-ეკონომისტთა გარკვეული ნაწილის აზრით, ჯერ მსოფლიოს არ შეუქმნია მოსაწონი საგადასახადო-საბიუჯეტო მოდელი. ეს მოსაზრება ვრცელდება საქართველოს საგადასახადო-საბიუჯეტო სისტემაზეც. ჩვენი აზრით, საბანკო სფეროში ამ მხრივ ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, ვინაიდან უკვე კარგა ხანია, რაც მსოფლიოს ქვეყნების ათეულმა შეძლო, ჩამოეყალიბებინა იდეალური საბანკო სისტემა, რაც განვითარებად ქვეყნებს საშუალებას აძლევს, გადმოიღონ მათი გამოცდილება და დანერგონ ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებით. ამ მხრივ, პირველ რიგში ჩვენს ყურადღებას იპყრობს აშშ-ის საბანკო სისტემა. როგორც თავად ამერიკელები აღნიშნავენ, მათ აქვთ “უნივერსალური საბანკო სისტემა უცუდესი საბანკო პოლიტიკით” “უნივერსალობაში” ისინი გულისხმობენ იმ გარემოებას, რომ მათ ბანკებს შეუძლიათ 100-ზე მეტი ოპერაციის შესრულება, ხოლო “უცუდეს პოლიტიკაში” – კონგრესის მხრიდან საკანონმდებლო შეზღუდვებს. ჩვენს ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში საბანკო რეფორმის განხორციელების საკითხებს ათეულობით საინტერესო ნაშრომი მიეძღვნა, თუმცა ზოგიერთი პრინციპული ხასიათის პრობლემა ქართველ ეკონომისტთა ყურადღებას კვლავ იპყრობს და იგი ჩვენი ეკონომიკური მეცნიერების უაღრესად აქტუალურ დილემად რჩება. ამასთან, მისი შემდგომი კვლევა-ძიება ახალ ძალისხმევას მოითხოვს. ნაშრომში განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ავტორის პრინციპული პოზიცია ასეთია: ჩვენ, რასაკვირველია, ყურადღებით ვეკიდებით ქართველი და უცხოელი მეცნიერების მიერ ამ მიმართულებით დღემდე მოპოვებულ მიღწევებს. ამასთან, თვითდამკვიდრების მიზნით გვაქვს საკუთარი პოზიცია. 1981 წლიდან ვკითხულობთ ლექციებს საზღვარგარეთის ქვეყნების ფულის მიმოქცევასა და კრედიტში, 1993 წლიდან – საბანკო საქმეს, კომერციულ ბანკებს, საბანკო მენეჯმენტს, საბანკო მარკეტინგს. 1996 წლიდან ვაქვეყნებთ სტატიებს საქართველოს საბანკო სისტემის სრულყოფის თემატიკაზე. ჩვენი ქვეყნის კომერციული საბანკო სისტემის სრულყოფა ქვეტექსტად გასდევს სადისერტაციო ნაშრომს.
მეცნიერული კვლევის შედეგად მივედით იმ დასკვნამდე, რომ რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელია კომერციული ბანკების მენეჯმენტის სრულყოფის კომპლექსური მოდელის შემუშავება. ჩვენს მიერ შემოთავაზებული მოდელის სქემას შემდეგი სახე აქვს.
სქემა 3.3.1 საბანკო მენეჯმენტის სრულყოფის კომპლექსური მოდელი
ჩვენ მიერ საკვლევი თემის საკითხების წამოჭრის და მასთან დაკავშირებული პრობლემების მრავალმხრივი შესწავლის საფუძველზე იმ დასკვნამდე მივედით, რომ ყველა როგორც დიდი, ისე შედარებით მცირე კომერციული ბანკის ხელმძღვანელობამ უნდა შეიმუშავოს საკუთარი ინდივიდუალური სტრატეგია კომპლექსური მენეჯმენტის განხორციელებისათვის. ამ მიზნით, საქართველოს კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს ვთავაზობთ ჩვენ მიერ შემუშავებული საბანკო მენეჯმენტის სრულყოფის კომპლექსურ მოდელს, რომელიც, ვფიქრობთ, დაზღვეული არ არის ხარვეზებისაგან და მასთან დაკავშირებით გამოთქმულ ყველა ობიექტურ შენიშვნას გავითვალისწინებთ. ამასთან, საბანკო მენეჯმენტის პრობლემების გადაჭრის მიზნით, ჩვენ მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს განვიხილავთ დიალექტიკის მეთოდის დაცვით, სქემაზე მოცემული თანმიმდევრობის მიხედვით.
საქართველოს საბანკო სისტემის სრულყოფის მიზნით, უპირველეს ყოვლისა, მხარდასაჭერია ეროვნული და კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონების ახალი რედაქციით შედგენის წინადადება. ისინი უნდა გამარტივდეს, დებულებები ისე გასაგებად და ცალსახად უნდა ჩამოყალიბდეს, რომ არ იწვევდეს აზრთა სხვადასხვაობას. ასე მაგალითად, 2001 წლის 23 ოქტომბერს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი იქნა ცვლილებები. განახლებული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტში ვკითხულობთ; “აუდიტორული სამსახურის უფროსს შეუძლია გადადგეს თანამდებობიდან, რაც არაუგვიანეს 3 თვით ადრე უნდა აცნობოს პრეზიდენტს. ამასთან, იგი შეიძლება გადააყენონ ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით მე-11 მუხლში მოცემული ერთი ან რამდენიმე მოთხოვნის საფუძველზე” ამ დროს აღნიშნული კანონის შესაბამისად, მე-11 მუხლი გაუქმებულია. ვფიქრობთ, 21-ე საუკუნეს ასეთი ხარვეზები არ შეესაბამება.
სრულყოფას საჭიროებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2001-2005 წლების ინდიკატური გეგმის ის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს საბანკო სფეროში. კერძოდ, აღნიშნულია: “ლიკვიდურობის ოპერატიულად მართვისა და ბანკების დეპოზიტებზე რიცხული თანხების ეფექტიანად გამოყენების მიზნით, კომერციული ბანკების მინიმალური რეზერვების და საკორესპონდენტო ანგარიშების გაერთიანების საკითხის განხილვის შესახებ”. ჯერ ერთი, მიზანშეწონილად მიგვაჩნია თვით ტერმინის -“ლიკვიდურობა” – დაზუსტება და მის ნაცვლად ტერმინის – “ლიკვიდობა” გამოყენება. ვფიქრობთ, უფრო ლოკიგური და შინაარსობრივად სწორია, თუ ვიტყვით “ლიკვიდური აქტივები” და “ლიკვიდობა”.
ინდიკატური გეგმით გათვალისწინებული ცვლილება 2004 წელს განხორციელდა. მოხდა ზემოთ აღნიშნული ფონდების ერთ საკორესპონდენტო ანგარიშზე განთავსება, რაც მიზანშეუწონლად მიგვაჩნია, ვინაიდან სრულიად განსხვავებულია მათი შექმნის იდეა, წყაროები, მიზანი, მართვა და გამოყენება. მინიმალური რეზერვების ფონდი იქმნება ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების მეანაბრეების ფულადი დანაზოგების ხარჯზე, კანონით დადგენილი პროცენტული განაკვეთით. მისი რეგულირება ხდება ყოველ დეკადაში, 10 დღეში ერთხელ და ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ და მხოლოდ მეანაბრეების მიმართ ბანკის ვალდებულებების გასაცემად. მაშინ, როდესაც სრულიად სხვა დატვირთვა აქვს საწესდებო კაპიტალს. ასევე განსხვავებულად ხდება მისი მართვა და გამოყენება. ცხადია, მათი ერთობლივი მართვა, განსაკუთრებით ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში, რთულია. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, აღნიშნული ფონდების ისევ სხვადასხვა ანგარიშზე განთავსება.
ასევე, სრულყოფას საჭიროებს საბანკო მენეჯმენტის მეთოდური სახელმძღვანელო ინსტრუქციები. ამასთან, ყურადღება გვინდა გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ ზოგიერთ შემთხვევაში არასწორად არის გაგებული “მენეჯმენტის” მნიშვნელობა. მენეჯმენტი არის ბიზნესის სფეროსთან დაკავშირებული მართვა, ხოლო პირი, რომელიც ამ მართვას ახორციელებს, წარმოადგენს მენეჯერს. გაუმართლებლად მიგვაჩნია “მენეჯერის” ნაცვლად “მენეჯმენტის” გამოყენება, ვინაიდან მათ განსხვავებული შინაარსობრივი დატვირთვა აქვთ, მაგალითად, “კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობა – რეგულირების სახელმძღვანელოში” ვკითხულობთ: “თუ წარმოიქმნა რომელიმე პრობლემათაგანი, მაშინ სამეთვალყურეო საბჭოსა და მენეჯმენტს (უფროს ხელმძღვანელ მუშაკებს) შეიძლება მოეთხოვოს ამ პრობლემის გამოსასწორებელი ზომების გატარება. ამ შემთხვევაში მენეჯმენტი გაიგივებულია მენეჯერებთან, კერძოდ კი უფროს ხელმძღვანელ მუშაკებთ, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია. აზრობრივად გაუმართავია შემდეგი წინადადებაც: “ასეთი შეზღუდვები მენეჯმენტს მისცემს საკრედიტო პორტფელის მართვის დამატებით საშუალებას”.
თუ მენეჯმენტი თვით არის მართვა, გამოდის, რომ მართვას ეძლევა მართვის საშუალება, რაც შეუთავსებელია როგორც რედაქციული, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით. ასევე, შეუსაბამოა შემდეგი გამოთქმები: “აიძულებს მენეჯმენტს”, “მენეჯმენტის მიერ სესხების გაცემის პროცედურები”, “მენეჯმენტი ვალდებულია”, “მენეჯმენტი გაერკვეს” ; “შემმოწმებელმა მენეჯმენტს უნდა მისცეს რეკომენდაცია”, “განხილულ უნდა იქნეს უფროს მენეჯმენტთან შეხვედრისას”; “მენეჯმენტმა ცალ-ცალკე ასახა აქტივების ყველა ტიპი და შესაბამისი თანხები”; “მენეჯმენტმა უნდა წარმოადგინოს იმ ანგარიშების სია”; “უფროსი მენეჯმენტი”; “ბანკის მენეჯმენტის დაპირებები”, “მენეჯმენტის ხელფასები”; “მენეჯმენტის ანგარიშგება” და ა.შ. მეთოდურ სახელმძღვანელოში არსად არ არის გამოყენებული ტერმინი “მენეჯერი”. ორივე ტერმინის – “მენეჯმენტის” და “მენეჯერის” დატვირთვას ერთი ტერმინი-“მენეჯმენტი” ასრულებს. ეს იგივეა ბანკის “მმართველის” მაგიერ, რომელიც მართავს, გამოვიყენოთ “მართვა”. ჩვენი აზრით, აღნიშნული ტერმინები დაზუსტებას მოითხოვს სრულყოფის თვალსაზრისით.
ყოველივე ამის გამო მიზანშეწონილად მიგვაჩნია, “კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობა – რეგულირების სახელმძღვანელოში” შეტანილი იქნეს რედაქციული ხასიათის ცვლილებები და ცალკეული ფრაზები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მენეჯერს მოეთხოვოს”; “მენეჯერს მისცემს საკრედიტო პორტფელის მართვის დამატებით საშუალებას”; “აიძულებს მენეჯერს”; მენეჯერი ვალდებულია”; “მენეჯერი გაარკვევს”; “შემმოწმებელმა მენეჯერს უნდა მისცეს რეკომენდაცია”; “უფროს მენეჯერთან შეხვედრისას”; “მენეჯერმა ცალ-ცალკე ასახა”; “მენეჯერმა უნდა წარმოადგინოს”; “ბანკის მენეჯერის დაპირებები”; “მენეჯერის ხელფასი”; “მენეჯერის ანგარიშგება”; “მენეჯერის მიერ გამოყენებული” და ა.შ.
სრულყოფას საჭიროებს საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული ბაზაც. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 23 დეკემბრის #299 ბრძანების – “კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციის და მსხვილი რისკების შესახებ” მე-3 მუხლის 1ა პუნქტის შესაბამისად, ბანკის მიერ ერთი პირისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს, რაც, ჩვენი აზრით, შეესაბამება საერთაშორისო ნორმატივს. ამავე მუხლის 1ბ პუნქტის შესაბამისად, ბანკის მიერ ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ერთი ჯგუფისათვის გაცემული სესხების და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს. აღნიშნული ნორმატივით ხდება კომერციული ბანკისათვის ზედმეტი თავისუფლების მინიჭება, ვინაიდან საერთაშორისო ნორმატივებთან შეუსაბამობას აქვს ადგილი, საზღვარგარეთის საბანკო პრაქტიკაში ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი, მისი წევრების რაოდენობის მიუხედავად, ითვლება ერთ, მსხვილ მსესხებლად და მასზე გაიცემა კრედიტი “10-პროცენტიანი” ზღვარის ფარგლებში, რომელიც ზოგიერთ ქვეყანში 15%-ს შეადგენს, მაგრამ მაინც “10-პროცენტიანი ზღვარის” სახელწოდებით არის ცნობილი. ამიტომ 1ბ პუნქტი ისე უნდა დარეგულირდეს, რომ მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული კრედიტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს, რითაც საქართველოს კომერციულ ბანკებს დავიცავთ გაკოტრებისაგან. ისეთ შემთხვევაში, თუ მსესხებელთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილ განაცხადში, მათთვის საჭირო საკრედიტო თანხა აღემატება 15- პროცენტიან ზღვარს, გამოსავალს წარმოადგენს “კონსორციული კრედიტის” გაცემა. კონსორციუმი არის ორი ან მეტი ბანკის საზედამხედველო კაპიტალის დროებითი გაერთიანება ერთობლივი, კონსორციული კრედიტის გაცემის მიზნით, რითაც ბანკი ინარჩუნებს იმიჯს საზოგადოებაში, იმავდროულად რისკი გადანაწილდება კონსორციუმის წევრ ბანკებს შორის, ამასთან, იქმნება რისკის თავიდან აცილების პირობები.
საბაზრო რეფორმის მოცემულ ეტაპზე ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს უშუალოდ იმ წინაპირობებს, რომლებიც იძლევა ბანკის ეფექტიანი ფუნქციობის შესაძლებლობას მარკეტინგული ორიენტაციის გამოყენების მეშვეობით. ამ მიმართულებით მიზანშეწონილად მიგვაჩნია, საქართველოში შეიქმნას საბანკო მარკეტინგისA ცენტრი, რომელიც მოემსახურება არა მარტო საბანკო, არამედ არასაბანკო დაწესებულებებსა და ფირმებს. მოგვაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს კომერციული ბანკების ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფა – მცირე ბანკებში მარკეტინგის განყოფილების შექმნის, ხოლო დიდ ბანკებში უკვე შექმნილი ანალოგიური განყოფილების დეპარტამენტად გარდაქმნის გზით. კიდევ ერთი, მიზანშეწონილია ბანკის მმართველობაში ახალი სამსახურის – მენეჯმენტის და მარკეტინგის დარგში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღება.
საქართველოში თანამედროვე ეტაპზე კომერციული ბანკების ერთ ნაწილში მიმდინარეობს ინოვაციური მენეჯმენტის სფეროში ზოგიერთი სიახლის დანერგვა, მაგრამ ამ მხრივ ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი. ჩვენი ქვეყნის საბანკო სისტემა საჭიროებს უფრო აქტიური საინოვაციო პოლიტიკის განხორციელებას. ინოვაციური პროცესის აქტივობის ამაღლებაზე ორიენტირებული მოქნილი და ქმედითი ფულად-საკრედიტო და საინვესტიციო პოლიტიკა უნდა გახდეს კომერციული ბანკების განვითარებისა და სრულყოფის ეკონომიკური საფუძველი.
კომერციული ბანკების მუშაობის გაუმჯობესება დიდად არის დამოკიდებული საბანკო მენეჯერზე, რომელსაც კარგად უნდა ესმოდეს ბანკის წინაშე მისი და მთელი კოლექტივის პასუხისმგებლობა. 80-იანი წლების ერთ-ერთი გამოჩენილი მენეჯერი, ამერიკელი ბიზნესმენი და საზოგადო მოღვაწე ლი იაკოკა “ადამიანის ფაქტორის” გააქტიურებას წარმოების ხელმძღვანელის საქმიანობის ცენტრალურ პრობლემად მიიჩნევს, მისი თქმით, ყველა სამეურნეო ოპერაცია საბოლოოდ შეიძლება გამოითქვას სამი სიტყვით: ადამიანები, პროდუქტი, მოგება. პირველ ადგილზე დგანან ადამიანები. თუ თქვენ საიმედო გუნდი არა გყავთ, მაშინ დანარჩენი ფაქტორებიდანაც ბევრი არაფერი გამოვა, – წერს იგი და სინანულით შენიშნავს, რომ იაპონელი მუშის პოზიცია გამოიხატება კითხვით: “რით შემიძლია დახმარება?”; ამერიკელი მუშა ხშირ შემთხვევაში იტყვის: “ეს ჩემი საქმე არ არის”. საბოლოოდ საზოგადებრივი წარმოების პროცესში ადამიანის მონაწილეობის ამ ორი ტიპით აიხსნება მეწარმოების იაპონური მოდელის უპირატესობა ამერიკულთან შედარებით, რაც აისახება წარმოებული პროდუქციის ხარისხზეც. მეწარმეობრივ უნარს ზოგჯერ ადამიანისეულ კაპიტალსაც უწოდებენ. ამერიკელი პროფესორები ს. ფიშერი, რ. დორნბუში და რ. შმალენზი მიიჩნევენ, რომ ადამიანისეული კაპიტალი მოიცავს თანდაყოლილ უნარს და ტალანტს, აგრეთვე განათლებას და შეძენილ კვალიფიკაციას. ადამიანისეული კაპიტალი იქმნება მაშინ, როდესაც ადამიანი ინვესტირებას ახდენს საფასურის გადახდისას. ჩვენს ქვეყანაში მრავალი ეკონომიკური პროფილის უმაღლესი სასწავლებელი ამზადებს საბანკო საქმის სპეციალისტებს. ჩვენი აზრით, ზოგიერთ მათგანში ბანკის მენეჯერების სწავლება-მომზადება არ ხდება სათანადო დონეზე. სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ რეფორმა. მაღალკვალიფიციური საბანკო საქმის მენეჯერის მომზადება ხელს შეუწყობს საბანკო რეფორმის წარმატებით განხორციელებას. საბანკო საქმის უფრო კვალიფიციურად შესწავლისათვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია, დაინერგოს ისეთი სპეციალური საბანკო საგნების სწავლება, როგორიცაა: “კომერციული ბანკები”, “საბანკო საქმის ორგანიზაცია და მართვა”, “საბანკო მენეჯმენტი”, “საბანკო აუდიტი” და ა.შ. ამასთან, იმის გამო, რომ საბანკო ბიზნესი საკმაოდ ცვალებადი და დინამკიურია, სისტემატურად ხდება ამ სფეროში მოვლენების განახლება, აუცილებელ პირობად მიგვაჩნია კომერციული ბანკების მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის ჩამოყალიბება, ამ მიზნით მოწინავე საბანკო ინსტიტუტებში უნდა შეიქმნას კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივმოქმედი კურსები, სადაც სათანადო ყურადღება დაეთმობა ბანკის ყველა დონის სპეციალისტის კვალიფიკაციის სრულყოფას.
კომერციული ბანკის მენეჯერთა გუნდის საქმიანობა ეფექტური იქნება იმ შემთხვევაში, თუ გაიზრდება ბანკისადმი საზოგადოების ნდობა. სწორედ ბანკისადმი ნდობის ამაღლების მიზნით საბანკო რეფორმის აუცილებელ ღონისძიებად მიგვაჩნია საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის მექანიზმის დანერგვა, რომელსაც აშშ იყენებს 1934 წლიდან, ინგლისი 1979 წლიდან. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის ევროპის კონტინენტის თითქმის ყველა პოსტკომუნისტურ ქვეყნებში უკვე მოქმედებს დეპოზიტების დაზღვევის სისტემა. საქართველოში კი ჯერ მხოლოდ მისი პრინციპებია დამუშავებული.
ამასთან, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნის საბანკო პრაქტიკაში უცხოეთში უკვე აპრობირებული ისეთი სიახლეების დანერგვა, როგორიცაა: დეპოზიტური სერთიფიკატი, ფაქტორინგი, ლიზინგი, ნაუ ანგარიშები და ა.შ.
აქტივების მართვის სფეროში აუცილებელია, საქართველოს კომერციულ ბანკებში დაინერგოს აქტივებისა და პასივების მართვის მეთოდები, რომლებიც პოპულარობით სარგებლობს საზღვარგარეთის ქვეყნების საბანკო პრაქტიკაში და ცნობილია შემდეგი დასახელებით:
1. საერთო ფონდის მეთოდი;
2. სახსრების კონვერსიის ანუ განაწილების მეთოდი;
3. სამეცნიერო ანუ წრფივი პროგრამების მეთოდი.
მათი გამოყენება ბანკის ხელმძღვანელს საშუალებას მისცემს, აირჩიოს აქტიური ოპერაციების კატეგორია, დაადგინოს საერთო ხასიათის პრიორიტეტები, გადაწყვიტოს ბანკის მთავარი დილემა-მომგებიანობისა და ლიკვიდობის პრობლემა, რაც დადებითად იმოქმედებს ცალკეული ბანკებისა და მთელი საბანკო სისტემის სიმტკიცეზე.
მეოცე საუკუნის მიწურულს ბანკირები ფონდების წყაროებს-ვალდებულებებსა და საკუთარ სახსრებს განიხილავდნენ როგორც თავისთავად არსებულს, ასევე, ცალ-ცალკე ხდებოდა აქტივების, პასივების, ლიკვიდობის, მომგებიანობისა და რისკების მართვა. დღევანდელ პირობებში ბანკებმა აქტივებისა და პასივების პორტფელი უნდა განიხლონ როგორც ერთი მთლიანობა, კვლევის შედეგად მივედით იმ დასკვნამდე, რომ კომპლექსური მენეჯმენტის დანერგვა და გამოყენება არ ნიშნავს იმას, რომ ბანკის პასივებისა და აქტივების შემადგენელი ნაწილების მართვა ცალ-ცალკე არ უნდა ხდებოდეს. კომერციული ბანკის პასიური და აქტიური ოპერაციების სპეფიციკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ბანკში შეიქმნას პასივებისა და აქტივების მარკეტინგი. ასეთი დაყოფა დღემდე არცერთ, მათ შორის, არც ქართველ და არც უცხოელ ავტორებს არა აქვთ. ბანკში აღნიშნული სამსახურების გამოყოფა, ვფიქრობთ, უფრო გაზრდის თითოეული სფეროს მარკეტინგის ხარისხს, მთლიანობაში კი კომერციული ბანკის მოგებას და, შესაბამისად, ეფექტიანობას. ასეთი მოსაზრების საფუძველს გვაძლევს ის გარემოება, რომ პასიურ და აქტიურ ოპერაციებს სხვადასხვა საბაზრო სეგმენტი აქვთ. ასევე მიზანშეწონილად მიგვაჩნია პასიური და აქტიური ოპერაციების მენეჯმენტში სხვადასხვა თანამშრომლების დასპეციალება. ასეთი დაყოფა აამაღლებს მათ კვალიფიკაციას მოცემულ სფეროში, ხოლო რაც შეეხება აქტივ-პასივების მენეჯმენტს, რა თქმა უნდა, კომპლექსურად უნდა განხორციელდეს. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე ცალ-ცალკე უნდა განხორციელდეს პასიური და აქტიური ოპერაციების აუდიტი. შესაბამისად, უნდა მომზადდეს აუდიტის კადრები, რომლებიც დასპეციალებული იქნებიან აღნიშნულ სფეროში და აუდიტური ჯგუფი დაკომპლექტდეს ასეთი თანამშრომლებით, ხოლო შემდეგ მოხდეს მათი კოორდინაცია-კონსოლიდაცია, რაც გვაძლევს ანალიზის, სინთეზის, მიკრო და მაკრო ეკონომიკური მეთოდების გამოყენებით მათ შესაბამასობაში მოყვანის შესაძლებლობას. ზემოაღნიშნული სქემატურად შეიძლება შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ.
სქემა 3.3.2. კომერციული ბანკის მენეჯმენტის, მარკეტინგისა და აუდიტის სამსახურის სტრუქტურა
ამრიგად, თანამედროვე პირობებში კომერციული ბანკის საქმიანობა საკითხების იმდენად მრავალფეროვან სპექტრს მოიცავს, იმისათვის, რომ მივაღწიოთ წარმატებას და მივიღოთ სასურველი შედეგები, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ბანკის ყველა პრობლემის ცალ-ცალკე განხილვა და შემდეგ მათი ერთ რაკურსში – კომპლექსური მენეჯმენტის დონეზე გადაჭრა.
აქედან გამომდინარე საბანკო კანონმდებლობის სრულყოფა, კომპლექსური მენეჯმენტის დანერგვა, ინოვაციური სფეროს გაფართოება, ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ფუნქციის გაუმჯობესება, კომერციული ბანკების საიმედოობის სრულყოფა ანაბრების დაზღვევის მექანიზმის ფორმირებით, აქტივების მართვის მეთოდების დანერგვა საქართველოს კომერციულ ბანკებს შესაძლებლობას მისცემს, გააუმჯობესონ აქტივებისა და პასივების სტრუქტურის ხარისხი და, ამასთან, ბაზარზე მოძებნონ უფრო მომგებიანი სეგმენტები.