კრიზისის ზეგავლენა ტურიზმის ინდუსტრიაზე
ავტორის სტილი დაცულია
გიორგი აკობია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტი
Giorgi.akobia473@eab.tsu.ge
ტურიზმი ერთ-ერთ ყველაზე გლობალურ და პოპულარულ ინდუსტიას წარმოადგენს, რომელიც მუდმივად იზრდება და ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით. შესაძლოა ითქვას, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე დარგია, რომელზეც მოქმედებს მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა კრიზიუსული პროცესი, როგორიცაა ომი, ტერორიზმი, სტიქიური უბედურებები, ეკონომიკური კრიზისები თუ პანდემია. აღნიშნულ სტატიაში განვიხილავ ბოლო პერიოდში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების ზემოქმედებას ტურიზმის ინდუსტრიაზე.
Annotation
Tourism is one of the most global and popular industries, which is constantly growing and developing in different directions. It can be said that it is one of the most sensitive fields, which is affected by various crisis processes in the world, such as war, terrorism, natural disasters, economic crises or pandemics. In this article, I will discuss the impact of recent important processes on the tourism industry.
ტურიზმი ერთ-ერთ ყველაზე გლობალურ და პოპულარულ ინდუსტიას წარმოადგენს, რომელიც მუდმივად იზრდება და ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (WTO) მონაცემებით, საშუალოდ ცხრიდან ერთი ადამიანი სწორედ ამ სექტორშია დასაქმებული და ბოლო წლების განმავლობაში ამ კონკრეტულ ინდუსტრიაში 235 მილიონი სამუშაო ადგილია შექმნილი. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩამოყალიბდა ტურიზმის სხვადასხვა სახეები და მიმართულებები, რადგან ტურიზმში ჩართულია სხვადასხვა სეგმენტის, გემოვნებისა და საჭიროებების მქონე პირები, რომელთა დაკმაყოფილებაც ხდება მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზებებით, გაჩნდა აუცილებლობა ჩამოყალიბებულიყო ტურიზმის სხვადასხვა სახე და მიმართულება.
ტურიზმი მუდმივად განვითარებადი დარგია, რომელზეც არაერთი პროცესი ახდენს გავლენას. აღსანიშნავია სხვადასხვა კრიზისული მოვლენის ზეგავლენა ტურიზმის ინდუსტრიაზე.
კრიზისი არასასურველი მოვლენაა, კრიზისულ მოვლენებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კონკრეტული ფირმის, ტურისტული დანიშნულების ადგილის, ან თუნდაც უფრო გლობალურ დონეზე. ტურიზმის ინდუსტრიაზე კრიზისის ზემოქმედების შედეგია ვიზიტორთა რაოდენობის შემცირება, ამავდროულად, დანიშნულების ადგილზე კრიზისის შემთხვევაში სადისტრიბუციო სისტემა კარგავს ნდობას აღნიშნული დანიშნულების ადგილის მიმართ.
თანამედროვე ეტაპზე, კრიზისის დაგეგმვა უნდა გახდეს დანიშნულების ადგილის მენეჯმენტის, მარკეტინგისა და მომავალი დაგეგმვის პროცესის განუყოფელი ნაწილი.
კრიზისი შეიძლება იყოს: მოულოდნელი ანუ წინასწარ განუსაზღვრელი და მოსალოდნელი. მოსალოდნელი კრიზისის შემთხვევაში, წინასწარ მიღებული გარკვეული ზომებით შეიძლება კრიზისის ზეგავლენის შემცირება.
კრიზისის ზეგავლენა ტურიზმის ინდუსტრიაზე
ტურიზმის ინდუსტრიაზე კრისიზის ზემოქმედება სხვადასხვაგვარია, მისი დონე დამოკიდებულია კრიზისის მასშტაბზე, კრიზისით გამოწვეულ დანახარჯებზე, ზარალის აღდგენისათვის საჭირო ფულადი სახსრების მოცულობაზე და აღდგენითი სამუშაოების ფაზის ხანგრძლივობაზე.
გლობალურ ფინანსურ კრიზისების დროს მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში აღინიშნება მოსახლეობის პირადი კეთილდღეობის დონის შემცირება. მცირდება სამომხმარებლო დანახარჯები, მათ შორის მოგზაურობის დანახარჯები, რაც საბოლოოდ უარყოფითად მოქმედებს ტურიზმის ინდუსტრიაზე.
შესაძლოა ითქვას, რომ კრიზისის ზეგავლენა განსხვავდება სხვადასხვა დანიშნულების ადგილის მიხედვით: კრიზისის დროს უფრო დაუცველად ითვლებიან დესტინაციები სადაც: თითო მოსახლეზე ტურისტთარიცხვის ტანაფარდობა მაღალია და ტურისტთა აქტივობა კონცენტრირებულია, კრიზისის დროს ზარალდებიან ასევე ის ქვეყნებიც, სადაც სეზონური პერიოდი შედარებით მოკლეა. განსაკუთრებით ზემოქმედებს იმ ქვეყნებზე, რომელთა ჯამურ ექსპორტშიც ტურიზმს უკავია 20%-ზე მეტი (ამ ქვეყნების რიცხვი შედის საქართველოც).
გრაფიკი N1: საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 2015-2023 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
კრიზისის დაძლევის მეთოდები
კრიზისის დროული დაძლევა საკმაოდ მნიშვნელოვანია ტურიზმის სწორი და შეუფერხებელი განვითარებისათვის. ვფიქრობ, აუცილებელია შეფასდეს კრიზისის მასშტაბები და დროული რეაგირებით შემცირდეს მისი უარყოფითი ზეგავლენა აღნიშნულ დარგზე.
კრიზსების დაძლევის ეფექტიანობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის აღსანიშნავია, ქვეყნის ტურიზმზე დამოკიდებულების მასშტაბი(ანუ ის თუ რამდენად არის ქვეყანა/ქვეყნის რეგიონი ტურიზმზე), ტურიზმის დივერსიფიკაციის დონე, უსაფრთხოების საკითხები და ქვეყნის იმიჯი, შიდა ბაზრის სიდიდე და სხვა.
იმისათვის რომ კრიზისი მაქსიმალურად იქნეს აღმოფხვრილი, აუცილებელია კრიზისის მენეჯმენტი გარკვეული ნორმების დაცვით. კრიზისის მენეჯმენტის პროცესი თავის მხრივ იყოფა სამ საფეხურად, ესენია: კრიზისის წინა საფეხური, კრიზისის საფეხური და კრიზისის შემდგომი საფეხური.
გარდა ზემოთ აღნიშნული მიზეზბისა, კრიზისი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, რომელთაგანაც აღსანიშნავია: ტერორიზმი, ტექნოლოგიური ცვლილებები, საომარი დაპირისპირებები (ლოკალურიდან გლობალურ დონემდე), ფინანსური კრიზისი (რეცესიიდან დეპრესიამდე), მსოფლიო ნავთობის მარაგების პიკის საკითხი, ზოგიერთი რეგიონის მოსახლეობის ჯგუფების დაბერება, გლობალური საკვების მარაგების პრობლემა და ა.შ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აუცილებელია კრიზისების ზეგავლენის მინიმიზაციის ან თავიდან აცილებისათვის დანიშნულების ადგილის დაგეგმვის ყველა საფეხურზე იყოს ჩართული კრიზისის მართვა. საკმაოდ ხშირად დაგეგმვის არ არსებობა აღდგენითი პროცესების მნიშვნელოვანი შემაფერხებელი მიზეზიც კი არის.
COVID 19-ის გავლენა ტურიზმზე
COVID-19-მა როგორც საქართველოს ,ისე მსოფლიო ეკონომიკაზე დიდი გავლენა მოახდინა,შესაბამისად ქვეყნის სავაჭრო ტენდენციები წინა წლებთან შედარებით საკმაოდ განსხვავებული იყო. პანდემიის შედეგად ტურიზმის სექტორი ყველაზე მეტად დაზარალდა მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის ბაზარმა 2020 წელს სავარაუდოდ 75,2 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი დაკარგა. თვალსაჩინოა კორონა ვირუსის ზეგავლენა იმ ქვეყნებზე, რომელთა ეკონომიკაში ტურიზმს დიდი წილი უკავია და რომლის ეკონომიკური ზრდაც უმეტესად ტურიზმის სექტორზეა დამოკიდებული. საქართველოც სწორედ ამ ტიპის ქვეყნების რიგებშია.
ვრცელი ანალიზისათვის, განვიხილოთ საქართველოს ტურისტული მდგომარეობა პანდემიამდე და პანდემიის დროს.
დღესდღეისობით ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგს წარმოადგენს. 2019 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტიორების ვიზიტების რაოდენობა 7,7 მლნ-ს შეადგენდა, მათ შორის დიდი იყო ტურისტულ ვიზიტორთა წილიც. ამავე პერიოდში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაში დაფიქსირებულია 2575 განთავსების ობიექტი, რომელთა საერთო ტევადობა 94 438 საწოლს აღწევდა. შესაძლოა ითქვას, რომ ეს იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.
პანდემიამდე, საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტიორების პირველი ოთხეული გადანაწილდა შემდეგნაირად:აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი, თურქეთი.
კოვიდ 19-ის გავრცელებასთან ერთად აუცილებელი გახდა სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული შეზღუდვების დაწესება. მსოფლიოს ძალიან ბევრმა ქვეყანამ დააწერა შეზღუდვები ქვეყანაში მოგზაურობაზე, რამაც რა თქმა უნდა უპირველესად დააზარალა ტურიზმის ინდუსტრია. 2020 წლის ბოლოს საქართველოში ტურისტული ვიზიტები შემცირდა 78,5%-ით და შეადგინა 1,1 მლნ. შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურობიდან შეადგინა 542 მილიონი დოლარი (კლება -83,4%). საერთაშორისო ვიზიტების ძირითადი ნაწილი ისევ მეზობელი ქვეყნებიდან შესრულდა. არ გამართლდა მოლოდინი, რომ საერთაშორისო ვიზიტების შემცირების ფონზე გაიზრდებოდა შიგა ვიზიტების რაოდენობა. თუმცა ამ შემთხვევაში კლება ნაკლები იყო -12,5%. STR გლობალის თანახმად, 2020 წელს საქართველოში სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი 21,2% იყო, კლებამ წინა წელთან შედარებით -62,3% შეადგინა [5],[6].
მართალია კორონა ვირუსის გავრცელებასთან ერთად დაწესდა შეზღუდვები სხვადასხვა ტურისტულ დესტინიციაზე,თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობა გარკვეულწილად დადებით როლს ასრულებდა მათ სამომავლო ფუნქციონირებაზე.
პანდემიის პერიოდში დაიხურა არაერთი კვების ობიექტი, სასტუმროები. თუმცა აღსანიშნავია ასევე სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა, რაც ითვალისწინებდა სასტუმროების დროებით საკარანტინე ზონებად გადაკეთებას, ხოლო შემდგომ კი მათ კოვიდსასტუმროებად გამოყენებას. ანუ შესაძლოა ითქვას, რომ პანდემიის პირველი ტალღით გამოწვეული შედეგები საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ზომიერი იყო. გარკვეულმა ნაბიჯებმა და სწორად ორგანიზებულმა საკარანტინე ღონისძიებებმა გარკვეულწილად შეაფერხა ვირუსის გავრცელება. ვფიქრობ, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც სასტუმროები, ამ მხრივ, პანდემიასთან ბრძოლის დროს გამოიყენეს დროებით საკარანტინე ზონებად.
კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს რომ პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა ტურიზმის სფერო, თუმცა კრიზისის თავიდან აცილებისა და შეჩერების მიზნით არაერთი ღონისძიება განხორციელდა, რომელთა შორისაც აღსანიშნავია ფინანსური შეღავათები, სხვადასხვა სახის დახმარება თუ შეღავათები.
პირველი კარგად ორგანიზებული და მცირე დანაკლისებით ჩავლილი ტალღის შემდეგ მეორე ტალღა ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ზაფხულში მოსახლეობის დიდი რაოდენობის თავმოყრამ შავი ზღვის სანაპიროზე, ხოლო შემოდგომაზე ორეტაპიან არჩევნებთან დაკავშირებულმა მრავალრიცხოვანმა მიტინგებმა გამოიწვია დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის სწრაფი მატება. 2020 წელს დაავადებულთა რაოდენობა 228 410 იყო, ხოლო 2021 წელს – 708 434. ამასთანავე, 2020 წელს კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელი, რომელიც დროის მოცემულ პერიოდში ავადობის სიხშირეს ზომავს, 2020 წელს 100 000 მოსახლეზე 6 ათასი, 2021 წელს კი – 19 000 იყო [6]. 2021 წლის ბოლოდან კორონავირუსის ახალ შტამს – „ომიკრონს“, რომელიც განსაკუთრებით სწრაფი გავრცელებით ხასიათდება, 2022 წლის იანვარ-თებერვალში ყველაზე დიდი რაოდენობის დაინფიცირების შემთხვევები მოჰყვა [5], [7]
გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE-ს) მიერ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა კვლევა და მომზადდა ანგარიში „COVID -19-ის გავლენა ,,საქართველოს ვაჭრობასა და სტრუქტურულ ტრანსფორმაციაზე.“ კვლევაში დადებითადაა შეფასებული საქართველოს მთავრობის მიერ პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად განხორციელებული ღონისძიებები. [3]
რუსეთ-უკრაინის ომის ზეგავლენა ტურიზმზე
შესაძლოა თამამად ითქვას, რომ თანამედროვე მსოფლიოს ახალი გამოწვევა არის რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს მეზობელი ქვეყნების ეკონომიკაზე და მათ შორის საქართველოზეც. 2022 წლის 25 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ძალიან ბევრი უკრაინის მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და მოეძებნათ დროებითი თავშესაფარი, უკრაინელთა მსგავსად, რუსეთის მოქალაქეებიც იძულებულ იყვნენ დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყანა და დროებით გადასულიყვნენ სხვა ტერიტორიაზე. ასევე საკმაოდ გაიზარდა ქვეყნის დატოვების მსურველთა რიცხვი ბელარუსიაშიც.
სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიო ტურიზმმა თითქმის 7 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა 2022 წელს. განსაკუთრებით დაზარალდნენ ქვეყნები, რომელთა ეკონომიკაშიც ტურიზმი ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს. რუსეთ-უკრაინის ომი ცალსახაა აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზეც, ომის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე რამდენიმე მიმართულებით გამოიხატება.
Colliers International-ის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ტურისტული ნაკადი უკრაინიდან ეგვიპტეში წლის განმავლობაში 49%-ით გაიზარდა. 2021 წელს უკრაინელები გახდნენ პირველი ტურისტები, რომლებიც ეგვიპტეში პანდემიის შემდეგ ჩავიდნენ. 2021 წელს რუსეთის ფედერაციამ გააუქმა ეგვიპტეში ჩარტერული ფრენების ექვსწლიანი აკრძალვა, რომელიც დაწესდა 2015 წელს ავიაკატასტროფის შემდეგ. 2022 წელს ამ ქვეყნიდან 700 ათასმა ვიზიტორმა მოახერხა კურორტებზე გაფრენა. ეგვიპტის ტურიზმის სამინისტრო ახლა სხვა ქვეყნებიდან ვიზიტორების მოზიდვას ცდილობს.[8]
2019 წლის მარტის თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საქართველოში შემომსვლელთა ბელარუსიის მოქალაქეების რიცხვი. მაგალითად, 2022 წლის მარტში, 2019 წლის მარტის თვესთან შედარებით, ბელარუსიის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაჩვნებელი 155%-ით გაიზარდა, უკრაინის მოქალაქეების 1%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთის მოქალაქეების 56%-ით შემცირდა. 2022 წლის მარტი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში დარჩა (შემომსვლელთა და გასულთა სხვაობა) შემოსული რუსეთის მოქალაქეების 18%, უკრაინის მოქალაქეების 20%, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების 28%. აღნიშნული მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.მაგალითად, 2019 წლის მარტი-ივნისის პერიოდში ვიზიტორი რუსეთის მოქალაქეების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი შეადგენდა 5%-ს, უკრაინის მოქალაქეების – 6%-ს, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების -17-ს%. [9]
გრაფიკიN2: საქართველოში შემოსულ და გასულ პირებს შორის პროცენტული სხვაობა
წყარო:idfi.ge
გრაფიკი N3: საქართველოში დარჩენილი უკრაინის, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეები.
წყარო: idfi.ge
რაც შეეხება უახლოეს სტატისტიკურ ინფორმაციას, 2023 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.0 მილიონს მიაღწია, რაც 22.5 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 478.4 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 21.3%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 12.9%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (571.4 ათასი), თურქეთის (498.9 ათასი) და სომხეთის (339.0 ათასი) მოქალაქეების მიერ. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა აჭარის ა/რ-ში და თბილისში, შესაბამისად, 1 174.7 ათასი და 1 081.9 ათასი ვიზიტი. [10]
როგორც სტატისტიკური ინფორმაციიდან ვიგებთ, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად საქართველოში შემოსული ტურისტების რიცხვი გაცილებით გაიზარდა, ყველაზე დიდი რაოდენობით ტურისტი ჩამოვიდა რუსეთიდან ვიდრე უკრაინიდან, რაც სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება აიხსნას. გარდა ამისა, ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა რუსეთზე გაცილებით მეტად არის დამოკიდებული ვიდრე უკრაინაზე. საბოლოოდ კი სახეზეა მაღალი ინფლაცია საქართველოში, რაც მიწოდების გლობალური ჯაჭვის დარღვევითაა განპირობებული, რაც მიწოდების შემცირებასა და ფასების ზრდას უზრუნველყოფს.
ისრაელ-ჰამასის ომის გავლენა საქართველოს ტურისტულ სექტორზე
ისრაელ-ჰამასის ომი არის ისრაელისა და ღაზის სექტორის ტერიტორიაზე მიმდინარე ომი, ისრაელის სახელმწიფოსა და ისლამისტურ სამხედრო დაჯგუფება -ჰამასს შორის. სამხედრო დაპირისპირევა თავდაპირველად 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს.
შესაძლოა ითქვას, რომ ისრაელ-ჰამასის ომი მთლიანად მსოფლიოსთვის გამოწვევაა, იგი არაერთ სექტორზე აისახება უარყოფითად. განვიხილოთ საქართველოს მაგალითი, რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ტურიზმზე ეს ყოველივე თავის გავლენას მოახდენს.
ბოლო ხუთი წელია, რაც ვიზიტების რაოდენობით ისრაელი ყოველთვის ხვდება ათეულში, ამავდროულად, ისრაელი ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს საქართველოში.
ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის 9 თვეში ისრაელიდან საქართველოში ჯამში 182 000-ჯერ შემოვიდნენ. [2]
ცენტრალური ბანკის მონაცემებით, მათ იანვარ-სექტემბერში საქართველოში თითქმის 260 მილიონი დოლარი დახარჯეს, რაც ტურიზმისგან მიღებული მთლიანი შემოსავლების 8%-ია. დანახარჯების კუთხით ისრაელს მხოლოდ რუსეთი, თურქეთი და ევროკავშირის ქვეყნები* [ყველა ერთად აღებული] უსწრებენ. [2]
მართალია, 2023 წელს, ომამდე ტურიზმის დარგში საქართველოს არამეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ისრაელი იყო, თუმცა შესაძლოა ომმა ეს სურათი შეცვალოს.
აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში საგრძნობლად შემცირდა ავიამიმოსვლაც. Georgian Airways-მა და Arkia Airline-მა ფრენები შეწყვიტეს. თუმცა Israir Airlines და El Al Israel Airlines ისევ აგრძელებენ ფრენას. [2]
რომ შევაჯამოთ, მიმდინარე ომი უარყოფითად აისახება როგორც საქართველოს ეკონომიკაზე, ისე ტურიზმის სექტორზეც. შემცირებულია ავიამიმოსვლაც, რაც რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება ტურისტულ ნაკადებზეც.
დასკვნა
მსოფლიოში ტურიზმი ერთ-ერთი უდიდესი სფეროა, რომლის განვითარებასაც უპირველესად ქვეყნის უსაფრთხო გარემო ტურიზმი ქმნის სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს მოსახლეობისთვის შემოსავლების ზრდას. მნიშვნელოვანია საერთაშორისო ტურიზმიც, იგი ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას უწყობს ხელს და დადებითად მოქმედებს ქვეყნის სოციალურ და კულტურულ გარემოზე. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ტურისტული ბიზნესის, კრიზისიდან გამოყვანა.
განვიხილეთ სამი უმწვავესი კრიზისი, რომელმაც უარყოფითად იმოქმედა ჩვენი ქვეყნის როგორც ეკონომიკურ განვითარებაზე, ისე კონკრეტულად ტურიზმის სექტორზეც.
COVID 19-მა ადამიანურ მსხვერპლთან ერთად, მნიშვნელობნაც შეცვალა მსოფლიოს ეკონომიკა. შეიცვალა ყოველდღიური ცხოვრება და ჩამოყალიბდა სხვაგვარი პრიორიტეტები. გაჩნდა მოგზაურობის, გადაადგილების და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნის შიში. პანდემიის შემდგომ ძალიან ბევრმა დაკარგა სამსახური, დარჩნენ შემოსავლის გარეშე, რაც ტურიზმის დარგზე უარყოფითად აისახება. პანდემიამ ამავდროულად შეცვალა სასტუმრო ინდუსტრიის მომხმარებელთა ქცევის წესები.
პანდემიის შემდგომ მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დადგა, დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, ხოლო დღეს კი აქტუალური საკითხია ისრაელ-ჰამასის ომი.
სწორედაც რომ კრიზისები (პანდემია, ომი, კონფლიქტი და ა.შ) უარყოფითად მოქმედებენ ქვეყნის ტურიზმზე. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ტურისტული სექტორის აღდგენა უნდა მოხდეს თანდათან, გარკვეული სწორი ნაბიჯების გადადგმით.
1. .გოლდნერიჩარლზრ.,რითჩიჯ.რ.ტურიზმი (საფუძვლები, პრაქტიკა, თეორია). ქართულენოვანი გამოცემა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. საელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა 2013 წ;
2. https://www.radiotavisupleba.ge/
3. http://www.economy.ge/?page=news&nw=1580
4. Georgian National Tourism Administration. (n.d). Research. In gnta.ge. https://gnta.ge/statistics/
5. http://shromebi.gtu.ge/admin/uploads/shroma%20N4(526)/02-bokeria.pdf
6. Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia & Georgian National Tourism Administration. (2020). 2020 Georgian Tourism in Figures: Structure & Industry Data. In gnta.ge
7. Georgian National Tourism Administration. (n.d). Research. In gnta.ge. https://gnta.ge/statistics/
8. https://old.commersant.ge/ge/post/rogor-dazaraldeba-msoflio-turizmi-ukraina-rusetis-omisgan
9. https://idfi.ge/ge/tourism_or_migration_rate_of_stay_of_russian_citizens_in_georgia
10. https://www.geostat.ge/