EU-ის კანდიდატის სტატუსის ეკონომიკური სარგებელი

ავტორის სტილი დაცულია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტები
ლიკა გეგია 
Lika.gegia780@eab.tsu.edu.ge
მალხაზ კოკიჩაშვილი
Malkhaz.kokichashvili480@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

ბევრი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ, ევროკომისიამ 8 ნოემბერს რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის დიდი ხნის ნანატრი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროპის კარი საქართველოსთვის ახლა ოდნავ უფრო ფართოდ გაიღო. განსხვავებით უკრაინასა და მოლდოვასგან, რომელთაც კანდიდატის სტატუსი გასული წლის ივნისში მიიღეს, საქართველოს სანაცვლოდ, ჯერ 12 პრიორიტეტის შესრულება მოეთხოვებოდა. ეს პრიორიტეტები ისეთ სფეროებს უკავშირდება, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა, სასამართლო რეფორმა და ფუნდამენტური უფლებები. ამ მიზნებისკენ გარკვეული წარმატების მიუხედავად, მოცემულ რეკომენდაციას გააჩნია 9 ძირითადი დათქმა, რომელიც უნდა შესრულდეს პროგრესის მისაღწევად. ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება დეკემბერში გახდება ცნობილი. [1] [2] [3]

Annotation

After a long, hard think, The European Commission recommended on November 8 that Georgia be granted its long-awaited candidate status. Europe’s doors opened slightly wider for Georgia. Unlike Ukraine and Moldova, which became candidates in June last year, Georgia had instead been required to address 12 priorities first. These priorities cover areas such as democracy, rule of law, judicial reform and fundamental rights. Despite some progress towards those goals, the offer comes with nine key conditions that must be fulfilled for progress to be made. The final decision on the country’s candidacy will be announced in December. [1] [2] [3]

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობა

კანდიდატის სტატუსის გაცემით ევროკავშირი აღიარებს, რომ ქვეყანას ნამდვილად აქვს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიცია და პოტენციალი, თუმცა ამისთვის ის ჯერ მზად არ არის. გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქვეყანას ექნება იმის უფლება, რომ ის ევროკავშირს ოფიციალურად შეუერთდეს. მარტივად, ეს არის ევროკავშირის მხრიდან ქვეყნის პოლიტიკურად აღიარების უმაღლესი ფორმა, რომლის შემდეგ მხოლოდ წევრობა მოდის.

დღეისათვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი რვა ქვეყანას აქვს მინიჭებული, მათ შორისაა ჩვენი მეზობელი თურქეთიც, რომელმაც კანდიდატის სტატუსი ჯერ კიდევ 1999 წელს მიიღო, თუმცა მას შემდეგ ევროინტეგრაციის პროცესი გაყინულია. თურქეთის შემდეგ, ევროკავშირის კარები ნაწილობრივ კიდევ რამდენიმეჯერ გაიხსნა, მაგალითად: 2005 წელს, როცა კანდიდატის სტატუსი მაკედონიამ მიიღო; 2010 წელს, როცა ეს სტატუსი მონტენეგროს ერგო; 2012 წელს, როცა სტატუსი სერბეთმა და ალბანეთმა გაინაწილეს; და 2022 წელს, როცა კანდიდატი ქვეყნების სიაში ბოსნია-ჰერცოგოვინა, უკრაინა და მოლდოვა მოხვდნენ. [4]

ცხრილი 1. EU-ს კანდიდატი ქვეყნების მშპ

 წყარო: ბიზნეს მედია [4]

ცხრილი 1-ში მოცემული გვაქვს ევროკავშირის 9 კანდიდატი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, მათ შორის არის საქართველოც. პირველ ადგილს $905.9 მილიარდით იკავებს თურქეთი, რომლის მოსახლეობაც 85 მილიარდს შეადგენს, ხოლო ბოლო ადგილზეა მონტენეგრო $6.1 მილიარდით. მოცემული ქვეყნების მშპ-ზე დაკვირვებით, ვხედავთ, რომ სამეულში თურქეთის შემდეგ უკრაინა და სერბეთი ლიდერობენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკა კანდიდატის სტატუსის მქონე ხუთ სახელმწიფოს უსწრებს (ბოსნია, ალბანეთი, მოლდოვა, მაკედონია და მონტენეგრო). არსებული მონაცემების საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი საკმაოდ დამაკმაყოფილებელია.

კანდიდატის სტატუსის ეკონომიკური სარგებელი

კანდიდატის სტატუსი პოლიტიკურ აღიარებასთან ერთად იძლევა წვდომას ევროკავშირის ფინანსურ რესურსებთან. ეს სტატუსი (პოტენციური კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში ვრცელდება შეზღუდულად) საქართველოს გზას უხსნის გაწევრიანების წინა ფინანსურ ინსტრუმენტზე – IPA-ზე, რომლის ბიუჯეტიც 14 მილიარდ ევროს და 5 თემატურ მიმართულებას მოიცავს:

  • ინსტიტუციური და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება (კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი)
  • ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა (კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი)
  • სასოფლო და სათემო დასახლებების განვითარება (მხოლოდ კანდიდატი)
  • რეგიონების განვითარება (მხოლოდ კანდიდატი)
  • ადამიანური რესურსების განვითარება (მხოლოდ კანდიდატი)

ამ ინსტრუმენტზეა მიბმული ეკონომიკური და საინვესტიციო პროგრამა, რომელიც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან, ანუ EIB-დან, IMF-დან, EBRD-დან, KfW-დან, WB-დან და კერძო სექტორებიდან 30 მილიარდი (9 მილიარდი გრანტი და 20 მილიარდი საფინანსო ინსტიტუტების ინვესტიციები) ევროს მობილიზებას ითვალისწინებს.

აგრეთვე, კანდიდატ სახელმწიფოებს  შეეძლებათ გამოიყენონ ე.წ. ევროკავშირის სამეზობლო, განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის (NDICI) ინსტრუმენტით გათვალისწინებული თემატური ფონდებიდან დაფინანსება, რომელიც 2021-2027 წლებისთვის 19 მილიარდ ევროს შეადგენს.

გარდა ამისა, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს წვდომა აქვთ ევროკავშირის 11 საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელთაგან საქართველოში მხოლოდ რამდენიმე მოქმედებს(Erasmus+, ჰორიზონტი 2020, კრეატიული ევროპა). ეს პროგრამები ხელს უწყობს კულტურულ გაცვლას, რაც ზოგად განათლების დონეზეც აისახება. სტატუსის მქონე სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის ევროპაში მოგზაურობა და განათლების მიღება უფრო მარტივი ხდება.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსმა შეიძლება გამოიწვიოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესება. მას შეუძლია გაამარტივოს სავაჭრო პროცედურები, შეამციროს ტარიფები და ბარიერები. გახსნას ახალი ბაზრები ქვეყნის ბიზნესისთვის, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას. ეს სტატუსი ინვესტორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მიანიშნებს, რომ ქვეყანა დემოკრატიისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ერთგულია. ეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას ქმნის, რაც უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად მნიშვნელოვანია. თავის მხრივ ინვესტიციები ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას.

ევროკავშირის კანონებთან და რეგულაციებთან შესაბამისობის პროცესი მოითხოვს გამართულ მართლმსაჯულების სისტემას, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მაღალ დონეზე დაცვას. ეს ყველაფერი პოლიტიკური სტაბილურობისა და ძლიერი ინსტიტუტების გარანტია. ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შეუძლიათ ისარგებლონ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობით, რომელიც ისევ ამ ქვეყნის სტაბილურობაზე აისახება.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ამ შესაძლებლობების გამოყენებით დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში (კვლევის პერიოდში უკრაინა, მოლდოვა, საქართველოზე არ განიხილებოდა სტატუსის მინიჭება) მთლიანობაში არა მხოლოდ 6,7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის გენერირება არის შესაძლებელი, არამედ ამ ქვეყნებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მასშტაბური ზრდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. [4] [5] [6]

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის საკვანძო მოვლენები

8 ნოემბერს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაცია მიიღო. სტატუსის მინიჭების საბოლოო გადაწყვეტილებას კი ევროპის საბჭო 15 დეკემბერს მიიღებს. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ეს კიდევ ერთი ისტორიული დღე იყო, რადგან მრავალწლიანი სვლა ევროპულ ოჯახამდე კიდევ ერთი ნაბიჯით დამოკლდა. სადაც სამომავლო პერსპექტივაზე ვსაუბრობთ, იქვე აწ უკვე გაწეული დახმარებაც უნდა გავიხსენოთ. 1992 წლიდან, ანუ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან მოყოლებული, ევროკავშირი საქართველოს უდიდესი მხარდამჭერი და დონორია. წლების განმავლობაში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების საერთო მოცულობა 6 მილიარდ ლარს აღწევს. გარდა ამისა, ევროკავშირი ქვეყანას ცალკეული პროგრამებით, გრანტებით, შეღავათიანი სესხებითა და ფინანსური ინსტრუმენტებითაც ეხმარება. საქართველომ 2014 წელს ასოცირების შეთანხმება გააფორმა, რომელიც თავის მხრივ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მოიცავს. 2017 წლიდან კი საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. ევროკომისიამ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც მოიცავს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის საკვანძო მოვლენებს 2014 წლიდან დღემდე და ასევე ინფორმაციას იმ ფინანსურ დახმარებებზე, რომელიც ქვეყანამ მიიღო და იღებს ევროკავშირისგან.

საკვანძო მოვლენები:

  • 2014 წლის ივნისი: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ხელმოწერა;
  • 2016 წლის ივლისი: ასოცირების შეთანხმების და DCFTA-ის ძალაში შესვლა;
  • 2022 წლის მარტი: ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენა;
  • 2022 წლის ივნისი: კომისიის მოსაზრებით კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციის გაცემა და შესასრულებელი 12 პრიორიტეტის განსაზღვრა;
  • 2022 წლის ივნისი: ევროპული საბჭოს მიერ 12 პრიორიტეტის დამოწმება;
  • 2023 წლის ივნისი: კომისიის მიერ საბჭოსთვის გაკეთებული ზეპირი მოხსენება 12 პრიორიტეტის შესრულების პროგრესზე;
  • 2023 წლის ნოემბერი: კომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემა, იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს.

ევროკავშირის დაფინანსება

საქართველოსვის ევრ ოკავშირი უმსხვილესი ფინანსური მხარდამჭერია. იგი ხელს უწყობს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და რეფორმებს, რისთვისაც ქვეყანას ფინანსურად და ტექნიკურად სამეზობლოს, განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტის (NDICI) მეშვეობით ეხმარება.

ევროკომისიის ცნობით, 2021-2024 წლებისთვის საქართველოსთვის გამოყოფილმა დაფინანსებამ 340 მილიონ ევროს უნდა მიაღწიოს. პრიორიტეტული სფეროებია ეკონომიკა, ინსტიტუტები, კანონმდებლობა, უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და კლიმატის მდგრადობა, ციფრული გარდაქმნა, გენდერული თანასწორობა და ინკლუზიური საზოგადოება.

ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა

აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის 2021 წელს შემუშავებული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით 2027 წლამდე 17 მილიარდამდე ევროს მობილიზებას ისახავს მიზნად. უშუალოდ საქართველოსთვის შემუშავებული გეგმის ფარგლებში, ევროკავშირმა უკვე მოაგროვა 1.7 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციები, რომელთაგან 194 მილიონი ევრო გრანტების სახით გაიცა. მოცემული თანხა ხმარდება:

  • საქართველოს 80,000 მცირე და საშუალო საწარმოს მხარდაჭერას;
  • შავ ზღვაში წყალქვეშა ოპტიკურბოჭკოვანი კაბელისა და ელექტროკაბელის განთავსებას;
  • ევროკავშირისა და საქართველოს დასაკავშირებლად შავ ზღვაზე რეგულარული საბორნე მიმოსვლის უზრუნველყოფას;
  • საჯარო და საცხოვრებელი შენობების ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესებას;
  • სოფლებში სწრაფი ფართოზოლიანი ინფრასტრუქტურის განვითარებას ევროკავშირის დახმარებით, ქართლში ფონდის, „მწვანე ზრდისთვის“, მეშვეობით აშენდა ქარის ელექტროსადგური, რომელიც პირველია კავკასიის რეგიონში და მიზნად კლიმატის ცვლილების შერბილებასა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის წახალისებას ისახავს.

ადამიანური კაპიტალი და ინოვაცია

ევროკომისიის მონაცემებით, 2015-2022 წლებში ევროკავშირმა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად 22.5 მილიონი ევრო გამოყო. 2014-2020 წლებში კი, ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაცვლით პროექტებში განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში, 11,000 მონაწილე იყო ჩართული როგორც სტუდენტები, ისე პროფესორ-მასწავლებლები.

უსაფრთხოება და მედეგობა

ევროკავშირი გვეხმარება უსაფრთხოების მიმართულებითაც-2021-2023 წლებში ევროპის სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში 63 მილიონ ევრომდე მოგროვდა საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო, საინჟინრო და ლოგისტიკური ერთეულების გასაძლიერებლად. ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებშიც აგრძელებს. [4] [7] [8]

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიდან-წევრობამდე: მაგალითები

მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ , რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის გზაზე კანდიდატის სტატუსი არის წინ გადადგმული ნაბიჯი. მართალია ის რომ, იგი არ იძლევა დაუყოვნებლივ გაწევრიანების გარანტიას და პროცესი შეიძლება იყოს ხანგრძლივი, რაც მოიცავს მკაცრ შეფასებებსა და რეფორმებს. სარგებელი კი რეალიზდება თანდათანობით, როდესაც ქვეყანა უახლოვდება ევროკავშირის სრულ წევრობას.

მნიშვნელოვანია ვისაუბროთ კონკრეტულ მაგალითებზეც, თუ სტატუსის მიღების შემდეგ რა სარგებელი მიიღეს სხვადასხვა ქვეყნებმა. ეს საქართველოს მოქალაქეებს გაუადვილებს კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობის გააზრებას.

  • სლოვენია: სლოვენია, ყოფილმა იუგოსლავიის რესპუბლიკამ, მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 1999 წელს და ევროკავშირის წევრი გახდა 2004 წელს. პროცესში რამდენჯერმე გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკური სარგებელი, რადგან სლოვენიურმა კომპანიებმა მიიღეს წვდომა ერთიან ევროპულ ბაზარზე, რამაც გამოიწვია ექსპორტისა და უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი გაზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა და მაღალი ხელფასები. მოქალაქეებს აღარ უწევდათ ემიგრაციაში, ევროპის სხვა ქვეყნებში გადახვეწა.
  • ხორვატია: ხორვატიამ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2003 წელს და გახდა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი 2013 წელს. გაწევრიანების პროცესში გააუმჯობესა მართლმსაჯულების სისტემა – სასამართლო გახდა დამოუკიდებელი. ამ პროცესმა გაზარდა გამჭვირვალობა, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ბევრად ეფექტურს ხდის. ევროკავშირში გაწევრიანებამ გახსნა ახალი სავაჭრო შესაძლებლობები და ხორვატიას მისცა წვდომა ევროკავშირის სტრუქტურულ ფონდებზე, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას.
  • ბულგარეთი და რუმინეთი: ორივე ქვეყანამ  ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2000 წელს მიიღო და ევროკავშირს შეუერთდნენ 2007 წელს. ევროკავშირის წევრობამ წაახალისა დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები, შექმნა მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა და გააუმჯობესა მართლმსაჯულების სისტემები. ორივე ქვეყანა ევროკავშირის ერთობლივი ფონდებიდან სარგებლობს ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერით.
  • ჩრდილოეთ მაკედონია და ალბანეთი: ორივე ქვეყანას მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და მუშაობდნენ გაწევრიანებაზე. კანდიდატის სტატუსმა ხელი შეუწყო პოლიტიკურ და ინსტიტუციურ რეფორმებს, გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა და ხელი შეუწყო ეკონომიკურ ზრდას ვაჭრობისა და ინვესტიციების მეშვეობით.
  • სერბეთი და მონტენეგრო: მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არიან ევროკავშირის წევრები, ორივე ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი (სერბეთი 2012 წელს, მონტენეგრო 2010 წელს). ამ სტატუსმა ხელი შეუწყო სტაბილურობას და რეფორმებს რეგიონში, გაზარდა უცხოური ინვესტიციები და სავაჭრო შესაძლებლობები. [6]

დასკვნა

ამგვარად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სარგებელი პროგრესულია და განსხვავდება კონკრეტული გარემოებებისა და თითოეული კანდიდატი ქვეყნის მიერ განხორციელებული რეფორმების მიხედვით. ევროკავშირში გაწევრიანება მრავალსაფეხურიანი პროცესია და პროგრესის ტემპი შეიძლება განსხვავდებოდეს. თითოეული ქვეყნის წევრობის გზაზე გავლენას ახდენს მისი უნიკალური პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კონტექსტი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება ქვეყნისათვის დიდ გამარჯვებას წარმოადგენს, თუმცა ზეიმამდე არის გარკვეული დრო, რადგან მიზანი საქართველოს ევროკავშირის წევრობაა და არა კანდიდატობაზე შეჩერება.

ბიბლიოგრაფია:

1. https://cepa.org/article/eu-to-georgia-yes-but/?fbclid=IwAR3156dHXyXNlXP0rQ3FmK1fqb5Z2jnlihzCnuxoxdaAKAEC-CmuubECb8c  ბოლოს ნანახი: 22.11.2023
2. https://eurasianet.org/georgia-recommended-for-eu-membership-candidate-status?fbclid=IwAR0D_XCXSxJ1WiWFxcSVS-uf3L7rTcBUbiogLUuLnqu-ewdzaB8jiGP6Rnw ბოლოს ნანახი: 22.11.2023
3. https://civil.ge/archives/568874?fbclid=IwAR05tx48BYYhmB-8O4v3bfaMAM-2atVrFhRnOIPd96oo9gEY6g4Zpy8qrMI ბოლოს ნანახი: 22.11.2023
4. https://bm.ge/news/ra-aris-evrokavshiris-kandidatis-statusi-da-ra-sargebloba-moaqvs-mas ბოლოს ნანახი: 02.12.2023
5. https://www.bpn.ge/article/116451-statusis-pasi-ra-ekonomikur-sargebels-moutans-sakartvelos-evrokavshiris-kandidati-kveqnis-statusi ბოლოს ნანახი: 02.12.2023
6. https://commersant.ge/news/arias-blogi/ratom-schirdebat-qveynebs-kandidatis-statusi-komersantis-khelovnuri-inteleqtis-mqone-zhurnalistis-arias-blogi ბოლოს ნანახი: 03.12.2023
7. https://bm.ge/news/saqartvelo-eu-ekonomikuri-urtiertoba-ritskhvebshi ბოლოს ნანახი: 03.12.2023
8. https://bm.ge/news/rogor-daekhmaraekhmareba-finansurad-evrokavshiri-saqartvelos-evrokomisiis-monatsemebi?fbclid=IwAR3vn9UMWUE0cCVF7URw3LskouW6RzeGd6iHZM5VUCUeronkUOXUgG2M3UM ბოლოს ნანახი: 03.12.2023