საფონდო ბირჟის ისტორია

რედაქციისგან

თანამედროვე საფონდო ბაზრის წინაპარი იყო შუასაუკუნეების დროინდელი ვექსილის ბაზრობები და ვექსილის მუდმივი ბაზრები, რომლებიც XIII-XIV საუკუნეებში დროდადრო წარმოიშვებოდა და მერე ისევ ქრებოდა.

ექსილით ვაჭრობას ფასიანი ქაღალდების ბაზრის პირველი პროფესიული მონაწილეებისა და პირველი ბირჟების წარმოქმნა უკავშირდება, სადაც საქონელსა და ვექსილზე გარიგებები მიმდინარეობდა. მიიჩნევა, რომ პირველი ბირჟები, რომლებზეც ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციები წარმოებდა, ანტვერპენსა (1531 წელს) და ლიონში XVI საუკუნეში დაფუძნებული ბირჟები იყო. ამავე პერიოდში სხვადასხვა გარემოებების მიზეზით ამ ბირჟებმა არსებობა შეწყვიტეს. თანამედროვე გაგებით საფონდო ბირჟა მხოლოდ XVI საუკუნის ბოლოს ჩაისახა, რაც განაპირობა სახელმწიფოს მხრიდან საემისიო აქტივობის გაძლიერებამ და სააქციო კომპანიების წარმოშობამ.
პირველ სააქციო საზოგადოებებად XVI-XVII საუკუნეებში ინგლისში ჩამოყალიბებული მოსკოვური, ლევანტური, ბალტიური, აღმოსავლეთ-ინდური კომპანიები მიიჩნევა, ასევე ჰოლანდიური გაერთიანებული აღმოსავლეთ-ინდური კომპანია. სავაჭრო კომპანიების აქციები მათი შექმნიდან ძალიან მოკლე დროში გახდა ყიდვა-გაყიდვის ობიექტი, როგორც ინგლისში, ასევე ჰოლანდიაში.
1600 წლიდან 1657 წლამდე ინგლისური აღმოსავლეთ-ინდური კომპანია მუდმივად განახლებადი კაპიტალის სისტემით მოქმედებდა. მონაწილეებს პაი ყოველი ნაოსნობის შემდეგ უბრუნდებოდათ. 1657 წლიდან კომპანიების წესდება ისე შეიცვალა, რომ თანამედროვე გაგებით სააქციო საზოგადოებებად გადაიქცნენ. კომპანიებმა დაიწყეს დივიდენდების გადახდა და არა მთლიანი მოგების განაწილება. მნიშვნელოვნად გაამარტივეს კომპანიიდან გასვლის პროცედურაც. ჰოლანდიურ აღმოსავლეთ-ინდურ კომპანიაში 40 წლის განმავლობაში აქციების მიხედვით დივიდენდებს ფულით ძალიან იშვიათად გასცემდნენ, ძირითადად – საქონლით (სანელებლები). კომპანია მხოლოდ 1644 წლიდან შეუდგა დივიდენდების ფულით გადახდას. არსებობის 200 წლის მანძილზე კომპანია რეგულარულად იხდიდა დივიდენდს, რომლის საშუალო წლიური განაკვეთი ნომინალიდან 18%-ს შეადგენდა.
XIX საუკუნემდე სააქციო საზოგადოებები დიდ იშვიათობას წარმოადგენდა და მათი ფასიანი ქაღალდები საფონდო ბირჟის ბრუნვის უმნიშვნელო წილს უზრუნველყოფდა.
ფასიანი ქაღალდების ოპერაციების დიდი ნაწილი სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე მოდიოდა – სწორედ სახაზინო ვალდებულებებით ვაჭრობამ განაპირობა თანამედროვე საფონდო ბირჟებისა და საინვესტიციო ინსტიტუტების წარმოშობა.
დღემდე შემორჩენილ უძველეს საფონდო ბირჟად ამსტერდამის ბირჟა მიიჩნევა, რომელიც 1611 წელს შეიქმნა. იგი 1613 წლამდე უნივერსალური იყო და ვაჭრობდა როგორც საქონლით, ასევე ფასიანი ქაღალდებით. სწორედ აქ მოხდა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის ყველა იმ მეთოდის აპრობირება, რომელიც დღემდე არსებობს – სასწრაფო გარიგებები, მათ შორის გარიგება პრემიით (ოფციონები), რეპორტული და დეპორტული ოპერაციები, მარჟული გარიგებები და სხვ.
ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის ტექნიკა აბსოლუტურად იდენტური იყო საბირჟო საქონლით ვაჭრობის ტექნიკისა, მაგრამ თანდათანობით შემუშავდა ქცევის სპეციფიკური ნორმები. თანამედროვეთა გადმოცემით, ყველაზე დიდი სირთულე იყო 1621 წელს გამოსული აკრძალვა, რომელშიც ეწერა – “აკრძალულია ბილწსიტყვაობა და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება””.
თავდაპირველად ბირჟაზე დაშვება თავისუფალი იყო. ყველა დამსწრეს ჰქონდა უფლება, იმასთან დაედო გარიგება, ვისთანაც სურდა. გარიგების დადება მთავრდებოდა აუცილებელი ხელის ჩამორთმევით, რაც ვაჭრობის წესებში შედიოდა.
რაც შეეხება აქციებს, დიდი ხნის მანძილზე რეგულარულ ვაჭრობას მხოლოდ გაერთიანებული აღმოსავლეთ-ინდური კომპანია უზრუნველყოფდა – ნიდერლანდების პირველი სააქციო კომპანია.
სხვა საფონდო ფასეულობების რიცხვში ჰოლანდიის სახელმწიფო ობლიგაციებიც შედიოდა, ასევე – ამსტერდამისა და სხვა ჰოლანდიური ქალაქების ადმინისტრაციების. მეორე სააქციო კომპანია, რომლის აქციებმა ამსტერდამის ბირჟაზე დაიწყო ბრუნვა, აღმოსავლეთ-ინდური კომპანია გახდა.
XVII საუკუნეში ემიტენტებს შორის გამოჩნდა ინგლისური აღმოსავლეთ-ინდური კომპანია, სამხრეთული ზღვების კომპანია, ინგლისის ბანკი, ევროპის სახელმწიფოების მთავრობები. 1747 წელს ამსტერდამის ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების 44 სახეობა კოტირდებოდა.
მეორე საფონდო ბირჟა დიდ ბრიტანეთში წარმოიშვა. სწორედ ინგლისის ტერიტორიაზე აღმოცენდა პირველი სპეციალიზებული საფონდო ბირჟა, როცა 1773 წელს ლონდონის ბროკერებმა სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტებით ჯონათანის ყავის სახლში გარიგების ოპერაცია განახორციელეს. ბროკერები სამეფო ბირჟის უბანში (Royal Exchange) და ტრედნიდლის ქუჩაზე თავიანთი შეხვედრებისთვის სპეციალურ ფართებს ქირაობდნენ, რომლებსაც პირველად ეწოდა საფონდო ბირჟა (Stock Exchange).
ბირჟის წევრობა, როგორც ამსტერდამში, აქაც არ იყო შეზღუდული – ნებისმიერ მსურველს შეეძლო ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება, თუკი ამისთვის დღეში 6 პენსს გადაიხდიდა.
საფონდო ბირჟები ლივერპულშიც აღმოცენდა (სპეციალიზაცია — სადაზღვევო კომპანიების აქციები და ამერიკული ემიტენტები), მანჩესტერში (რკინიგზა და ტექსტილის საწარმოები), გლაზგოში (გემთმშენებლობა და მეტალურგია), კარდიფში (მომპოვებელი მრეწველობა), თუმცა XIX საუკუნის დასაწყისშიც საფონდო ბირჟებზე ცენტრალურ ადგილს ლონდონი იკავებდა. მსოფლიო საფინანსო ცენტრად უკვე არა ამსტერდამი, არამედ ლონდონი მიიჩნეოდა.
თითქმის XIX საუკუნის შუა რიცხვებამდე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების ძირითად სახეობას სახელმწიფო ობლიგაციები წარმოადგენდა, ვინაიდან ინგლისში დიდი ხნის განმავლობაში (1720 წლიდან XIX საუკუნეების შუა პერიოდამდე) სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბებისთვის საკანონმდებლო შეზღუდვები მოქმედებდა, რასაც შემდეგი გარემოებები განაპირობებდა:
საკუთრების სააქციო ფორმის უპირატესობამ, რომლის დემონსტრირებაც აღმოსავლეთ-ინდურმა კომპანიამ მოახდინა, XVIII საუკუნეში სააქციო საზოგადოებების შექმნის წარმოუდგენელი ზრდა გამოიწვია. ამ ცხელებამ თავის აპოგეას საუკუნის პირველ ნახევარში მიაღწია, როცა ინგლისური სამხრეთული ზღვების კომპანია (1711 წელი) და ფრანგული კომპანია “მისისიპი”” (1717 წელი) შეიქმნა, თუმცა ეს კომპანიები მალევე გაკოტრდნენ.
ინგლისში 1720 წელს სამხრეთული ზღვების კომპანიის გაკოტრების შემდეგ შემოიღეს კანონი (Bubble Act), რომლის თანახმადაც, სტატუსის – “შეზღუდული პასუხისმგებლობა” (limited liability) – მიღება შესაძლებელი იყო მხოლოდ პარლამენტის სპეციალური აქტის საფუძველზე.
სამხრეთული ზღვების კომპანიის ისტორია დიდი ხანია, ქრესტომატიულად იქცა. ყველა სახელმძღვანელოში, რომელშიც საუბარია კომპანიის საქმიანობის სამართლებრივ საკითხებზე, შესულია ისეთი ცნებები, როგორიც არის “სამხრეთული ზღვის ბუშტი” (South Sea Bubble) – როგორც არაუზრუნველყოფილი აქციების გამოშვებისა და ფინანსური პირამიდის შექმნის მაგალითი.
1708 წლიდან 1826 წლამდე მხოლოდ ინგლისის ბანკს ჰქონდა პრივილეგია ყოფილიყო სააქციო საზოგადოება, ყველა დანარჩენ ბანკს შეეძლო ემოქმედა, როგორც ინდივიდუალურ საწარმოს ან ამხანაგობას. ეს შეზღუდვები, ბუნებრივია, ხელს უშლიდა ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე აქციების გამოჩენას. შეზღუდვა მხოლოდ XIX საუკუნის მეორე ნახევარში მოიხსნა, რის შემდეგაც სააქციო საზოგადოება გახდა ყველაზე ჭარბი საკუთრების ფორმა მსხვილი ბიზნესის ორგანიზებაში. თანაც განუსაზღვრელად გაიზარდა საფონდო ბირჟის, როგორც აქციების სპეციალიზებული ბაზრის როლი.
საფრანგეთში ფასიანი ქაღალდების თანამედროვე სპეციალისტების წინამორბედნი შუასაუკუნეების “გამცვლელები”” იყვნენ. ჯერ კიდევ 1304 წელს მეფე ფილიპ IV ლამაზმა სპეციალური ბრძანებით შემოიღო გამცვლელის პროფესია (ჩოურრატიერ დე ჩჰანგე, მოგვიანებით ეს სახელწოდება შეიკვეცა და ამ ადამიანებს მხოლოდ ჩოურტიერ-ით მოიხსენიებდნენ). 1639 წლიდან ამ სპეციალისტებს ეწოდათ გამცვლელი აგენტები (აგენტს დე ცჰანგე).
1724 წელს სავაჭრო შუამავლებს შორის გარიგებების დასადებად სპეციალურად ააგეს შენობა. მათი საქმიანობა საბირჟო ვაჭრობის თანამედროვე პრინციპებს ნაკლებად შეესაბამებოდა: არ იყო ფასებზე ხმოვანი განაცხადების მექანიზმი და საბირჟო ვაჭრობის პროცედურები. გამცვლელი აგენტებისთვის მხოლოდ 1777 წელს გამოიყო სპეციალური მოედანი, სადაც ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა ხდებოდა და შემოღებულ იქნა ფასის გახსნილად გამოცხადების წესი.
1801 წელს ნაპოლეონმა გამოსცა ბრძანება პარიზის საფონდო ბირჟის სპეციალური შენობის აგებისთვის, რაც 1826 წელს დასრულდა.
ძირითადი ფასიანი ქაღალდები, რასთანაც გაცვლის აგენტები მუშაობდნენ, XVIII წელს ვექსილი იყო და არა აქცია ან ობლიგაცია, თუმცა უკვე 1840 წელს პარიზის საფონდო ბირჟაზე კოტირებდა 130 გრძელვადიანი და საქმიანი ფასიანი ქაღალდი.
საფონდო ბირჟებმა ანალოგიური ევოლუცია განიცადეს ამერიკის კონტინენტზეც. ამერიკაში პირველი საფონდო ბირჟა ქალაქ ფილადელფიაში 1791 წელს აღმოცენდა. 1792 წელს ოცდაოთხმა ნიუ იორკელმა ბროკერმა, რომლებიც ფინანსური ინსტრუმენტებით მუშაობდნენ და გარიგებებს ლონდონელი კოლეგების მსგავსად ყავის სახლებში დებდნენ (ყველაზე ცნობილი ყავის სახლია “ტონტინი”), ხელი მოაწერეს “ჭადრის ქვეშ შეთანხმებას” (Bუტტონწოოდ Aგრეემენტ), რომელიც ნიუ იორკის საფონდო ბირჟის დაფუძნებას ითვალისწინებდა. ამ შეთანხმების ძირითად პირობას ის წარმოადგენდა, რომ გარიგების დადება შესაძლებელი იყო მხოლოდ საფონდო ბირჟის წევრებს შორის და ფიქსირებული იყო საკომისიოს მოცულობა (ეს უკანასკნელი პირობა მხოლოდ 1975 წელს გაუქმდა).
ლონდონის მსგავსად, ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზეც ვაჭრობის მთავარი ობიექტი სახაზინო ვა-ლდებულებები იყო და ბირჟაზე აქციებმა უმთავრესი ადგილი მხოლოდ სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ დაიკავა.
თითქმის არც ერთ დაწესებულებას არ მიუპყრია მეცნიერების, ჟურნალისტებისა და მწერლების იმხელა ყურადღება, როგორიც ნიუ იორკის საფონდო ბირჟას. ამის მიზეზია ის უდიდესი როლი, რომელიც მან XIX საუკუნის შუა პერიოდიდან – XX საუკუნის დასაწყისამდე ამერიკული კაპიტალიზმის განვითარებაში ითამაშა. სწორედ აქ იქმნებოდა ადრეული ფინანსური მაგნატების იმპერიები: ვანდერბილტი, მორგანი, ჰარიმანი, როკფელერი – იმპერიები, რომელთა ნაწილი დღესაც არსებობს.
გარდა იმისა, რომ ბირჟა ცალკეული ინდივიდების ფანტასტიური სიმდიდრის შეკვრის საშუალებას იძლეოდა, ასევე სერიოზულ მაკროეკონომიკურ როლს ასრულებდა, რადგან საინვესტიციო მექანიზმის ერთ-ერთ საკვანძო ელემენტს წარმოადგენდა. მაგალითად, XIX საუკუნეში აშშ-ში სარკინიგზო ქსელის შექმნა განუყოფლად უკავშირდება ნიუ იორკის საფონდო ბირჟას.
ანგლოსაქსურ ქვეყნებში საფონდო ბირჟები (აშშ, დიდი ბრიტანეთი და სხვ.), ამ ქვეყნების სოციალ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებებიდან გამომდინარე, თავიდანვე უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ, ვიდრე კონტინენტური ევროპის ქვეყნებსა და იაპონიაში. ეს თავისებურება, იაპონიის გამოკლებით, დღემდე შენარჩუნებულია.