მზადება ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად
რედაქციისგან
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭომ (EUGBC), ევროკავშირის დაფინანსებით, ქართველი ექსპორტიორებისათვის პუბლიკაციათა ციკლის მორიგი პუბლიკაცია გამოსცა – რა უნდა ვიცოდეთ საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე არაცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტისათვის.
წინამდებარე პუბლიკაციის მიზანია, ქართველ მეწარმეებს, მწვანილის, დაფნის ფოთლისა და თხილის მაგალითზე, გააცნოს არაცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და ექსპორტის მარეგულირებელი საქართველოსა და ევროკავშირში დღეისათვის მოქმედი ნორმატიული აქტები, აგრეთვე საერთაშორისო სტანდარტები, რაც მათ ამ პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტში დაეხმარება.
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს მიერ განხორციელებული ექსპორტის ხელშეწყობის პროექტის მიზანია, ევროპის ბაზარზე ექსპორტირებისთვის საჭირო საერთაშორისო სავაჭრო პრაქტიკის, წესებისა და ნორმების შესახებ ქართველ მეწარმეთა ცოდნის ამაღლება. პროექტის ფარგლებში გამოცემული ყველა პუბლიკაცია ქართულ ენაზეა დაწერილი და თან ინგლისურ ენაზე მომზადებული მოკლე ანოტაცია ერთვის. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს მიერ, ხსენებული პროექტის ფარგლებში გამოცემული პუბლიკაციები ევროპულ ბაზარზე ორიენტირებული ქართველი ექსპორტიორებისათვის (განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის) სასარგებლო პრაქტიკული სახელმძღვანელოა. მიმდინარე პროექტის ფარგლებში, დაინტერესებული მხარეებისთვის ევროკავშირთან ვაჭრობის სპეციფიკისა და მოთხოვნების უკეთ გაცნობის მიზნით სემინარიც ჩატარდება.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა პროექტის შედეგებით კმაყოფილება გამოხატა და გამოცემული პუბლიკაციის შესახებ განაცხადა: “მოხარულები ვართ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოსთან თანამშრომლობით, ვინაიდან გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ მოლაპარაკებების პროცესში ქვეყანაში რეფორმების განხორციელებას”.
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ემანუელ ჰატონის განცხადებით, “გამოცემული პუბლიკაცია სასარგებლო პრაქტიკული სახელმძღვანელო იქნება იმ ქართველი ექსპორტიორებისთვის, რომლებიც ევროპულ ბაზარზე მცენარეული წარმოშობის სურსათის ექსპორტით არიან დაინტერესებულები. ამ საქმიანობით საბჭო ხელს უწყობს ევროპასთან ვაჭრობის საკითხებზე ქართველი მეწარმეების ცოდნის ამაღლებას”.
პროექტის მიზნებზე საუბრისას, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა, კოტე ზალდასტანიშვილმა განაცხადა: “ჩვენს მიერ გამოცემული პუბლიკაცია, რომლებიც მკითხველისთვის მარტივი და გასაგები ენით არის დაწერილი, და დაგეგმილი სემინარი, ქართველ მეწარმეებს ევროკავშირის ბაზარზე არაცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტის სხვადასხვა ასპექტების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის და ამით ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობაში თავის წვლილს შეიტანს”.