ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილება 21-საუკუნის აქტუალურ საკითხებს ეხმიანება

მოამზადა მაკა ღანიაშვილმა

უმაღლესი საერთაშორისო სამეცნიერო ჯილდო ეკონომიკაში 2018 წელს მიანიჭეს ამერიკელ მეცნიერებს უილიამ დ. ნორდჰაუსს და პოლ მ. რომერს. როგორც ნობელის კომიტეტის საიტზე ვკითხულობთ „ორივე ლაურეატმა დაამუშავა მეთოდები, რომლებიც ჩვენი დროის ყველაზე საჭირბოროტო კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებას იძლევა, გრძელვადიანი და მყარი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისთვის… მათი წვლილი ნათელს ჰფენს ტექნოლოგიური ინოვაციებისა და კლიმატური ცვლილებების მიზეზებსა და შედეგებს“.

უილიამ დ. ნორდჰაუსი

იელის პროფესორმა, ნორდჰაუსმა შეიმუშავა მოდელი, რომელიც კლიმატთან დაკავშირებული პოლიტიკის შედეგების გაზომვას ითვალისწინებს – მაგალითად, თუ რა გავლენა აქვს გლობალურ ეკონომიკაზე მავნე ნივთიერებების გამომყოფი კომპანიებისათვის გადასახადების დაწესებას.

ნორდჰაუსმა გაეროს მიერ ინიცირებულ ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც, გლობალური დათბობის დამანგრეველი შედეგების პრევენციისთვის მსოფლიომ გრძელვადიანი, უპრეცენდენტო ცვლილებები უნდა განახორციელოს. მან მუშაობა გარემოს საკითხებზე დაიწყო ადრეულ 1970-იან წლებში და მას შემდეგ ცდილობს გაზომოს გლობალური დათბობის ეკონომიკური დანახარჯები. 1990-იან წლებში ნორდჰაუსი გახდა პირველი მეცნიერი, რომელმაც შეიმუშავა მოდელი, რომელიც ითვლის ეკონომიკისა და კლიმატის ურთიერთქმედების შედეგებს. ბოლო ნაშრომში ნორდჰაუსი გვაფრთხილებს, რომ „ნაკლებად სავარაუდოა ქვეყნებმა მიაღწიონ 2 გრადუსიან სამიზნე მაჩვენებელს, რომელიც მოცემულია პარიზის შეთანხმებაში“ და რომ „შესაბამისი პოლიტიკის გატარებამ დაიგვიანა“.

ადამიანთა აქტიურობამ გამოიწვია საშუალო გლობალური ტემპერატურის კიდევ უფრო დიდი სისწრაფით გაზრდა ბოლო 100 წლის განმავლობაში. ნორდჰაუსის კვლევები აჩვენებს, თუ როგორი დიდი ტემპებით ცვლის ეკონომიკური აქტივობები კლიმატურ პირობებს. „ორივე ეკონომისტის მოდელი და ამ მოდელების საკვანძო საკითხები, უაღრესად მნიშვნელოვანია კაცობრიობის კეთილდღეობისთვის“- ამბობს სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორი იაკობ სვენსონი – „ვიმედოვნებ რომ პოლიტიკოსები და გადაწყვეტილებების მიმღებნი გამოიყენებენ მათ კვლევებსა და მიგნებებს გრძელვადიანი გლობალური საკითხების გადაწყვეტისას“.

ნორდჰაუსის დასახელება ნობელის პრემიის ერთ-ერთ ლაურეატად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება თუ გავითვალისწინებთ იმ წნეხს, რომელიც მსოფლიოში გადაწყვეტილებების მიმღებებს აქვთ კლიმატური დათბობის საკითხთან დაკავშირებით; არსებობს ბევრი რისკი და გამოწვევა რომელსაც მსოფლიო უნდა გაუმკლავდეს. ასევე საყურადღებოა კიდევ ერთი ფაქტი – კლიმატის საკითხებზე მომუშავე ეკონომისტის დასახელება ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო ჯილდოს ლაურეატად მოხდა ერთი წლის შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან გმოიყვანა აშშ, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკა.

პოლ მ. რომერი

ნორდჰაუსის მსგავსად, ეკონომიკური ზრდის თანამედროვე ტენდეციების გათვალისწინებით, ასევე განსაკუთრებით აქტუალურია პოლ რომერის ნაშრომები, რომელიც ეკონომიკურ ზრდას უკავშირდება.

62 წლის პოლ რომერი, რომელიც წელს გადადგა მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტის პოსტიდან, ამტკიცებს რომ პოლიტიკის შემმუშავებლებმა უნდა შეწყვიტონ ბიზნესის ციკლის დახვეწაზე ფიქრი და ამის ნაცვლად ხელი შეუწყონ ახალი ტექნოლოგიების პოპულარიზაციას. 1990 წელს გამოქვეყნებული მისი ნაშრომი ემსახურებოდა ახალი, ე.წ. „ენდოგენური ზრდის თეორიისთვის“ საძირკვლის შექმნას.

რომერმა ბაკალავრის ხარისხი მათემატიკაში მიიღო ჩიკაგოს უნივერსიტეტში და იმავე უნივერსიტეტში ეკონომიკის დოქტორი გახდა 1983 წელს. ჩიკაგოში რომერი სწავლობდა ნობელის პრემიის 1995 წლის ლაურეატთან რობერტ ლუკასთან, რომელიც იყო მილტონ ფრიდმანის თავისუფალი ბაზრის თეორიების მხარდამჭერი. მიუხედავად ამისა, რომერი ამტკიცებდა რომ კონკურენცია არ არის სრულყოფილი და ზოგჯერ ბაზარზე ჩარევაა საჭირო. ბოლო წლებში მისი თავდასხმები ტრადიციულ ეკონომიკურ მოდელებზე აღიზიანებდა მის ბევრ კოლეგას. ნაშრომში, რომელიც მის 2016 წლის ლექციას ემყარება, რომერი ამბობს, რომ „სამ ათწლეულზე მეტი პერიოდის განმავლობაში, მაკროეკონომიკა უკან მიდის… ფაქტების უგულებელყოფა იმდენად შორს მიდის პოსტ-მოდერნული ირონიის მიღმა, რომ ის იმსახურებს საკუთარ კატეგორიას“ – მე გთავაზობთ ვუწოდოთ მას – „პოსტ-რეალობა“ – ამბობს რომერი.

ცხოვრების სტანდარტის ზრდის ტემპი მდიდარ ქვეყნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში შენელებულია. რაც ცუდი ამბავია!

1

რა თქმა უნდა, განვითარებული ქვეყნების მოსახლების ცხოვრების დონე ძალიან მაღალია და ისინი კმაყოფილი არიან, მაგრამ მდიდარი ქვეყნების ზრდის ტემპი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ღარიბი ქვეყნებისთვისაც. რაც უფრო დიდია ზრდის ტემპი, მით უფრო მეტია განვითარებული ქვეყნის მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი და ისინი უფრო დიდი მოცულობით შეიძენენ პროდუქტს განვითარებადი ქვეყნებიდან. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მდიდარი ქვეყნების ზრდა ნიშნავს იმას, რომ ხალხის ცხოვრების დონე ისეთ ქვეყნებში როგორიცაა მაგალითადმ, ინდოეთი ან ვიეტნამი, შეიძლება გაიზარდოს ისე, რომ ამან გავლენა არ მოახდინოს განვითარებული ქვეყნების საშუალო კლასის ცხოვრების დონეზე. რაც უფრო ძლიერია მეზობელი და მყარად დგას ფეხზე, მით ადვილია ზოგად კეთილდღეობაზე ფიქრი. ამიტომ აქტუალურია კითხვა – რატომ შენელდა ეკონომიკური ზრდის ტემპები ბოლო წლების განმავლობაში? ამაში ნაწილობრივ დამნაშავე, რა თქმა უნდა, არის 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის გაღრმავებული ეფექტი, მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი კი არის პროდუქტიულობის ზრდის ტემპების შემცირება.

2

პროდუქტიულობა თითოეული ქვეყნის გრძელვადიანი ზრდის ძრავაა: მას შემდეგ რაც დაასაქმებთ ქვეყნის მოქალაქეებს და უზრუნველყოფთ მათ რაც შეიძლება მეტი კაპიტალური აღჭურვილობით, მომავალი ზრდა დამოკიდებული იქნება იმ ეფექტიანობაზე, რა ეფექტითაც მათ საქონლის წარმოება შეუძლიათ.

ღარიბ ქვეყნებში პროდუქტიულობა შეიძლება სწრაფად გაიზარდოს უცხოური ტექნოლოგიებისა და ბიზნესის წარმოების გზების კოპირებით. მაგრამ ინდუსტრიული ერებისთვის, ზრდის თითოეული პუნქტი მოაქვს მხოლოდ დაუღალავ შრომას ცვლილებებისთვის ტექნოლოგიებში, ბიზნესის მართვის მეთოდებსა და სამთავრობო პოლიტიკაში.

გრძელვადიან პერიოდში ტექნოლოგია არის მამოძრავებელი – 1920 წლისთვის ყველაზე მდიდარი ქვეყნებიც კი, არ იქნებოდნენ მდიდარი თანამედროვე სტანდარტებით, იმ ინოვაციების გათვალისწინებით რაც გასული საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ მოხდა. ავტომობილების, ტელევიზორისა და სხვა სამომხმარებლო ტექნოლოგიების გამოგონება ისტორიის მხოლოდ ერთი ნაწილია; პროდუქციის წარმოების გაუმჯობესება, მატერიალური და ინფორმაციული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა წარმოებული პროდუქტი იყოს უფრო იაფი და ხელმისაწვდომია ვიდრე ადრე.

პრობლემა ისაა, რომ, რეალურად, არავინ იცის როგორ უნდა გაიზარდოს ტექნოლოგიური ზრდის ტემპები. ზოგიერთი თვლის, რომ თუ მთავრობებს უბრალოდ „გვერდით გავწევთ“, ინოვაციები თავისი გზით განვითარდება. მეორენი ფიქრობენ, რომ ფისკალურმა და მონეტარულმა სტიმულებმა შეიძლება წაახალისონ კომპანიები უფრო მეტი თანხები ჩადონ ტექნოლოგიურ განვითარებაში. მაგრამ გლობალური ტექნოლოგიების ზრდის ტემპების შემცირება საერთო ტენდენციაა განვითარებულ ქვეყნებში, მიუხედავად განსხვავებული რეგულაციებისა და მთავრობის განსხვავებული როლისა.

თუმცა არსებობს მესამე გზაც – მეტი ფულადი რესურსის დახარჯვა კვლევებზე. ეს სწორედ ის ნაწილია, რასაც ავსებს რომერის კვლევები. ჯერ 1986, შემდეგ კი 1990 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში, აწ უკვე ნობელის ლაურეატი ეკონომისტი, განსაზღვრავს მათემატიკურ მოდელს, რომლის მიხედვითაც დანახარჯები კვლევებში აგენერირებს ახალ იდეებს; ამას მივყავართ ეკონომიკურ ზრდამდე, რაც, თავის მხრივ, იძლევა ფულად რესურსებს ახალი კვლევებისთვის; და ასე იქმნება დაუსრულებელი ციკლის წრე.

ამ მათემატიკური მოდელის გამოცდა არის ძალიან რთული. მაგრამ არის ბევრი წარმატებული მაგალითი, როდესაც სამთავრობო დაფინანსებამ, გამოწვია მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციები ტექნოლოგიებში, განსაკუთრებით კი აშშ-ში. ბირთვული ენერგია, ჰიდრავლიკური ძრავები, ინტერნეტი, გლობალური პოზიციონირების სისტემა და მობილური ტელეფონები მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. ბევრი ეს ინოვაცია მოჰყვა სპეციალურ პროგრამებს, რომელიც ინიცირებული იყო მაგალითად, თავდაცვის დეპარტამენტის მიერ (DARPA), ამას გარდა ბევრი ცვლილება მოჰყვა მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტებს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ყველა ეს მაგალითი რომერის თეორიის ფიზიკური გამოხატულებაა.

თუმცა,ბოლო წლებში აშშ-ს მშპ-ში კვლევებზე გაცემული დაფინანსების წილი შემცირდა:

3

2010 წლიდან მდგომარეობა უფრო უარესდება.

4

უფრო მეტიც, აშშ-ს კერძო კომპანიები უფრო ნაკლებს ხარჯავენ კვლევებზე ვიდრე გერმანული, იაპონური და სამხრეთ კორეული ფირმები.

5

ეს არის ცუდი გეზი ქვეყნის განვითარებისთვის. რადგან, შედეგად, ზრდის და პროდუქტიულობის ტემპები მცირდება. ამ სტატისტიკის გათვალისწინებით, რომერის კვლევები უფრო მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანი ხდება. სტაგნაციის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია მთავრობებმა, განსაკუთრებით კი აშშ-ს მთავრობამ, მეტი თანხა ჩადონ მომავლის ტექნოლოგიების განვითრებაში – ეს არის 2018 წლის ნობელის ლაურეატის, პოლ რომერის, კვლევების ძირითადი პათოსი.


წყარო: Bloomberg

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial