კატასტროფათა რისკების შემცირების პოლიტიკა საქართველოში

ნუცა ჯინჭარაძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი
Nuca.jincharadze@gmail.com

შესავალი: მდგრადი განვთარების პოლიტიკის ერთ-ერთი ასპექტია კატასტროფათა რისკების მართვის პოლიტიკა. მდგრადი განვითარების პოლიტიკის შესახებ აქტიურად საუბარი მეოცე საუკუნის მეორე ნახევარის მიწურულს დაიწყო. საბოლოოდ,კი დაგვირგვირგვინდა 1995 წელს კოპენჰაგენში მდგრადი განვითარების შესახებ ხელშეკრულებაზე გაეროს 193 წევრის მიერ ხელის მოწერით. მდგრადი განვითარება საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემაა, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას ისარგებლონ შექცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი.

2015 წლის 25 სექტემბერს მსოფლიოს სახელმწიფოთა ლიდერები შეიკრიბნენ მდგრადი განვითარების სამიტზე ნიუ იორკში (აშშ) და შეთანხმდნენ მსოფლიოს განვითარების ახალი დღის წესრიგის – მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) შესახებ. განვითარების ახალი დღის წესრიგი მოიცავს 17 გლობალურ მიზანს, რომლებმაც უნდა განსაზღვრონ მსოფლიოს განვითარების პრიორიტეტები 15 წლის მანძილზე, 2016 წლიდან 2030 წლამდე. სიღარიბის, უთანასწორობისა და ავადმყოფობისა საბოლოო დაძლევა, ისევე როგორც ეკოლოგიური უსაფრთხოების, მშვიდობიანი განვითარებისა და საყოველთაო დასაქმების მიღწევა, მოითხოვს მსოფლიოს გადასვლას მდგრადი განვითარების პრინციპებზე. სწორედ ესაა ახალი გლობალური მიზნების დანიშნულება. მიზანი 1: არა სიღარიბეს, მიზანი 2: არა შიმშილს, მიზანი 3: ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, მიზანი 4: ხარისხიანი განათლება მიზანი, 5: გენდერული თანასწორობა, მიზანი 6: სუფთა წყალი და ჰიგიენა ,მიზანი 7: ხელმისაწვდომი სუფთა ენერგია, მიზანი 8: დასაქმება და ეკონომიკური ზრდა, მიზანი 9: ინდუსტრია, ინოვაცია, ინფრასტრუქტურა მიზანი 10: უთანასწორობის შემცირება ,მიზანი 11: მდგრადი ქალაქები და დასახლებები მიზანი 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება, მიზანი 13: კლიმატის ცვლილების შედეგების დაძლევა, მიზანი 14: წყალქვეშა სამყაროს შენარჩუნება, მიზანი 15: სოცოცხლე ხმელეთზე, მიზანი 16: მშვიდობა, სამართალი, ძლიერი ინსტიტუტები, მიზანი 17: გლობალური თანამშრომლობა.

კატასტროფათა რისკების შემცირების პოლიტიკის საგანს მიზნებიდან მიესადაგება მე-11 მდგრადი ქალაქები და დასახლებები , მე-13 კლიმატის ცვლილებების შედეგების დაძლევა, მე-14 და მე-15 წყალქვეშა სამყაროს და ხმელეთზე სიცოცხლის შენარჩუნება, ასევე ნაწილობრივი გავლენა აქვს მეთორმეტე მიზანზე (მდგრადი მოხმარება და წარმოება), მეექვსე და მეშვიდე მიზნებზე. ანუ მოცემლ პოლიტიკას მნიშვნელოვანი როლი აქვს მდგრადი განვითრების პროცესში.

საქართველოს ბუნებრივი გარემო

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ეხმარება საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების სისტემის ჩამოყალიბებაში და მის ინტეგრირებაში სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროცესებში. ხელშეწყობის მიზანია თანამედროვე მიდგომების დანერგვა, რომლებიც ითვალისწინებენ რისკების ეფექტიან მართვასა და კატასტროფის პრევენციას.

ოფიციალურ UNDP-ის ხელშეკრულებაში საქართველოს ბუნებრივი გარემო განმარტებულია, როგორც “მეტად საფრთხისკენ მიდრეკილი” ,რამეთუ ხშირია ბუნებრივი კატასტროფები ( წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფები, ზვავები, ქანების გამორეცხვა, სეტყვა, ძლიერი წვიმები, მიწისძვრები, ქარიშხლები და გვალვები) და მათი გამოვლინება საკმაოდ ძლიერი და დამანგრეველია ქვეყნის ეკონომიკისთვის. ხელს უშლის ერის , ფლორისა და ფაუნის აღწარმოებას. ასევე ანადგურებს გაშენებულ აგროკულტურას, შენობებს, გზებს, საზოგადო ინფრასტრუქტურებს და კერძო აქტივებს. მთავრობის მიერ მოწოდებული 40 წლიანი დაკვირვების მიხედვით, ტერიტორიის 70% დაზარალდა ჰიდრო-მეტეოროლოგიური და გეოლოგიური წარმოშობის ბუნებრივი კატაკლიზმით.
კატასტროფის რისკის ზონებმა მოიცვა 3000-ზე მეტი დასახლება, 400 000-ზე მეტი შენობა და დასახლებული პუნქტი , 1.5 მილიონი ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა, 550 კილომეტრი გზა განადგურდა ან დაზიანდა, 60 000 ოჯახი გადასახლდა სხვა ტერიტორიაზე. 1987 წლის შემდეგ ბუნებრივი კატაკლიზმებით მოყენებულმა ზარალმა 2014 წლამდე შეადგინა 14 მილიარდი ამერიკული დოლარი, გარდა ამისა, იმსხვერპლა 600 ადამიანი და სერიოზული ფიზიკური ტრავმა მიიღო კიდევ 400-მა სუბიექტმა.

სამოქმედო პოლიტიკა

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან შემდეგი ძირითადი მიმართულებით:
• სამოქმედო პოლიტიკის შემუშავება კატასტროფათა რისკების შემცირების მხრივ;
• საერთაშორისო მოსაზრებების უფრო ეფექტიანი ინტეგრაცია პოლიტიკაში, მდგრადი განვითარების პროგრამების დაგეგმვასა და შემუშავებაში ყველა დონეზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კატასტროფების თავიდან აცილებას, შედეგების შემსუბუქებას, მათ მიმართ მზაობის უზრუნველყოფასა და დაუცველობის შემცირებას;
• ინსტიტუტების, მექანიზმებისა და პოტენციალის განვითარება და გაძლიერება ყველა დონეზე, კერძოდ კი თემის დონეზე, რომელიც სისტემატურად შეიტანს წვლილს საფრთხეების მიმართ უფრო მეტი გამძლეობის დამკვიდრებაში
• რისკების შემცირების მიდგომების ჩართვა საგანგებო მდგომარეობებისადმი, მზადყოფნის, რეაგირებისა და აღდგენის პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაში, დაზარალებული თემის რეკონსტრუქციის მიზნით.

კატასტროფების რისკის შემცირების პოლიტიკის გადასაწყვეტი პრობლემა მოიცავს შემდეგ ასპექტებს:
1. რისკის ზონების რუქებისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის შესაბამისი ფორმატით მომზადება და მიწოდება, ასევე მათი პერიოდული განახლება.
2. კატასტროფისგან თავის დაცვის სისტემების შემუშავება, დაპროექტება და აგება.
3. კატასტროფების რისკის შემცირების და დაუცველობის ინდიკატორის სისტემების შემუშავება ეროვნული და სუბეროვნული მასშტაბით, რომლებიც საშუალებას მისცემს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს შეაფასონ კატასტროფით მიღებული ზარალის ზეგავლენა სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ფაქტორებზე.
4. ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული ადრეული შეტყობინების სისტემების შექმნა

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მოცემული პროექტი საქართვლოში მიმდინარეობს ჰიოგოს სამოქმედო ჩარჩო პროგრამის ფარგლებში. მასში განხილულია კატასტროფათა რისკების შემცირების, პრევენციისა და შერბილების სტრატეგიული და სისტემური მიდგომები. კონფერენციამ ხუთი პრიორიტეტული სამოქმედო
მიმართულება დასახა:
1) უზრუნველყოფა იმისა, რომ კატასტროფის რისკის შემცირება ეროვნულ და ადგილობრივ პრიორიტეტს წარმოადგენს მყარი ინსტიტუციონალური ბაზის პირობებში
2) კატასტროფების იდენტიფიცირება, შეფასება და მონიტორინგი, ადრეული შეტყობინების სისტემის გაუმჯობესება
3) გამოცდილების, ნოვატორული გადაწყვეტილებებისა და განათლების გამოყენება ყველა დონეზე უსაფრთხო პირობებისა და გამძლეობის პოტენციალის შექმნის მიზნით
4) რისკის ფაქტორების საფუძველის შემცირება
5) კატასტროფების მიმართ მზაობის გაზრდა ყველა დონეზე, ეფექტური რეაგირების მიზნით

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან მოცემული პოლიტიკის დასახვეწად შემდეგი მიმართულებით:
• ტექნიკური დახმარება, ინსტრუმენტებისა და რესურსების მიწოდება.
• კატასტროფებისადმი მზაობის სისტემის გაძლიერება ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფისათვის.
UNDP აფინანსებს პროგრამას 500 000 ამერიკული დოლარით, ხოლო ქართული მხარე 25 000 დოლარით.
კატასტროფათა რისკის შემცირების პოლიტიკის გამტარებლები საქართველოში არიან: სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის, კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი.

გატარებული პოლიტიკის შედეგები

საქართველოში მიმდინარე მდგრადი განვითრების პროგრამის შედეგები განიხილეს 2019 წლის 7-8 მაისს კაჭრეთში გამართულ ორდღიან სემინარზე. სემინარის მონაწილეებმა იმსჯელეს იმ დამაბრკოლებელი და ხელშემწყობი ფაქტორების შესახებ, რომლებიც განაპირობებენ საქართველოს წარმატებას მდგრადი განვითარების გლობალური დღის წესრიგის – მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის გზაზე, მათ შორის კატასტროფათა რისკის მართვის პოლიტიკის დანერგვის შედეგებზე. სემინარის მონაწილეებმა, საქართველოს მხრიდან ,კახა კახიშვილმა და გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა, განიხილეს ტექნიკური ანალიზის მიგნებები, რომელიც გასული ცხრა თვის მანძილზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თაოსნობით ჩატარდა.

ტექნიკური ანალიზის ზოგადი მიგნებები საკმაოდ პოზიტიური აღმოჩნდა. გამოვლინდა, რომ საქართველოს ეროვნულ სტრატეგიებში ასახულია ქვეყნის მიერ შერჩეული პრიორიტეტული მიზნების კონკრეტული ამოცანების 93 პროცენტი, ხოლო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება სრულად ფარავს მდგრადი განვითარების ეროვნული მიზნების (SDGs) კონკრეტული ამოცანების 63 პროცენტს.

მიუხედავად ასთი შედეგებისა, აღმოჩნდა, რომ ,რადგანაც ფულადი სახსრების განაწილებისას უპირატესობა მიენიჭა განათლების, მშვიდობის, გენდერული თანასწორობის მიზნებს, გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება (SDG 6, 12, 13, 14 და 15 ანუ ყველა ის მიზანი რომელსაც ითვალისწინებს კატასტროფების რისკი შემცირების პოლიტიკა) მნიშვნელოვნად ჩამორჩება დაფინანსების მხრივ. შესაბამისად გვაქვს ნაკლები პროგრესი დანარჩენებთან შედარებით.

თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს წინსვლა, მაგალითად: რიონის აუზის ექვსი მუნიციპალიტეტის 200 ათასამდე მაცხოვრებელი წყალდიდობის მუდმივი საფრთხის პირობებში ცხოვრობს. კლიმატურ საფრთხეებთან გამკლავება მოითხოვს რეგიონში არსებული ვითარების საფუძვლიან შესწავლას, წყალდიდობებისა და წყალ მოვარდნების მართვის თანამედროვე მეთოდებისა და ადაპტაციის ზომების დანერგვას, და საფრთხის ქვეშ მყოფი რეგიონის ისეთ ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც მედეგია კლიმატის ცვლილების მიმართ. სწორედ ამას ისახავს მიზნად ადაპტაციის ფონდისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივა, რომელიც 2012 წლიდან საქართველოს მთავრობასთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, ქართველ მეცნიერებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით ხორციელდება. ნაპირსამაგრმა ჯებირებმა სახნავ-სათესი მიწა დაუბრუნა ადგილობრივ მოსახლეობას მაღალი რისკის შემცველ ათ მონაკვეთზე. რამდენიმე სოფელს დაუბრუნდა ათ მეტრამდე სიგანის მიწის მონაკვეთები. თანამედროვე აღჭურვილობამ და უახლესმა ტექნოლოგიებმა შესაძლებელი გახადა ადრეული გაფრთხილების სისტემის გამართული ფუნქციონირება და წყლის დონის 24-საათიანი დაკვირვება. გარდა ამისა, შემუშავდა წყალდიდობებისაგან დაზღვევის ამინდის ინდექსზე დაფუძნებული სქემა, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

ასევე ,აღსანიშნავია, საძოვრების აღდგენაზე გაწეული სამუშაოები თუშეთში. 500-მდე მეცხვარე იყენებდა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ზამთრის საძოვრებად. საძოვრების 20% სავალალო მდგომარეობაშია. კლიმატის ცვლილებას ემატება საძოვრების არასწორი გამოყენება, რაც კიდევ უფრო აჩქარებს ნიადაგის გამოფიტვას. ვაშლოვანი უნიკალური დაცული ტერიტორიებია, რომლის მსგავსი ბუნებრივი ძეგლებისა და ბიომრავალფეროვნების სიმდიდრით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში არ მოიძებნება. ცხვრის სეზონური ბალახობა ვაშლოვანის ბუნებრივი ციკლის განუყოფელი ნაწილია. ამასთანავე მეცხვარეობა წარმოადგენს თუშების შემოსავლის მთავარ წყაროს და მათი ოჯახების არსებობაც ამაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, საჭირბოროტო საკითხია საძოვრების აღდგენა, რომელებიც ,პირველ რიგში კლიმატი ცვლილებამ და წვიმის ნაკლებობამ გააფუჭა.

აღნიშნული პრობლემა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ გაეროს დახმარებით გადაჭრა. 4 ათასი ჰექტარი დეგრადირებული ნიადაგი და 300-მდე ჰექტარი ცხვრის გადასარეკი ბილიკი 2017 წლისათვის განახლდა. გადასარეკ ბილიკებზე ასევე განთავსდა დამატებითი დასაწყურებლები, რის შედეგადაც მეცხვარეებს აღარ მოუწევთ ცხვრის მდინარეზე ჩაყვანა და ისედაც დეგრადირებული ნიადაგის კიდევ უფრო დაზიანება.

საქართველოში კატასტროფების რისკები შემცირების პოლიტიკა საგრძნობლად ნელა მუშაობს, რაც გამოწვეულია დაფინანსების სიმცირით, თუმცა მიღებულმა შედეგებმა საგრძნობლად შეცვალა კატასტროფის რისკის ზონებში დასახლებული ადამიანების ცხოვრება.

გამოყენებული ლიტერატურა:
1./www.ge.undp.org სტატიები (მათი ანალიზი და შეფასებები)
2. გაეროსა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულება მდგრადი განვითარების შესახებ, 2014-16 წლები (პროგრამა ვრცელდება ეროვნული მასშტაბით და მიმდინარეობს ახლაც) www.undp.org

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial