ცირკულარული და ციფრული ეკონომიკის გამოწვევები მომავლისათვის

თეა ჭაღალიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი
Chagalidzetiko@gmail.com

ანოტაცია
ხშირად, როდესაც ადამიანებს სიტყვა „ეკონომიკა“ ესმით, მაშინვე რიცხვები, ფორმულები და ცხრილები წარმოუდგებათ გონებაში. სინამდვილეში, ეკონომიკა ბევრად მარტივი ცნებაა. იგი ძველი ბერძნულია და ნიშნავს „ადამიანს,რომელიც საოჯახო მეურნეობას უძღვება. საზოგადოება, ოჯახის მსგავსად, მრავალი გადაწყვეტილებისა და არჩევანის წინაშე დგას. მან უნდა გადაწყვიტოს, რა სამუშაოები უნდა განხორციელდეს და ვინ რა სამუშაო შეასრულოს. მან უნდა გაანალიზოს ის საქონელი და მომსახურება, რომელსაც ადამიანები აწარმოებენ.
იმის გათვალისწინებით, რომ რესურსები ამოწურვადია, დასავლეთ ევროპის ქვეყნები აქტიურად არიან გადასული ცირკულარული ეკონომიკის დანერგვაზე. ცირკულარული ეკონომიკა ესაა ეკონომიკური სისტემა, რომლის მიზანსაც ნარჩენების აღმოფხვრა და უკვე მოხმარებული რესურსების მუდმივი გამოყენება წარმოადგენს.
ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაც. იგი ამარტივებს სამუშაო პროცესს, ქმნის მეტ დასაქმების ერთეულს და დადებითად აისახება ქვეყნის განვითარებაზე.

Often, when people hear the word „Economics“, they imagine numbers, formulas and tables immediately. In fact, Economics is a much simpler notion. It’s from an ancient Greek and means, the man who runs a family“. Society, as family, is faced to many decisions and choices. It has to decide, what works has to be done and who has to do it. It has to realize the goods and services, that people have to produce.
In view, that the recourses are exhaustible, Western Europe Countries are actively moving towards a circular economy. Circular economics is a economical system, that aims to reduce the waste and to recycle already used resources permanently.
The introduction of digital technologies is also an important part of economic development. It simplifies the work process, creates more employment units and positively impacts the country’s development.

საზოგადოების წარმოშობისა და განვითარების პროცესს სხვადასხვა მეცნიერება სწავლობს, მისი ეკონომიკური განვითარების პროცესს კი აანალიზებს და შეისწავლის ეკონომიკა. სიტყვა „ეკონომიკა“ ძველი ბერძნული ენიდანაა, რაც საოჯახო მეურნეობის მართვას ნიშნავს. დღეს ის შედარებით ფართო დატვირთვით გამოიყენება და ასახავს ყველაფერს, რაც შეეხება ორ ან მეტ სუბიექტს შორის საქმიან ურთიერთობას, გაცვლას, სპეციალიზაციასა და სხვა აქტივობებს.

საზოგადოების რესურსების მართვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან რესურსები შეზღუდულია. შეზღუდულობა ნიშნავს, რომ საზოგადოებას იმაზე ნაკლების შეთავაზება შეუძლია, ვიდრე ხალხს სურს. როგორც საოჯახო მეურნეობა ვერ მისცემს თავის თითოეულ წევრს ყველაფერს, რასაც ეს უკანასკნელი მოითხოვს, ასევე საზოგადოებაც ვერ უზრუნველყოფს თითოეულ ინდივიდს ცხოვრების იმ უმაღლესი დონით, რომლის მიღწევაც ამ ინდივიდებს სურთ.

„ეკონომიკის“ პირველად გამოყენება ძვ.წ. VIII-VII საუკუნეების ბერძენ პოეტს ჰესიოდეს მიეწერება. მეცნიერებაში კი ტერმინი ,,ეკონომიკა” შემოიღო ძველი ბერძნული ისტორიოგრაფიისა და ფილოსოფიის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა- ქსენოფონტმა. ეს ტერმინი შინაარსობრივად გაამდიდრა არისტოტელემ, რომელმაც დაწერა ნაშრომი – „ეკონომიკოსი“.

მიღებულია აზრი იმის თაობაზე, რომ თანამედროვე ეკონომიკურ მეცნიერებას საფუძველი ჩაეყარა XVIII საუკუნის ბოლოს ადამ სმიტის მიერ, რომელმაც შექმნა კლასიკური ეკონომიკური სკოლა. XIX საუკუნეში კარლ მარქსმა მოახდინა ეკონომიკური აზროვნების სხვადასხვა სკოლების, შრომების სინთეზი, იყენებდა რა ჰეგელის სისტემურ მიდგომას, შექმნა თავისი ნაშრომი „კაპიტალი“ და მოძღვრება მარქსიზმი. XIX-XX საუკუნეებში ეს ნაშრომი სოციალისტური ეკონომიკის იდეოლოგიურ საფუძველს წარმოადგენდა, ამასთან საბაზრო ეკონომიკის, უპირველეს ყოვლისა, ნეოკლასიკური ეკონომიკური სკოლის მიმდევრების კრიტიკის ობიექტი იყო.

დღეს ტერმინი „ეკონომიკა“ ორი მნიშვნელობით გამოიყენება:
* ეკონომიკა არის ქვეყნის ერთიანი მეურნეობა, რომელშიც თავს იყრის სხვადასხვა დარგები. მაგალითად, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ჯანდაცვა, განათლება და სხვა.
* ეკონომიკა არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს იმას, თუ როგორ იკმაყოფილებენ ადამიანები მუდმივად მზარდ მოთხოვნილებებს შეზღუდული რესურსების პირობებში.

ტრადიციული ეკონომიკა სწორხაზოვან ეკონომიკას ეფუძვნება. სწორხაზოვან ეკონომიკაში მოქმედებს შემდეგი პრინციპი: მოიპოვე, აწარმოე, მოიხმარე და გადააგდე, რომლის შედეგადაც რესურსების 95% იკარგება. ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ საგნებთან მიმართებით ამგვარი დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა, რომ მათ მოხმარებას ვწყვეტთ მაშინ, როცა გვბეზრდება ან რაიმე უფუჭდება. შემდეგ ამ ნივთს ფიქრის გარეშე ვისვრით ნაგავსაყრელზე. შედეგად, ოკეანეებში ნარჩენებისგან იქმნება სხვადასხვა შტატისა თუ ქვეყნისხელა კუნძულები.რესურსები უსასრულო რაოდენობის არ არის და ერთ დღესაც ის გამოილევა. რაც უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, უფრო ნაკლები რჩება მომდევნო თაობებს. ასევე, როგორც მაღლა აღვნიშნე, ჩვენ მიერ გადაყრილი ნარჩენი ბუნებაში გარკვეულ ადგილს იკავებს და რატომღაც ჩვენ ამ ნარჩენების მართვისგან თავს შორს ვიჭერთ. სწორედ ამიტომ გვხვდება ისინი იქ, სადაც არ უნდა გვხვდებოდეს – ოკეანეებში, ზღვის ცხოველებისა და ფრინველების მუცლის ღრუებში, საბოლოოდ კი, ჩვენს ორგანიზმში.

ბევრი ეკონომისტის აზრით, ტრადიციული ეკონომიკა მალე ცირკულარულ ეკონომიკაზე გადავა. ცირკულარული ეკონომიკა- ესაა ეკონომიკური სისტემა, რომლის მიზანსაც ნარჩენების აღმოფხვრა და უკვე მოხმარებული რესურსების მუდმივი გამოყენება წარმოადგენს. მისი მთავარი „იარაღებია“: ხელახალი მოხმარება, გადამუშავება, შეკეთება, რეაბილიტაცია და სხვა ისეთი ხერხები, რითიც კონკრეტული ნივთი და მასალა ვარგისი იქნება გამოსაყენებლად. ცირკულარული ეკონომიკა აქტიურად ცდილობს, დანერგოს საზოგადოებაში, რომ “ნარჩენი არ არის ნაგავი” და ნებისმიერი ნედლეული კონკრეტული საქმიანობისთვის გამოსადეგია. განახლებადი ენერგიის გამოყენების, შემცირებული გამონაბოლქვისა და ნარჩენების შემცირების ალტერნატივების ფონზე ცირკულარული ეკონომიკა საშუალებას გვაძლევს, ვიცხოვროთ იმ შესაძლებლობების და რესურსების საზღვრებში, რომელიც დედამიწას აქვს.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისის ოფიცრის, მაკა ბიწაძის განმარტებით, ცირკულარული ეკონომიკის მოდელი ცდილობს გარემოდან უკვე მიღებული რესურსის ღირებულება მაქსიმალურად გამოიყენოს რამდენიმე სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. ასევე ის გვაძლევს საშუალებას გადავამუშაოთ, აღვადგინოთ და ისევ ბიზნესში დავაბრუნოთ რესურსი, რითაც ვამცირებთ გარემოზე ზემოქმედებას ორი მიმართულებით: ერთის მხრივ, ნარჩენს არ ვათავსებთ ნაგავსაყრელზე და მეორეს მხრივ, არ გვჭირდება რესურსის ხელახალი მოპოვება ბუნებაში. იგი ქმნის ახალ, ინოვაციურ ბიზნეს-შესაძლებლობებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია , ქმნის უკვე დახარჯული ენერგიის, წარმოებაში ჩადებული ნედლეულის დაცვისა და მეორედ გამოყენების შესაძლებლობას.
ცირკულარული ეკონომიკა 5 ძირითად სარგებელს წარმოადგენს:
• ახალი, „მწვანე ინდუსტრიებისა” და სამუშაო ადგილების შექმნა
• სხვადასხვა ნედლეულის იმპორტის შემცირება;
• რესურსების გამოყენების შემცირების შედეგად გარემოს ნაკლები დაბინძურება;
• ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების პერსპექტივა;
• ენერგიის, რესურსებისა და ნარჩენების შემცირებით შემცირდება ხარჯებიც.

ამ მოდელზე გადავიდნენ: ტექსტილის, კონსტრუქციის,მანქანათმშენებლობის, ნავთობისა და გაზის, ლოჯისტიკის და ავეჯის ინდუსტრიები.
ცირკულარული ეკონომიკის პრინციპები აღიარებულია უამრავ ქვეყანაში, ევროკავშირი ამ მხრივ ლიდერობს. კერძოდ, 2015 წელს ევროკომისიამ მიიღო “ამბიციური ახალი ცირკულარული ეკონომიკის პაკეტი” ევროკავშირისთვის (An Ambitious New Circular Economy Package for EU). მათ ასევე შექმნეს პლატფორმა დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობისთვის (European Circular Economy Stakeholders Platform), რომელიც ღია ვირტუალური სივრცეა და მიზნად ისახავს ევროპის ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობას. ევროკავშირი ცდილობს, მისი ეკონომიკა უფრო მდგრადი გახდეს. გარემოსდაცვითი საკითხები, რომლებიც ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლისთვის აუცილებელია, გათვალისწინებულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაშიც. ევროკავშირის პროგრამა EaP GREEN-ის ფარგლებში, 2014-2017 წლებში საქართველოში განხორციელდა რესურს-ეფექტური და სუფთა წარმოების პროექტი, რომლის მიზანია “მწვანე” (ეკოლოგიურად სუფთა) ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორ ქვეყნებში. პროექტის ფარგლებში შეირჩა 52 მცირე და საშუალო საწარმო, კვების, სამშენებლო მასალების და ქიმიური მრეწველობის სფეროებში.

USAID/WMTR II პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, 2019 წლის 23-25 ოქტომბერს ჰოლანდიელი ექსპერტი ცირკულარული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საკითხებში- მაიკე აიმე დამენი თბილისს ესტუმრა.მაიკემ სემინარების მონაწილეებს გააცნო კონკრეტული მაგალითები იმისა, თუ რატომ უნდა შეიცვალოს ნარჩენებისადმი დამოკიდებულება, რატომ უნდა აღვიქვათ ნარჩენი, როგორც რესურსი და არა როგორც ნაგავი. ამ დამოკიდებულების ტრანსფორმაციის კარგი მაგალითია მის მიერ თანადაფუძნებული კომპანია და შესაბამისი საიტი Excess Materials Exchange, რომელიც ნარჩენების რესურსების გაცვლის პლატფორმაა. საიტის მეშვეობით კომპანიები ყიდულობენ მეორად ნივთებს და მდგრადი განვითარების ბიზნეს მოდელებს აწყობენ.

ამოწურვადი რესურსების პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია სამყარო გადავიდეს სწორხაზოვანი ეკონომიკიდან ცირკულარულ ეკონომიკაზე.
ცირკულარული ეკონომიკა რესურსების მრავალჯერადი გამოყენების საშუალებას იძლევა. სწორედ ამ მოდელის დახმარებით შეგვიძლია შევინარჩუნოთ მომავალი და ამიტომაც ვუწოდებ მას მომავლის ეკონომიკას.

ამგვარ ეკონომიკურ მოდელზე მუშაობას ძალიან დიდი დრო და სხვა რიგი ფაქტორები სჭირდება . ვფიქრობ, პირველ რიგში, ეს პროცესი საზოგადოების გონებაში უნდა დაიწყოს. აუცილებელია, შეიცვალოს თვითშეგნება და ხალხმა გაიაზროს, რომ ნარჩენი ნაგავი არ არის, დედამიწა კი – ნარჩენების ბუდე. ასე რომ, თუ გვსურს, პლანეტა, საკუთარი და მომავალი თაობების სიცოცხლე შევინარჩუნოთ, ალბათ, უკვე უნდა დავიწყოთ ცირკულარული ეკონომიკის დანერგვაზე ფიქრი.

როგორც აღვნიშნეთ, მომავლის ეკონომიკა–ცირკულარულია, რაც თავისთვად გულისხმობს ციფრული ეკონომიკის დანერგვას და განვითარებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

2008 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოს მძლავრი ფინანსური კრიზისის ფონზე, სამუშაო ადგილების შექმნა, საწარმოო ხარჯების მინიმიზაცია, ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება – ყველაზე აქტუალური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხებია ქვეყნებისათვის. რთული სათქმელია, რამდენად მიჰყვება საქართველო თანამედროვე ეკონომიკურ ტენდენციებს, თუმცა დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ციფრული ეკონომიკა ქვეყნების ფინანსური კრიზისიდან გამოყვანის თანამედროვე, უძლიერესი ინსტრუმენტია.

ეკონომიკა, დაფუძნებული ციფრულ ტექნოლოგიებზე, ციფრულ ეკონომიკას წარმოადგენს. ელექტრონული კომერციის, ორგანიზაციული პროცესების კომპიუტერიზებული მართვისა და ციფრული ინფრასტრუქტურის ზრდის ტემპი მსოფლიოში ძალიან სწრაფია, ის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი სტიმულატორია. მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარება, ციფრული ეკონომიკის პრინციპზე დაყრდნობით, ზრდის ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობას. ამ სტიმულატორს ძალუძს ეკონომიკური ზრდის ტემპის ამაღლება და ახალი სამუშაო ადგილების უმოკლეს დროში შექმნა.

სოციალური მედია, მობილური ვებსერვისები, კომპიუტერული ქლაუდ- სისტემები და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიები მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ბიზნესის მართვის იმ ფორმებს, რომლებიც დღევანდელ მსოფლიოში ინერგება. ერთეული ორგანიზაციების, ინდუსტრიებისა ან სულაც ქვეყნების წინაშე დგას არჩევანი – გაითავისონ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სიკეთე თუ ზრდის ტემპი შეანელონ და არაკონკურენტულ ერთეულებად იქცნენ. 2016 წლიდან მსოფლიო მოსახლეობის თითქმის ნახევარს ანუ 3 მილიარდ ადამიანს ექნება წვდომა ინტერნეტთან. ეს თავისთავად გულისხმობს ცოდნის გავრცელების გამარტივებულ პროცესებს, საერთაშორისო ბაზრებზე შეღწევის სიმარტივეს და ა.შ. აშშ და შვედეთი ტრენდსეტერები არიან: ბოლო რამდენიმე წელიწადში 500,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შტატებში, მობილური აპლიკაციების ინდუსტრიაში შეიქმნა. ევროპის ქვეყნები ჯერ კიდევ მიმდევრის პოზიციაში არიან. ციფრული ეკონომიკის პრინციპები სრულფასოვნად, ევროპული ორგანიზაციების მხოლოდ 2%-ს აქვს დანერგილი, 41% სრულიად არაციფრულია, არ გამოიყენება ორგანიზაციული მართვის კომპიუტერული სისტემები, საქმის წარმოება არა ვირტუალურ, არამედ ძირითადად რეალურ დოკუმენტბრუნვაზეა დამყარებული.

გადავხედოთ სტატისტიკას:
• ციფრულ ეკონომიკაში უკვე დასაქმებულია 200 მილიონი ადამიანი. 2020 წლის ბოლომდე ეს რიცხვი 50%-ით გაიზრდება;
• ევროპის მასშტაბით, 2020 წლის მიწურულს, ციფრულ ეკონომიკაში იმუშავებს დამატებით 5 მილიონი ადამიანი;
• Intel-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიოში 19 მილიონი პროგრამისტია, მათი რიცხვი მალე 25 მილიონამდე გაიზრდება;
• 2020 წელს 50 მილიარდი უკაბელო მოწყობილობა დაუკავშირდება ერთმანეთს, ეს კი 15-ჯერ გაზრდის გადაცემული ინფორმაციის მოცულობას;
• 2020 წელს ახალი სამუშაოს დაწყების მსურველი კანდიდატების 90% დადგება სავალდებულო მოთხოვნის წინაშე, რომ მათ უნდა იცოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.

წარმოიდგინეთ, რამხელა შესაძლებლობებს იძლევა მაღალტექნოლოგიური სფერო ახალგაზრდებისთვის, ვისთვისაც კომპიუტერი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, და ეს იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი საგანგაშო პარამეტრებს აღწევს. ასეთ პირობებში ციფრული ეკონომიკის განვითარება, ინოვაციების ხელშეწყობა, მაღალტექნოლოგიური სისტემების მცირე ორგანიზაციებში დანერგვაც კი შესაძლოა, სინათლის ერთადერთი სხივი იყოს გვირაბის ბოლოს. ევროკომისიის გაანგარიშებით, ევროპული ქვეყნების მიერ შვედეთის ან აშშ-ის მაგალითის “ანარეკლის პრინციპით“ დანერგვა დამატებით 1,500,000 სამუშაო ადგილს შექმნიდა. პრინციპი გულისხმობს საკანონმდებლო ბაზის მომზადებას, ცნობადობისა და სწავლების კომპონენტის გაძლიერებას, ციფრული მეწარმეობის მხარდაჭერას.

ევროკომისიის დაკვეთით ჩატარებული კვლევების თანახმად, მცირე ბიზნესის ზრდის ტემპი საშუალოდ 3-ჯერ მაღალია, თუ ორგანიზაცია ციფრული ტექნოლოგიებით ხელმძღვანელობს. მცირე ბიზნესერთეულების მხოლოდ 10% რჩება ბაზარზე, კომერციალიზაციიდან 3 წლის შემდეგ. მძლავრი კონკურენცია მარტივად განდევნის ბაზრიდან სუსტ ერთეულებს.

განვიხილოთ სოციალური მედიის მაგალითი: მცირე ან საშუალო ზომის კომპანია, რომელსაც სურს ცნობადობის ამაღლება, გაყიდვების სტიმულირება ან ზოგადად, კომპანიის პოზიციონირება, დგება არჩევანის წინაშე – კომპლექსურად გამოიყენოს ტრადიციული, ძვირად ღირებული მედიასაშუალებები თუ უპირატესობა მიანიჭოს მხოლოდ სოციალურ მედიას და ამ გზით მისწვდეს იმ აუდიტორიას, ვისთანაც სურს კომუნიკაცია; ანუ დახარჯოს მინიმალური რესურსი და უწყვეტ რეჟიმში აკონტროლოს მომხმარებლის აზრი მისი კომპანიის შესახებ. შეზღუდული რესურსების პირობებში, თქვენ რომელს აირჩევდით? რა თქმა უნდა, სოციალურ მედიას. ის ზოგავს თანხებს, სწვდება ფართო აუდიტორიას, ახდენს სწორ პოზიციონირებას და მარკეტინგული კვლევის ერთგვარ ალტერნატივასაც კი
წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მისი გამოყენება ეფექტის მომტანი და მართებულია. კომპანიებმა, რომელთაც გაააქტიურეს სოცმედია-პლატფორმა, 20-22%-ით გაზარდეს გაყიდვები.

ციფრული მეწარმეობის მხარდასაჭერად, ევროკომისიამ სახელმწიფო აქტივობების 5 ძირითადი მიმართულება გამოყო:
• ციფრული განათლებისა და ცოდნის საბაზო სისტემების არსებობა;
• ციფრული ბიზნეს გარემოს სტიმულირება და მხარდაჭერა;
• გამარტივებული წვდომა ფინანსებთან;
• ციფრული უნარებისა და ნიჭის მხარდაჭერა;
• ციფრული სამეწარმეო კულტურის გაძლიერება.

ციფრული სამეწარმეო კულტურის გაძლიერება მნიშვნელოვანი ქმედება იქნება სახელმწიფოს მხრიდან. პროგნოზირებული 250-მილიარდიანი ზრდა ევროპის ქვეყნების ეკონომიკაში ევროკომისიას ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯების გადადგმის მანდატს ანიჭებს.
საქართველოში არსებული ლეგალური, ტექნოლოგიური თუ ადამიანური ბარიერი მნიშვნელოვანწილად აფერხებს ციფრული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის შესაძლებლობებს. საერთაშორისო გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, ციფრული ეკონომიკა ქვეყნის მშპ-ის ზრდის ყველაზე სწრაფ და ეფექტიან გზას წარმოადგენს. ევროკომისიის მიერ რეკომენდებული აქტივობების თანმიმდევრულად გატარების შემთხვევაში, 20%-იანი ზრდა საკმაოდ რეალისტური მიზანია საქართველოსთვის. განვითარებადი ქვეყნების ციფრული ეკონომიკის ზრდის ყოველწლიური საშუალო მაჩვენებელი 18%-ს აღწევს. განვითარებული ქვეყნების შემთხვევაში კი საშუალოდ 8%-ს.

აღნიშნული ტენდენციის დასამკვიდრებლად ამოქმედებულია რამდენიმე გლობალური პროექტი: „ევროკავშირის ინციატივა – Digital Agenda For Europe, Europe 2020 Initiative“; „ეკონომიკური ფორუმის ინციატივა – Grand Coalition for Digital Jobs-ი და სხვა. ევროკავშირის მხრიდან იგეგმება მილიონობით ინვესტიციის განხორციელება პერსონალის გადამზადებისა და ახალი ტექნოლოგიების ათვისებისათვის.

საერთაშორისო ორგანიზაცია დელოიტის მიერ, ევროკომისიის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგად, იდენტიფიცირებულია რიგი აქტივობებისა, რომლებიც გადააწყობს ქვეყნის ეკონომიკას ციფრულ პლატფორმაზე და ამ გზით უზრუნველყოფს ეკონომიკურ კეთილდღეობას. რეკომენდაციებს შორისაა:
• ციფრული ინოვაციების შესახებ მარკეტინგული კამპანიის ჩატარება;
• არსებული ინდუსტრიის კლასტერული გაძლიერება;
• სპეციფიკური ინდუსტრიებისთვის შესაბამისი ციფრული პლატფორმების შეთავაზება და გაძლიერება;
• ციფრული მეწარმეობის შესახებ ცნობადობის ასამაღლებელი კამპანიის ჩატარება;
• ახალგაზრდა მეწარმეების გაცვლითი პროგრამების სტიმულირება;
• ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა;
• მეწარმეობის სწავლების კომპონენტის გაძლიერება;
• სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების წახალისება ციფრული ბიზნესის დასაწყებად (და სხვა).

ბენჩმარკისთვის შეგვიძლია განვიხილოთ სილიკონის ველის, როგორც ინოვაციური ეკოსისტემის ტრენდსეტერის შემთხვევა: სილიკონის ველი ქმნის სტარტაპ-ეკოსისტემას არა მხოლოდ კალიფორნიაში, არამედ აშშ-ში მთლიანად და ამას საჯარო სექტორის ფრთხილი, შერჩევითი ჩართულობის ფონზე ახორციელებს. სტენფორდის უნივერსიტეტის პოზიციონირება და მათი სამეწარმეო საქმიანობაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემის არსებობა პოზიტიურად აისახება სან-ფრანცისკოს ყველაზე ინოვაციურ სივრცეზე, სადაც ინოვატორი კურსდამთავრებულები ახალი იდეებით იპყრობენ სილიკონის ველს. ამასთან, კალიფორნიის საგადასახადო სისტემა არ არის მომართული ინოვაციების ხელშეწყობასა და ფინანსების ხელმისაწვდომობაზე, შესაბამისად, ის ჯერ კიდევ სრულყოფის პროცესშია.

განსაკუთრებით დამაჯერებლად ჟღერს საქართველოში ციფრული ეკონომიკის წარმატება, თუ განვიხილავთ ბერლინის მაგალითს, სადაც დაბალი საცხოვრებელი ხარჯის გამო, მაღალტექნოლოგიურ სფეროში დასაქმებული სპეციალისტები ემიგრირებენ. ქვეყანა მათთვის განსაკუთრებულ საგადასახადო შეღავათებს აწესებს იმ შეთხვევაში, თუ სპეციალისტები ინოვაციურ ბიზნესს წამოიწყებენ.

თუმცა, ყველა ზემოთ ხსენებულ ქვეყანასა და ქალაქს შორის, ყველაზე შთამბეჭდავი ციფრული ეკონომიკური ზრდა სინგაპურს აქვს. ქვეყნის მთავრობა უწყვეტად ეძებს შესაძლებლობებს მაღალი ტექნოლოგიების დასანერგად. ინოვაციური სტარტაპ-ეკოსისტემის ხელშეწყობისთვის სამთავრობო დონეზე შექმნილი სააგენტოები იძიებენ ინვესტორებს, ვენჩურულ კაპიტალისტებსა და მაღალტექნოლოგიურ სპეციალისტებს, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიის ციფრულ პლატფორმაზე გადაწყობას შეძლებენ. შედეგად, არსად ბიზნესის მართვა ისე მარტივი არ არის, როგორც სინგაპურში. მთავრობის აქტიური ქმედებები და სწორი პოლიტიკა სინგაპურის წარმატების განმსაზღვრელია.

ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ “გაციფრულება“ არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ მაღალტექნოლოგიური სტარტაპების გაჩენას ბაზარზე. მთავარია, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა ყველა შესაძლო სექტორში მოხდეს. ეკონომიკური ზრდა სხვაგვარად შეუძლებელი გახდება. ბარიერები, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს, აერთიანებს განათლებაში გასატარებელ რეფორმას, ციფრული სამეწარმეო კულტურის არარსებობასა და რიგ რეგულაციებს, რომელთა მოგვარება სახელმწიფოს აქტიური ჩართულობითაა შესაძლებელი.

გამოყენებული ლიტერატურა:
• გრეგორი მენქიუ – „ეკონომიკის პრინციპები“
• ჟურნალი – „ჩემი სამყარო“- ვლადიმერ პაპავა „რა არის ეკონომიკა?“
• wikipedia.ge
• eugeorgia.info
• marketer.ge
• forbes.ge

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial