ტრანსნაციონალური კორპორაციების როლი თანამედროვე ეპოქაში

ავტორის სტილი დაცულია
მარიამ გურჩიანი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
IV კურსის სტუდენტი
Gurchianimariami19@gmail.com

ანოტაცია

ამ სტატიაში განხილულია ტრანსნაციონალური კორპორაციების (ტნკ) ძირითადი არსი და მოკლე მიმოხილვა, მათი მნიშველნობა თანამედროვე ეკონომიკის გლობალიზაციაში. საუბარი იქნება ტრანსნაციონალური კორპორაციების წარმოშობა-განვითარების ისტორიაზე, დადებით და უარყოფით მხარეებზე. შევეხებით ტნკ-ების ტიპებს, მათი საქმიანობის შესაფასებლად გამოყენებულ ინდექსებს. და ბოლოს, ვისაუბრებთ ტნკ-ების ზეგავლენაზე გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და საქართველოს პერსპექტივებზე.

Annotation

The following article is about the essence of Transnational Corporations, their meaning and relevance in the globalization of the modern economy. We will talk about the history and development of Transnational Corporations, their positive and negative sides. Also, we will discuss about the types of TNCs, on the indices used to evaluate their activities. And at last, we will talk about the influence of TNCs on the countries with transitional economy and also the perspective of Georgia in this field.

ტრანსნაციონალური კორპორაციების მოკლე მიმოხილვა

რა არის ტრანსნაციონალური კორპორაცია? ტრანსნაციონალური კორპორაცია ეს არის ეკონომიკური პროფილის დიდი საერთაშორისო კომპანია, რომელიც კონტროლს უწევს მსოფლიო მეურნეობის ერთ ან რამოდენიმე დარგს. ასეთ კომპანიებს საწარმოები გააჩნია რამდენიმე ქვეყანაში. [1] სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტნკ-ში იგულისხმება მსხვილი ფირმა ან სხვა ქვეყნის ფირმების გაერთიანება, რომელსაც აქვს საზღვარგარეთული აქტივები და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში. ტნკ-ებს გააჩნიათ შემდეგი ძირითადი მახასიათებლები: საზღვარგარეთის ქვეყნებში საწარმოებისა და მათი ფილიალების განლაგება; სხვადასხვა ქვეყნის რეზიდენტების ერთობლივი საკუთრების არსებობა; პროდუქციის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის უცხოეთში რეალიზაცია.

აუცილებლად უნდა შევეხოთ ასევე გაეროს კლასიფიკაციას, რომლის მიხედვითაც ტრანსნაციონალურ კორპორაციებს მიეკუთვნება ფირმები, რომელთაც საწარმოები აქვთ არანაკლებ ორ ქვეყანაში, მათ შორის ხორციელდება აქტიური ეკონომიკური თანამშრომლობა, ცენტრალიზებულად ხორციელდება შეთანხმებული ეკონომიკური პოლიტიკა.
ზოგადად, გამოყოფენ ტნკ-ების სამ ძირითად ტიპს:
1) ტნკ-ები, რომლებიც შექმნილია ერთი ქვეყნის აქციონერული კაპიტალითა და მმართველობითი კონტროლით, რომელთა სათავო კომპანია ბაზირების ქვეყანაშია განთავსებული, ფილიალები კი მთელს მსოფლიოში;
2) ტნკ-ები, რომლებიც შექმნილია ინტერნაციონალური კაპიტალისა და მმართველობითი კონტროლის ბაზაზე და აერთიანებენ ორი ან მეტი ქვეყნის ეროვნულ კომპანიებს;
3) სამრეწველო და საბანკო სფეროში მსხილმასშტაბიანი ამოცანების გადაწყვეტის მიზნით შექმნილი საერთაშორისო კორპორაციული კავშირები, რომლებიც ფუნქციონირებენ სანავთობო, საავტომობილო, ქიმიურ და ინფორმატიკის სფეროებში.

ტნკ-ებს ჩამოყალიბებისა და განვითარების საკმაოდ დიდი და ამასთანავე მრავალფეროვანი ისტორია გააჩნიათ. ტნკ-ები ჯერ კიდევ XVI-XVII-სს მიჯნაზე ჩაისახა, თუმცა XX საუკუნემდე უმეტესწილად სავაჭრო საქმიანობას ახორციელებდნენ და კაპიტალიზმის განვითარებაში გადამწყვეტი როლი ვერ შეასრულეს. სწორედ, XIX საუკუნის დასაწყისიდან გადაიქცნენ ისინი ახალი ტიპის ტნკ-ებად და ამ პერიოდიდან მოყოლებული ტნკ-ების განვითარებაში სამი ძირითადი ეტაპი გამოიყოფა.

პირველ ეტაპზე, რომელიც მოიცავს XX საუკუნის პირველ ნახევარს, ტნკ-ები კაპიტალს აბანდებდნენ სუსტად განვითარებული ქვეყნების სანედლეულო დარგებში, სადაც არ არსებობდა მაღალტექნოლოგიური წარმოება.

მეორე ეტაპზე ( XX საუკუნის მეორე ნახევარი) იწყება უცხოური საწარმოო ქვედანაყოფების როლის გაძლიერება, როცა ისინი უფრო მეტად ორიენტირებულნი იყვნენ ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამ ეტაპზე მათი განვითარება ძირითადად ეფუძვნებოდა ტექნოლოგიების დანერგვას და მსოფლიოს მასშტაბით წარმოების სივრცობრივ დეცენტრალიზაციას.

ხოლო რაც შეეხება მესამე ეტაპს ( XX საუკუნის 90-იანი წლები) ის დაკავშირებულია წარმოებისა და რეალიზაციის გლობალური ქსელის შექმნასთან და ეფუძვნება წარმოებისა და გასაღების ხარჯების სიღრმისეულ ანალიზს. წარმოება, როგორც წესი, ხშირად ხორციელდება განვითარებად ქვეყნებში, სადაც წარმოების ხარჯები დაბალია, ხოლო რეალიზაცია კი – განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მოთხოვნა არის შედარებით მაღალი. [2]

ტრანსნაციონალური კორპორაციების საქმიანობის შესაფასებლად გამოიყენება ტრანსნაციონალიზაციის ინდექსი, რომელიც გულისხმობს შემდეგი სამი მაჩვენებლის საშუალო მნიშვნელობას: უცხოური აქტივების წილს აქტივების მთლიან მოცულობაში; საზღვარგარეთული გაყიდვების წილს გაყიდვების მთელს მოცულობაში; საზღვარგარეთის ფილიალებში მომუშავეთა წილს დასაქმებულთა მთლიან რაოდენობაში. ტრანსნაციონალური ინდექსის ზრდასთან ერთად იზრდება საზღვარგარეთული ფილიალების როლი ტნკ-ების საქმიანობაში. ტრანსნაციონალიზაციის ინდექსის გასაანგარიშებლად გამოიყენება შემდეგი ფორმულა:
It = 1/3 (A1/A + R1/R + S1/S) x 100% , სადაც
It – ტრანსნაციონალიზაციის ინდექსი , %
A1 – საზღვარგარეთული აქტივები;
A – მთლიანი აქტივები;
R1 – უცხოური ფილიალების მიერ საქონლისა და მომსახურების გაყიდვების მოცულობა;
R – საქონლისა და მომსახურების გაყიდვების მთლიანი მოცულობა;
S1 – საზღვარგარეთული შტატი;
S – კომპანიის მუშაკთა მთლიანი შტატი. [3]

ტრანსნაციონალური კომპანიების როლი მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციაში

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტრანსნაციონალური კორპორაციები წარმოადგენენ თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვანი საკვანძო პროცესების მამოძრავებელ ძალას. სწორედ ისინი განსაზღვრავენ საქონლისა და მომსახურების კონკურენტუნარიანობის დონეს მსოფლიო ბაზარზე, აკონტროლებენ საერთაშორისო კაპიტალისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოძრაობას. ტნკ-ების მნიშვნელობა საერთაშორისო ვაჭრობაში, ფინანსებში, წარმოებაში და თითქმის ყველა სხვა დარგში განუხრელად იზრდება. მსოფლიო მეურნეობრივი სისტემის ბირთვს შეადგენს 100-მდე ტნკ, რომლებმაც თავის ხელში მოუყარა განუსაზღვრელ ეკონომიკურ ძალაუფლებას და მათ განკარგულებაშია უცხოური კაპიტალური დაბანდების მესამედი. გლობალიზაციის პროცესმა არა მარტო ძალიან გაზარდა ტნკ-ების როლი მსოფლიო ეკონომიკასა და პოლიტიკაში და ისინი საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთ ძირითად აქტორებად აქცია, არამედ მნიშვნელოვნად შეცვალა მათი სტრუქტურა და შინაარსი. ამის მაგალითია „ფორდ მოტორის“ რეკონსტრუქცია. მისი მართვა და კონტროლი აღარ ხორციელდება ერთი ცენტრიდან და განაწილებულია მთელს მსოფლიოში. ეს ცენტრები დაკომპლექტებულია ადგილობრივი კადრებით. მოხდა პროდუქციის სტანდარტიზაცია და ყველა საწარმოში ერთი და იგივე პროდუქცია იწარმოება, ამ შემთხვევაში – ავტომანქანა. აღნიშნული პროდუქცია აღარ არის რომელიმე ქვეყნის ნაწარმი, არამედ წარმოადგენს „მსოფლიო ავტომობილს“ და აღარავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს, კონკრეტულად რომელ ქვეყანაშია იგი დამზადებული. მარკა „დამზადებულია აშშ–ში” იცვლება მარკით “დამზადებული ფორდ მოტორში“. ხოლო თვით „ფორდ მოტორიც“ ვეღარ ჩაითვლება ამერიკულ კომპანიად, რადგან იგი სათავო ოფისის გარეშეა წარმოდგენილი. როგორც ვარაუდობენ, ამ გზას დაადგებიან სხვა ტნკ-ებიც, რადგან ეს გლობალიზაციის ეპოქის, XXI ს-ის მოთხოვნაა.
ტრანსნაციონალური კომპანიების როლი მსოფლიო ეკონომიკაში შემდეგი ძირითადი მაჩვენებლების მიხედვით ფასდება:

1) ტნკ-ები აკონტროლებენ მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 2/3-ს, ამასთან ამ ვაჭრობის 40% ხორციელდება თვითონ ტნკ-ებს შორის, ანუ ეს ვაჭრობის ის ნაწილია, რომელიც ხორციელდება არა საბაზრო ფასებში, არამედ ე.წ სატრანსფერო ფასებში;

2) ტნკ-ებზე მოდის მსოფლიო სამრეწველო წარმოების დაახლოებით ნახევარი;

3) ტნკ-ების საწარმოებში მუშაობს არასასოფლო-სამეურნეო საწარმოებში დასაქმებულთა 10%. ( 60% – დედა კომპანიაში, 40% შვილობილში);

4) ტნკ-ები აკონტროლებენ მსოფლიოში არსებული პატენტების, ლიცენზიების და ნოუ-ჰაუს დაახლოებით 4/5-ს.

თითქმის ყველა უმსხვილესი ტნკ კუთვნილების მიხედვით ეკუთვნის ტრიადას – აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, იაპონია-ჩინეთი. თუმცა აღნიშვნის ღირსია ისიც რომ ბოლო პერიოდში, მსოფლიო ბაზარზე, აქტიურად ავითარებენ თავის ეკონომიკურ საქმიანობას ტნკ-ები ახალი ინდუსტრიული ქვეყნებიდანაც. 2017 წლისათვის მსოფლიოში 2000 უმსხვილეს ტრანსნაციონალურ კორპორაციებს შორის 587 აშშ-ს ტნკ იყო, 219 იაპონური და 200 ჩინური ტნკ.

ტნკ-ების საქმიანობის ეფექტიანობის ამსახველ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო დონეზე წარმოება. მსოფლიოს 500 წამყვან ტნკ-ებს შორის მთავარ როლს თამაშობს ოთხი კომპლექსი, ესენია; ელექტრონიკა, ნავთობპროდუქტების გადამუშავება, ქიმიური მრეწველობა და ავტომობილების წარმოება. დაახლოებით 67% უკავია ნავთობის მოპოვებასა და გადამუშავებას, 11% ელექტრონიკას, 9% ქიმიურ-ფარმაცევტულ მრეწველობას, 8% ავტომობილების წარმოებას, 5% სასმელებისა და კვების პროდუქტების წარმოებას. [4]

მსოფლიო საზოგადოების დიდი ნაწილი ყოველწლიურად ელის და აკვირდება სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ჟურნალების და ორგანიზაციების მიერ წარმატებული ტრანსნაციონალური კომპანიების მონაცემების გამოქვეყნებას, რაც საინტერესო ანალიზის ჩატარების საშუალებას იძლევა. მაგალითად ჟურნალი „Fortune” ყოველწლიურად აქვეყნებს რეიტინგს სახელწოდებით „Global 500”, სადაც შესულია 500 ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე კომპანია . ასევე “The Forbes Global 2000” არის ჟურნალ “Forbes”-ის მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებადი 2000 საუკეთესო კომპანიის რეიტინგი მსოფლიოში, რომელიც 4 ძირითად მაჩვენებლს ეფუძვნება: გაყიდვები, მოგება, აქტივები და საბაზრო ღირებულება. აღნიშნული სია 2003 წლიდან ქვეყნდება და ნებისმიერი ინდუსტრიული მიმართულების მქონე წამყვანი კომპანიების მონაცემებს მოიცავს.
ქვემოთ ცხრილში მოცემულია 2019 წლის მონაცემებით ტოპ 10 კომპანია, რომელიც “Fortune Global 500”-მა გამოაქვეყნა.
99
როგორც ცხრილიდან ჩანს სამეულში შედის აშშ, ჩინეთისა და ნიდერლანდების კომპანიები. შემოსავლების მიხედვით პირველ ადგილზეა “Walmart”, ხოლო ბოლო ადგილზე “Toyota Motor”. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიათა რეიტინგები სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით დგება, როგორცაა შემოსავლები, ბაზრის კაპიტალიზაციის ხარისხი და სხვა, აქედან გამომდინარე ეს რეიტინგი ყოველ შემთხვევაში განსხვავებულია და დავუშვათ, თუ ერთი რეიტინგის მიხედვით კომპანია პირველ ადგილზეა, სხვა რეიტინგის მიხედვით შესაძლოა ათეულშიც არ იყოს. [5]

ტნკ-ების დადებითი და უარყოფითი მხარეები

ტრანსნაციონალური კორპორაციების მნიშვნელობიდან გამომდინარე აუცილებელია ვისაუბროთ მათ დადებით და უარყოფით მხარეებზეც. დავიწყოთ იმიტ, რომ გლობალიზაციის ეპოქაში ტნკ-ების ფაქტორი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს როგორც ეროვნულ ისე მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში. პირდაპირი ინვესტიციები ხელს უწყობს ქვეყანაში დასაქმების ზრდას და უმუშევრობის შემცირებას, პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, საგარეო-სავაჭრო ღონისძიებების განმტკიცებას. უნდა შევეხოთ ასევე ტნკ-ების გავლენას მსოფლიო შრომის ბაზრის ფორმირებაზე, ტნკ-ები ხელს უწყობენ განვითარებულ ქვეყნებში უკვე აპრობირებული ინსტიტუტების – შრომითი და ანტიმონოპოლიური საკანონმდებლო ნორმების, დაბეგვრის პრინციპების, კონტრაქტების დადების პრაქტიკისა და სხვათა წარმატებულ გადატანას და დანერგვას განვითარებად ქვეყნებში. ასევე ისინი წარმატებით ახორციელებენ ისეთ საწარმოო და საინვესტიციო ფუნქციებს, როგორიცაა: პროდუქციის საერთაშორისო წარმოება, განაწილება-რეგულირება, ქვეყნებს შორის მდგრადი საგარეო ეკონომიკური კავშირების შექმნა და სხვა.

გარდა ამ ყველაფრისა აღსანიშნავია ტნკ-ების უარყოფითი მხარეებიც. როგორიცაა:
● ბაზრის მონოპოლიზაცია- კორპორაციები იძენენ უფრო მცირე ზომის კონკურენტებს ან ანადგურებენ მათ დემპინგური ფასების დაწესებით, შემდეგ ახორციელებენ ფასების ზრდას და იღებენ ზემოგებას;
● პატარა სახელმწიფოებს ექმნებათ სუვერენიტეტის საფრთხე- იქიდან გამომდინარე, რომ ტნკ-ები ფლობენ დიდ ფინანსურ სიმძლავრეებს და ამასთანავე პოლიტიკურ მხარდაჭერას, მათ შეუძლიათ უკარნახონ თავიანთი პირობები არა მხოლოდ კონკურენტებს, არამედ სახელმწიფოებსაც კი, რაც რათქმაუნდა, ცუდად მოქმედებს მოცემულ ქვეყანაზე;
● ეკოლოგიის საფრთხე – სახელმწიფოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ზეწოლის შედეგად, რომლებსაც შემოაქვთ სულ უფრო მკაცრი ეკოლოგიური ნორმები და ზრდიან გადასახადებს გარემოს ეკოლოგიური დაბინძურებისათვის, ტრანსნაციონალურ კორპორაციებს თავისი „ჭუჭყიანი“ წარმოებები გადააქვთ განვითარებად ქვეყნებში. [6]

ტნკ-ების გავლენა გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებზე და საქართველოს პერსპექტივები

ტრანსნაციონალური კომპანიების გავლენა ძალიან მნიშვნელოვანია გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებზე, ასეთ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება საქართველო. ქართულ ბაზარზე მოქმედი რამდენიმე მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიაა, რომლებიც აქტიურად საქმიანობენ სხვადასხვა დარგებში. ტრანსნაციონალური კომპანიების საქმიანობის ზეგავლენა, შეიძლება დაიყოს. ზოგადად ისინი შეიძლება დაიყოს:
• ოპტიმისტური;
• პესიმისტური;
• სკეპტიკური შეხედულებები.

თითოეული ამ შეხედულების მიხედვით ტნკ-ების გავლენა გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე განსხვავებულია და შესაბამისად მათი შედეგების სხვადასხვანაირია.

საქართველოს ბაზრის მოცულობა ძალიან მცირეა და მოთხოვნა ძირითადად კმაყოფილდება იმპორტის ხარჯზე. ამდენად, ბაზრის ზომაზე ორიენტირებული ინვესტორებისათვის საქართველოს მიმზიდველობის ხარისხი არც ისე მაღალია. ამის მიუხედავად, იზრდება უცხოური კომპანიების დაინტერესება საქართველოთი, რადგან თავისი ადგილმდებარეობით ქვეყანა არის ერთგვარი ხიდი, რომელიც აკავშირებს მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს რეგიონებს.

საქართველოს ბაზარზე აქტიურად შემოვიდა ბევრი საერთაშორისო კომპანია, დიდი ბრიტანეთის კომპანიებმა შეიძინეს მანგანუმის საბადოები და ბათუმის პორტი. ჩეხურმა კომპანიებმა ინვესტიციები განახორციელეს ელექტროგამანაწილებელ ქსელსა და ჰიდროელექტორსადგურებში; ყაზახური ინვესტიციები განხორციელდა სატელეკომუნიკაციო პროექტებში; არაბული ინვესტიციებია უძრავი ქონების მსხვილ პროექტებში; უდიდეს საზღვარგარეთულ საბანკო კომპანიებს ფილიალები აქვთ საქათველოში და გეგმავენ ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას. საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობები აქვთ ისეთ ტნკებს როგორებიცაა Microsoft, ფრანგული სატელეკომუნიკაციო კომპანია Alcatel. საქართველოში წარმომადგენლობა აქვს, ასევე, კომპანია Sumsung-ს. საკმაოდ მაღალია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და უცხოური კომპანიების აქტივობა საქართველოს საბანკო სექტორში.

საქართველოში ტნკ-ების შემოსვლისა და საქმიანობის მოდელი დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე. როგორებიცაა:
• ტნკ-ების ეკონომიკური ინტერესები;
• უცხოური კაპიტალის დაბანდების სფერო და პროდუქციის სახე;
• პუი-ს მოზიდვის სტრატეგიული მიზნები
მნიშვნელოვანია გამოვყოთ რამოდენიმე ტნკ, რომლებსაც საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ესენია:
შპს “ტოიოტა კავკასია” – ტოიოტას ოფიციალური დისტრიბუტორია კავკასიასა და შუა აზიაში. „ტოიოტა“ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომანქანების მწარმოებელია და საქართველოშიც წარმატებით საქმიანობს.
„ბიპი საქართველო“ – „ბრიტიშ პეტროლიუმი“ შედის მსოფლიოს უმდიდრესი კომპანიების ათეულში. კომპანიის საქმიანობის სფეროა ნავთობი და გაზი. „ბრიტიშ პეტროლიუმის“ სათავო ოფისი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში მდებარეობს. მას შემდეგ, რაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი და სამხრეთ კავკასიური გაზსადენი ექსპლუატაციაში შევიდა, „ბიპი“-ს მილსადენების ქსელი საქართველოშიც გაჩნდა. „ბიპი საქართველოს“ საქმიანობის მთავარი სფეროა ნავთობსადენები და გაზსადენები, მათი პროექტირება, მშენებლობა და რემონტი
„ენერგო-პრო ჯორჯია“ – ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი მოთამაშეა ელექტროენერგიის წარმოებისა და განაწილების სფეროში. „ენერგო-პრო“ ჯგუფი, თავის მხრივ, აერთიანებს ელექტროენერგიის გენერაციისა და დისტრიბუციის ობიექტებს ჩეხეთის რესპუბლიკაში, ბულგარეთში, საქართველოსა და თურქეთში. დღესდღეობით „ენერგო-პრო“ ჯგუფის აქტივების საბაზრო ღირებულება 650 მლნ ევროს აღემატება. 12 ჰიდროელექტრო სადგური აქვთ ჩეხეთის რესპუბლიკაში, 14 – ბულგარეთში, 15 – საქართველოში და 5 – თურქეთში;
ტრანსნაციონალური კომპანიების წილი, ქართულ ბაზარზე და ეკონომიკაში საკმაოდ მოცულობითია, აღნიშნულ კომპანიების კარგად ორგანიზებული და მოქნილი მენეჯმენტი გააჩნიათ, რაც უწყობს ხელს მათ ეფექტურ მართვას. ქართული სუსტი ეკონომიკის პირობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიების შემოსვლა, ეკონომიკური პარამეტრების გაზრდის მიზნით. [7]

საბოლოოდ შეიძლება ვთქვათ, რომ მიუხედავად წინააღმდეგობრივი ხასიათისა, ტნკ-ებს მადომინირებელი ადგილი უკავიათ მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის შეუქცევად პროცესში. სამომავლოდ, ტრანსნაციონალიზაციის გაღრმავებასთან ერთად, სულ უფრო გაიზრდება მათი როლი გლობალურ წარმოებასა და ბაზრის ფუნქციონირებაში. ასევე, განვითარებადი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მნიშვნელოვანია ტნკ-ების გავლენა მათ ეკონომიკებზე და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. ლექსიკონი-ცნობარი სოციალურ მეცნიერებაში, ტნკ URL dictionary.css.ge
2. რ. ჯავახიშვილი, ტრანსნაციონალური კორპორაციების როლი ეკონომიკის გლობალიზაციაში, გვ 2-3 URL www.researchgate.net
3. ნ. ჩადუნელი, ბიზნესის როლი მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციაში, სადისერტაციო ნაშრომი, 2013წ. გვ 135. URL press.tsu.ge
4. ქ. ხვედელიძე, გლობალიზაცია და ტრანსნაციონალური კომპანიების მენეჯმენტის თავისებურებანი, თბილისი 2018წ, გვ 45-48. URL openscience.ge
5. Global Finance, World’s Largest Companies 2019 URL
www.gfmag.com
6. რ. ჯავახიშვილი, ტრანსნაციონალური კორპორაციების როლი ეკონომიკის გლობალიზაციაში, გვ. URL www.researchgate.net
7. ქ. ხვედელიძე, გლობალიზაცია და ტრანსნაციონალური კომპანიების მენეჯმენტის თავისებურებანი, თბილისი 2018წ, გვ. 57-60 URL openscience.ge

Print Friendly, PDF & Email

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial