ორგანული პროდუქტების ბაზარი მსოფლიოსა და საქართველოში

ავტორის სტილი დაცულია

ბექა ბაიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IV კურსის სტუდენტი
beka.baiashvili@wikimedia.ge

ანოტაცია: ორგანული პროდუქტი, იგივე ბიოპროდუქტი არის ორგანულ სოფლის მეურნეობაში შექმნილი პროდუქტი. ორგანული პროდუქტი შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც ორგანული წარმოების წესების დაცვით შექმნილი ნებისმიერი სოფლის მეურნეობის ნაწარმი.

Annotation: An organic product is made from materials produced by organic agriculture. There are different types of organic products. Most appropriately organic products can be explained as any products that is made or cultivated organically should be treated as an organic product.

მსოფლიოში ბიოპროდუქციის (ორგანული პროდუქციის) წარმოება დღითი-დღე იზრდება. საერთაშორისო ორგანიზაციის, FIBL-ის (ორგანული აგროპროდუქტების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი) კვლევები გვიჩვენებს რომ მსოფლიოში იზრდება ბიოპროდუქტების მნიშვნელობა და წარმოების არეალი. იგივეს ადასტურებს სხვა გავლენიანი ორგანიზაციები, როგორებიცაა IFOAM
(International Federation of Organic Agriculture Movements), FAO (Food and Agriculture Organization), UNEP (United Nations Environment Programme) და სხვა.
ქვემოთ მოცემული ცხრილი 1 გვიჩვენებს რამდენიმე ქვეყანას და იმ მიწის ფართობებს, რომლებზეც ისინი ბიოპროდუქტებს აწარმოებენ (FiBL & IFOAM, 2019).

ცხრილი 1

მონაცემები გვიჩვენებს, თუ რამდენად ჩამორჩება საქართველო ამ მხრივ არა მარტო განვითარებულ, არამედ განვითარებად და მათ შორის, მეზობელ ქვეყნებს. საქართველოს სიტუაციას ქვემოთ უკეთ განვიხილავთ, მანამდე კი უკეთ განვიხილოთ ბიოპროდუქტების ბაზარი.

ბიოპროდუქციას ყველაზე მეტად მდიდარი ქვეყნები მოიხმარენ. ამ მიმართულებით გლობალური ბაზარი დაახლებით 25 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულებისაა, რომლის ნახევარი ჩრდილოეთ ამერიკაზე მოდის, დაახლოებით ნახევარი ¬ — ევროპულ ქვეყნებზე. მხოლოდ 3% ნაწილდება დანარჩენ ქვეყნებზე.

FIBL-ის მონაცემების მიხედვით 2017 წელს ორგანული პროდუქტების გაყიდვების მოცულობამ ევროპის ქვეყნებში შეადგინა 37,3 მილიარდი ევრო. ამ კუთხით ლიდერია გერმანია, სადაც ეს მაჩვენებელი 10 მილიარდზე მეტია.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სურსათის შესყიდვის დროს მომხმარებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის: გემო, პროდუქტის სიჯანსაღე, ვარგისიანობის ვადა და პროდუქტის ხარისხობრივი ასპექტები (ნაცვალაძე, 2009). აღნიშნული აპექტები ბიოპროდუქტების ბაზარზე მოთხოვნის ზრდის უმთავრესი ფაქტორებია.

Ecovia Intelligence-ის კვლევის მიხედვით, 2017 წლიდან ბიოპროდუქტების ბაზარი 6%-ით გაიზარდა. რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს ამ ბაზრის პერსპექტიულობაზე. საქართველოს კი ბიოაგროწარმოების განვითარების დიდი შესაძლებლობები აქვს. 90-იან წლებში განხორციელებული მიწის რეფორმის შედეგად მიწების დიდი ნაწილი მიტოვებული და დაუმუშავებელია. კვლევამ აჩვენა, რომ ამ მიწების დღევანდელი მდგომარეობა და ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი პირობები ბიომეურნეობების შექმნისა და ბიოაგროწარმოების განვითარების უნიკალურ საშუალებას გვაძლევს. თუ გვსურს, საქართველოს სოფლის მეურნეობა მსოფლიო ბაზარზე წარმატებული და კონკურენტუნარიანი იყოს, ამ მიზნის განსახორციელებლად ბიოაგროწარმოება მნიშვნელოვანი გზაა, მით უფრო დღეს, როცა ევროპის ბაზრის კარი ასე ფართოდ იღება საქართველოსთვის (ბერუაშვილი & წერეთელი გ., 2015).

ბიოპროდუქტების ბაზარი საქართველოში

ბიოწარმოების ეფექტიანობის ამაღლება პრიორიტეტულია ქვეყნის განვითარებისათვის. ბიოპროდუქციის წარმოებისას საყურადღებოა წარმოების პროცესში ბიოლოგიურად სუფთა სასუქების გამოყენება. სამწუხაროდ, უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში პესტიციდების მოხმარების მოცულობა საკმაოდ მაღალია. ტენდენცია მერყევია. 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, 7%-ით გაიზარდა, რაც ბოლო წლებში ერთ-ერთი უდიდესი მატებაა. დეტალურად, ინფორმაცია მოცემულია ცხრილი 2-ში.

ცხრილი 2

2017 წლის მონაცემებით, საქართველოში ბიოწარმოებისათვის მხოლოდ 1 452 ჰექტარი მიწის ფართობი იყო გამოყოფილი. რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია როგორც მსოფლიოს, ასევე რეგიონის მასშტაბითაც. მეზობელი ქვეყნებიდან საქართველო მხოლოდ სომხეთს უსწრებს ამ მონაცემით. საქართველოდან 2016 წელს ექსპორტზე გავიდა დაახლოებით 405 ტონა ორგანული პროდუქტი. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ქართული ბიო პროდუქტის ძირითადი ბაზარი არის გერმანია.

სამწუხაროდ, ქართველი ფერმერები არ ფლობენ ინფორმაციას, თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს მათ ბიოწარმოებამ. თან ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ საქართველოს კანონმდებლობა ყოველმხრივ მომართულია ბიოწარმოების სტიმულირებისაკენ. ქართველ ბიომწარმოებლებს აქვთ საშუალება აიღონ სერტიფიკატი, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთაც აღიარებულია და ეს ყველაფერი, მსოფლიო ფასების გათვალისწინებით, საკმაოდ იაფად. მაგალითად, კომპანია „კავკასსერტის“ სერტიფიკატის ქონა დაახლოებით 1500-2000 დოლარის ფარგლებშია შესაძლებელი. მაშინ, როცა უცხოური კომპანიები მსგავს სერტიფიკატებს ათჯერ და მეტჯერ ძვირად გასცემენ (მაგ. GlobalGap).

ბიოპროდუქციის მაღალ ხარისხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საექსპორტო და ადგილობრივი ბაზრისათვის. ხარისხის მისაღწევად გარდა ბიოწარმოების სტანდარტებისა, აუცილებელია საოფლო-სამეურნეო პრაქტიკისა და ხარისხის მართვის ეფექტიანი სისტემის დანერგვის სტიმულირება და კონტროლი.

საქარველოში შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე აგრარული სექტორი, რომელიც განსაკუთრებული პერსპექტიულობით გამოირჩევა. საქართველო ტრადიციული მეღვინეობის ქვეყანაა და შეუძლია აწარმოოს უმაღლესი ხარისხის ღვინო და მიაწოდოს ევროპისა და არა მარტო ევროპის ბაზრებს.

ბიოწარმოებისათვის საყურადღებოა ბიოჩაის წარმოება. რამდენიმე ათეული წლის წინ საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ჩაის მწარმოებელთა ლიდერ ოთხეულში შედიოდა. მაშინ უფრო მეტი ჩაი მხოლოდ ჩინეთში, ინდოეთსა და შრი-ლანკაში იკრიფებოდა. ცოტა ხნის წინ ქართული ჩაი ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა.

საქართველოში, ხელსაყრელი ნიადაგურ-კლიმატური პირობების გამო, ჩაის კრეფის სეზონი 6 თვე გრძელდება. დარგის ექსპერტების აზრით, ნედლეულის მაღალი ხარისხი და კონკურენტული ფასი ქართული ჩაის ძირითად უპირატესობას წარმოადგენს.

დასკვნა და რეკომენდაციები

ბიოწარმოების განვითარების მხრივ საქართველოში ნამდვილად არ არის სახარბიელო მდგომარეობა, ამიტომაც აუცილებელია არსებული სისტემის სრულყოფილად შესწავლა, მდგომარეობის ანალიზი და დარგის აღმავლობისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება, რაც დიდ ძალისხმევას, დროს, ცოდნასა და საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

ჩვენ შევიმუშავეთ ძირითადი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც პრობლემის მოსაგვარებლად, ვფიქრობთ, სასურველია:
1. კვალიფიკაცია: ქართველი ფერმერების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ ფლობს საკმარის ინფორმაციას ბიოწარმოებაზე. აუცილებელია საინფორმაციო კამპანიის გატარება, რაც პრობლემას შეამსუბუქებს. ამისათვის აქტიურად უნდა ჩატარდეს საინფორმაციო შეხვედრები ფერმერებთან, შეიქმნას დამხმარე სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე.
2. მხარდაჭერა: მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბიოწარმოების განვითარების მნიშვნელოვან ბერკეტად სახელმწიფო სუბსიდირება მიიჩნევა. საწყის ეტაპზე ქვეყანამ უნდა გასცეს ერთჯერადი გრანტები ეკოწარმოების მსურველებზე. უშუალოდ ბიოწარმოებაზე გადასვლის შემდეგ კი, საწყის წლებში ბიომწარმოებლებს დაურიგდეთ გარკვეული თანხა ჰექტრობის მიხედვით. ამ მხრივ სანიმუშოა საფრანგეთისა და შვეიცარიის მაგალითები.
3. სერტიფიცირება: ბიომეურნეს უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ მის მიერ ყველა წესის დაცვით მოყვანილ ბიოპროდუქციას არ შეექმნება პრობლემები და ზოგადად არ დადგება ეჭვქვეშ მისი ორგანულობა.
4. რეალიზაცია: ჩვეულებრივი ფერმერი ვერ დაუკავშირდება უცხოეთში სავარაუდო მყიდველს, ვერ დადებს კონტრაქტს და ვერ მოაგვარებს ექსპორტთან დაკავშირებულ რთულ პროცედურებს. ყველაფერ ამაში მას სერიოზული დახმარება ესაჭიროება. გარდა ამისა, ქართულ ბიოპროდუქციას სახელმწიფო და საერთაშორისო მასშტაბით მნიშვნელოვანი რეკლამირება ჭირდება. ამისათვის უნდა გამოვიყენოთ მასობრივი კომუნიკაციის საშალებები და ბიოწარმოების მიმართულებით ჩატარებული საერთაშორისო გამოფენები.
ამრიგად, ბიოლოგიური აგროწარმოება საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად უნდა იქცეს, რადგან მსოფლიოში ბიობაზარი ერთადერთ ნიშად რჩება, სადაც მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას. სახელმწიფოს მხრიდან სწორი აგრარული პოლიტიკის გატარებისა და ბიოწარმოების განვითარების ხელშეწყობის პირობებში, „ბიოსექტორს“ აქვს იმის პოტენციალი, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საქართველოს სოფლის მეურნეობის აღორძინების საქმეში. ტრადიციული კულტურების აღდგენა-გავრცელება, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდასა და ეკოტურიზმის განვითარებასთან ერთად, მცირე და საშუალო მეურნეობების მდგრადობის საუკეთესო პერსპექტივას ქმნის საქართველოში.

გამოყენებული ლიტერატურა
FiBL & IFOAM. (2019). The World oforganic agriculture.
ბერუაშვილი, მ., & წერეთელი გ. (2015). ბიოაგროწარმოების განვითარების გზები საქართველოში. საქართველო სამეცნიერო-საინფორმაციო ამეცნიერო-საინფორმაციო ჟურნალი #10, 54.
ნაცვალაძე, მ. (2009). სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ეკონომიკური მექანიზმი. თბილისი: უნივერსალი.
საქსტატი. (2020). გარემოსდაცვითი ინდიკატორები. დაბრუნებული 2020, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური: www.geostat.ge-დან