ინოვაციური განვითარება საქართველოში

ავტორის სტილი დაცულია

ბექა სიმონიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
beqasimonishvili00@gmail.com

ანოტაცია

დღევანდელ საბაზრო ეკონომიკაში სულ უფრო და უფრო რთულდება ბაზარზე მნიშნვნელოვანი ადგილის დაკავება საწარმოებისათის, ქვეყნებისათვის, რადგან გლობალიზაციის მზარდმა გავლენამ სრულიად შეცვალა მსოფლიო ეკონომიკის სურათი და შესაბამისად საზოგადოებისათვის აღარ წარმოადგენს ღირებულს ის საქონელი და მომსახურება, რომელიც თუნდაც რამდენიმე წლის წინ წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე თუ ფირმებს სურთ ბაზარზე თავისი სახელის დამკვიდრება, ამ ცვლილებებს მათ ფეხი უნდა აუწყონ, შესაბამისად დღეს  ინოვაციური განვითარება საწარმოების ძირითადი საქმიანობის განუყოფელი ნაწილი გახდა, რადგანაც ის უზრუნველყოფს ბაზარზე სრულიად ახალი და გაუმჯობესებული პროდუქტების და მომსახურების შექმნა, ზრდის ფირმის ეფექტურობას და რაც ყველაზე მთავარია ზრდის მის რენტაბბელობას. სტატიაში განვიხილავ ინოვაციური ფირმების განვითარებას საქართველოში, გლობალური ინოვაციის ინდექსს და  საქართველოს ადგილს ამ ინდექსის მიხედვით პანდემიამდე და პანდემიის პერიოდში და ასევე COVID 19-გავლენას ინოვაციებზე.

Annotation

In today’s market economy, it is becoming more and more difficult to occupy an important market place for enterprises or countries, because the growing impact of globalization has changed the picture of world economy. It spreads new technologys and innovations, so the outdated goods and services are no longer valuable for society. According that, if companies want to become knowledgeable, they should catch up with modern changes and therefore innovative development became an fundamental part of basic business of enterprises, because it brings new and improved products and services to the market, increase its efficiency and most, importantly, improve its profitability. In this article I will discus about development of innovative firms in Georgia, The Global Innovation Index  and Georgia’s position according to this index before the pandemic and during the pandemic period and aslo Covid-19 impacts on innovation.

ინოვაციის არსი

ინოვაცია, როგორც ტერმინი, ეკონომიკურ ლიტერატურაში სხვადასხვაგვარად განიმარტება, თუმცა მისი მრავალი ინტერპრეტირებისა საბოლოო შინაარსი მაინც ერთნაირია. ინოვაცია არის ადამიანი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში სიახლის დანერგვის პროცესი, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება პროგრესული ცვლილებები. ტექნოლოგიური პროგრესი სწორედ ინოვაციების მეშვეობით ხორციელდება, რომელსაც საბოლოოდ მივყავართ საზოგადოდ მწარმოებლურობის ამაღლებასთან, ვიწრო გაგებით ფირმის, ფართო გაგებით კი – მთლიანად ქვეყნის საწარმოო შესაძლებლობების ზრდასთან და ა.შ.

ინოვაციები საბაზრო ეკონომიკის პირობებში არის კონკურენციაში გამარჯვების საშუალება. მაგრამ, მან თანამედროვე ეტაპზე გაცილებით უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა. იგი არის გლობალური პრობლემების (ეკოლოგიური, სიღარაიბის, სასურსათო და სხვ.) გადაჭრის უმთავრესი საშუალება.

საზოგადოების პროგრესი განუყრელადაა დაკავშირებული ინოვაციებთან. ინოვაციებს ადგილი აქვს ნებისმიერი წყობილების დროს, მაგრამ იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გარკვეულ ეტაპზე, როდესაც ინოვაციები ღებულობენ უწყვეტ ხასიათს და ხდებიან განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. ეს პროცესები მსოფლიოში დაიწყო გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან და განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში. ამიტომაა, რომ ამ ქვეყნების ეკონომიკას ინოვაციურ ეკონომიკას უწოდებენ. ინოვაციური ეკონომიკა ეფუძნება ცოდნას, ინოვაციების ნაკადს, ტექნოლოგიების, ინფორმაციის და ა.შ გამუდმებულ სრულყოფას, მეცნიერთა და ნოვატორთა ინტელექტუალურ შრომას და არა უბრალოდ კაპიტალს. [1]

ინოვაციებს მთლიანობაში შეისწავლის მეცნიერება ინოვატიკა, რომლის საგანს წარმოადგენს ინოვაციების წყაროები, ინოვაციური იდეების ჩამოყალიბების მეთოდები, მათი განხორციელების ზოგადი პრინციპები და სხვა. ინოვაციის შესახებ როგორც უკვე აღვნიშნეთ სხვადასხვა განმარტებები არსებობდა. მეცნიერებს მასზე განსხვავებული შეხედულებები გააჩნდათ, როგორებიცაა მაგალითად:

  • რომ  ინოვაცია არის პროცესი, რომლის დროსაც გამოგონება  ან იდეა ეკონომიკურ შინაარს იძენს
  • ინოვაცია ტექნიკური, საწარმოო და კომერციულ ღონისძიებათა ერთობლიობაა, რომელსაც მივყავართ ახალ, გაუმჯობესებულ მოწყობილობასთან ან საწარმოო პროცესთან
  • ინოვაცია ტექნიკურ-ეკონომიკური და საზოგადოებრივი პროცესია, რომელიც მიმართულია ახალი იდეებისა და გამოგონებების გამოყენებით ახალ ნაკეთობათა და ტექნოლოგიათა შექმნისაკენ.

როგორც ვხედავთ, თავდაპირველად მართლაც მრავალი შეხედულება არსებობდა ინოვაციებთან დაკავშირებით, თუმცა ყველაზე დიდი წვლილი მის თავდაპირველ გამოკვლევაში იოზეფ შუმპეტერმა შეიტანა. მან ჩამოაყალიბა ცვლელებების ხუთი ტიპი, რომელიც ინოვაციას ახასიათებს:

  1. ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიის გამოყენება
  2. ახალი თვისებების მქონე პროდუქციის ათვისება
  3. ახალი ნედლეულის გამოყენება
  4. ახალი პრინციპები წარმოების ორგანიზაციაში
  5. ახალი ბაზრის წარმოქმნა.    [2]

საქართველოში ინოვაციური ფირმების განვითარება

2014 წელს შეიქმნა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. მისი მისიაა საქართველოში ისეთი ეკოსისტემის ფორმირება, რომელიც ხელს შეუწყობს ფირმებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის. ხელს შეუწყობს როგორც ფინანსური ასევე სწავლების მხრივ დახმარებებს და მისცემს მას სტიმულირებას.

მნიშვნელოვანია ასევე მთვრობის ხელშეწყობა ამ კუთხით. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 22 ივნისს საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი კანონით „ინოვაციების შესახებ“, რომლის მიზანია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის შექმნა და სრულყოფა, ქვეყანაში  ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობა, სხვა სახელმწიფოებში შექმნილი ტექნოლოგიების საქართველოში ათვისების ხელშეწყობა, საქართველოში შექმნილი ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების დანერგვისა და ექსპორტის ხელშეწყობა, მოწინავე ტექნოლოგიების მეცნიერებისა და ეკონომიკის ყველა სფეროში შეღწევა ამ სფეროთა კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით. [2]

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს განსაზღვრულ სივრცეში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და ინოვაციური საქმიანობის სხვა სუბიექტებისათვის ინფრასტრუქტურული და პროფესიული მომსახურებების გაწევას.  ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი უზრუნველყოფს ინოვაციის გადაცემას, რაც მოიცავს ინოვაციის კომერციული პოტენციალის შეფასებას, ინოვაციის გადაცემისათვის პარტნიორთა მოძიებას და ინოვაციის კომერციალიზაციის მიზნით ასეთი გადაცემის შეფასებას.

 ამ კუთხით აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ“ 2018 წელს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში 17 სტარტაპი დააფინანსა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამამ ჯამში 1500000 ლარზე მეტი შეადგინა. 5000 ლარამდე მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში 31 კომპანია, ჯამში 97 ბენეფიციარი დაფინანსდა. დაფინანსებული სტარტაპებიდან 100% აკმაყოფილებს ინოვაციურობის და მასშტაბურობის კრიტერიუმებს. ინოვაციების სააგენტოს აქტიურობა განსაკუთრებით დაიწყო 2018 წლის მეორე ნახევარში, როდესაც არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა, როგორც სატრენინგო მიმართულებით, ასევე დაფინანსების მიმართულებით. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს შეემატა თელავის ტექნოპარკი, ახმეტის და რუხის ინოვაციების ცენტრები. გარდა ამისა, გადაიდგა კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები საქართველოში ენჯელ ინვესტორთა გაძლიერების და წახალისების მიმართულებით.

სააგენტო დაფინანსებას გასცემს მხოლოდ უნიკალურ მაღალტექნოლოგიურ ინოვაციურ იდეებზე. მთლიანად პროგრამისთვის პირველ ეტაპზე გამოიყო 11 მილიონი ლარი, რაც შემდეგ 35 მილიონ ლარამდე გაიზარდა. მაღალტექნოლოგიური პროექტების შემთხვევაში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივ საწარმოში პარტნიორად რჩება არაუმეტეს 7 წლის ვადით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არ ერევა სტარტაპის მმართველობაში. [2]

ინოვაციის გლობალური ინდექსი (GII) და საქართველო

ინოვაციის გლობალური ინდექსის განსაზღვრის მიზანია ინოვაციის მრავალგანზომილებიანი მხარეების ხაზგასმა და იმ ინსტრუმენტების განსაზღვრა, რაც ხელს უწყობს მდგრად განვითარებასა და სამუშაო ადგილების ზრდას. ინოვაციის გლობალური ინდექსი 80 ინდიკატორისგან შედგება, რაც შემდეგ შვიდ ჯგუფში ერთიანდება:

  • ინსტიტუტები (პოლიტიკური გარემო, მარეგულირებელი გარემო, ბიზნეს გარემო);
  • ადამიანური კაპიტალი და კვლევები (განათლება, კვლევა და განვითარება);
  • ინფრასტრუქტურა (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT), ზოგადი ინფრასტრუქტურა, ეკოლოგიური მდგრადობა);
  • ბიზნეს გარემო (კრედიტები, ინვესტიციები, ვაჭრობა, კონკურენცია და ბაზრის მასშტაბი);
  • ბიზნესის განვითარების დონე (დასაქმებულთა ცოდნის დონე, ინოვაციისათვის საჭირო კავშირების არსებობა, ცოდნის მიღების შესაძლებლობა);
  • ცოდნა და ტექნოლოგიები (ცოდნის შექმნა, ცოდნის გავლენა ინოვაციების შექმნის პროცესში, ცოდნის გავრცელება);
  • შემოქმედებითობა (არამატერიალური აქტივები, შემოქმედებითი პროდუქტი და მომსახურება, ელექტრონული შემოქმედებითობა). [3]

ინდექსის ანგარიშში ქვეყნების შედეგები განხილულია როგორც ეკონომიკური ჯგუფების (მაღალი შემოსავლის, ზედა-საშუალო, ქვედა-საშუალო და დაბალი შემოსავლის ქვეყნები) ჭრილში, ასევე რეგიონულ ჭრილში. GII-ის კვლევის ფარგლებში საქართველო განხილულია როგორც ზედა-საშუალო შემოსავლის ქვეყანა. ამ თვალსაზრისით საქართველომ მაღალი შედეგები აჩვენა 7-იდან 3 კატეგორიაში, კერძოდ ინსტიტუტები, ადამიანური კაპიტალი და საბაზრო გარემო შეფასდა ზედა-საშუალო შემოსავლის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე მაღალი ქულებით. თუმცა საქართველომ დანარჩენ 4 კატეგორიაში, ინფრასტრუქტურა, ბიზნეს განვითარების დონე, ცოდნა და ტექნოლოგიები და შემოქმედებითობა, საშუალოზე დაბალი ქულებით შეფასდა, როგორც ამ ყველაფერს დიაგრამაზე ვხედავთ.

წყარო: Global innovation Index, 13th edition.

განვიხილოთ საქართველოს რეიტინგი ინოვაციის გლობალური ინდექსის კვლევაში ბოლო წლების მანძილზე:

წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

2018 წლის ინოვაციის გლობალური ინდექსის კვლევაში საქართველო ცხრა პოზიციით დაწინაურდა და 35.05 ქულით 59-ე ადგილს იკავებდა. საქართველო რეგიონსა და სამეზობლოში იმ დროისათვის ჩამორჩებოდა 43-ე ადგილზე მყოფ 38.52 ქულის მქონე უკრაინას, 46-ე ადგილზე მყოფ 37,9 ქულის მქონე რუსეთს, 48-ე ადგილზე მყოფ 37,63 ქულის მქონე მოლდოვას და 50-ე ადგილზე მყოფ 37.42 ქულის მქონე თურქეთს.

ინოვაციის გლობალური ინდექსის კვლევა ადგენს აგრეთვე ქვე-ინდექსებს ინოვაციების დანახარჯების (Innovation input) და ინოვაციური პროდუქტისთვის (Innovation output), რომლის მიხედვითაც საქართველო დანახარჯების კუთხით 25,65 ქულით 62- ე ადგილზეა ხოლო პროდუქციის მხრივ 44.44 ქულით 53-ე ადგილზე.

 2019 წელს პირველად ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგის ისტორიაში საქართველო ტოპ 50 ქვეყანას შორის მოხვდა. 2019 წლის მონაცემებით ჩვენი ქვეყანა 48-ე ადგილს იკავებდა, წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 11 საფეხურით გაუმჯობესდა. საქართველოს ასეთი მნიშვნელოვანი წარმატების მთავარი ინდიკატორები იყო მაღალტექნოლოგიური იმპორტი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო მომსახურების (ICT) ექსპორტი და სამრეწველო ნიმუშების დიზაინი. [3]

პანდემიის პერიოდში, 2020 წლის მაჩვენებლებით, რეიტინგი 15 ადგილით გაუარესდა და საქართველო 63-ე ადგილზე ჩამოქვეითდა. გაუარესების მიზეზად მკვლევარები ქვეყნისგან დამოუკიდებელ მიზეზებს ასახელებენ, მათ შორის ახალი მონაცემების ხელმისაწვდომობას და ცვლილებებს GII-ის მეთოდოლოგიაში, თუმცა ასევე აღნიშნავენ კონკრეტულ კატეგორიებში გაუარესებას, როგორც ინვესტიციების შემცირების, ასევე ინოვაციური პროდუქტების წარმოების თვალსაზრისით, რისი გამომწვევი მიზეზიც პანდემიაა, რომელმაც არამარტო საქართველოს არამედ მთლიანად გლობალური მასშტაბით ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვნად დაცემა გამოიწვია. ინოვაციის გლობალური ინდექსის მიხედვით ტოპ 3 ქვეყნის მაჩვენებლებიც გაუარესებულია 2019 წლის ამავე მაჩვენებლებთან შედარებით.  

საქართველოს რეიტინგი ინდექსის 7 კატეგორიიდან 5-ში საგრძნობლად გაუარესდა, კერძოდ საბაზრო განვითარების კატეგორიაში 15-ე ადგილიდან 39-ე ადგილზე ჩამოქვეითდა, ინფრასტრუქტურის კატეგორიაში 72-დან 81-ე ადგილზე, ბიზნესის განვითარების კატეგორიაში 70-დან 79-ე ადგილზე, შემოქმედებითობის კატეგორიაში 58-დან 68-ე ადგილზე, ხოლო ინფრასტრუქტურის კატეგორიაში 72-ე ადგილიდან 81-ეზე. მცირედით გაუარესებულია ცოდნა და ტექნოლოგიების მაჩვენებლები, ინსტიტუტების რეიტინგი კი შენარჩუნებულია შარშანდელ ნიშნულზე.[3]

მიუხედავად წლევანდელი გაუარესებისა, საქართველო კვლავ მნიშვნელოვნად უსწრებს რეიტინგში სამხრეთ მეზობლებს, თუმცა საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენებს. აღსანიშნავია რომ 2019 წლის მონაცემებით რუსეთი, უკრაინა და საქართველო რეიტინგში 46-ე, 47-ე და 48-ე ადგილებს იკავებდნენ.

ინდექსმა კონკრეტული ინდიკატორების მეშვეობით გამოყო საქართველოს ძლიერი და სუსტი მხარეები ინოვაციური განვითარების მხრივ. ინსტიტუტების კატეგორიაში, ქვეყანას წამყვანი პოზიცია უკავია ბიზნესის დაწყების სიმარტივის თვალსაზრისით. ადამიანური კაპიტალის კატეგორიაში დადებითად შეფასდა სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეთა და მასწავლებელთა თანაფარდობა. საბაზრო გარემოს კატეგორიაში გამოირჩევა სესხის აღების სიმარტივე და დაბალი ტარიფები, ხოლო ბიზნეს გარემოს თვალსაზრისით დაფიქსირდა პირდაპირი საგარეო ინვესტიციების მაღალი მაჩვენებელი.

 რაც შეეხება ნაკლოვანებებს, მოსწავლეებს უფიქსირდებათ დაბალი ქულები PISA-ს შკალაზე, კითხვაში, მათემატიკაში და საბუნებისმეტყველო საგნებში, ასევე მწირია მაღალ რეიტინგიანი უნივერსიტეტების რაოდენობა, რაც დაბალი ხარისხის განათლების სისტემაზე მეტყველებს. [3]

ინოვაციური განვითარება პანდემიის პირობებში

ისეთი მოულოდნელი კატასტროფები, რგორიც რეცესიები და პანდემიებია, მთლიანად ცვლის მთავრობების, ეკონომიკისა და ბიზნესის ტრაექტორიებს. ატიპური პნევმონიის პანდემია 2002-2004 წლებში მეტეორული ზრდის კატალიზატორი გახდა მაშინდელი ელექტრნული კომერციის მცირე კომპანიისთვის, სახელად Ali Baba და მას ლიდერის პოზიციის დაკავებაში დაეხმარა საცალო ვაჭრობაში აზიაში. ამ ზრდას კიდევ უფრო აძლიერებდა მოგზაურობებთან და ადამიანურ კონტაქტებთან დაკავშირებული ფარული განგაში, იმის მსგავსი, რასაც დღეს Covid 19-ის შემთხვევაში ვხედავთ.

 Covid-19-ის პანდემიასთან ერთად, უკვე აშკარად ვხედავთ ცვლილებებს მომხმარებლისა და კომპანიების ქცევაში. როგორც ტექნოლოგიური, ისე არატექნოლოგიური კომპანიები უკვე იწონებენ დისტანციურ მუშაობას. ზოგიერთი ეს ცვლილება პირდაპირი, მოკლევადიანი პასუხია კრიზისებზე და როგორც კი Covid-19-ის „განეიტრალება“  მოხერხდება, მდგომარეობა კვლავ ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება. თუმცა, ზოგიერთი ცვლილება დამანგრეველ ზემოქმედებას მოახდენს ციფრულ სფეროზე გრძელვადიანი პერიოდის გათვლით, და ათეული წლით ადრე მისცემს ბიზნესს მიმართულებას. [4]

Covid 19-ის პერიოდში ყველაზე მეტად შეიძლება გამოვარჩიოთ სამი მიკროინოვაცია:

მიწოდების ქსელები

მიწოდების გლობალური ქსელები საკმაო ხანია ცდილობს, პროდუქციის ხარისხიც შეინარჩუნოს და ამავე დროს, თითოეულ ეტაპზე ხარჯებიც შეამციროს. ამან კომპანიების უმრავლესობისთვის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი რისკი გამოიწვია გეოგრაფიისა და მიმწოდებლების თვალსაზრისით. პანდემიის დროს, აუცილებელია, მასშტაბების შენარჩუნების პირობებში იყოს კოორდინირებული საქონლის მიწოდება და მათი გაკონტროლება სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონში, სხვადასხვა მომწოდებლისთვის, რაც გლობალური პლატფორმების შექმნას მოითხოვს, რომლებიც ისეთ დახვეწილ ტექნოლოგიებს იყენებენ, როგორებიცაა 5G, რობოტოტექნიკა, ფიზიკური საგნების ინტერნეტი და ბლოკჩეინი, რათა მიწოდების ქსელების საშუალებით საიმედოდ დააკავშირონ ერთმანეთს რამდენიმე მყიდველი და რამდენიმე მომწოდებელი.

ციფრული ბიუროკრატია

Covid-19-ის პანდემიამ აიძულა სამთავრობო სტრუქტურები, ადრინდელზე გაცილებით სწრაფად დაეწყოთ მოქმედება. ჩინეთმა ყველა რეკორდი მოხსნა − სულ რაღაც 10 დღეში, უჰანში, უზარმაზარი ჰოსპიტალი ააშენა. მთავრობები Covid-19-ის გამოცდილებაზე სწავლობენ, და აშკარაა რომ ე.წ „ჭკვიან ქალაქებში“ ახორციელებენ ინვესტირებას, რადგან მათი არსებობა უზომოდ მნიშვნელოვანია, რათა კაცობრიობამ უკეთ შეძლოს პანდემიასთან გამკლავება. საკვანძო მოთამაშეები, რომლებიც ამ ცვლილებებით სარგებლობენ, ჭკვიანი მთავრობები და ისეთი კომპანიები არიან, როგორებიცაა Cisco, Microsoft და Siemens. ასევე, ციფრული ქალაქების სტარტაპები მთელ ევროპასა და შეერთებულ შტატებში.[4]

დისტანციური მუშაობა და ონლაინგანათლება

უკვე დანამვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ Covid-19 დისტანციური მუშაობისა და ონლაინგანათლების კატალიზატორი გახდა. ბუნებრივია, რომ ცვლილებამ თანამშრომელთა განწყობაზე, შრომის ნაყოფიერებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც კი მოახდენა გავლენა მთელ მსოფლიოში. რამდენიმე სხვა ტექნოლოგიურ კომპანიას, როგორებიც Github და Automattic არიან და რომლებიც უმთავრესად, ისედაც დისტანციური თანამშრომლობის მოდელით მუშაობდნენ, თავიანთი იდეებისა და შესაძლებლობების გამოყენებით, მათ შეძლეს სხვა კომპანიების დახმარება პრობლემებთან გამკლავებაში. ბევრ დადებით მხარესთან ერთად ცალკე განსახილველი თემაა ასეთი ფორმით განათლების ხარისხი. თუმცა რეალობა ასეთია, რომელსაც უნდა შევეგუოთ.

დასკვნა

ამრიგად, სტატიაში განხილულია ინოვაციების არსი და აღნიშნულია მისი მნიშვნელობა დღევანდელ საბაზრო ეკონომიკაში ვიწრო გაგებით ფირმებისათვის, ხოლო ფართო გაგებით მთლიანად ქვეყნისათვის და მისი ეკონომიკური განვითარებისათვის. განხილულია საქართველოს მდგომარეობა გლობალური ინოვაციის ინდექსის მიხედვით ბოლო სამი წლის განმავლობაში და ხაზგასმულია ის ინდიკატორები, რომლებმაც 2019 წელს საქართველოს ასეთი წარმატება გამოიწვია და გამოკვეთილია ის ნაკლოვანებებიც, რომელშიც ჩვენს ქვეყანას აშკარად მომატება მართებს. ცალსახაა ზემოქმედება პანდემიისა ამ თვალზასრისით საქართველოს და არამარტო საქართველოს, ინოვაციურ განვითარებაზე, რომელმაც გლობალურ ეკონომიკაზე უდიდესი დარტყმა გამოიწვია. და ბოლოს ნაჩვენებია პანდემიის პირობებში ინოვაციის ის სფეროები, რომლებიც ყველაზე მეტად განვითარდა ამ პერიოდში.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. რამაზ აბესაძე – ეკონომიკური განვითარება (თსუ)
  2. http://fablab.gov.ge/geo/static/51/GITA
  3. https://idfi.ge/ge/georgia_in_the_global_innovation_index
  4. https://www.entrepreneur.com/article/347833